არალეგიტიმური მოსაყდრე და შორენას ჯერაც შეუსრულებელი მისია

მოგეხსენებათ, წესების დარღვევა, რომელიც მორალურ კატეგორიას ექვემდებარება, ცალკეულ შემთხვევაში პიროვნულ ღირსებად და სიმამაცედ ან თავხედობად შეიძლება მივიჩნიოთ. კანონის დარღვევას ყოველთვის მოყვება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, მორალური თუ ზნეობრივი შედეგები.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარება, სწორედ რომ, უკანონობის ან წესის დარღვევის (უწესობას შეგნებულად არ ვწერ) პრიზმაში უნდა განვიხილოთ.
გასული წლის 23 ნოემბერს მღვდელმსახურთათვის, მრევლისა და ქართული საზოგადოებისთვის „მოულოდნელად“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ მიტროპოლიტი, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი შიო (მუჯირი) დაასახელა.
ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ცალკეული მღვდელმთავრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა განვრცობა-შეფასებებისგან ახლა თავს შევიკავებ. თავად მოსაყდრემ ეს „მოვლენა“ _ პატრიარქის გადაწყვეტილება _ „მოულოდნელად“ შეაფასა. თითქოს მისთვის არც იყო ცნობილი, ილარიონ ალფეევი რა მისიითა და შანტაჟით ესტუმრა მის უწმინდესობას. ამავე დროს, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ მოსაყდრედ ყოფნა მისთვის უდიდესი ჯვარია.
26 ნოემბერს, სამებაში გამართული წირვის შემდეგ, ჟურნალისტებთან მეუფე შიომ განაცხადა, რომ არ იცის, რატომ დანიშნა პატრიარქმა მოსაყდრედ და იქვე დასძინა, რომ ის ემორჩილება მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებას.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა უფლებამოსილება ექნება მოსაყდრეს, მეუფემ ასე უპასუხა: „ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას, რომ ჩამოვა, ის თავად დააკონკრეტებს უფლებამოსილებებს. მას ამ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება ჰქონდა, უბრალოდ, ეს ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო“.
აი, უკვე მეხუთე თვე იწურება, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, გნებავთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მოსაყდრე ჰყავს და როგორც ირკვევა, მისი არც უფლებამოსილებაა ცნობილი და, რაც ყველაზე მთავარია, იგი აბსოლუტურად ყოველგვარი „წესისა თუ კანონის“ დარღვევით ამ მეტად მნიშვნელოვან „უდიდეს ჯვარს“ ატარებს.
სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას არაერთი ცრუ მეფე ახსოვს, მაგრამ ჩვენს კონტექსტში სიმწვავეს მოვერიდოთ და ცრუ „არალეგიტიმურით“ ჩავანაცვლოთ. ამის შემდეგ კი ნამდვილად დელიკატურად შეგვიძლია იმის კონსტატაცია, რომ ჩვენ საქართველოს „არალეგიტიმური მოსაყდრის“ ყოლის პრეროგატივა გვერგო.
ჩავიხედოთ საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში (მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს. მცხეთა, სვეტიცხოველი). ეს დებულება ვინმეს შპს-ს წესდებაში ან რაიმე სხვა სახის ფარატინა ქაღალდში არ შეეშალოს. ეს საქართველოს ეკლესიის უპირატესი დოკუმენტია. მასში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1. წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები;
3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი;
4. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები (თავი I, §5). ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონებზე წინ მდგომი ან რანგით მათთან გათანაბრებული დოკუმენტია. კონსტიტუცია რომ ქვეყნის უმთავრესი კანონია, ყველამ იცის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისთვის კი შესაბამისი დოკუმენტი სწორედ ეს დებულებაა. არ გვინდა ახლა ბიბლიასა და წმინდა წერილებზე საუბარი, ჩვენ კონკრეტული ინსტიტუტის მართვა-გამგეობისთვის აუცილებელი წესების ერთობლიობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ დებულებაშია მოქცეული.
შესაბამისად, ამ დოკუმენტში მოსაყდრესთან დაკავშირებით წერია: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე“ (თავი I, §4). მოსაყდრის დანიშვნიდან ხუთი თვის თავზე ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორე არ გადამდგარა, იგი სრულფასოვნად ასრულებს თავის მოვალეობას _ ესწრება წირვებს: გახსოვთ მის მიერ გადახდილი პარაკლისი არჩილ ტატუნაშვილისთვის, ასევე 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, აქტიური პოლემიკა ფსიქოლოგებისა და ღვთისმსახურთა შეხვედრაზე, ქადაგებები და უმთავრესი _ პატრიარქი აბსოლუტურად ადეკვატურია. მხოლოდ ეს არგუმენტებიც კი იკმარებდა, რომ გვეთქვა, _ რისი მოსაყდრე? რა მოსყდრე? ვინ არის ეს მოსაყდრე? საიდან მოვიდა ეს მოსაყდრე? რა უნდა ამ მოსაყდრეს? რატომ არის ეს მოსაყდრე? რისთვის არის ეს მოსაყდრე? და ა. შ.
ჩემი, როგორც სფეროსგან შორს მდგომი სამართალმცოდნის ანალიზიც საკმარისია შემდეგი დასკვნისთვის: დებულება არ განმარტავს მოსაყდრის დადგენის კანონიკურ პროცედურას, თუმცა რამდენჯერმე ახსენებს სიტყვა დადგენას. ამ ვითარებაში საპატრიარქოში მყოფი, საკითხში ყველაზე უფრო გაუთვითცნობიერებელი პირიც ვერ უარყოფს იმ გარემობას, რომ კანონიკურად მოსაყდრის, როგორც უმაღლესი იერარქიული სტატუსის მქონე პირის უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვა უნდა დაექვემდებაროს ასევე დებულებას, რომლის მიხედვითაც უმაღლეს მმართველობით ძალაუფლებას ახორციელებს საეკლესიო კრება (სინოდი). საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას _ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს“ (თავი II, §1). აღნიშნულის საფუძველზე სინოდმა მოსაყდრე წინასწარ გაწერილი პროცედურით უნდა დაადგინოს.
ახლა ჩვენ ვდგავართ იმ ვითარების წინაშე, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ნება გამოხატა, მაგრამ მოსაყდრე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ცხადია, რომ ეს გარემოება არანაირად არ უქმნის დისკომფორტს თავად მოსაყდრეს. ისიც ცხადია, რომ მას არც კი დაუსვამს საკითხი საკუთარი თავის კანონიკაში მოქცევის შესახებ. და ისიც ცხადია, რომ ის ძალიანაც კომფორტულად გრძნობს თავს როგორც „არალეგიტიმური მოსაყდრე“. ზემოთ მოვერიდე სიტყვა „ცრუს“, თუმცა როდესაც საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერი იერარქი (ამ წამს სულაც უმნიშვნელოა, აქვს პრეტენზია თუ არა საქართველოს მომავალ პატრიარქობაზე), რომელიც არანაირად ცდილობს საკუთარ ლეგიტიმურობას და მისი მორალური და ზნეობრივი ღირებულებები უნისონში მოდის ბუტაფორიულ-კასტრირებულ „თანამდებობასთან“, ცხადია, იგი ამ მორჩილებითა თუ პოზიციით არათუ პირადი, არამედ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტებას ახდენს. რატომ? სასულიერო იერარქს, რომელსაც საკუთარ პერსონასთან მიმართებით არ გააჩნია სამართლიანობის, კანონიერების განცდა შესაძლოა, იგივე ჰქონდეს ან რატომ უნდა ჰქონდეს სხვებთან მიმართებით? და მართლმადიდებლობის, ანუ რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი მოცემულობა ხომ სამართლიანობაა; ადამიანი ღმერთში, რწმენაში ხომ სამართლიანობას ეძებს სხვა რამდენიმე ფუნდამენტურ ღირებულებასთან ერთად და ამ ყველაფრის შემდეგ „არალეგიტიმური მოსაყდრე“ რომ მისიონერობაზე დაგიწყებს საუბარს, ცალკე ნიცშეზე ბრაზობს და ცალკე ვასაძის ფრაზებით დემოგრაფიულ პრობლემებსა და აბორტის საფრთხეებზე შემოჰკრავს განგაშის ზარს, მისი გულწრფელობის ვინმემ უნდა ირწმუნოს?
მოსაყდრეს და მისგვარად მოზროვნეებს, საპატრიარქოს ბიუროკრატიას, ქალბატონ შორენას პირადად, ფრიად კეთილი ზრახვებით განვუმარტავ, რომ ილია მეორის მიერ მოსაყდრედ კონკრეტული პერსონის დასახელება არის კანდიდატურის შეთავაზება და მოსაყდრე ჯერაც მოითხოვს დადგენას. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ, როდესაც წმინდა სინოდი დაეთანხმება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მოსაყდრე მიიჩნევა ლეგიტიმურად. იქნებ, საჭიროა მოსაყდრეს, მისგვარად მოაზროვნეებს, საპატრიარქოს ბიუროკრატიას, ქალბატონ შორენას და, თუ გნებავთ, პროტოპრესვიტერს ან საპატრიარქოს კულუარებში გაურკვეველი სტატუსით მოსიარულე დაბალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე საერო პირებს განვუმარტო, რატომ სინოდი? თუ ისიც უნდა განვუმარტო, რომ სინოდი თითოეულ მათგანზე მაღლა დგას და თვით პატრიარქზეც?
დებულების არათუ სისუსტედ, უდიდეს ხარვეზად (ხარვეზები რომ უხვად არის ამ დოკუმენტში, ამაზეც შეიძლება მსჯელობა) უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მასში არ არის დაკონკრეტებული მოსაყდრედ დადგენის წესი. აღწერილია მხოლოდ ვითარება და ქმედებები, რომელსაც მოსაყდრე კონკრეტულ გარემოებაში განახორციელებს და ისიც არასრულყოფილად.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ ვითარებას, როდესაც გადაწყვეტილება მოსაყდრესთან დაკავშირებით დებულების საფუძველზე მიიღება, ანუ აუცილებლობებზე ვსაუბრობ. პატრიარქს თავის განცხადებაში არ აღუნიშნავს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას საკუთარი უძლურების გამო იღებდა. მაგრამ დააკვირდით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს _ თუ არსებობდა გარდაუვალი აუცილებლობა მოსაყდრის გამორჩევისა, მაშინ რატომ არ მიენიჭა მოსაყდრეს დებულებით გათვალისწინებული უფლება: გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. რატომ არ მიეცა-გადაეცა მეუფე შიოს დაუყოვნებლივ (უკვე მეხუთე თვეა) სინოდის მოწვევისა და საეკლესიო საქმეთა მართვა-გამგეობის უფლება?
ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ შიოს რუსთმოყვარეობას და ვასაძე-დუგინთან იდეურ ძმობას. ხომ ფაქტია, რომ ის არის ბუტაფორია, პერსონა, რომელსაც არანაირი უფლებები არ გააჩნია, მეტიც: არც _ მოვალეობები. დებულება არაფერს ამბობს მოსაყდრის კანონიკურ უფლებებზე. პროტოპრესვიტერის ან სხვა საეკლესიო სპიკერის მიერ გამოგონილი და ჰაერში მოფიქრებული თეზები აქ არ გამოდგება. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის არანაირი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოსაყდრის უფლება-მოვალეობები იქნება გაწერილი, იმის გარდა, დებულებაში რაც წერია. ხოლო დებულებაში გაწერილი „ფორმულა“ არანაირად შეესაბამება არსებულ რეალობას.
მოსაყდრის არალეგიტიმურობა და მისი გაურკვეველი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად მიმდინარე ტახტისთვის ბრძოლასა და კლანურ გადაჯგუფებებში. ეს არის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც.
აქვე ვაღიაროთ ის გარემოება, რომ მოსაყდრედ დადგენა, თუნდაც, კანონიკური წესების დაცვით, სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ შიო ავტომატურად გახდება მომავალი პატრიარქი. 1925 წელს ბოლშევიკების სატუსაღოდან ამნისტიით გამოშვებულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ ტახტის მოსაყდრედ კალისტრატე ცინცაძე დაადგინა, რომელიც დეკანოზობიდან ერთ დღეში გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო, მაგრამ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა. პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. კალისტრატე ცინცაძე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გახდა საქართველოს პატრიარქი. მეორე მაგალითი: პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ სიდამონიძე გახდა (1960 წელი).
ახლა ისევ დებულებას დავუბრუნდეთ. დიდი გულის ტკივილით და სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი გაუმართავი, ხარვეზიანი და არაკვალიფიციური დოკუმენტი ნამდვილად არ ეკადრება საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ისტორიას და ის არანაირად არ პასუხობს სამომავლო გამოწვევებს.
საკითხს ასე შევხედოთ: მართალია, საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და ცალკეულ მღვდელმთავრებს არ სურთ იმის აღიარება (მაგრამ ნამდვილად მოუწევთ), რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი _ ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი _ სასულიერო რანგის მატარებელია და წარმოადგენს დაბალ სასულიერო იერარქს. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გაბრაზდეს ვინმე ან იუაროს, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს _ ეკლესიის გარეთ მყოფ პირებს _ უფლება არ აქვთ ისაუბრონ ეკლესიაზე, მის მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ერის _ სახელმწიფოს ინტერესებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ამით მხოლოდ საკუთარ თავს ჩააყენებენ უხერხულობაში და კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახვებენ ყველას, რომ მათ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პრობლემა აქვთ.
საქართველოს ეკლესიაში აუცილებელია დაიწყოს რეფორები და ამისთვის სულაც არ არის საჭირო ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. როგორც არსებული ვითარება ცხადყოფს, ილია მეორე ბევრად უფრო ადეკვატური და, გნებავთ, პროგრესულიაცაა მისი მხცოვანების მიუხედავად, ვიდრე არაერთი სასულიერო იერარქი.
ამ ვითარებაში აუცილებელია, ჩვენ _ საზოგადოებამ, საეკლესიო იერარქებმაც მოვითხოვოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შემდეგი მიმართულებით:
1. დაუყოვნებლივ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ სასულიერი იერარქები, კვალიფიციური იურისტები და საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე პირები, რომლებსაც განესაზღვრებათ კონკრეტული ვადა (არაუმეტეს ერთი თვისა) მართვა-გამგეობის ახალი დებულების შესამუშავებლად;
2. შეიცვალოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას ამ ასპექტში განესაზღვროს კონკრეტული უფლებამოსილება და გაიზარდოს მასში საერო პირების ჩართულობა;
3. დადგინდეს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაში საერო პირების მონაწილეობის ახალი წესი. კრებაში მონაწილეობის უფლება აეკრძალოთ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში რაიმე სახის პარტიულ-ნომენკლატურულ თანამდებობებზე მყოფ პირებს, ასევე მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ლიდერებს;
4 დაუყოვნებლივ ჩასწორდეს დებულებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღნიშვნა, დებულებაში არსად არის მითითებული, რომ პატრიარქი, ამავე დროს, არის მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთი არაკეთილგანწყობილი ეკლესიის მეთაურებს, პატრიარქისადმი მიმართვისას ცალკეული მანიპულაციები განახორციელონ და პოლიტიკურ-რელიგიურ კონტექსტში მოახდინონ ტიტულის სრულიად გახმოვანების იგნორირება;
5. დუყოვნებლივ და რეალურად განხორციელდეს ამჟამად მოქმედი დებულების შემდეგი მოთხოვნა: საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით (ამით მოიხსნება ის უხერხულობა, რასაც ეპისკოპოსებისადმი შორენასა თუ საპატრიარქოს ცალკეული ბიუროკრატის მოწყალება ჰქვია);
6. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრები, ასევე ქონება, არის ქართველი ხალხის მიერ სააუკუნეების განმავლობაში შექმნილი და წარმოადგენს კულტურული თუ მატერიალური მემკვიდრეობის საგანძურს, აუცილებელია, სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიტეტული საერთაშორისი აუდიტორული კომპანიის მოწვევისა შესაბამისი აღრიცხვის ჩასატარებლად;
7. ეკლესიის კუთვნილი ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას ავტორიტეტული სამეთვალყურეო საბჭო სასულიერი და საერო პირების მონაწილეობით. ქონებისა და ეკლესიის მფლობელობაში არსებული ცალკეული სფეროების მართვის მენეჯმენტი განახორციელოს დაქირავებულმა კომპანიამ, ხოლო სასულიერო პირებს აეკრძალოთ სამეურნეო და ბიზნესსაქმიანობა გარდა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული დაწესებულებების მართვისა და ა. შ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი არის მცირედი, რეალურად არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ნამდვილად უპრიანი იქნება, ეკლესიასთან შეიქმნას ეკლესიის მეგობართა ჯგუფი _ რეალური სარეკომენდაციო უფლებით, რომელიც ასევე უზრუნველყოფს არა მხოლოდ პრობლემების განსაზღვრასა და ეკლესიის თანადგომას ამ პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ ექნება უფლება, ცალკეულ საკითხებზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.
დაბოლოს, მოსაყდრესთან დაკავშირებული „არალეგიტიმურობის“ პრობლემა ნამდვილად არ არის მხოლოდ ფორმალურ ჩარჩოებში მოსაყვანი საკითხი. ეს ეკლესიისთვის სამართლიანობის, პრინციპულობის, თანმიმდევრულობის, კანონის (დებულება) პატივისცემის საკითხია. რა თქმა უნდა, ეს არის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის საკითხიც. მოსაყდრეც თუ არ შეგიძლია გყავდეს კანონიკურ ფარგლებში და ეკლესიის იერარქი გქვია, დუმხარ და კითხვებიც არ გიჩნდება, არათუ მოქმედების სურვილი, როგორ უნდა ვიწამო უფალთან შენი ახლოს დგომა და შენი სისუფთავე? ამიტომ დაუყოვნებლივ მოსაწვევია სინოდი, მაგრამ არა „შორენას სტილში“ (წინასწარ უცნობი დღის წესრიგით, დაბნეული მეუფეებით კამრების წინ და აბსოლურუტად გულწრფელი პასუხებით, _ არ ვიცით, რა საკითხები უნდა განვიხილოთ), არამედ, ისევ და ისევ, თუნდაც ამ ხარვეზიანი დებულების მოთხოვნის საფუძველზე, როცა „საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი ამტკიცებს თავისი სხდომების ჩატარების დღის წესრიგს, პროგრამასა და რეგლამენტს“, ხოლო დღის წესრიგის პროექტი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი მღვდელმთავრებისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ ისინი სათანადოდ და კვალიფიციურად მოემზადონ სხდომისთვის.
ჰო, როგორც ჩვენში იტყვიან: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“ (ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“) და, ამავე დროს, იგავი ნემსისა და აქლემის ქურდის შესახებ ქურდზე კი არ არის, არამედ კანონის დარღვევაზეც. თან თუ ეს კანონი შენივე დაწერილია, მინიმუმ, უხერხულიც არის, მას პატივს არ სცემდე და არ ასრულებდე.
P. შ. ისე, სულაც არ არის ამ თემასთან კავშირში, მაგრამ თუნდაც მთელი კაცობრიობა სცდებოდეს და შორენა თეთრუაშვილი იყოს ყველაზე დიდი მორწმუნე და მოამაგე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მას რომ რაიმე სახის პატივისცემა ჰქონდეს საქართველოს პატრიარქისა და ეკლესიის, ამდენი ხანი უჩუმრად წავიდოდა სახლში ან რომელიმე მონასტრის კელიაში დაიდებდა ბინას. წარმოგიდგენიათ, რამდენ უხერხულობას ააცილებდა პატრიარქს, ეკლესიას, თუმცა, ეტყობა, „შორენას მისია“ ჯერაც შეუსრულებელია.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი