ციხის კადრები გივი თარგამაძეს და გიგი უგულავას გადავეცი

პოლიტიკური განქორწინება დასრულდა.

დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით წლების განმავლობაში არსებობდა, საჯარო გაყრით ლოგიკურად ისე დამთავრდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდა და არც პარტიიდან მისი დისტანცირება მოხდა.

კულუარებში ბევრს და დიდხანს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ენმ-ს ცალკეული ჯგუფები ხელისუფლებასთან აქტიურად, ჯერ კიდევ, 2012 წლამდე თანამშრომლობდნენ. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოტყდა, რომ უცხოეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მთელი საათის განმავლობაში აწვებოდა დავით ბაქრაძეს, რომ მას გადაწყვეტილება მიეღო და პარტიიდან წამოსულიყო. ამავე შეხვედრაზე ივანიშვილმა ბაქრაძესთან თქვა, რომ, რეალურად, მისი საყრდენი შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეა და ამ დღიდან გახდა ხვედელიძე როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების სამიზნე. 2016 წელს ყოფილმა პრემიერმა ასევე საჯაროდ აღიარა, რომ  დაწყებული მიშა მაჭავარიანით, დამთავრებული სხვა პირებით, საკუთარ თავს მიშას გარეშე სთავაზობდნენ ხელისუფლებას. მიუხედავად ამ ხანგრძლივი პოლიტიკური ფლირტისა, პირველი მარცხი გიგა ბოკერიას გუნდმა პოლიტსაბჭოს იმ სხდომაზე განიცადა, როცა 7000-კაციანი პარტიის ყრილობის ჩატარების საკითხი გადაწყდა. სწორედ ამ დროს ხელისუფლებამ უკვე იცოდა, რომ გიგა ბოკერია დანაპირებს ვერ შეასრულებდა და მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პარტიას ვერ ჩამოაშორებდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ოცნების“ ხელისუფლებას მაშველი რგოლი არ გადაუგდო და გიგა ბოკერიასთან სტაჟიანი მეგობრობის მიუხედავად, თბილისის ყოფილი მერი არ შეიწყალა, არადა, ხელისუფლება ჩქარობდა _ უგულავას გამოშვება პარტიის ყრილობამდე იყო საჭირო და ეს ფუნქცია სააპელაციო სასამართლომ იკისრა.

თბილისის ყოფილი მერის განთავისუფლების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ უგულავას ფაქტორი პარტიაში არცთუ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, _ მან ვერ მოახერხა მოვლენების განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა, უგულავასთან კომუნიკაციაზე უარი თქვა სააკაშვილმაც. ყრილობაზე მისვლის შემთხვევაში გამიჯნულთა ჯგუფი ფრიად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ მათ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერ უცნობია, რა სტატუსი ექნება „ევროპულ საქართველოში“ გიგი უგულავას, მაგრამ ენმ-ს ყრილობამდე და ყრილობის მერეც მისი ერთადერთი ფუნქცია სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები გახდა. როგორც ჩანს, ეს კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაგრძელდება. უგულავა იქამდეც მივიდა, რომ რევოლუციის ბოროტებაზეც კი ალაპარაკდა, არადა, სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ მისცა მას და ყველა სხვა ახალგაზრდა ლიდერს შანსი, პოლიტიკაში საკუთარი შესაძლებლობები მოესინჯათ.

გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება გუშინ და დღეს და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით არ დაწყებულა. გიგა ბოკერიამ ყოველთვის იცოდა, რომ ხალხში პოპულარული ლიდერი ვერასოდეს იქნებოდა, ამიტომ „რუხი კარდინალის“ როლი მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მას გავლენები ჰქონდა სააკაშვილის კარზე, უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსით საერთაშორისო კავშირები, ურთიერთობდა და ბიუჯეტის ფულს ხარჯავდა ლობისტებზე, ამ ხარჯებს დღესაც გრიფი საიდუმლო ადევს და მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების არაერთი დაპირებისა, არც მასალები გასაჯაროებულა და არც გიგა ბოკერია დაკითხულა.

ბოკერიასგან განსხვავებით, გიგი უგულავა, მთაწმინდაზე გაზრდილი და თბილისში სტუდენტობიდან პოპულარული ბიჭი, ამბიციურიც გახდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას ყოველთვის აწუხებდა მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი და მუდმივად ცდილობდა სააკაშვილის ჩრდილიდან გამოსვლას. ასე იყო სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, როცა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა.

პირველი მასშტაბური აქცია თბილისში 2007 წლის 2 ნოემბერს გაიმართა, იმავე დღეს მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ბადრი პატარკაციშვილი და თქვა, რომ ბოლო თეთრს დახარჯავდა სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ეს სიტყვები გახდა მისთვის საბედისწერო, _ ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და მასზე ძებნა გამოაცხადა. არადა, ბადრი პატარკაციშვილი საკუთარი რეზიდენციიდან მიტინგზე წასვლას საერთოდ არ აპირებდა, მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მან ვანო ჩხარტიშვილთან და გოგა ხაინდრავასთან კონსულტაციების მერე ბოლო წუთს მიიღო.

ნოემბრის საპროტესტო აქციების მუხტი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდიოდა, ამას ემატებოდა ის ფაქტორიც, რომ ბადრი პატარკაციშვილის მიერ მიტინგების დასაფინანსებლად გამოგზავნილი ფული დანიშნულებისამებრ არ იხარჯებოდა. 5-6 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი რეალურად იმაზე ფიქრობდა, რა ფორმით და როგორ გაეგრძელებინა, ან დაესრულებინა საპროტესო აქცია.

ყველასთვის მოულოდნელად, 2007 წლის 7 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის მოედანზე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ფორმებში ჩაცმული ადამიანები გამოჩდნენ და, ასევე, ყველასთვის მოულოდნელად, ნახევრად მძინარე აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა დაიწყეს. ხელისუფლების ამ მოქმედებამ მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაცია გამოიწვია და შუადღისას პარლამენტის წინა მოედანი, ფაქტობრივად, ხალხით იყო სავსე. 7 ნოემბრის აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა სასტიკად დაარბია, იმავე დღეს ასევე დაარბიეს  სპონტანურად შეკრებილი მიტინგი რიყეზე და ასევე არნახული სისასტიკით მოიქცა სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“, _ გაუსწორდა ჟურნალისტებს, დეპუტატებს და ტელევიზიის ტექნიკურ პერსონალს. მოგვიანებით, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გაიხსენებს, რომ „იმედის“ დარბევის შემდეგ მან მიხეილ სააკაშვილს დაურეკა. როგორც გაირკვა, ტელევიზიის დარბევის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა. სხვათა შორის, კულუარებში მაშინვე ითქვა, რომ მიტინგისა და ტელევიზიის დარბევის გადაწყვეტილების აუცილებლობა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ დააყენა დღის წესრიგში, ძალის დემონსტრირებით დაასაბუთა და რეალურად, განახორციელა კიდეც. მას იდეოლოგიურად საჯარო გამოსვლებით, ასევე, ეხმარებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველაზე მძაფრი პროტესტი სწორედ ტელევიზიის დარბევას მოჰყვა. შს სამინისტროსა და ძალოვანი უწყებების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე თავის მართლება მთელი დღის განმავლობაში პირადად მიხეილ სააკაშვილს უწევდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილს კაბინეტში გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შეუვარდნენ და მას კატეგორიულად მოსთხოვეს თანამდებობიდან გადადგომა, _ შენ გამო ხალხი აგვიბუნტდა და ხელისუფლება თავზე გვემხობაო. მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, გიგი უგულავამ პარტიის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება ვეღარ გაბედა, მაგრამ თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერად თითი თითზე არ დაუკარებია. სააკაშვილის შტაბიდან თბილისის მერიაში ჯანდაცვის, ან სხვა დახმარების მისაღებად გაგზავნილ ამომრჩევლებს თბილისის მერის ცოლის მიერ კანცელარიაში დანიშნული, ფეხი ფეხზე გადადებული „დაქალოჩკები“ აბუჩად იგდებდნენ, _ თქვენმა პრეზიდენტმა დაგინიშნოთ დახმარებაო. რეალურად, სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო არჩევნები პირწმინდად წააგო და შედეგები რეგიონებმა ამოქაჩა. სამაგიეროდ, მოგვიანებით, თბილისის მერის არჩევნები მოიგო გიგი უგულავამ და მან ამით სააკაშვილს თბილისში საკუთარი უპირატესობა აგრძნობინა.

მსგავსი მაგალითების მოყვანა „ქრონიკა+“-ის წყაროს არ უჭირს, მაგრამ გაცილებით საინტერესოდ განვითარდა მოვლენები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, როცა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ პარტიას მშვიდობიანად გადააბარა. მას წინ პრეზიდენტის პოსტზე თითქმის ერთი წელი აქვს დარჩენილი, ხოლო პარლამენტში უმრავლესობით „ქართული ოცნებაა“ მოსული და პრემიერ-მინისტრიც ბიძინა ივანიშვილია. გიგი უგულავამ პირველივე დღეებიდანვე დაიწყო სააკაშვილისგან დისტანცირება, რასაც განსაკუთრებულად ხაზგასმით და საჯაროდ აკეთებდა. „ქრონიკა+“-ის წყარო იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გიგი უგულავასთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ უგულავამ ბაქრაძეს სააკაშვილის თხოვნაზე ტელეფონში უთხრა, _ მეტი საქმე არ მაქვს, მაგას პრეზიდენტის რეზიდენციაში ვეახლოო, _ და გზიდან უკან დაბრუნდა, იქვე კი ტელეფონითვე გიგა ბოკერიას „აჩოტი“ ჩააბარა, _ გზიდან დავბრუნდი, მიშასთან არაფერი მესაქმებაო. შეუძლებელია, გიგი უგულავას არ სცოდნოდა, რომ მის ტელეფონს სპეცსამსახური 24-საათიან რეჟიმში უსმენდა, მაგრამ ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ ის განგებ ლაპარაკობდა ტელეფონში და მიშა სააკაშვილს აგინებდა, რადგან ამით გარკვეულ მესიჯებს უგზავნიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ამავე წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს კარგა ხანს არ სჯეროდა, რომ უგულავა სააკაშვილს აგინებდა,  ამბობდა, სპეციალურად აკეთებენ ამას, სპექტაკლებს გვიდგამენ, რომ არასწორი გზით წავიდეთო.

როდის დაიჯერა ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავას გულწრფელობის, ამას „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის გაზაფხულზე გიგი უგულავასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პარტიული მოლაპარაკებები დაიწყო. ამ შეთანხმების ხუთი პუნქტიდან რამდენიმე პირადად ჩემთვის არის ცნობილი, რადგან, როგორც მოგვიანებით გავიგე, ერთი პუნქტი მეც მეხებოდა.

რატომ აღმოჩნდა ჩემი სახელი და გვარი უგულავა-ღარიბაშვილის მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, ამ ფაქტორს მოკლე წინაისტორია აქვს: ეს ის დროა, როცა ლაშა ნაცვლიშვილის ფაქტორის გამო ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება უკვე დაწყებულია, მოქმედი პრემიერი ყველა საჯარო გამოსვლაში ყველა ბრუნვაში ახსენებს ჩემს სახელსა და გვარს, მომხდარია ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებული სკანდალიც და „რეპორტიორის“ დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე დახმარებას მთხოვს, მას ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რომ გიორგი ფარესიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს შეხვდა და იგეგმება ფართომასშტაბიანი შეტევა „რეპორტიორის“ წინააღმდეგ. ნუგზარ ფოფხაძე მთხოვს, ვნახო გივი თარგამაძე და მას მისი თხოვნა გადავცე, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ფარესიშვილის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამ დროისთვის, ჯერ კიდევ, არ ვიცი, რომ ნუგზარ ფოფხაძის ეს თხოვნა პირადად ჩემთვის დაგებული მახეა, რომ რეალურად მას გივი თარგამაძესთან კარგახნიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათ შორის, ფასდაუდებელი დახმარება აქვს გაწეული მისთვის „იმედიდან“ ჟურნალისტების გადმობირების საქმეში. მე ვხვდები გივი თარგამაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, გადავცემ მას ნუგზარ ფოფხაძის თხოვნას, სამაგიეროდ ვიღებ პირობას, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ფარესიშვილის სკანდალში არ ჩაერევა. პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მე გივი თარგამაძეს ვხვდები, მისგან ვიღებ მასალებს და ა. შ. ეს გრძელდება მანამ, სანამ რამდენიმე თვის მერე ერთ-ერთ საჯარო ინტევიუში არ ვყვები, რომ გივი თარგამაძეს ნუგზარ ფოფხაძის თხოვნით შევხვდი. ამ დღის მერე მომენტალურად წყდება ჩემი და გივი თარგამაძის ერთ კონტექსტში ხსენება.

გიგი უგულავასა და ირაკლი ღარიბაშვილის პარტიულ შეხვედრებს რომ დავუბრუნდეთ, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ პუნქტად აყენებს პირობას, რომ მე გივი თარგამაძე უნდა ჩამეხსნას, რაც შეეხება დანარჩენ პირობებს, საქმე ეხება ქვეყნიდან წასულ მაღალჩინოსნებს, რომ მათზე ინტერპოლით ძებნა არ უნდა გამოცხადდეს და პოლიტიკური დაკავებებიც უნდა შეწყდეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩემთვის უკვე ცხადია, რომ ნუგზარ ფოფხაძე „ქრონიკა+“-ის ფაქტორით ირაკლი ღარიბაშვილთან გარკვეულ სპეკულაციებს ეწევა და ნელ-ნელა ვცდილობ დისტანცირებას, თუმცა, ირკვევა, რომ ბოლომდე პრევენციას მაინც ვერ ვახერხებ.

უგულავასა და ღარიბაშვილის კულუარულ მოლაპარაკებებს რეალურად შედეგი არ გამოუღია, ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა დავით კეზერაშვილზე, ზურაბ ადეიშვილზე, დათა ახალაიაზე, ერეკლე კოდუასა და სხვა მაღალჩინოსნებზე, გიგი უგულავა კი ადგილობრივი არჩევნების დროს დააკავა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ დაკავებამდე გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა, სააკაშვილმა  თბილისის ყოფილ მერს ურჩია, რომ ციხეში არ ჩამჯდარიყო და მასთან ერთად უკრაინაში გაეგრძელებინა ბრძოლა. როგორც ამბობენ, საქართველოში დაბრუნებულმა უგულავამ, მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის რჩევის გათვალისწინება გადაწყვიტა, გამოაცხადა, რომ უკრაინაში პატრიარქ კირილთან შესახვედრად მიდიოდა, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აღებული ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაპირება, ცხადია, არ დაიჯერა და თბილისის მერი აეროპორტში დააკავა.

უგულავას დაკავებამდე კი მოხდა კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი, რომლის უშუალო მონაწილეც პირადად მე გახლავართ და დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი ციხის სკანდალური კადრების გასაჯაროება იყო. დღემდე არ წყდება პოლემიკა იმის თაობაზე, როგორ მოახერხა გლდანის ციხის ბადრაგმა ვლადიმერ ბედუკაძემ კადრების გადაღება და დახურული სივრციდან ისე გამოტანა, რომ ამის შესახებ ვერც კუდ-მა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაფერი შეიტყო. არსებობს არაერთი ვარაუდი და ჭორი ამ პროცესში სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მონაწილეობის თაობაზე. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა პროცესის მონაწილე რომელიმე მხარე, ან კონკრეტულად ვლადიმერ ბედუკაძე საჯაროდ ალაპარაკდება. ეს მცდელობა მას ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა ფრთამ ამ შანსზე ნებაყოფლობით განაცხადა უარი.

2013 წლის შემოდგომაზე ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე, ყველასგან დაიგნორებული და მიტოვებული, ხშირად სტუმრობდა „ქრონიკა+“-ის ოფისს. მართალია, მას სახელმწიფო დაცვა, ჯერ კიდევ, იცავდა, მაგრამ მატერიალურად ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის გარდა სხვა არავინ ეხმარებოდა, _ თუ ასეთი დაუფასებელი იქნებოდა ჩემი საქმე, საერთოდ, რას მოვიკალი თავი ამ კადრების გამოსატანად, სამსახური მქონდა, ლექციებს ვკითხულობდი, ოჯახს ვუვლიდი, რას ავიტეხე თავის ტკივილიო?! _ ხშირად ამბობდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მან ციხის კადრების სრული ვერსია მაჩვენა, მათ შორის, ე. წ. ცოცხების კადრები და მითხრა, რომ ეს სცენა დადგმულია, რეალურად, არანაირი ცოცხით გაუპატიურების სცენა არ ყოფილა, ყველაფერი მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის გაკეთდაო. თუ ვინმე დაინტერესებული პირი იქნება, ისე გამამწარეს ამათმა (ხელისუფლებას გულისხმობდა), „ნაცების“ მხრიდან მოკავშირე თუ მეყოლება, მზად ვარ, ყველაფერზე საჯაროდ ვილაპარაკოო. მთხოვა, ვინმესთან დამეკავშირებინა. ლადო ბედუკაძის ამ თხოვნის მერე მე პირადად ვნახე გივი თარგამაძე, დისკზე ჩაწერილი ციხის კადრების სრული ვერსია და ბედუკაძის თხოვნა გადავეცი. ლადო ბედუკაძე თითქმის თვენახევრის  განმავლობაში ელოდებოდა გივი თარგამაძის პასუხს. პერიოდულად მთხოვდა, ვინმესთვის კიდევ შემეხსენებია მისი საკითხი. ორი თვის თავზე იგივე კადრების სრული ვერსია, საერთო მეგობრის მეშვეობით, გიგი უგულავას გავუგზავნე. იქიდან დაბრუნდა კითხვა, _ იყო თუ არა კადრების სანაცვლოდ საჭირო თანხა? რაზეც მკაფიო პასუხი მიიღო, რომ არანაირი თანხა კადრებში გადასახდელი არ იყო.

არც გივი თარგამაძეს, არც გიგი უგულავას არანაირი ინტერესი ციხის კადრებთან და ვლადიმერ ბედუკაძის საჯარო აღიარებასთან დაკავშირებით არ გამოუხატავთ, სამაგიეროდ, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იხდიდა ბოდიშებს საჯაროდ დამონტაჟებული ცოცხების კადრების გამო. არც ლადო ბედუკაძის წინადადება გახდა მათთვის საინტერესო, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე მათგანმა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინა, რადგან სასწრაფოდ მოხდა ბედუკაძის ჩემგან იზოლირება, მას საინფორმაციო სააგენტო „თბილისი 24“ გაუხსნეს, ზაზა დავითაიას მეშვეობით ჩვენი დაპირისპირების ინსპირირება მოახდინეს და, სრულიად მოულოდნელად, ლადო ბედუკაძის თავდასხმის ობიექტი პირადად მე გავხდი.

აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც საუბარია ციხის კადრებზე, კარანტინის დაშლის გარდა ყველა სხვა კადრი პირადად ვლადიმერ ბედუკაძეს ეკუთვნის, ხოლო კარანტინის დაშლა, რომელიც სისტემურ დანაშაულს ასახავს, დათა აკობიას მიერაა გადაღებული გიორგი ლომიას ორგანიზებით.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ერთნაირად შედიოდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე მისივე თანაგუნდელების ინტერესებში და ეს დაიწყო არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, არამედ გაცილებით ადრე, 2010 წელს.

რა როლი ჰქონდა ციხის კადრების მოპოვებასა და გავრცელებაში  სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების ცალკეულ წარმომადგენლებს, მათ შორის, ამირან მესხელს, „ქრონიკა+“ აქამდე უცნობი დეტალებით ამ თემას სამომავლოდ აუცილებლად დაუბრუნდება.

 

ელისო კილაძე