მზია თოდუა: „მიტოვებულ შენობებს შეგნებულად ანგრევენ, რომ მერე გაყიდონ!“

aq1

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც 30 წელიწადია, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებს იკვლევს, დედაქალაქსა და რეგიონებში უფუნქციოდ მიტოვებული შენობები აღრიცხა, შემდეგ ეს ინფორმაცია ხელისუფლებას მიაწოდა და ერთობლივი პროექტის ფარგლებში დიალოგები დაიწყო, რომ ასეთი ტიპის ობიექტებში ქუჩაში დარჩენილი ოჯახები შეესახლებინათ.

რატომ იცავს ხელისუფლება მიტოვებულ შენობებს? ვინ არის მაღალჩინოსანი, რომელმაც ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ოჯახი შეასახლა? რატომ იზრდება ქვეყანაში ყოველდღიურად უსახლკაროთა რიცხვი? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტი მზია თოდუა:

_ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანებაა, რომელსაც საკუთარი საქმიანობით დიდი ხანია, მოკრძალებული წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვაში. ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია პრიორიტეტად მიიჩნევს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახების აღრიცხვას, მათი ყოფითი პრობლემების შესწავლასა და მათი როგორც საცხოვრებელი, ასევე სოციალური პირობების გაუმჯობესების გზების მოძიებას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენაზე ზრუნვაში. ჩვენი ორგანიზაცია სამი ათეული წელია, რაც არსებობს და დახმარებების სათხოვნელად მოსული მოქალაქეების განცხადებები სხვადასხვა შინაარსისაა. ბოლო წლებში მთხოვნელებს შორის უსახლკაროდ დარჩენილების განცხადება-საჩივრები სჭარბობს. რამდენიმე ოჯახის დაბინავების პრაქტიკაც გვაქვს. ვერ ავუდივართ ამ ტიპის დახმარების აღმოჩენის მსურველებს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას შემდეგ მოდიან ჩვენთან, რაც ყველა ინსტანციას შემოივლიან და ხელმოცარულები დარჩებიან. ასე გრძელდება წლების განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებთან შედარებით  საგრძნობლად გაუარესდა სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობა, სახელმწიფო შემწეობის ტოტალური შემცრება-შეწყვეტისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაიზარდა და გამოიკეთა მოსახლეობის უკმაყოფილება, ასევე სოციალურად ფეთქებადსაშიში სიტუაცია. გასული, 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ისნის რაიონში მდებარე ჰოსპიტლის შენობის მცხოვრებლებმა მოგვმართეს და სამართლებრივი დახმარება გვთხოვეს, ვინაიდან აღნიშნული ობიექტიდან მათ 130 ოჯახს ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ასახლებდნენ. სწორედ აქედან დავინტერესდით ამ პრობლემით. მართალია, პროცესის შეჩერება დღემდე შევძელით, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათი გამოსახლება კვლავ დღის წესრიგში დგას. თბილისში, ჯერ კიდევ, წლების წინათ მწვავედ იდგა მათი აღრიცხვისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხი და მასზე პირველმა სწორედ ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო ზრუნვა. სამწუხაროდ, უსაზღვროდ იზრდება უსახლკაროთა რიცხვი და მათ არც ერთი სამსახური არ აღრიცხავდა, ვინაიდან საბინაო ფონდი არ არსებობდა.

_ რა გამოსავალს ხედავთ, თუნდაც, უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილის პრობლემა მაინც რომ მოგვარდეს?

_ დღეში, საშუალოდ, 50 მოქალაქე მოგვმართავს, აქედან 40 მაინც უსახლკაროა. ვიფიქრე, როგორ დავხმარებოდი ამ ხალხს და პროექტი გავაკეთეთ. ყველა შესაბამის ორგანოს წერილობით მივმართეთ, უშუალო დიალოგები გვქონდა ქალაქის მერიასთან. პარალელურად, მოქალაქეები მიტოვებული შენობების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, მაგრამ მათ არ იკადრეს ამ ობიექტების თვითნებურად დაკავება და შეჭრა. ისინი დახმარებას მთხოვდნენ, როგორ დაეკავებინათ ფართები. აქედან აგორდა ეს თემა. შენობები მოვიძიეთ, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, უფუნქციო, არავის ბალანსზე არ ირიცხებოდა და სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა. თბილისში უამრავი შენობაა ფუნქციადაკარგული, გაპარტახებული, თითქმის დანგრევის პირას. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სწორედ ქალაქის ცენტრშია. ძალიან ბევრია ასევე ქალაქის გარეუბნებსა და რეგიონებში. მაგალითად, რუსთავის ტექნიკუმის შენობა, საპატრიარქოს სამშობიაროსთან არსებული შენობა ორთაჭალაში, ყოფილი ცენტრალური ბაზრის შენობა კონსტიტუციის ქუჩაზე, ასევე ვარკეთილში, დიდ ლილოში, კოჯრის ცენტრალურ პარკთან დგას უფუნქციო შენობა, კიკეთის უფუნქციო საჯარო სკოლა, მცხეთაში, ზაჰესის ტერიტორიაზეა ასევე უფუნქციო შენობები და ა. შ. წლების განმავლობაში სხვადასხვა შესაბამის ინსტანციას მივმართავდით უსახლკაროთა ჩასახლების წინადადებით, თუმცა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ამ დროს დედაქალაქის უღატაკესი მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით ბინების კი არა, თავშესაფრის გარეშე დარჩა. მათ შორის არიან დევნილები, ეკონომიკური სიდუხჭირისა და სტიქიის გამო დაზარალებულები, იპოთეკით დატვირთული და გამოუხსნელი მიზეზით ბანკის მიერ ბინაწართმეულები, ოჯახური ძალადობის გამო სახლებიდან წამოსულები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველები, უკანონო პატიმრების დასახსნელად საპროცესო გარიგებების გამო ბინადაკარგულები, თაღლითური გზით უსახლკაროდ დარჩენილები, ოჯახის წევრებთან ქონებრივი დავებისას დამარცხებულები და უსახლკაროდ დარჩენილები, რომლებიც სხვადასხვა სახის მიზეზთა გამო ამ სიას მიემატნენ. ხელისუფლებას სწორედ მათი შესახლება ვთხოვეთ უფუნქციოდ მიტოვებულ შენობებში. საკითხში გარკვევა და გვერდში დგომის პირობა მივიღეთ, მაგრამ ახლაც მაგიდაზე მიდევს ჩვენ მიერ დედაქალაქის მერიისთვის გადაცემული ობიექტების ნუსხა, რომლებსაც დაცვა დაუყენეს და მათი შენახვა ათასობით ლარი უჯდებათ.

_ რატომ მოხდა ასე, ხელისუფლება ხომ წამოვიდა დიალოგზე? აღნიშნეთ, ერთობლივი პროექტის განხორციელება დავიწყეთო…

_ დიახ, ამ მიზნით თბილისის მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად დავიწყეთ პროექტის განხორციელება „სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები უსახლკაროების აღრიცხვა და მათი საცხოვრებელი პირობებითა და სათანადო სოციალური დაცვით უზრუნველყოფა. ვითხოვეთ სახელმწიფო პროექტში ჩვენი ორგანიზაციისა და იურისტების ჩართულობა, ასევე შევთავაზეთ ჩვენ მიერ წლების განმავლობაში შემუშავებული და აპრობირებული წინადადებები, ასევე მივმართეთ ჩვენ მიერ წარდგენილი გაპარტახებული და მიტოვებული შენობა-ნაგებობების ვარგისიანობის ხარისხის დადგენის თხოვნით. წერილს თან დავურთეთ ჩვენი შემუშავებული „ხელშეკრულების ფორმა“, მოპოვებული ობიექტების ნუსხა, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დაზუსტებული სიები და ჩვენს სახელზე შემოსული წერილების ასლები. როდესაც ასეთი ობიექტების შესახებ ინფორმაციას ვიღებდით, კომისიას ვადგენდით, მივდიოდით და შენობას ადგილზე ვამოწმებდით, ინფორმაციას ვიკვლევდით და ვიგებდით, რომ ეს შენობა არავის ბალანსზე არ იყო. 24 ობიექტის ნუსხა გავამზადეთ და დედაქალაქის მერიას გადავეცით. არა მხოლოდ მერიაში, პრემიერ-მინისტრთან, ქონების მართვის სამსახურსა და სხვა ორგანოებშიც გავაგზავნეთ, თან წერილი დავურთეთ, სადაც ვწერდით, რომ ეს გამოუყენებელი შენობები არსებობს, თავისუფალი ფართები არის, ტყუილად პარტახდება და ინგრევა, ამაზე ვიმსჯელოთ, რომ ეს შენობები საბინაო ფონდში აღირიხცხოს და შემდეგ ამ ოჯახებს გადაეცეს არა საკუთრებაში, არამედ როგორც საცხოვრისები სარგებლობის უფლებით, ხელშკრულების საფუძველზე გარკვეული ვადით. ამაზე დაიწყო დიალოგი, მსჯელობები, მერე მერმა დავით ნარმანიამ გამოყო კომისია, ქონების მართვის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ, ეს ობიექტები ყველას მოეწონა. უკვე მსჯელობა მიმდინარეობდა, რამდენი იყო შესაძლებელი, რომ ამ 24 ობიექტიდან უსახლკაროებისთვის გამოყოფილიყო და სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხალხს გადასცემოდა. მალე 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, რამაც ეს პროცესი შეაფერხა და კიდევ რამდენიმე თვე გაიწელა, მერე საარჩევნო კამპანია დაიწყო და ამისთვის ვერავინ მოიცალა. თუმცა მე წერილით მივმართე, რომ მუშაობა გაგვეაქტიურებინა. ბოლოს მერის მოადგილემ სოციალურ დარგში ჩივიაშილმა არასერიოზული წერილი მომწერა, _ ამაზე ვმუშაობთ და ლილოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ობიექტი გვაქვსო. სინამდვილეში, იმას როგორ შეიძლება, საცხოვრისი დაერქვას?! დავურეკე და ვუთხარი, _ ბატონო გელა, ჩვენ ოჯახებზე ვლაპარაკობთ-მეთქი. ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ კიდევ გავაგზავნე რამდენიმე წერილი, მაგრამ უპასუხოდ დატოვეს. ფაქტობრივად, ეს საქმე გაიყინა. ხალხი ძალიან ცუდ დღეშია, მარტო მე უძლური ვარ ამ პრობლემების წინაშე, თუ სახელმწიფომ ამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთა. გამაფრთხილებელი წერილი მივწერეთ, ხალხი აქციების მოწყობას აპირებს და ამას სოციალური აფეთქება მოჰყვება, რიცხვი და საათიც მივუთითეთ, რომ ამა და ამ დღეს გვინდა სანქცირებული აქცია მოვწყოთ მერიის წინ-მეთქი. დამირეკეს და მთხოვეს, თავი შეგვეკავებინა. დავუთმეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაღწიეთ. სახელმწიფო არ გვეხმარება, რომ ამ მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ. ხელისუფლებამ ჩვენი შრომა სათავისოდ გამოიყენა.

_ რას გულისხმობთ?

_ როგორც კი გამოუყენებელი ობიექტების ნუსხა მივაწოდე, ყველა ეს ობიექტი სახელმწიფომ თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა და მერე გასხვისება დაიწყო. რამდენიმე ობიექტი რომ გასხვისდა, ვუთხარი, _ იმიტომ კი არ შევადგინეთ ნუსხა და ამდენი ვიშრომეთ, რომ თქვენ გაგეყიდათ-მეთქი. ეს ინფორმაცია თვითონ ხალხმა მომაწოდა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მომხდარიყო მათი შესახლება. ეს რომ ვუთხარი, გაყიდვა შეაჩერეს, მაგრამ ყველა ობიექტთან არასაუწყებო დაცვა დააყენეს, რომ ხალხი არ შეჭრილიყო. შეკითხვა გავუგზავნე, _ ამ ობიექტებს რისთვის იცავენ და სად იხარჯება ამხელა თანხა-მეთქი?! შემდეგ ინფორმაცია მოვითხოვე, თუ რამდენს იხდიან ბიუჯეტიდან თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში ქირის ფულს? თურმე, საოცრად გრანდიოზულ თანხებთან გვაქვს საქმე, _ ყოველთვიურად რამდენიმე მილიონს გადააჭარბა და ვთხოვე, თვეში რომ 2 მილიონი ქირაზე იხარჯება, იმ თანხით ერთი კორპუსი ხომ აშენდება, სოციალურად დაუცველი რამდენიმე თვე მოითმენს, როდესაც იცის, რომ ბინა უნდა მიიღოს-მეთქი. როგორ აღარ მივუდექი, მაგრამ არაფერი… ზემოთ ხსენებული პროექტის ერთობლივი და დროული განხორციელება მიზანშეწონილად იმიტომ მივიჩნიეთ, რომ უსახლკაროთათვის ფუნქციადაკარგული შენობა-ნაგებობების საცხოვრებლად გადაცემის შედეგად, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ნაქირავები ბინების ქირის გადასახდელ თანხებს დაზოგავს და შესაძლებლობას მისცემს, რომ დანაზოგი თანხები სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებაზე გადაანაწილოს. აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრისებით დაკმაყოფილების შემთხვევაში კი დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული მათი უფლებები. ამავდროულად, საგრძნობლად გაიზრდება მოსახლეობის თანადგომა მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

_ თქვენი აზრით, ხელისუფლება ასე რატომ იქცევა? უსახლკარო მოქალაქეების ბედი არ აღელვებს თუ მიზანმიმართულად ხდება ყველაფერი?

_ ჯერ ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მერე გიპასუხებთ: აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე მიტოვებული ობიექტია, ჩვენი ოფისი ამ ქუჩაზე მდებარეობს და მინდა თუ არა, ძალაუნებურად ვაკვირდები და ვხედავ. ერთ-ერთი შენობა ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა უკვე კარ-ფანჯრებიც ჩამოხსნეს. ერთ დღესაც ინფორმაცია შემომივიდა, რომ ამ ადგილზე თავისუფალი ფართია. კომისიის წევრებთან ერთად სანახავად წავედი. დავაკაკუნე, ნასვამი მამაკაცი გამოვიდა და მითხრა, ყარაული ვარო. ვკითხე, აქ ვინ დაგაყენათ, გიხდიან თუ არა-მეთქი? მან უფროსთან დამაკავშირა, რომელსაც ვეკითხები, _ თქვენ ხართ ამ შენობის მესაკუთრე-მეთქი? _ არაო. _ აბა, რატომ დააყენეთ ეს ადამიანი აქ, რას ან ვის იცავს-მეთქი? ტელეფონი გამითიშა, დარაჯს გადმოურეკა და უთხრა, _ გააგდე ეგ ხალხი მაქედან და კარი არავის გაუღოო.

ჩემი საფუძვლიანი ეჭვია, რომ შენობა შეგნებულად მიჰყავთ იქამდე, ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყოს, ბოლომდე დაანგრევენ და მერე გაყიდიან. ქალაქის ცენტრია და წამოჭიმავენ ე. წ. სასტუმროს. ე. წ.-ს იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურად აქ სულ სასტუმროებია, სინამდვილეში კი ბორდელებადაა ქცეული. რაც ჩემ გარშემო ხდება იმას ვამბობ, თორემ ყველაზე რომ მოვყვე, თქვენი გაზეთი არ ეყოფა.

„თიბისი ბანკის“ ცენტრალურ შენობას რომ გასცდებით, ერთი ობიექტია, სადაც სვანების ოჯახები შეასახლებს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ოჯახები ამ შენობაში მაღალჩინოსანმა შეიყვანა, კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ობიექტზე მივედი. მინდოდა დამედგინა, რის საფუძველზე ცხოვრობდნენ. სულ 5 ოჯახია _ 3 სვანების და 2 დევნილების, დანარჩენი ფართი თავისუფალია, მაგრამ გვერდით არასაუწყებო დაცვა დგას, 3 ბიჭი იცავს. იმის გვერდით კიდევ ერთი სრულიად გაპარტახებული ობიექტია, ვეკითხები, _ ამ ობიექტს რად უნდა დაცვა, რისთვის ყრიან ამხელა თანხებს, ვის ან რას იცავთ-მეთქი? ამ დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ ამ ორივე შენობის უკან გამიყვანა, სადაც გრანდიოზული შენობა დგას, რომელიც წინა და უკანა ხედიდან არ ჩანს. გადამალული აქვთ შენობა და რას ელოდებიან?! ჩემი აზრით, იმას ელოდებიან, იქამდე მიიყვანონ, დასკვნა დაიწეროს, რომ უვარგისია, დაანგრევენ და იქაც კორპუსს წამოჭიმავენ. ამდენი ხალხი ქუჩაში სულს ღაფავს და მილიონობით თანხა კი არამიზნობრივად იხარჯება. როგორც იურისტი სამართლებრივი ფორმებით ვიბრძვი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვალდებული ვარ, პატივი ვცე და კანონმდებლობას დავემორჩილო. კარგი იქნება, თუკი დღევანდელი ხელისუფლება გამოფხიზლდება და ჩვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ ვადასტურებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა „კოალიციამ“ ნამდვილად წარმოადგინა ის დოკუმენტაცია, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ ჩვენ შორის არ ყოფილა არანაირი სახის თანამშრომლობა. მხოლოდ ერთხელ მოხდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შენობებს, რომელზედაც ქალბატონი მზია საუბრობს, ისინი ზოგი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ნაწილი კერძო საკუთრებაა და ბუნებრივია, მუნიციპალიტეტს ვერანაირი შეხება ვერ ექნება ამ შენობა-ნაგებობებთან. რაც შეეხება უსახლკაროთა საცხოვრისში დაბინავებას, 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, დედაქალაქის მერია უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს და ასეთი ტიპის ადამიანებს საცხოვრებელი პირობებით უზრუნველვყოფთ.

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი