24 წლიანი მომთაბარეობა დასრულდა: სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთარი შენობა აქვს

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს. 24-წლიანი მოგზაურობა დასრულდა და თეატრს უკვე საკუთარი შენობა აქვს.

1993 წლიდან, ომის შემდეგ, თეატრი თბილისში დევნილობაში განაგრძობდა არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მას აქამდე საკუთარი კედლები არ გააჩნდა, დასი შემოქმედებითად არ გაჩერებულა და სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში თამაშობდა.
ომი, დევნილობა, უსახსრობა, სიცივე, ბევრი ცრემლი _ ესაა ის მოკლე ჩამონათვალი, რაც სოხუმის თეატრმა დღემდე გამოიარა. ყველა პრობლემას ვაჟკაცურად უძლებდა და სწორედ ამ თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, სახალხო არტისტ დიმიტრი ჯაიანის დიდი ძალისხმევით მოხეტიალე თეატრმა ხარისხი შეინარჩუნა. მისი გამარჯვება კი იმ შენობით დასრულდა, რომელზედაც მსახიობი დევნილობიდან მოყოლებული ოცნებობდა.

დიმიტრი ჯაიანი, რომელიც 1973 წლიდან გახლდათ სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და შემდეგ ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გარდაცვალებამდე ამბობდა:
„ახალი სიო წამოვიდა სოხუმის თეატრში. ბოლო წლებში ბევრი ცუდი რამ მოხდა. უახლოესმა ხალხმა უღალატა თეატრს. საჭირო იყო აქ მოსულიყო ადამიანი, რომელიც თეატრს სწორად უხელმძღვანელებდა, ბევრი ამომიტივტივდა თავში. გამახსენდა, რომ ჩვენთან დათო საყვარელიძეს ჰქონდა სპექტაკლი დადგმული. მე მას ვესაუბრე. მთელი საქართველო გაოგნებულია და იცით, რისგან? _ დათო საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობაზე თქვა უარი და სოხუმის თეატრს ჩაუდგა სათავეშიო… ზოგი იგებს მის პოზიციას, ზოგი _ ვერ იგებს…“

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი _ დავით საყვარელიძე:
_ სოხუმის თეატრს წლების მანძილზე არ გააჩნდა საკუთარი შენობა. თქვენ უკვე მეხუთე წელია, რაც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. რა დაგხვდათ და როგორ შეიცვალა ამ წლების მანძილზე სოხუმის თეატრის ბედი?
_ ჩემი აქ მოსვლა პირდაპირ დაკავშირებულია ბატონ დიმა ჯაიანთან, რადგან მისი სურვილი იყო, რომ მე ვყოფილიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი. თავიდან ეს თეატრი განთავსდა ვაჟა-ფშაველაზე დევნილთა სამინისტროსთან დაქვემდებარებულ ერთ-ერთ შენობაში. მსახიობებს გაუსაძლის პრობებში უწევდათ მუშაობა.
სოხუმის თეატრმა ურთულესი პერიოდები გამოიარა: ომი, დევნილობა, უსახსრობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გასაჭირი მაშინ დაუდგა, როდესაც იმდროინდელმა მთავრობამ დიმა ჯაიანი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გაუშვა. ამას მოყვა დამღუპველი შედეგი _ ერთ ოჯახად ჩამოყალიბებული დასი ორად გაიხლიჩა…
და ეს მოხდა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.
დღეს დიმა ჩვენ გვერდით აღარ არის და ეს უდიდესი დარტყმაა თეატრისთვის, მისი მომავლისთვის. თეატრსაც რომ თავი დავანებოთ, ადამიანურად ძალიან გვიჭირს ამის გადახარშვა მეც და მსახიობებსაც. ბატონ დიმას სულ სხვა კუთხით ვიცნობდი, არა ისე, როგორც უმეტესობა, მხოლოდ ტელევიზიის ეკრანებიდან, თუმცა ტელეეკრანებიდანაც მოჩანდა მისი დიდი ბუნება _ იგი ვეებერთელა ენერგიის მქონე იდეალისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის თეატრს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დავობლდით.
რაღა დაგიმალოთ და მორალურად ვერ ვპატიობ იმ ადამიანებს, რომელთაც გული გაუტეხეს დიმას, მაგრამ თვითონ დიმას აქვს ნათქვამი პირადად ჩემთვის, რომ მან ყველას აპატია და ამით გამარჯვებული წავიდა ამ ქვეყნიდან.
_ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გახდა ამის მიზეზი?
_ რა თქმა უნდა. ეს განხეთქილება დასში დღესაც იჩენს ხოლმე თავს. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ ამომევსო ეს ემოციური ფონი და დაპირისპირება ადამიანებს შორის. დღესაც ჩემი მიზანია, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გავაღვივო მსახიობებში. ნაწილობრივ შეიძლება გამომდის, მაგრამ ჭრილობა უფრო ღრმა აღმოჩნდა.
_ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ტარდებოდა სოხუმის თეატრის სპექტაკლები სხვადასხვა თეატრში.
_ ესეც დიმას დამსახურებით. რობერტ სტურუა და გია თევზაძე გადაჰყვნენ ამ თეატრს, 9 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრში იმართებოდა სპექტაკლები. შემდეგ იყო „თავისუფალი თეატრი“, ასევე „ახმეტელის თეატრი“ და დღემდე „მარჯანიშვილის თეატრის“ კედლებში ვართ. საქართველოს მასშტაბით ხშირად გვიწევს გამოსვლა, ასევე გვაქვს გასტროლები საზღვარგარეთ. უამრავი პრიზი და გრანპრი ავიღეთ. მართალია, სარეპეტიციო პერიოდი გვიგრძელდება ხოლმე, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს.
ჩემი მოსვლიდან 3 წლის შემდეგ ბატონმა დიმამ და ვახტანგ ყოლბაიამ ახალი შენობა გადმოგვცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით. სამუდამოდ დაიდო ბინა სოხუმის თეატრმა უზნაძის 68 ნომერში. ეს შენობა გავარემონტეთ და რეპეტიციები აქ დავიწყეთ. ივნისის ბოლოს ორი ახალი სპექტაკლით დავხურავთ სეზონს.
_ ბატონო დავით, რატომ ვერ ან არ ეღირსა ამ წლების მანძილზე სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა?
_ სოხუმის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია და წლების მანძილზე უჭირავს ძალიან მაღალი ხარისხის შემოქმედებითი დონე, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ყოფილა ფინანსური დახმარებები, რომელსაც სხვა თეატრების დასები იღებდნენ და მით უმეტეს საკუთარი შენობა.
_ რატომ?
_ რადგან დევნილი თეატრი ვართ და ჩვენი მიზანია სოხუმში დაბრუნება, ეს, ალბათ, ვიღაცებს ნერვებს უშლის. დამტკიცებით ვერ გეტყვით, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ სოხუმის თეატრის ასეთი დახმარება არ მოეწონება ჩვენს მტერს.
_ რუსეთს გულისხმობთ?
_ რასაკვირველია. სხვა დასკვნამდე ვერ მივდივარ, რადგან თეატრი არ დარჩენილა საქართველოში, რომ სახელმწიფო არ დახმარებოდა. ჩვენ სულ რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომელიც გვეხმარება, მათ შორის, პირველ რიგში, ვახტანგ ყოლბაია, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველაფრისთვის, ადამიანი, რომელიც გვმფარველობს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ მურმან ფარფალიას, რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას და გვეხმარება.
_ სპექტაკლების ნახვის საშუალება როდის გვექნება სოხუმის თეატრის შენობაში?
_ ვახტანგ ყოლბაიას დავალებით თეატრალური დარბაზის პროექტირებას ამ ზაფხულს მოვრჩებით და თუ მუშაობას ამ ტემპით გავაგრძელებთ, შესაძლოა, ახალ წელს ამ დარბაზში შევხვდეთ.
_ რამდენ კაცზე იქნება დარბაზი გათვლილი?
_ დაახლოებით 300-კაციანი დარბაზი იქნება.
_ როგორია მსახიობების, თანამშრომლების განწყობა?
_ ეს შენობა ჩვენთვის მეორე სახლად იქცა. იმდენად კომფორტულად ვართ, რომ ყველას გვიხარია აქ მოსვლა. ძველ შენობაში საპირფარეშოც კი არ იყო. ხუმრობდნენ, რომ „მარშრუტკით“ დავდივართ საპირფარეშოშიო. გაუსაძლისი პირობები იყო, მაგრამ ეს ბოლო ორი წელიწადია, საკუთარი შენობა გვეღირსა. ბევრი კარგი, საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელზედაც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
_ ფონდმა „ქართუმ“ ბევრი თეატრი დააფინანსა, თქვენ?
_ არასდროს დაგვხმარებია ფონდი „ქართუ“. პირადად მე ოფიციალურად მივმართე „ქართუ ჯგუფს“, რომ იქნებ უფროსი თაობის რამდენიმე მსახიობისთვის გამოეყოთ რაღაც კონკრეტული დახმარება, სულ 7 ადამიანზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, უარი მივიღე. ეს ჩემი პიროვნების გამო ხომ არ ხდება? არ ვიცი, რა ვიფიქრო… ბოლო წელია, ძალიან გვეხმარება მიხეილ გიორგაძე.
_ როგორია, ზოგადად, კულტურის სფეროს პოლიტიკა, მიდგომები?
_ ხმლით გვიწევს გზის გაკაფვა, რაც შემოქმედებითად ძალიან გვაფერხებს. სხვა თეატრებთან შედარებით გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს და მათ დაძლევაში ბევრი ენერგია მიგვდის. ორგანიზაციულ საკითხებსა და ფულის მოძიებაზე მიწევს სირბილი. ძალიან ბევრ საუკეთესო ქართველ რეჟისორს უნდა ჩვენს დასთან მუშაობა, მაგრამ ჰონორარის საკითხი მოსაგვარებელია. ჩვენი 4 სპექტაკლი სხვა თეატრის 1 სპექტაკლის თანხას უდრის. აღარაფერს ვამბობ დიდ თეატრებზე. ჩვენი წლიური ბიუჯეტი 270 ათასი ლარია და ეს თანხა ერთი უცხოელი საშუალო დონის დირიჟორის წლიური ანაზღაურებაა საოპერო ხელოვნებაში. ბევრს არ ვითხოვთ, იმის საშუალება მინდა მქონდეს, რომ თეატრში კარგი რეჟისორები მოვიწვიო.
_ ეს ანაზღაურება ძალიან ცოტაა. დასში რამდენი კაცია?
_ დასში 18 მსახიობია, მთლიანად 42 ადამიანი მუშაობს და 5 _ გვაკლია. სოციალური მარკეტინგის სამსახური გვჭირდება, პიარის განყოფილება. დღეს ყველაფერს ვითავსებთ, ჩემი მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ ოფიციალური, პროფესიონალი პიარმენეჯრი გვესაჭიროება, თუმცა ამის თანხა არ არსებობს. ახალგაზრდა მსახიობები გვჭირდება, ახალი ძალები, თუნდაც 3 ადამიანი, რომელიც გადაახალისებს დასს. ჩვენი 18 მსახიობი უფროსი და საშუალო ასაკის მსახიობები ბრძანდებიან. ახალგაზრდები, ფაქტობრივად, არ გვყავს. ესეც პრობლემაა, რეპერტუარის შერჩევა გვიწევს. მაგალითად, „რომეოსა და ჯულიეტას“ ვერ დადგამთ.
_ სახელმწიფო თეატრებს დაფინანსების 10% მოაკლდა. სოხუმის თეატრზე როგორ აისახა ეს ყოველივე?
_ ყველა თეატრს დაფინანსების 10% მოაკლდა, ხოლო ჩვენს თეატრს _ 30%.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩვენ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე ვართ. დღესდღეობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ყველაზე ცოტა ფული აქვს, უსამართლოდ ანაწილებენ თანხებს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტები გვჭირდება, ჩვენ არ ვართ ჩაკეტილები. საერთოდ, კულტურის დაფინანსების სტრატეგიულობა ვერსად ამოვიკითხე.
_ რას გულისხმობთ?
_ რა არის პრიორიტეტი და რა _ არა? რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? თუ მნიშვნელოვნად გვინდა ტურიზმის გაზრდა, მაშინ, შესაბამისად, ხელი უნდა შეეწყოს ისეთ საკითხებს, რაც ტურიზმს მოიზიდავს.
_ თეატრის გეგმებს დავუბრუნდეთ: როგორც ვიცი, პრემიერაზე მუშაობთ…
_ ამჟამად ვმუშაობ ლაშა იმედაშვილის ნოველაზე „იესოს საქმე“, რომელიც 2000 წელს დაიწერა. საერთოდ, მიყვარს თანამედროვე ლიტერატურა, თანამედროვე ტექსტები.
_ იესოს ცხოვრებაზე დგამთ სპექტაკლს?
_ ძველი ყაიდის პროკურორი ახალგაზრდა პროკურორს იბარებს და ავალებს გამოიძიოს იესოს საქმე, ოღონდ იურიდიული კუთხით და არა რელიგიურით. იმდროინდელი რომისა და იერუსალიმის კანონები ხომ შემორჩენილია და სწორედ მათი გათვალისწინებით სთხოვს გამოძიებას: რა დაარღვია, რა დააშავა იესომ, ჯვარზე გაკვრით რომ აწამეს?! ეს ახალგაზრდა პროკურორი თავიდან კი ურწმუნოა, მაგრამ გამოძების პროცესში ბევრ რამეს აღმოაჩენს და მუხედავად იმისა, რომ ის რელიგიური კუთხით არ იძიებს ამ საქმეს, ბოლოს მაინც მოექცევა, ანუ ბიბლიის ტექსტი ისეთი სრულყოფილია, რომ რა მხრიდანაც გინდა მიუდექი, რა კუთხიდანაც გინდა წაიკითხე, რაღაცას მაინც ირწმუნებ. ეს თანამედროვე ტექსტი საინტერესოა ევროპელი და მსოფლიო ლიტერატურის მოყვარულთათვისაც. აინტერესებთ, თუ როგორ კითხულობენ და აღიქვამენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რელიგიურ ტექსტებს. ალბათ გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირი კრძალავდა რელიგიურ ტექსტებს. ეს სპექტაკლი უკვე ჩაჯდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურულ ღონისძიებათა ნუსხაში. ამისთვის დიდი მადლობა ეკა მაზმიშვილსა და მანანა ბერიკაშვილს. მოკლედ, ოქტომბერში ფრანკფურტელებს ვაჩვენებთ ამ სპექტაკლს.
უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი და იმედია, თქვენი დახმარებით კიდევ შევძლებ, მკითხველს საინტერესო ინფორმაციები მივაწოდო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შესახებ.

გიორგი საკარული