2018 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება

თბილისი რომ პარალიზებულია და დღის ნებისმიერ მონაკვეთში საავტომობილო გზებზე საცობის პრობლემაა, ყველასთვის კარგა ხანია, ცნობილია.

განხილვის თემაა შავად მბოლავი ავტომობილებიც, რომლებიც საშინლად აბინძურებენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან მოქალაქეების ჯანმრთელობას.

 

ხელისუფლებამ საკითხის მოგვარება ტექდათვალიერების შემოღებით გადაწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ავტომფლობელთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტი მანქანების რაოდენობის ხელოვნურად შემცირების მცდელობას ემსახურება.

ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, 2004 წელს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ამ სისტემაში კორუფციის მაღალი დონის გამო გააუქმეს და იგი  ნებაყოფლობითი გახადეს.

2018 წლის 1-ლ იანვრამდე, სულ რაღაც, 3 თვეა დარჩენილი, თუმცა მძღოლებს ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ სად, რომელ კომპანიაში და რა პირობებით მოუწევთ მანქანის შემოწმება.

ავტომობილის ტექდათვალიერება გულისხმობს მისი ვარგისიანობის შემოწმებას რამდენიმე კომპონენტში: საბურავები, ღერძები, საჭის მართვის სისტემა, ძარა, გარე მაშუქი ხელსაწყოები, ხილვადობა, განათების მოწყობილობები, სამუხრუჭე სისტემა. ავტომობილი აუცილებლად ცალკე უნდა შემოწმდეს გამონაბოლქვზე. იმისთვის, რომ მან გამონაბოლქვზე შემოწმება გაიაროს, აუცილებელია ჰქონდეს კატალიზატორი, რომელიც მავნე ნივთიერებების გარემოში გამოფრქვევას აფერხებს. საქმე ისაა, რომ რადგან ეს ნაწილი ძვირფას მეტალს შეიცავს,  ავტომობილების იმპორტიორები ან თავად მძღოლები მანქანის ამ ნაწილს, როგორც ფერად ლითონს, ისე აბარებენ. ცალკე კატალიზატორი, მინიმუმ, 150 ლარად იყიდება, მისი შეძენა, სულ მცირე, 250$-დაა შესაძლებელი. მანქანისთვის კატალიზატორის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ავტოტექდათვალიერებისას.

ამბობენ, რომ კატალიზატორი არ მოეთხოვებათ მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებსაც ის ქარხნულად არ აქვს დამონტაჟებული. აქვე თავს იჩენს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მანქანის „ასაკთან“, რადგან თუ მანქანა შედარებით ახალია, მას აუცილებლად ექნება ქარხნული კატალიზატორი, თუმცა თუ იგი საბჭოთა პერიოდისაა, ბუნებრივია, მანქანას ეს ნაწილი არ ექნება. უცნობია, რა ბედი ელის იმ ავტომანქანებს, რომელთაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, ან კატალიზატორი არ აქვთ?

დღეს შემოწმება ნებაყოფლობითია და მისი ღირებულება ავტოტექდათვალიერების პუნქტში 50 ლარიდან იწყება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციების თავმჯდომარე დავით მესხიშვილი  ამბობს, რომ საფუძველი, ეს რეგულაცია რატომაც უნდა გახდეს სავალდებულო, რამდენიმეა. თუმცა მანქანების რაოდენობის ხელოვნურად შემცირება არ იგულისხმება: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ჰაერის დაბინძურების კუთხით, საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა ფიქსირდება. სტატისტიკურად, 100 000 მოსახლეზე 300 გარდაცვალება მოდის, რაც ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში. იქვეა კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლეტალური შედეგები ავტომობილების გამონაბოლქვითაა გამოწვეული. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი ამ ვალდებულების შემოღებისა და არა ავტომობილების რაოდენობის ხელოვნურად შემცირება.

აქ მნიშვნელოვანი ორი საკითხია:

1) ევროდირექტივები _ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ 2018 წლის 1-ლ სექტემბრამდე აუცილებლად უნდა დავიწყოთ პერიოდული ინსპექტირება მომავალი წლის სექტემბრამდე;

2) კვლევები _ რომლებიც ადასტურებს, რომ სიკვდილიანობის, ბავშვთა და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების ზრდა სწორედ გამონაბოლქვითაა გამოწვეული.

ცნობილია, რომ შვეიცარიული კომპანია შGშ სახელმწიფომ ჯერ კიდევ შარშან აირჩია. მას კონსულტაციები უნდა გამოექვეყნებინა მათ შორის იმაზე, რომ ცნობილი ყოფილიყო, თუ რა უნდა დააკმაყოფილონ მძღოლებმა, რათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მოემზადონ, ასევე როგორ უნდა მოხდეს მენეჯმენტის ორგანიზება, რომ კორუფციის რისკები ნულამდე დავიდეს. არც ერთი ეს კვლევა არ გვინახავს!

მძღოლებს ავტომობილების მოსაწესრიგებლად უნდა მიეცეთ გონივრული ვადა და ზუსტად იცოდნენ, თუ რა შემოწმდება. ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ, პირველ რიგში, გამონაბოლქვის რეგულირება გახდეს პრიორიტეტული. მძღოლების გარდა, მოლოდინის რეჟიმში არიან ტესტ-ცენტრებიც. მათ ძველი რეგულაციები აქვთ და უნდა იცოდნენ, პერსონალს რა მოეთხოვება და რა სტანდარტები უნდა ჰქონდეთ!

ამ ვალდებულების შემოღების პარალელურად, მნიშვნელოვანი საკითხია  საწვავის ხარისხი, რადგან თუ გარანტია არ გვექნა, რომ ეს ხარისხი „ევრო 5“-ის სტანდარტია, ავტომობილებზე კატალიზატორები რომც დავაყენოთ, 1 თვეში მაინც იგივე სიტუაცია იქნება.

ჩვენი მოთხოვნაც და გარკვეულ დონეზე სახელმწიფო პოზიციაც ასეთი იყო, რომ ძველი მანქანების იმპორტი აიკრძალოს, როგორც ეს გააკეთა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, აზერბაიჯანმაც.

სპეკულაცია სწორედ იქ ჩნდება, სადაც ინფორმაცია არ არის და ვცდილობთ ვივარაუდოთ, რა არის სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგულაციაზე ნელ-ნელა, ეტაპობრივად გადავიდეთ, პირველადი მოთხოვნა იყოს დაბალი და არა „ევრო 5“ სტანდარტის, ამის შემდეგ კი ყოველ წელს ვცადოთ გაუმჯობესება, ამ დროს კი საწვავის ხარისხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან ნავთობპროდუქტები ჩვენი ქვეყნისკენ მოემართება და საზღვარზე არაფერი მოწმდება, გარდა ამ საწვავის მწარმოებლის სერტიფიკატისა. უნდა  არსებობდეს დამოუკიდებელი ლაბორატორიები, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტში არ იქნება და ასევე, ყურადღება მიექცეს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ავზების მდგომარეობას, რომ ყველა მათგანი იყოს სუფთა და ხარისხიანი, საწვავი არ გააფუჭოს.

საჭიროა, რომ ეს ყველაფერი პროექტის სახით მაინც გამოქვეყნდეს“.

 

ამ ვალდებულების ამოქმედებით ჰაერში დაბინძურების შემცირებას სპეციალისტებიც ელოდებიან.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებაში ავტოტრანსპორტს დიდი როლი მიუძღვის და ამ რეგულაციის შემოღება ჰაერის გასუფთავებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს: „ქალაქში 24-საათიან მონიტორინგს ვაწარმოებთ  რამდენიმე წერტილში. ეს არის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილში და ვაშლიჯვარშიც. აშკარად ვაწყდებით აზოტის დიოქსიდით დაბინძურების მაღალ მონაცემს ცენტრალურ უბნებში, მათ შორის, მელიქიშვილზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, „დელისთან“, რუსთაველზე, წერეთლის გამზირსა და ა. შ. პირდაპირ ვხედავთ მავნე ნივთიერებების გადაჭარბებით არსებობას იმ ქუჩებზე, სადაც გადატვირთული მოძრაობაა. ცალსახად ცხადია, რომ დიოქსიდის მომატება გადატვირთულ მოძრაობას უკავშირდება. ზოგადად, ეს ნორმატივები იმისთვისაა დადგენილი, რომ ჩვენ ვიცით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დონეები და მონაცემები მას არ უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, ფაქტი სახეზე გვაქვს. ცხადია, თითოეული დამაბინძურებელი თავის გავლენას ახდენს გარემოზე, ჰაერზე და  ტექდათვალიერება მნშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება“.

 

რეალურად, სურათი შემდეგია: მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ავტოტექდათვალიერების გარდაუვლობა ცხადია, თუმცა კითხვები გვაქვს და პასუხები _ არა. ვიმედოვნებთ, რომ ვალდებულების დაკისრებიდან ორი თვით ადრე მაინც გახდება მოქალაქეებისთვის ცნობილი ის მოთხოვნები, რისი დაკმაყოფილებაც მათ ავტომობილებს მოუწევს.

 

რა მოხდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან მიმართებით, ან რა ბედი ელის იმ მანქანებს, რომელთაც დათვალიერება ვერ გაიარეს, ან კატალიზატორი არ აქვს?

აღნიშნული კითხვებით „ქრონიკა+“-მა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა სამდღიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გაგვცეს თუნდაც ელემენტარული პასუხი. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ვრცლად საუბარს ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ.

ნინო ტაბაღუა