2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია – ექსპერტთა შეფასებები და მიმოხილვა

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. იგი 111 ხმით მიიღეს და მასში ის სტრუქტურული ცვლილებებია ასახული, რაც გასულ თვეს სპონტანურად განხორციელდა.

მთავარობის გამოანგარიშებით, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს, ინფლაციის მაჩვენებლად კი 3,5%-ს ვარაუდობენ. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, იგი 2,5 ნიშნულადაა ჩანიშნული და მასზე გაანგარიშებული.
როგორც ბიუჯეტის დამტკიცებულ პროექტშია აღნიშნული, მომავალ წელს შემოსულობების სახით 14.44 მლრდ ლარს ელოდებიან და იგი თითქმის მილიარდით აღემატება მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
გრანტებისთვის გაწერილი თანხა 414 მლნ ლარს შეადგენს, რაც მთელი 83 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მონაცემებს.
მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების სახით 9.49 მლრდ ლარის მიღებას გეგმავს მთავრობა, ამ თანხაში კი 2.78 მლრდ ლარს საშემოსავლო გადასახადებიდან, 630 მლნ ლარს მოგების გადასახადიდან, 1.45 აქციზის გადასახადიდან, 4.4 დღგ-დან, ხოლო იმპორტის გადასახადიდან 60 მლნ ლარს, სხვა გადასახადებიდან კი 170 მლნ ლარს ელოდებიან.
გრაფაში „სხვა შემოსავლები“ მითითებულია, რომ 410 მლნ ლარის მობილიზება მოხდება, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მლნ ლარით აღემატება.

რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების დაფინანსებას, საბოლოო ვარიანტით სახელმწიფო ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა:
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო _ 1.18 მლრდ ლარი (რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 70 მლნ ლარით მეტია), რომელშიც შედის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, ახალგაზრდობის პროგრამებისთვის მიკუთვნებული 4.4 მლნ ლარი;
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო _ 274 მლნ ლარი, აქედან გარემოს დაცვისთვის 40 მლნ ლარზე მეტი (2017 წელს მას 35.7 მლნ-იანი დაფინანსება ჰქონდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი 322 მლნ);
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო _ 1.81 მლრდ ლარზე მეტი (2017 წლის მაჩვენებელზე 527 მლნ ლარით მეტია);
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო _ 229 მლნ ლარი. აქედან 82 მლნ ლარზე მეტი ენერგეტიკის სექტორისთვისაა განკუთვნილი, რომელიც რესტრუქტურიზაციის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა (2017 წელს ენერგეტიკის სამინისტროს 197 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტროს კი 476 ლარი ჰქონდა გამოყოფილი);
– საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 120.9 მლნ ლარი. ამ სამინისტროს მიუერთდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის ბიუჯეტიც 2017 წელს 2.8 მლნ ლარი იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროსი კი _ 115 მლნ ლარი;
– ჯანდაცვის სამინისტრო _ 3.52 მლრდ ლარი (2017 წელთან შედარებით 112.2 მლნ ლარით იზრდება);
– თავდაცვის სამინისტრო _ 802 მლნ ლარი (წინა წელს დაფინანსება 748 მლნ ლარს შეადგენდა);
– შინაგან საქმეთა სამინისტრო _ 569 მლნ ლარს მიიღებს (2017 წელს მისი დაფინანსება 599 მლნ იყო);
– სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო _ 150 მლნ ლარი (2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით 11 მლნ-ით მეტია);
– კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ 285 მლნ ლარი, აქედან 124 მლნ სპორტის განვითარებაზე მიდის (2017 წლის ბიუჯეტში სპორტის სამინისტროსთვის 146 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, კულტურის სამინისტროს დაფინანსება კი 100 მლნ ლარს შეადგენდა);
– იუსტიციის სამინისტრო _ 63 მლნ ლარი;
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო _ 96.2 მლნ ლარი (2017 წლის დასაწყისში სამინისტროს დაფინანსება ჯერ 84.7 მლნ, შემდეგ კი 99.8 მლნ ლარი გახდა);
– ფინანსთა სამინისტრო _ 82.3 მლნ (უცვლელი დარჩა);
– შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატი _ 1.6 მლნ ლარი (2017 წელთან შედარებით 400 000 ლარით მეტია);
– დაზვერვის სამსახური _ 13.5 მლნ ლარი;
– სუს-ის ბიუჯეტი _ დაუზუსტებელია, თუმცა რეორგანიზაციის პირველადი გეგმით მას 137.5 მლნ ლარამდე ეზრდებოდა დაფინანსება;
– საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოსა და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერწყმის _ 82 მლნ ლარით ფინანსდება;
– საერთო სასამართლოები _ 71.1 მლნ ლარი;
– უზენაესი სასამართლო _ 8.4 მლნ ლარი;
– საკონსტიტუციო სასამართლო _ 4.15 მლნ ლარი;
– საქართველოს საპატრიარქო _ კვლავ 25 მლნ ლარი;
– სახალხო დამცველის აპარატი _ 5.5 მლნ ლარი (2017 წელთან შედარებით, 700 000 ლარით მეტს იღებს);
მთავრობის ადმინისტრაცია _ 2018 წელს უცვლელი რჩება (16.5 მლნ ლარი), თუმცა მისი სარეზერვო ფონდი 10 მლნ ლარით იზრდება და 50 მლნ ლარს აღწევს;
– უცვლელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (9.8 მლნ ლარი) და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (5 მლნ ლარი), პარლამენტის (52 მლნ ლარი), ასევე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (14.5 მლნ ლარი) დაფინანსება.

მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებით „ქრონიკა+“ ექსპერტების შეფასებებით დაინტერესდა.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ზოგადად, რა არის დაზოგილი და რა _ არა, ეს ჯერ უცნობია, თავადაც არ იციან, დაიზოგა თუ არა რამე. ბიუჯეტი ისეა წარმოდგენილი, რომ არ ჩანს თანხის ის რაოდენობა, რომელიც ბიუროკრატიაზე უნდა შემცირდეს.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, საკითხის ასე დასმა, თუ რამდენად სწორად არის ბიუჯეტი გადანაწილებული _ არ შეიძლება, რადგან ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი სხვადასხვა „გემოვნების“ მიხედვით სხვადასხვანაირად შეიძლება გადანაწილდეს. უბრალოდ, ეკონომიკურად ვერ ხერხდება შედარება, ის უფრო სოციალური მიმართულებით გადანაწილდება, თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ორივე ძალიან მტკივნეული საკითხია და ზოგადად, ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მათ ერთმანეთს ვერ შევადარებთ.
ამ შემთხვევაში, უნდა მივიღოთ კითხვაზე პასუხი, _ რა სარგებელს და ეფექტს მოიტანს ხარჯები, რომელიც გაწეული იქნება და რამდენად აღემატება ეს სარგებელი დანახარჯებს, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს? ამ კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი და თუ ეს უკანასკნელი არ გვაქვს, ჩვენ ვერანაირად შევაფასებთ გაწეულ ხარჯებს.
რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბოლოს უფრო ნათელი სურათი იქნება ისევე, როგორც 2017 წლის ბოლოს გამოჩნდა, რა და როგორ გაკეთდა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ პროგრამულ ბიუჯეტსა და ფინანსურ ნაწილში არ ჩანს წინასწარი გეგმა, სტრატეგია იმისი, თუ საზოგადოება რა სარგებელს იღებს ამ გაწეული ხარჯების შემდეგ. ეს არის აქ მთავარი და არა ის, რომ უფრო მეტი იხარჯება ჯანდაცვაზე, სოციალურად დაუცველებზე თუ, ვთქვათ, გზების მშენებლობაზე.
რაც შეეხება 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 3.5%-იან ინფლაციის მოლოდინს, როგორც ჩანს, ანაკლიის პორტის მშენებლობის იმედი აქვთ და ამ პორტზე გაწეული დანახარჯი მოგვცემს თუ არა 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას, ამას მომავალი წლის ბოლოს გავიგებთ.
მთავარია, საბოლოო ჯამში, რა შედეგს მივიღებთ _ სწორედ ეს არ ჩანს. შეიძლება, იფრასტრუქტურული პროექტები სჯობია პენსიის ზრდას, თუმცა რას გვაძლევს ეს? თუ ადამიანები დასაქმდებიან, რამდენი დასაქმდება? რა იქნება მათი შემოსავალი? რამდენი ხნით დასაქმდებიან? რას მივიღებთ შედეგად? ინფრასტრუქტურულ პროექტში დახარჯული ეს ფული შექმნის თუ არა მომავალში ღირებულ სერვისს, მნიშვნელოვან ამონაგებს, მოგვცემს თუ არა მომავალში ეკონომიკურ ზრდას? _ სწორედ ესენია მთავარი კითხვები და რადგან ამ კითხვებზე პასუხები არ არის, ვერაფერს ვიტყვით. უამრავი რამ შეგვიძლია განვიხილოთ, რა სჯობია და არა _ არა, ყველას თავისი პოზიცია შეიძლება ჰქონდეს, არგუმენტირებულად იმსჯელოს, დაასაბუთოს, მთავარი კი მაინც მიღებული შედეგი და სარგებელია.

რომან გოცირიძე _ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგეენლი:
_ არის უამრავი უსარგებლო ხარჯი, პრიორიტეტები არეულია, კვლავ გრძელდება ვალების აღება. თუ 5 წლის მანძილზე შიდა ვალი იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი, დღეისთვის არის 2,5 მლრდ და 2018 წლის ბოლოს გახდება თითქმის 3 მლრდ ლარი. რა თქმა უნდა, იზრდება საგარეო ვალიც. ფაქტობრივად, ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ხდება საგარეო და საშინაო ვალის წლიურად მზარდი ოდენობით.
გარდა ამისა, ბიუჯეტი არაზომიერად იხარჯება, ზოგიერთი ხარჯი წლის ბოლოს გადმოდის. ბიუჯეტში თუნდაც შიდა ვალით შემოსული თანხები ხაზინის ანგარიშზე რჩება, რომლებსაც შემდეგ კომერციულ ბანკებს აძლევენ. 655 მლნ ლარი იყო სესხად გაცემული კომერციულ ბანკებზე და საკმარისი იყო, რომ ამ ბოლო 10 დღეში 100 მლნ ლარი უკან დაებრუნებინა ფინანსთა სამინისტროს, ანუ ხაზინას, 80 მლნ ლარით შემცირებულიყო ფულის მიწოდება ე.ბ.-ს მხრიდან რეფინანსირების სესხების სახით და ეს 180 მლნ ლარი მომენტალურად აისახა ლარის კურსზე. მან გამყარება დაიწყო. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს იყო ეროვნული ვალუტის გამყარების ერთადერთი მიზეზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, ასევე, დიდი ოდენობით გადასახადის გადახდა 15 დეკემბრამდე. პირველ რიგში, დღგ-ს გადახდა. ბიზნესებმა თავიანთი თანხები გადაიყვანეს დოლარებში და ახლა პირიქით, დოლარებს ყიდიან, რომ ლარი შეიძინონ საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად. მსგავსი არასტაბილურობა, ცხადია, გავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ისე რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე. ეს მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ იმ საფრთხეებს შეიცავს, რაც წინა წელს იყო.
მთლიანობაში, ჩვენ შეიძლება იგი დავახასიათოთ, როგორც ბიუროკრატიული ბიუჯეტი.
გარდა ამისა, ადამიანებისთვის სილის გაწნა იყო, როდესაც თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცეს და განაცხადეს, რომ თურმე კალაძის მერად არჩევამ გამოიწვია ის, რომ ერთ დღეში მან 60 მლნ „უშოვა“ თბილისის ბიუჯეტს, ანუ, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ თბილისის მერი წავიდა მთავრობაში, „იჩალიჩა“ 60 მლნ ლარი და ეს დიდის ამბით, საზეიმოდ გამოაცხადეს საკრებულოში. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბიუჯეტს ითვლიან ფასების გაზრდისა და ლარის გაუფასურების გამო.
დიდი ხანი ვამბობდით, რომ გაზის ტარიფი გაიზრდება, ასეც მოხდა. ახლა ელენერგიის ტარიფიც გაიზრდება, ამისკენ მიდიოდა პროცესები.
2 კვირის წინ მთავრობამ ცვლილება შეიტანა ბიუჯეტში და არავის გახსენებია, რომ შესაძლებელია, თუნდაც, 10 ლარით გაეზარდათ პენსია, თუნდაც მომავალი წლის მეორე ნახევრიდან მაინც, მაგრამ ჩანს, რომ ამ მთავრობისთვის, ამ ეტაპზე, სოციალურად დაუცველები მეორეხარისხოვნები არიან. ვიმეორებ: ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგია, მაგრამ საეჭვოა ტენდერების ამბები, მით უფრო, რაც უახლოეს წარსულში დავინახეთ, ქვეყნის პრემიერისა და „უცნობის“ „სატენდერო ბრძოლა“. ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ასე საჭირო ტენდერები ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების ინტერესის საგანი ხდება.
მთლიანობაში, მიმდინარე წელს გაიზარდა სიღარიბე. მომავალ წელსაც დაბალია ეკონომიკური ზრდა, რაც აბსოლუტურად არ ახდენს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქვეყანა იქნება ისეთივიე ჩამორჩენილი და მაჩანჩალა, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს არის.
სამინისტროების გაერთიანებით კი არც მართვის ეფექტიანობის გაზრდა ჩანს და არც სახელმწიფო აპარატის შემცირებებზეა საუბარი, ე. ი. ეს ემსახურებოდა სხვა მიზანს, რაც არის არა ოპტიმიზაცია, არამედ არასასურველი მინისტრების მოხსნა.

ემზარ ჯგერენაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ბოლო 4 წლის მანძილზე ჩვენი ბიუჯეტით სოციალურ მიმართულებას ვაფინანსებთ, იქნებოდა ეს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, ჯანდაცვის პროექტები, სოციალურად დაუცველები თუ სხვა. დღეს ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერის აუცილებლობა დადგა. გამოდის, რომ მოხმარებიდან წარმოებაზე გადავედით. ამ მიმართულებით მილიარდი, ან მილიარდ ნახევარი ლარი დიდი არაფერია, მაგრამ საშუალება უნდა მივცეთ, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
ისეთი კურსია აღებული, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს განვითარება. იმ დარგებში, რომლებიც გაერთიანდა, იქნება ეს გარემოს დაცვა თუ სოფლის მეურნეობა, მთავრობას შეუძლია შეამციროს ბიუჯეტი და გაზარდოს იგივე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
რაც შეეხება მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდას, ვფიქრობ, რომ აქ 4,5%-ზე მეტი, დაახლოებით, 5%-მდე ზრდა იქნება, თუმცა რთული სათქმელია, რა მაჩვენებელი ექნება ინფლაციას, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. იზრდება საწვავის ფასი, მოსალოდნელია გაიზარდოს ელენერგიის ტარიფი და ა. შ. ამ სექტორში წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან რთულია.

2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიღებული და დამტკიცებულია. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს დასახული პრიორიტეტული საკითხების განხორციელება, რამდენპროცენტიანი ეკონომიკური მოგება გვექნება წლის ბოლოს და ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 3,5%-იან ნიშნულს დასჯერდება, თუ არსებითი ცვლილება მოხდება?
მთავარია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია უკვე გვაქვს. ველოდებით მის განხორციელებას.

ნინო ტაბაღუა