ჰაშემობის დიდი სასწაული ლენინის მოედანზე

წესით, თბილისში ნარმანიას დარგული მილიონი ხე უნდა შრიალებდეს, მაგრამ აქ ისევ სხვა შრიალი ისმის _ „პეროს“ შრიალი. ჰოდა, თბილისში იყო დიდი ჰაშემობა და „პეროს“ შრიალი. წითელი ხალიჩა და დიდი „იარმურკა“. ოღონდ, ჯერ „ცნობილებისა და გავლენიანებისთვის“ და მერე _ ხალხისთვის. ამ ყველაფერს კი მოჰყვა და რა მოჰყვა. საყოველთაო აღშფოთება და ოდნავ საყოველთაო გამოსარჩლება.

თურმე, ნუ იტყვით და ეს თვითონ კომპანიებს ჰქონიათ სტრატეგია და, თურმე, იქაც, უცხოეთშიც, ასეა, რომ ბრენდები ჯერ ცნობილებისა და გავლენიანებისთვის აწყობენ გახსნას და მერე ხალხისთვის იხსნება.
ჯერ ერთი, თუ იხსნება, გახსნილი როგორღა იხსნება, მამაძაღლი და დედაარღნიანი? და თუ იმ გახსნას გულისხმობთ, დილით რომ იხსნება მაღაზია თუ დუქანი, მასე ხომ ყოველდღე, ყოველ დილით იხსნება და ყოველ საღამოს იკეტება? ჩვენ, უცნობებსა და უგავლენოებს, რაღას გვაყვედრით, კარს რომ გვიღებთ და სახეში არ გვაფეთებთ? და ამ უცხოეთის მაგალითებს რომ ცხვირში გვტენით, თავი რკინის ფარდიან სსრკ-ში ხომ არ გგონიათ, მარტო თქვენ რომ გადიოდით და იქ ნანახით რომ კეკლუცობდით? რატომ ფიქრობთ, რომ სხვას ან ინტერნეტი არ აქვს, ან იმ უცხოეთში არ დადის? და თქვენი ინტერნეტი რას გიჩვენებთ, ვინ დადიან ხოლმე იმ წითელ ხალიჩაზე? რა ნიშნით დგება ხოლმე მაგ ხალიჩაზე გამვლელთა ვინაობა და აქ რა ნიშნით დგება? ვიღაც ზის პიარსა და მარკეტინგში და ვისაც იცნობს და ვინც ეგავლენიანება, იმას პატიჟებს, არა? რა იყო, ვინმეს „ბაბუშკამ“ ფეხები გაჭიმა ყვავილებში და ქელეხში დასაპატიჟებელთა სიას წერს და ვისაც უნდა, დაპატიჟებს და ვისაც უნდა, _ არა? თუ ტკბება თავისი ძალაუფლებით, რომ თუნდაც ამ ერთხელ მის ხელთაა, აღიაროს ვიღაც ცნობილ და გავლენიან „არისტოკრატად“ და ვიღაც კიდევ იმ „მდაბიოდ“, რომელსაც არც არავინ იცნობს და არც არანაირი გავლენა არ გააჩნია არსად. ბრენდის იარლიყებიან მაღაზიას ხსნით, თუ ხალხს აწებებთ „ცნობილისა“ და „გავლენიანის“ იარლიყს? ნეტა, მაგ ჟინით და ექსტაზით მაღაზიაში იმ საქონელს ახარისხებდეთ, რა გაშმაგებითაც ხალხს ახარისხებთ ამ ქვეყანაში და თანაც, უნიჭოდ და მართლა მდაბიურად.
და საერთოდ, ვინ უნდა იყოს თქვენი მომხმარებელი? ფართო მომხმარებელი, თუ ვიწრო წრე, Pierre Cardin ხართ თუ H&M? და თუ სწორება ფართო მომხმარებელზე გაქვთ, რანაირად იწყებთ? ფართო მომხმარებლისთვის ზურგისა და „პეროიანი“ კურტუმის შექცევით? ხომ ხართ ღირსი, რომ მაგ თქვენი „ნაღები“ „ცნობილ-გავლენიანების“ გარდა მანდ ცხვირიც არავინ ჰემოყოს? მაგრამ იცით, რომ ეს ასე არ იქნება, რომ თქვენგან პატივდებულ „ცნობილ-გავლენიანების“ გარდა, გარეთ ლეგიონია სნობების და იმ დაპატიჟებულების ჯინაზე მოაწყდებიან მანდ. ასეც იყო, რაღა „ცუმისა“ და „გუმის“ რიგები და რაღა დილით რიგი „H&M“-თან. ისე მიაწყდა ლამის მთელი თბილისი უთენია, გეგონება, ომი იწყებოდა და ლუკმა-პურს იმარაგებდნენ, გეგონება, შიშველ-ტიტვლები იყვნენ და ერთი სული ჰქონდათ, რამე მოეცვათ ტანზე. გეგონება, ამხელა ბრენდის მთელ მარაგს სხვა ამოწურავდა და მათ არაფერი ერგებოდათ. მაგრამ როგორ ჩამორჩნენ მოვლენებს? მეზობელმა ხომ არ უნდა გაიგოს, რომ არ დაპატიჟეს? ორი დღის მერე კი რაღა უდგას წინ თავმოწონებას, რომ ვიპ-გახსნაზე იყო და იქ იყიდა? აბა, სხვა რა ახსნა უნდა მოუძებნო ამ ყველაფერს? რა, აქამდე ბრენდების მაღაზია არ იყო ამ ქალაქში, ისევ თბილის-ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკების ნაჯღლართით იყო სავსე ქალაქი, ისევ ვაჭრებში ჩუმად ვყიდულობდით „შმოტკებს“ და ბაც, ეს ბრენდი გაიხსნა მათ წინ, როგორც ალიბაბას წინ ჯადოსნური გამოქვაბული?
მაღაზიაც, სავაჭრო ცენტრიც ფართო მომხმარებლისთვისაა და თეატრიც _ ფართო მაყურებლისთვის, მაგრამ ამ ქალაქში ყველაფერი ჯერ „რჩეულთათვის“ იხსნება, „პირველი ღამის“ უფლებით ისინი სარგებლობენ, ვიღაც ამ იარლიყებს არიგებს და ტკბება ძალაუფლებით და ვინც ამ იარლიყებს იღებს, ის ცალკე ვარდება ორგაზმში და კრუტუნებს სიამოვნებისგან _ რომ სწორედ ის მიიჩნია ვიღაცამ ცნობილად, გავლენიანად და არა სხვა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაღიარებს ამ „ცნობილად“ და გავლენიანად“ _ კომპეტენტურ პირთა წერე, თუ, სადღაც, პიარ-მარკეტინგში მოკალათებული კეკელა, რომელიც მაროებს ეპატიჟება, რომ შედგეს საკულტო დუეტი „კეკელა და მარო“ და რაც მთავარია, ორღობე მანჰეტენად მოეჩვენოთ. ან კიდევ, ვიღაც, თუნდაც, სამხატვრო ხელმძღვანელის სავარძელში მოკალათებული, როგორც ეს ოპერის გახსნის შემთხვევაში მოხდა. შეგახსენებთ: სწორედ ამავე პრინციპით გახსნეს გარემონტებული ოპერაც.
შევთანხმდეთ, ჭკვიანი და კორექტული ადამიანი სხვანაირად მოიქცეოდა და თუ, მაინცდამაინც, იგივეს გააკეთებდა, ისე გააკეთებდა, რომ სხვას შეურაცხყოფილს არ დატოვებდა და მტრად არ მოიკიდებდა. დაპატიჟე გახსნაზე, ვინც გინდა, უწოდე მას შენი რჩეული მომხმარებელი, საპატიო სტუმარი, მაგრამ ნუ დააბრეხვებ და ნუ გამოდებ პოსტს, რომ შესანიშნავი საღამო შედგა, რომ გერგოთ პატივი, თქვენი ვიპ-წვეულება „ქართველ ცნობილ და გავლენიან სახეებთან“ ერთად აღგენიშნათ. ამ ფორმულირებით, ყველა სხვას, ვინც ცხვირზე არ დაიდეთ, უაპელაციოდ გამოაცხადეთ არაცნობილ და ყოველგვარ გავლენას მოკლებულ პირად. სხვა ყველას რომ თავი დავანებოთ, არ დაპატიჟეს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, დღევანდელ საქართველოში ყველაზე სკანდალური და გავლენიანი ჟურნალისტი _ ელისო კილაძე. აი, ვინც ჟურნალისტები მიიწვიეთ, სათითაოდ გამოიყვანეთ, მაგათი გავლენა უნდა ავწონო, ერთი. გამოიყვანეთ, ერთი შევხედოთ, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში, რომელ უბანზე აქვთ გავლენა და სად, ვის წრეში არიან ცნობილები?.. თუ თქვენთვის ცნობილობის კრიტერიუმი ტელევიზორში გამოჩენაა, ბოდიში და თქვენი ტელევიზორი ცხრიან „კურიერს“ არ აჩვენებს? შიშინებს?
ზუსტად ასე მოიქცა ოპერის გახსნისას ოპერის მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი კინწურაშვილი. აი, ის ოპერა მხოლოდ „ქოცებისთვის“ რომ გახსნა, მერე რომ მაინც სიმინდივით დაფხვნეს და ნაქუჩივით რომ მოისროლეს. მაშინვე ვწერდი, რომ ოპერა გაიხსნებოდა მეჯღანუაშვილების ანშლაგით. ნუ დამიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ვინმეს, იქ დაპატიჟებულს თუ დამპატიჟებელს, შეურაცხყოფას ვაყენებ. თუ ძალიან გნებავთ, რომ ეს ასე მიიღოთ, მიიღეთ და შეგარგოთ კიდეც და უნდა იცოდეთ, რომ შეურაცხყოფა იწვევს, შობს საპასუხო შეურაცხყოფას. გაგახსენებთ ბატონ კინწურაშვილის მაშინდელ განცხადებას. თურმე: „მოვლენა იმდენად დიდია, ჩვენ ყველა ადამიანი მოვიწვიეთ, ვინც ამ დღეს თეატრში შეიძლებოდა მოხვედრილიყო. ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, რომლებიც ღირსი არიან, რომ ეს დღე ნახონ. ჩვენ მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები და კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ თეატრის აშენებაში მონაწილეობდნენ“. დაახეთქა ეს და ასე უაპელაციოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოგვახალა, რომ ჩვენ, ვინც მის 1065-კაციან „სპისოკში“ ვერ მოვხვდით, არც ვიყავით ღირსი იქ მოხვედრის. თავმოყვარე საზოგადოება მერე კი არა, ამ განცხადების გაკეთებისთანავე დააგორებდა მას განახლებული ოპერის კიბეებიდან. იჭიმებოდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, კლარჯეთიდან ხაზარეთამდე, რომ გახსნაზე მხოლოდ ისინი მიიწვია, „ვინც ამ თეატრის აშენებაში მიიღო მონაწილეობა“. რა უნდა გელაპარაკა კაცთან, რომელიც შენებასა და რემონტს ვერ ასხვავებს? ვერ გაეგო, რომ „ქართუმ“ ოპერა კი არ აუშენა, აშენებული გაურემონტა, თორემ „ქართუ“ და ქოცხელისუფლება რისი ამშენებელიცაა, აგერ, თბილისში ხეოფსის პირამიდების დარ 40 ტუალეტიდან გამომდინარეც ვიცით. რემონტით აცუნდრუკებულმა, ლამის, მეფისნაცვალ ვორონცოვის ღვაწლიც ხეგლეჯიას მიაწერა.
გაიხსენეთ, რაც მაშინ მოხდა, ჯერ ხალხს ბილეთები აჯავშნინეს, მერე ჯავშნები გააუქმეს და მაყურებელს დაკეტილი სალაროები დაახვედრეს. და რატომ? „ღირსეულების სიაში“ ვერმოხვედრილებმა ხმალზე ბასრი „პერო“ იშიშვლეს და იძულებული გახდნენ, სია გაებერათ. მეზურნის ლოყებივით გაბერეს „ღირსეულთა სია“ და ხალხს ცხვირწინ კარი მიუკეტეს. და ვინ იყვნენ ის „ღირსეულნი“? ქოცმთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, დელეგაციები უცხოეთიდან და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენელნი, ვინც კინწურაშვილმა მიიჩნია ღირსად. H&M-ის „ცნობილ-გავლენიანების“ არ იყოს, ან იმ კინწურაშვილმა რა კრიტერიუმებით და რა უფლებით დაახარისხა სახელოვნებო სფეროში, ვინ ღირსი იყო და ვინ უღირსი? ან რომ ამბობდა, მხოლოდ მათ ვეპატიჟებით, ვინც ამ „თეატრის აშენებაში“ მონაწილეობდაო“, უკაცრავად და ვინ მონაწილეობდა ამ რემონტში (და არა აშენებაში), _ მღვდლები თუ მის მიერ დახარისხებული ხელოვნები? ვინ წაართვა რიგით მოქალაქეს უფლება, იყიდოს ბილეთი? უკაცრავად, მაგრამ ბიუჯეტიდან რომ წლობით დაფინანსებას იღებენ და იღებდნენ მაშინაც, როცა გაჩერებულები იყვნენ, ვინ ავსებს იმ ბიუჯეტს? _ „ქართუ“? მღვდლები? თუ მათი ნარჩევი ხელოვნები? არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ იმ ხალხთან, რომელიც მათ ინახავს გადახდილი გადასახადებით და რომელიც ავსებს მათ დარბაზს!
ისევე როგორც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს H&M-ის ქართული მენეჯმენტი იმ ფართო მომხმარებლის წინაშე, ვინც ამ ბრენდის პროდუქცია უნდა გაასაღოს. ახლა, თვის ბოლოს, Calvin Klein-ი ხსნის მაღაზიას. ალბათ, ახლა ის ჩამოარიგებს ახალ ზეპურ იარლიყებს და იქნება ბირკა-იარლიყების შარა-შური.
H&M ადგილობრივმა მენეჯმენტმა იცით, როგორ გახსნა? რაის H და რაის M?! _ იქ, სადღაც სულ ცოტა ხნის წინათ უნივერმაღი იყო, სუსურუკულად ისევ უნივერმაღი გახსნა და „დაპაიჟა“ ცეკა-ტეკა-აღმასკომი, სსკპ ცკ-ს გამომცემლობის თანამშრომლები, საქტელერადიოს მუშაკები, წითელი ინწლიგენცია… მხოლოდ მოწინავე, ლენინის ორდენოსანი მწველავები და მეჩაიეები დაავიწყდათ. მოკლედ, ისევ უნივერმაღი გაიხსნა, კერა ითხოვს, როგორც ჩანს.

რეზო შატაკიშვილი