ჯანა ჯავახიშვილი: „თვალნათლივ ვხედავთ რუსეთთან კოლაბორაციონისტულ ძალებს ქვეყნის პარლამენტში“

„რუსული ოცნება“ სწორედ რომ ჩვენი და სსრკ-ს სხვა ყოფილი ქვეყნების ხელმეორედ ანექსია/ოკუპაციაა“

 

რა სჭირს ხალხს, რა სჭირს ქვეყანას, რამდენად სწორად ვვითარდებით და როგორ ხედავს ჩვენს ქმედებებს, რეაქციებს ფსიქოლოგი? რა დაგვაძლევინებს არსებულ მძიმე რეალობას და რამდენად გვჭირდება ნაციონალური იდეა?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრება:

 

_ ჩვენი ინტერვიუ ზოგადი შეფასებებით დავიწყოთ: როგორც ფსიქოლოგი, როგორ შეაფასებდით ჩვენი მოსახლეობის, ზოგადად, ქვეყნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რამდენად ადეკვატურები ვართ პროცესების მიმართ, ან უფრო სწორად რომ ვთქვა, რამდენად ადეკვატურია ჩვენი რეაქციები და ქმედებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის კონტექსტში?

_ არ მინდა, მოსახლეობაზე „ადეკვატურის“, ან „არაადეკვატურის“ ტერმინებით ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ქმედებებსა და რეაქციებს, აქ კი შემიძლია ვთქვა, რომ პროცესები საუკეთესო სცენარით ვერ ვითარდება. მოსახლეობის უმრავლესობა ქრონიკულად ამა თუ იმ ერთი ლიდერის იმედზეა და არა საკუთარი თავის, ლიდერის მიმართ არარეალისტური მოლოდინები აქვს _ „უფასო ფულის“ დარიგებისა არ იყოს და როცა ეს მოლოდინები არ ამართლებს, თავის შეცდომებზე ვერ საწვლობს _ ერთი ლიდერიდან მეორისკენ ინაცვლებს და ახლა მასზე ამყარებს „გადარჩენის“ იმედებს. ამ „გადარჩენის“ ფორმატში აზროვნებაც არ გვშველის განვითარებაში. საპასუხისმგებლო არჩევით თანამდებობაზე კანდიდატებს არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ ლიდერის „რჩევით“, თუ ლიდერთან სიახლოვის პრინციპით უჭერს მხარს, მერე, როცა არჩეული არ ამართლებს, ნანობს და შემდეგ არჩევნებზე ზუსტად იგივე შეცდომას იმეორებს. მინდა გავიხსენო, თავის დროზე, საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ერთ-ერთი მწერლის სიტყვები: კი ბატონო, ნამდვილად დანაშაულებრივი იყო სტალინის რეჟიმი, მაგრამ მარტო ეს არ იყო მთავარი: ის ასეულობით ათასი დასმენის წერილი, მაპატიეთ, ნეტა, ვინ დაწერაო?.. ახლაც იგივე გრძელდება: თავი თავი ჩვენ ვართ და არა მარტო ხელისუფლება, გასულ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ.

_ 5 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა, ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში უკიდურესი დაპირისპირება შეიმჩნევა, რომელიც გასცდა პოლიტიკურ კონტექსტს და ლამის ბიოლოგიური ზიზღის ელფერი შეიძინა. კვლავაც აქტუალურია ფორმულა: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“. რამდენად დაძლევადია ეს უკვე ზღვარსგადასული დაპირისპირება და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც პოლიტიკური ცხოვრება შესაბამის სტანდარტებს დაუბრუნდეს და ჩარჩოებში ჩაჯდეს?

_ ეს, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ქრესტომათიული სიტუაციაა: საზოგადოება დაყოფილია ორ ბანაკად, ერთი სარკისებურად იმეორებს მეორის ქცევას, მაგრამ ამას ვერც ერთი აცნობიერებს. კლასიკური მეტაფორა რომ გამოვიყენო, ჰგონიათ, ფანჯარაში იყურებიან, სინამდვილეში კი სარკეში იხედებიან და საკუთარ თავს ხედავენ. კვლავ მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, თეთრიცაა და შავიც, ერთდროულად, ანუ კარგიცაა და ცუდიც, ერთდროულად. მაგრამ საკუთარი „შავი“ მხარის გაცნობიერება უსიამოვნოა, ამიტომ ხდება მისი პროეცირება „სხვაზე“. თუ ეს პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა, შენ თავი „თეთრი და ფუმფულა“ გგონია, „სხვა“ კი _ „შავბნელი“. გგონია, მას უყურებ, სინამდვილეში კი სარკეში იყურები და რასაც სარკეში ხედავ, ის გძულს. მაგრამ ბევრად უფრო ადვილია, რომ ეს თვისება ოპონენტში გძულდეს, ვიდრე საკუთარ თავში. ამ სიძულვილის ფსიქოანალიტიკური მექანიზმი ასეთია. ამ დროს დაპირისპირებულ მხარეებს იმდენად სძულთ ერთმანეთი, რომ საკუთარი მხედველობის არეში არ უნდათ ერთმანეთის ყოლა. ამიტომ იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა საკადრო წმენდით რომ დაიწყო და დღესაც ვერ დაუმთავრებია, ახლა სახელმწიფო სიმბოლიკის ცვლილებაზე ლაპარაკობს პარლამენტის თავმჯდომარე… მანამდე „ნაციონალები“ ახორციელებდნენ „ჩარეცხვას“. აქამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალას წარსულის გადასინჯვაზე და ეროვნულ შერიგებაზე არ უზრუნია. არადა, ეს გახლეჩა ხომ საბჭოთა დროიდან მოდის: მოსახლეობა დაყოფილი იყო მსხვერპლებად, მდევნელებად და გვერდიდან მაყურებლებად. ეს როლები ურთიერთში გადადიოდა, მაგრამ საბაზო დაყოფა ასეთი იყო მაინც. და ეს არასდროს გაანალიზებულა, არ გადაფასებულა. პირიქით _ ქვეყნის ერთმა მესამედმა, ეროვნული მასშტაბის გამოკითხვაში, რამდენიმე წლის წინ მიუთითა, რომ მსხვერპლი საჭირო იყო, ანუ _ რეპრესიები გაამართლა! და ამ საბაზო გახლეჩამ ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის შემდგომ ფრაგმენტირებას „პუტჩისტებად“ და „ზვიადისტებად“, „ქოცებად“ და „ნაცებად“ და ა. შ. ქვეყანა რომ ააშენო, ფრაგმენტირებული საზოგადოება უნდა შეარიგო. ამაზე კეთილი ნება უნდა იყოს. ერთმანეთის სიძულვილით ქვეყანა არ აშენდება. „სიყვარულს უშენებიაო“ მარტო პოეზია არ არის, სიბრძნეა. აქ კი პირიქით, სიძულვილი მეფობს, რომელსაც, რასაკვირველია, აქვს გარკვეულწილად „პირობითი სარგებელი“ _ პასუხისმგებლობიდან გაქცევა. მაგალითად, რაზეც არ უნდა მიუთითო დღეს ხელისუფლებას, ყველაფერზე პასუხად ისმის ან „სად იყავი 2012 წლამდე“, ან „გასული ხელისუფლება უარესს აკეთებდა“. და ამით რა შეღავათი?.. ეს ქვეყნის შენებაში არ გვეხმარება.

_ ზოგადად, ყველა ქვეყანას _ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამაერთიანებელი იდეა. პრინციპი, ერთგვარი სუბსტანცია, რომელიც ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობისთვის, ერთი და შეუვალია. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური, ტერიტორიული, ტრადიციული, ან სხვა სახის კატეგორია, მაგრამ ექვემდებარებოდეს ურყევ პრინციპს _ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს „ამ“ ასპექტში. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი გამაერთიანებელი იდეა ვერც ომი, ვერც ოკუპანტი, ვერც მტერი, ვერც თავისუფლება, ვერც დემოკრატიული მისწრაფებები, ვერც სოციალური, ან, გნებავთ, ტრადიციული პრინციპები ვერ გახდა. რა არის ამის მიზეზი? და მართლა ასე ძნელია გამაერთიანებელი იდეის პოვნა?

_ ალბათ, ნაციონალურ პროექტზე საუბრობთ, არა?..

_ დიახ.

_ მიზეზი ჩამოუყალიბებლობისა ისევ ისაა, რაც ზევით ვთქვი: საქართველოში ბევრჯერ დაიწყო ჯანსაღი პროცესები _ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარება და ა. შ., მაგრამ ამის პარალელურად სოციალურად არაჯანსაღი პროცესებიც მიმდინარეობს, მიმართული ძალაუფლების მოხვეჭაზე, სხვის ხარჯზე გამდიდრებაზე და ა. შ. დღევანდელ მინისტრებს არ შერცხვათ, რომ ის პრემიები გამოეწერათ საკუთარი თავებისთვის, რაც გამოიწერეს და შეირგეს. ხალხმა გაიგო ამ უზნეობის ამბავი. ახლა პარლამენტი ისე ცვლის კონსტიტუციას, რომ უკმაყოფილო ხალხმა ეს კორუმპირებული პოლიტიკური ელიტა ვეღარ მოიცილოს თავიდან. მეორე მაგალითი: „ნაციონალების“ მთავრობამ, თავის დროზე, ქვეყნის შენება დაიწყო, მაგრამ თანდათანობით დემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ მოცურდა. ესეც საბჭოთა წარსულის ინერციის შედეგია: იმდენი პატიმარი, რამდენიც მაშინ გვყავდა, ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდის მიდგომა იყო: „ნეტ ჩელოვეკა, ნეტ პრობლემ“. მიზეზი ამისა საბჭოთა წარსულის გადაუმუშავებლობაა. ლუსტრაცია ვერ ჩავატარეთ, პოლიტიკურ თუ ეკლესიურ ელიტაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომაც საბჭოთა და ახლა უკვე რუსულ უშიშროებასთან მოთანამშრომლე ხალხი გვყავს და ა. შ., მაგრამ წარსულის გადამუშავებაში არა მარტო „ფეესბეს“ თანამშრომლების ლუსტრაციას ვგულისხმობ, აქ ვგულისხმობ იმასაც, რაც ხდებოდა ჩვენს საზოგადოებაში _ ერთმანეთის მტრობა, გაყიდვა, დასმენა, მაბეზღარობა და ღალატი _ აი, ეს უნდა იყოს შეფასებული. პაოლო იაშვილმა ქართველი მწერლების წასისინებით მოიკლა თავი და ის მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის, სხვა უამრავი შემთხვევა იყო ქალაქად, სოფლად, ეს მხოლოდ გამოჩენილ ადამიანებს არ ეხებოდა, რეპრესირებულთა უმრავლესობა ჩვეულებრივი კეთილსინდისიერი მოქალაქე იყო, გაწირული თავისი თანამოქალაქეების მიერ. აი, ეს ყველაფერი უნდა შეფასებულიყო თავის დროზე და უნდა შემდგარიყო კონსენსუსი საზოგადოებაში, რომ ამგვარ წმენდას, ღალატსა და გაუტანლობას ვგმობთ და ეს აღარ განმეორდება. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გაერთიანება, თორემ, აბა, სად გინახავთ, ჯალათი და მსხვერპლი რომ გაერთიანებულიყვნენ, იმის გარეშე, რომ ჯალათს ეღიარებინა დანაშაული და მართლმსაჯულება განხორციელებულიყო და არა საპასუხო წმენდა. მაგრამ ამისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმები უნდა განვითარებულიყო ქვეყანაში, რაზეც არასდროს ყოფილა არც გაცნობიერების საკმარისი დონე, არც პოლიტიკური ნება.

_ აუცილებლად უნდა გთხოვოთ ერთი ფენომენის ახსნა, რომელსაც უკვე წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვაკვირდებით, _ ადამიანები რატომ ყიდიან ხმებს? მართლა ასეთი შეუგნებლები ვართ, რომ ვერ ვხვდებით, ერთჯერადი „დახმარება“ და თავის მოტყუება ხდება ყოველი ჩვენი შემდგომი უბედურების სათავე და რა გახლავთ გამოსავალი ამ ვითარებიდან?

_ ესეც საბჭოთა ინერციაა, სავარაუდოდ. საბჭოთა დროს არჩევნები ფორმალობა იყო _ ვისთვისაც არ უნდა მიგეცა ხმა, მაინც ის დაჯდებოდა „პოლიტბიუროში“, ვინც „ზევიდან“ დაგეგმილი იყო. ერთი ადამიანის ხმას ფასი არ ჰქონდა, არც ბევრისას. ახლაც ასე ჰგონია ხალხს. ჰოდა, ნაწილი მოსახლეობისა არ მიდის არჩევნებზე, არ სჯერა, რომ თავად შეუძლია, ცვლილებებში წვლილი შეიტანოს. სხვა, უკიდურესად გაჭირვებული ნაწილი, თავისი ხმის სანაცვლოდ მატერიალური თუ სხვა სარგებლის შეთავაზებას იღებს _ მაინც დაკარგულად მიაჩნია თავისი ხმა და „ბარეღამ რაღაცაში მაინც გამოიყენოს“. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, სამუშაო ადგილები, სამწუხაროდ, დაპირებების საწინააღმდეგოდ, არ შეიქმნა და ეს ჩიხში ამწყვდევს მოსახლეობას. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მარტო მიმდინარე წელს მშენებლობებზე, მინიმალური შემოსავლისთვის მაქსიმალურად დაუცველ პირობებში მუშაობის გამო. გამარჯვებული პარტიის სამსახურში ყოფნა კი დასაქმების რეალური და თან დაცული შანსია ქალაქად თუ სოფლად და ხალხიც ეპოტინება ამ შესაძლებლობას. ამიტომ არის, რომ ვინც ამა თუ იმ პარტიის სამსახურში თვითგადარჩენისთვის დგება, ეს მეტ-ნკლებად ერთი და იგივე „მასაა“: ეს პროცესი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, როდესაც 2012 წლის არჩევნების შედეგის კვალდაკვალ ხალხმა ტელეკამერების წინაშე გაიხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები და „ქართული ოცნების“ მაისურები გადაიცვა ტანზე ახალ „პოლიტიკურ ჯავშნად“.

_ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ მათ გაუცრუვდათ იმედები, რომ მათი ცხოვრების დონე გაუარესდა, რომ, ალბათ, არაფერი შეიცვლება მათ საკეთილდღეოდ და ამის მიუხედავად, ისინი არც იმისთვის იბრძვიან, რომ ხელისუფლება აიძულონ, დანაპირებები შეასრულოს და არც იმისთვის ირჯებიან, რომ შეცვალონ მმართველი პარტია. რა არის ამის მიზეზი?

_ მე მგონია, რომ აქ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც „დასწავლილი უსუსურობა“ ჰქვია. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაისწავლა ხალხმა, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული, იმდენად მონურ ყოფაში იყო. ამის ინერცია დღესაც გრძელდება. თუმცა დღევანდელი დღეც არანაკლებ იძლევა დასწავლილი უსუსურობის განვითარების მიზეზებს, ჯერ მარტო საყდრისის ამბავი რად ღირს, როდესაც ხალხს ყური არავინ ათხოვა და მერკანტილური მოტივებით გაანადგურეს ძეგლი. ამიტომ ჰგონია ხალხს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, იგივე იქნება. არადა, სოლჟენიცინი წერს „არქიპელაგ გულაგში“: ცხვრებივით რომ არ შევხვედროდით ყოველი კონკრეტული ადამიანის უმიზეზოდ დაჭერის ამბავს, ვერც მივიდოდა საქმე 37 წლამდეო. ანუ მოქმედებას ყველგან და ყველა ეტაპზე აქვს აზრი.

_ ჩვენ ვხედავთ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი პერსონების რადიკალურ ტრანსფორმაციას. ისინი არათუ არ აპროტესტებენ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენელი ცუდი საქმეების ანალოგიურ ქეისებს ამჟამინდელი ხელსუფლების პირობებში, არამედ ცდილობენ და მეტიც, უტიფრად ამართლებენ დღევანდელ დანაშაულებს. რა აიძულებს ამ ადამიანებს საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ სიარულს, თუ წარსულში მათი აქტივობები დღევანდელი კონფორმიზმის მოპოვებით იყო განპირობებული?

_ საკუთარი პრინციპები აქ ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ რუსეთთან კოლაბორაციონისტულ ძალებს ქვეყნის პარლამენტში _ ისინი არ მალავენ, პირიქით, არეკლამებენ თავიანთ პოზიციას; ჩვენ ვხედავთ პრემიების უსინდისო პრაქტიკას, ვხედავთ პრეცედენტს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანას სთხოვეს „დახმარება“ აგვისტოს ხანძრების დროს, რაც, ფაქტობრივად, ეროვნული უშიშროების პრინციპების დარღვევაა. თავის დროზე, ხალხი არ ანიჭებდა სათანადო მნიშვნელობას, თორემ არანაკლები მორალური ზარალი იყო ჩვენი, როგორც ქვეყნის, მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის პერფორმანსი კრემლში. ამ ყველაფერს საზოგადოება დემორალიზაციისა და დაბნევისკენ მიჰყავდა, რამაც დღეს ნაყოფი გამოიღო. რომელ პრინციპებზეა საუბარი?..

_ როგორ უნდა ალაგებდეს პრობლემების პრიორიტეტებს მოსახლეობა? სოციალური კვლევების მიხედვით, პირველ ადგილზე მუდმივად დასაქმებაა და თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სადღაც, მე-5, მე-6 პოზიციას იკავებს ხოლმე.

_ პრიორიტეტებს მოსახლეობას ვერ ვუკარნახებთ. როგორც ალაგებს, ეს მისი ნებაა. დალაგებასთან ერთად ხელისუფლებას რომ მოსთხოვოს ამ პრიორიტეტების დაპრიორიტეტება, კარგი იქნებოდა.

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილზე. გოგი გვახარიას დავესესხები: „წავიდა და დაგვიტოვა სოფელი“, როგორც დაგვპირდა, კარგი მენეჯერებით, რომლებიც, არსებულ ვითარებას თუ შევაფასებთ, სულაც არ აღმოჩნდნენ კარგები და მაგრები. მაგრამ მისი ქმედება, მოსვლიდან დღემდე, როგორ შეიძლება, შეფასდეს? რისთვის მოვიდა: ქვეყნის გასაღატაკებლად, შურისძიებისთვის, მერკატილური ინტერესებისთვის?

_ არ მინდა მისი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის პიროვნების განსჯა. რაც შეეხება ვითარებას, ჩემი აზრით, დღევანდელი პრობლემა ის ორაზროვნებაა, რაც მისმა მმართველობამ მოიტანა: ის წავიდა პოლიტიკიდან და თან არ წასულა, რუსეთი თან მტერია და თან არ არის მტერი, თან ოკუპირებულები ვართ და თან არ ვართ, თან გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი და თან უკვე აღარ გვაქვს და ა. შ. ორმაგი სტანდარტები და დაბნეულობა, აი, ეს არის დღევანდელი მართვის სტილიცა და ატმოსფეროც.

_ მართალია, ნაწილობრივ მიპასუხეთ, მაგრამ მაინც ასე ვიკითხავ: რამ უნდა გაგვაჯანსაღოს, რამ უნდა გადაგვარჩინოს და რამ უნდა გამოგვიყვანოს იმ სოციალურ-პოლიტიკური ნიჰილიზმისგან, რომელშიც ახლა ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა იმყოფება?

_ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მდგომარეობის გამო და ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ წესიერად, გონივრულად და პასუხისმგებლობით ვიცხოვრებთ, ცვლილებას მივაღწევთ. წესიერებაში, გონიერებასა და პასუხისმგებლობაშია გასაღები. წესიერება აქ განმსაზღვრელია. ეს არ გულისმობს მხოლოდ იმას, რომ სხვა არ მოატყუო. წესიერება, უპირველეს ყოვლისა, იმის უნარია, რომ საკუთარი თავი არ მოიტყუო.

_ საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობაზე „ქართული ოცნების“ სახელწოდებამ, ხომ არ მიგაჩნიათ, გულარხეინმა და ზარმაცმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ „ოცნებით“ შეძლებდნენ გატოლებოდნენ, თუნდაც ფინანსებში, ივანიშვილს და იცხოვრებდნენ არხეინად და უზრუნველად?

_ სახელწოდებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მგონია, რომ იმდენად არა სახელწოდებაა მთავარი, რამდენადაც არარეალისტური დაპირებები, რამაც იმუშავა.

_ დაბოლოს, შესაძლოა, კონტექსტიდან ამოვარდნილი მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, _ რუსეთი ოკუპანტია?

_ და თქვენ როგორ ფიქრობთ?.. უცნაური კითხვაა. უცნაურია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სააზროვნო სივრცე იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. დიახ, ნაწილობრივ ანექსირებული და ოკუპირებულები ვართ, იმედია, რომ წინააღმდეგობას გავუწევთ და უფრო მეტად ვერ შემოიჭრება ქვეყანაში, იმიტომ რომ „რუსული ოცნება“ სწორედ ჩვენი და სსრკ-ს სხვა ყოფილი ქვეყნების ხელმეორედ ანექსია/ოკუპაციაა და არც რუსეთი მალავს ამას და არც ჩვენ უნდა ვიყოთ სირაქლემის პოზიციაში, თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს.

_ სად არის ჩვენი ადგილი, _ ჩრდილოეთში თუ დასავლეთში?

_ ძალიან სევდიანია, რომ XXI საუკუნეში კიდევ კითხვის ნიშანი დაესმის ამ არჩევანს. ჩვენი ადგილი არ არის რუსეთის ფაშისტურ სამყაროში, ჩვენი ეროვნული მისია არ არის მათი იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილება და იმპერიული ნოსტალგიის დაამება. ჩვენი ადგილი არის ცივილიზებულ სამყაროში, დასავლეთში, ღირსეული ცხოვრებისათვის.

_ დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი?

_ განა, ორი აზრი არსებობს, რომ დემოკრატია?.. მხოლოდ დემოკრატიის განვითარება გამოგვიყვანს პატრონყმობიდან და გააჯანსაღებს ჩვენს საზოგადოებას.

_ გადავრჩებით?

_ არ მიყვარს, როდესაც საქართველოზე ვმსჯელობთ „გადარჩენის“ ტერმინებით. გადარჩენილი ვართ და ეგაა. სხვა საქმეა _ ღირსეულად ვიცხოვრებთ, თუ კოლაბორაციონისტები რუსეთს, ფაშიზმსა და საბჭოთა წყობის რეანიმაციას (აწ „ევრაზიად“ წოდებულს) მოგვახვევენ თავს. მიხეილ ჯავახიშვილს 30-იანებში ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული უბის წიგნაკში: ისეთი განცდა მაქვს, რომ დანა შემესო სხეულში და ყოველ განძრევაზე სულ უფრო და უფრო ღრმად მესობაო. იმობილიზებული იყო. ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებას უკუკავშირს აძლევდა, იმობილიზებულები იყვნენ და კიდევაც მოსპეს. კრიტიკული აზროვნება და მორალი ჩაკლეს. ეს აღარ უნდა განმეორდეს, აღარ უნდა დავუშვათ და თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ უნდა ვანაცვალოთ ერთეულების ძალაუფლების წყურვილს.

_ რის ფასად?

_ სოციალური უსამართლობის, კორუფციის, ანტიდემოკრატიულობისა და კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზით; ჩვენი შრომის, სოციალური აქტივობისა და პასუხისმგებლობის ფასად; გონიერებისა და წესიერების რესურსით.

არმაზ მეტრეველი