„ხუდონჰესის პროექტი ბლეფია, _ ამის უკან რუსები დგანან“

„დაახლოებით 250 ათასი დოლარიდან 500 ათას დოლარამდე იყო ლაპარაკი თითოეულ ოჯახზე… ეს არის იუდას 30 ვერცხლი!“

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ხაიში მდინარე ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის, ხაიშურას ნაპირებზე, ზუგდიდისა და მესტიისგან 70 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. 2011 წელს ხაიშის ტერიტორიაზე არსებული 1536 ჰა მიწა კომპანია „ტრანსელექტრიკს“ ხუდონჰესის ასაშენებლად 1 აშშ დოლარად გადაეცა.

 

650 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური სოფელს დატბორვით ემუქრება, რაც ეკოლოგებისა და სოფლის მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს. როცა ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო ბრძოლაში გამოჩნდა, ხაიშელებმა იფიქრეს, აი, საიმედო კაცი, რომელიც კატასტროფას აგვარიდებსო და ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თავისი პრობლემები გააცნეს. ეს ის დრო იყო, როცა „ქართული ოცნების“ მამა დაპირებებს ბრინჯივით აბნევდა, როცა ერის ნახევარზე მეტი ხბოს აღტაცებით შესცქეროდა ორად გაყოფილი გულით _ ერთ ნახევარს ბიძინა ეიმედებოდა, მეორეს, _ მისი მილიარდები.

სწორედ ამ დროს ხაიშის საშუალო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ, რომელიც შემდგომში მოვლენების ეპიცენტრში მოექცა და თანასოფლელებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების სინონიმად იქცა, საქართველოს მომავალ დირექტორს, ბატონ ბიძინას, მორიდებით შეჰკადრა, რომელიც ხაიშელებთან იყო შეხვედრაზე 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს…

 

_ პირადად ვუთხარი: თქვენ შეიძლება დღეს არ იყოთ მზად ამ პასუხისთვის (იმის საშუალებაც მივეცი, არ ეპასუხა!), მაგრამ უმძიმესი მდგომარეობაა, ფაქტობრივად, იკეტება და უდაბურდება ეს სოფელი, მთლიანად უკაცრიელდება და ნადგურდება 50-კილომეტრიანი ზონა, რადგან ამ მონაკვეთში დასახლებული პუნქტი მარტო ხაიშია. მაინც მიპასუხა, _ როგორ შეიძლება, ჰიდროენერგეტიკის განვითარება მოსახლეობის აყრისა და გასახლების ხარჯზეო?!

მერე, როცა უკვე პრემიერი გახდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა: ხაიშელები ჩვენი ძმებიო, სვანებიო, ისაო… მე მივალ იქო, დავარწმუნებო, რომ ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდესო. აი, ასე გამოიცვალნენ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ.

_ კი, ასე იციან, როცა ძალაუფლების „ტკბილ ტვირთს“ აიკიდებენ.

_ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიმავალი მიზნებია, ეს არის არა ელექტროენერგიის მიღების სურვილი, არამედ, სასაზღვრო ზოლის მოშიშვლების ერთ-ერთი ფორმაა. სხვათა შორის, 2007 წლის ჩანაწერები არსებობს, არ მახსოვს, „ამერიკის ხმა“ თუ „თავისუფლება“, ჩუბაისს ეკითხება: ამბობენ, რომ ხუდონჰესის პოტენციურ დამფინანსებლად თქვენ მოიაზრებითო. არც უარყო, _ შეიძლება მასეც იყოსო. აქედან გამომდინარე, ეს „ტრანსელექტრიკა ლიმიტედი“, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული და მისი შვილობილი კომპანია „ტრანსელექტრიკა-ჯორჯია“, რომელმაც უნდა განახორციელოს ხუდონჰესის პროექტი, ბლეფია. ვფიქრობ, რომ ამის უკან რუსები დგანან. არა მგონია, რომ ვცდებოდე, ეს გახლავთ ძალიან შორს მიმავალი გეგმები: ჩვენ 170-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი გვაქვს რუსეთთან. მართალია, კავკასიონის ქედი კი გვიცავს, მაგრამ უღელტეხილებია და მისვლა-მოსვლა კავკასიელ ხალხებს შორის შესაძლებელია და რუსეთს ამის გაკონტროლება სურს. აქედან რომ მოსახლეობა ჰესების გამო აყაროს, მერე მათი ნეგატიური ზემოქმედების შედეგად დარჩენილი ხალხიც თავისით წავა. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა საქართველოსი და მას დაცვა სჭირდება. სულ 10 ათასი ადამიანი შემოვრჩით ზემო სვანეთში და ჩვენი დაუცველობა არაფრით შეიძლება.

_ ანუ ამ კუთხეს რუსებს აბარებენ?

_ კი, ლოგიკურად, პირდაპირად თუ არაპირდაპირ, ასე გამოდის. საბოლოოდ, მტკიცებულებას იქით მივყავართ, ახლა არ მგონია, ამერიკის ინტერესებში შედიოდეს, სადღაც, საქართველოს ამ კუთხეში რაიმე ტიპის ჰესის პროექტის განხორციელება. ეს არის რუსეთის მცოცავი, გრძელვადიანი პროგრამა. ასეთ დროს კი რუსეთი ყოველთვის მოგებული რჩება. არსად ეჩქარება, უზარმაზარი ტერიტორია და რესურსი აქვს. გადახედეთ ისტორიას, ერთ დროს ხომ წარმოუდგენელი იყო ის, რომ აფხაზეთი, ფაქტობრივად, საქართველოსი აღარ არის? გავა დრო, ამ ე. წ. ხელისუფლების ბუნდღა არ იქნება და თუ ახლავე არ ვიბრძოლეთ, აღარც ჩვენი შთამომავლები იქნებიან საქართველოში და სვანეთიც აღარ იქნება საქართველო. ამიტომ ასე არ უნდა გაგრძელდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცარიელ ადგილს ყოველთვის ვიღაც იკავებს ხოლმე. თავი როცა ტვინით სავსე არ არის, მაშინ სხვა რამე იკავებს მის ადგილს, მაგალითად, სასმელი! როცა თავი სავსეა, მაშინ იქ სხვა რამისთვის ადგილი არ არის.

_ ჯოჯოხეთური სურათი დახატეთ, რას აპირებთ ამის შესაცვლელად?

_ უკვე გავაკეთეთ, თუმცა მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ, 2013 წლის 8 მაისს ეს თემა დავხურეთ წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც უაღრესად გაჭირვებულობის პერიოდში, 1993-94 წლებში, აღვადგინეთ. XI საუკუნის ნატაძრალის ადგილას დავიფიცეთ, რომ აქედან ცოცხალი თავით არ წავალთ. იქით არავის დავესხმით თავს და აქეთ დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს. ფიცის ტექსტში გვიწერია, რომ რასაც ჩემი ჭკუა-გონება და ძალ-ღონე გასწვდება, იმის ფარგლებში დავიცავთ ჩვენს უფლებებს. ფიცს არ დავარღვევთ, ცოცხალი თავით აქედან არ წავალთ. თუ ვინმე ჩვენს გაყრას მოინდომებს, ერთხელ დაბადებული ერთხელ მოკვდება! იქით რომ შერცხვენილი წავიდეთ და შერცხვენილებმა ჩვენი საფლავები შთამომავლობას დავუტოვოთ, ამას ნაღდად არ გავაკეთებთ!

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაიშს მთელი საქართველოსგან ჰქონდა მხარდაჭერა.

_ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანადგომა მივიღეთ. 57 ოჯახი ვიყავით თავიდან, ამხელა ფინანსურ მანქანას წინ დავუდექით. მაშინ იმის ილუზია არ გვქონდა, რომ გარედან კი არა, თუნდაც რაიონში ვინმე დაგვიდგებოდა გვერდით, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ასეთი მასობრივი დაფიცება სვანეთის ისტორიაში დიდი ხანია, არ ყოფილა, ხალდეს აჯანყების _ 1875-76 წლების მერე, იმოქმედა. შემოგვიერთდნენ და შემოგვიერთდნენ, გაიზარდა ინფორმაციის ხარისხი, ჩაერივნენ სეისმოლოგები, გარემოს დამცველები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ენათმეცნიერები, ისტორიკოსები. აღმოჩნდა, რომ სვანეთს არ ჰქონია უფუნქციობა საქართველოში. პირიქით, უფრო დიდი დატვირთვა გვაქვს მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, ქართველი ერის პასუხისმგებლიანი და ინტელექტუალური ნაწილის კონსოლიდაცია მოხდა, ყველა გვერდით დაგვიდგა. ამის დასტური იყო 2013 წლის 3 ნოემბრის აქცია, როცა იმდენი ადამიანი შემოვიდა ხაიშში, ტევა არ იყო. მთელი სვანეთი _ ზემო და ქვემო, საქართველოს პატრიოტი ადამიანები დაგვიდგნენ გვერდით. ამიტომ ვამბობ დარწმუნებით, რომ ეს საკითხი ჩვენს თავში გადავჭერით. ჩვენ არავითარ ფულზე არ ვიყიდებით და თუ რომელიმეს ძალიან ეღიტინება და უნდა ამ გზით ტემპერატურის გაზრდა საქართველოში, საკადრისს მიიღებს.

_ ერთი შეკითხვა მაქვს, ბატონო ზურაბ, შეგიძლიათ მიპასუხოთ, ან არ მიპასუხოთ: რა თანხა შემოგთავაზეს სოფლის დატოვების სანაცვლოდ?

_ თანხა არ დაუსახელებიათ, მაგრამ კულუარულად, როგორც ამბობდნენ, დაახლოებით, 250 ათასი დოლარიდან 500 ათას დოლარამდე იყო ლაპარაკი თითოეულ ოჯახზე სახლების ხარისხის მიხედვით, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, მაგრამ ამ თანხას არც ერთი ჩვენგანი ხელს არ მოჰკიდებს. ეს არის იუდას 30 ვერცხლი. აქვე დავამატებ, რომ დაფიცებული მარტო ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობა არ არის. არიან თბილისელები, კახელები, შიდა ქართლელები, იმერლები, მეგრელები. ამიტომ გეუბნებით თამამად, რაც მოგახსენეთ, ეს ყველას საერთო გადაწყვეტილებაა.

„თუ რომელიმეს ძალიან ეღიტინება და ტემპერატურის გაზრდა უნდა საქართველოში, საკადრისს მიიღებსო“, _ ასე გააფრთხილა ხუდონჰესის პროექტის განხორციელებაზე დაგეშილები ბატონმა ზურაბ ნიჟარაძემ, რომელმაც, სხვათა შორის, ხალდეს 1875-76 წლების აჯანყებაც ახსენა. მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთის ძლევამოსილმა იმპერიამ აჯანყებულ სვანებთან პირველივე ბრძოლაში, თითქმის, მთელი ასეული დაკარგა, ხალდელთაგან კი მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიჭრა. ეს ისე, განსჯისთვის, თორემ ხოცვა-ჟლეტა ღმერთმა გვაშოროს. მით უმეტეს, სვანები იქით არავის ესხმიან, თავის სამკვიდროს იცავენ.

ზაალ ნემსაძე