ხელდაუბანელი ამომრჩევლები, ,,კარუსელები” და ვისი საქართველო სად არის?!

csk

არჩევნები არჩევნებს მიჰყვება, წლები _ წლებს და ჩვენ ისეთ გამოცდილებებს ვიძენთ, ევროკავშირში შესვლაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მსოფლიო საოცრებათა ათეულში კი ამოვყოფთ თავს. მაგალითად, რომელიმე ერს შეუძლია, არჩევნების დღეს ციტრუსის წვენი ხელის ფრჩხილზე გადაისვას, საარჩევნო უბანზე შევიდეს და ცსკ ისე დააფეთოს, მთელი დღე მანდარინწასმული ამომრჩეველი ელანდებოდეს? აი, ქართველებს შეგვიძლია და ამის პილოტური „ჩაშვება“ კარგად გამოგვივიდა 30 ნოემბრის არჩევნებზე.

მალე მსოფლიოს ეცოდინება იმ ახალი ქართული „გამოგონების“ შესახებ, რომლითაც მარტივად და ბუნებრივი მეთოდით შევძლებთ რამდენიმე კურდღლის დაჭერას. მაგალითად, რადგან უკვე ვიცით, რომ ხალხი არჩევნებზე როცა არ მიდის, ამით ხელისუფლება ხარობს და ადვილად აყალბებს ხმებს, ჩვენ კი გვინდა, ვასიამოვნოთ და იქვე ჩასაფრებულ ოპოზიციასაც მოვუთბოთ გული, თითქოს ხმა არ მივეცით „სახელისუფლებო რეჟიმს“, თითზე მანდარინი გადავისვათ და საარჩევნო უბნისკენ გავუდგეთ გზას. მათ აუცილებლად ეგონებათ, რომ თქვენ  ხელმეორედ მიხვედით არჩევნებზე, მოგისყიდეს და არავითარ შემთხვევაში უფლებას არ მოგცემენ, ბიულეტენამდე მიაღწიოთ. სინდისთანაც მართალი იქნებით, უმრავლესობასთანაც, ოპოზიციასთანაც, თანაც ცე ვიტამინი, რომელსაც მანდარინის წვენი შეიცავს, თქვენს ორგანიზმს დადებითად წაადგება. ან, თუ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში ხართ, იქ ყოფნა მოგწყინდათ, გინდათ მეორეში გადაბარგდეთ და  თქვენი ახალი ფავორიტი გაჰყვირის, ბოიკოტი არჩევნებსო, წაისვით მანდარინი ცერა თითზე და სასწრაფოდ გაეშურეთ საარჩევნო უბნისაკენ. ამის შემდეგ ერთთანაც გექნებათ სათქმელი თავის დასაცავად და _ მეორესთანაც.

ახლა ხუმრობას გვერდზე გადავდებ და მკითხველს მოვუყვები, თუ რა ხდებოდა ცსკ-ში იმ დროს, როცა აჭარაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თითზე მანდარინწასმული ადამიანი აღმოაჩინეს და გამყალბებელი ეგონათ. ცსკ-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ არჩევნების დღეს რამდენიმე ბრიფინგი ჩაატარა 3-4-საათიანი ინტერვალით. მას უბანზე მანდარინწასმული ამომრჩევლის გამოჩენის ამბავი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აცნობა, რის შემდეგაც ეს თემა, თითქმის, ყველა მორიგი ბრიფინგის განხილვის საგნად იქცა.

ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით კი მას შემდეგ, რაც ცნობა გავრცელდა, რომ ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა გახშირდა, იქ სასწრაფოდ გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი. სწორედ ბათუმის საოლქო კომისიის წევრმა ირმა სეფერთელაძემ აღმოაჩინა, რომ „მარკირების სითხე ამომრჩეველზე ხელის ჩამორთმევით გადადის“ და რომ „პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“. ანა მიქელაძე მეორე ბრიფინგზე შეგვპირდა, რომ ამ ფაქტს ხელახლა გადაამოწმებდა, თუმცა იმედს მაინც გამოთქვამდა, რომ მარკირების აპარატი ისეა მოწყობილი, მანდარინზე ან სხვა ციტრუსზე ხელის მოკიდება ამომრჩეველს ხელს არ შეუშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაშიო. მესამე ბრიფინგზე ცესკომ გაარკვია, რომ ციტრუსის მიღება და ხელებდაუბანელი მისვლა არჩევნებზე კანონდარღვევად არ ითვლება.

15 საათზე ჩატარებულ ბრიფინგზე მარკირებასთან და სხვა დარღვევებთან დაკავშირებულ ფაქტებზე გვესაუბრნენ. აღნიშნეს, რომ ისნის ორ უბანზე კიდევ ერთხელ აღიკვეთა ორი დამკვირვებლის მხრიდან ყალბი მოწმობების გამოყენების მცდელობა, თუმცა ამავე მაჟორიტარულ ოლქში მსგავსი ფაქტები დილითაც დაფიქსირდა. მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე კი მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა შენიშნეს. ცსკ-ს პრესსპიკერის თქმით, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ რვა ოქტომბრის შემდეგ დარჩათ ხელზე მარკირება, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მსგავსი ფაქტი ასევე დაფიქსირდა ისნისა და ფოთის საოლქო-საარჩევნო უბნებში, სადაც ამომრჩევლებმა, მას შემდეგ, რაც მათ მარკირება გაუკეთდათ, ისევ სცადეს უბანში შესვლა და ხელმეორედ ხმის მიცემა. მათი ქმედება კი დამკვირვებლებმა აღკვეთესო. გაუგებარი დარჩა, სად იყვნენ ამ დროს აღნიშნული უბნების კომისიის წევრები და დამკვირვებლების ჩარევამდე რატომ მივიდა საქმე?

ბათუმის #70-ე მაჟორტარულ საარჩევნო ოლქშიც კომისიის წევრებს, ეტყობა, „ეძინათ“ და #76-ე უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა, არცოდნის გამო, შევსებული ბიულეტენი არასწორად ჩააგდო ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში.

დარღვევებით, მათ შორის, კურიოზებით, არჩევნების მეორე ტურში აჭარა აშკარად ლიდერობდა. მაგალითად, დაახლოებით პირველი საათის ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრესსპიკერს აცნობა, რომ „გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ამბობდა, _ ბათუმში, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწევაო. მარნეულში კი ვადაგასული მოწმობებით აძლევდნენ ხმას, ხოლო თბილისში რამდენიმე უბანზე აგრესიულად იქცეოდნენ პარტიების წარმომადგენლები. „ხმის მიცემის შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა საგარეჯოშიც, ამიტომ მოვუწოდებთ კომისიის წევრებს, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ“, _ განაცხადა გიგაურმა. პრესსპიკერი ჟურნალისტს აღნიშნული ფაქტების გადამოწმებას შეჰპირდა.

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე. წ. კარუსელებს მიმართავდნენ, რაზეც აჭარაში მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა,  პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, უპასუხა და მშვიდად აღნიშნა, რომ  ბრალდებები უსაფუძვლოა და კარუსელებში თავად „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობსო. ბესელიას მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი ქალბატონი ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე, უკვე გაკეთებული მარკირების მიუხედავად, შესვლას და ხმის მიცემას კიდევ ცდილობდა.

ამასობაში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ პიროვნების ფოტო გაავრცელა, რომელიც რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა. „ნაციონალების“ თქმით, ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თამაზ ნოზაძე იყო. აღნიშნული ფაქტი #30-ე საარჩევნო ოლქის #24-ე უბანზე დაფიქსირდა და საზოგადოებამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც იხილა.  დავით კირკიტაძე აღნიშნავდა, რომ „პირი, რომელიც კადრებში ჩანს, იყო „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თამაზ ნოზაძე და თავის პარტიას წარმოადგენდა #24-ე უბანზე. სამოყვარულო კამერამ დააფიქსირა, როგორ აძლევს ის ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოქალაქეს ფულს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავასაჯაროეთ, „ოცნებამ“ ეს ადამიანი უბნიდან გააქრო“, _ ცესკოც, რა თქმა უნდა, შეგვპირდა აღნიშნულ საკითხში ჩაღრმავებას, თუმცა ამჟამად რა სიღრმეზე იმყოფება, ჩვენთვის უცნობია.

ყველაზე მხიარული მეორე ტური თბილისში, ვაზისუბანში ჩატარდა და ეს ცესკოში მყოფმა ჟურნალისტებმაც არაერთხელ აღნიშნეს: ვაზისუბნის #51-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩევლებს სიმღერით ართობდა და ამის დამამტკიცებელი ვიდეორგოლიც გავრცელდა, რაზეც ცესკოშიც კარგად ვიხალისეთ.  პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე, მოცალეობის დროს, უკვე სოციალურ ქსელსაც შემოჰქონდა მხიარულება. „შენ დაუკარ! 37-ე უბანი, სოფ. გედსამანია… პატარძლები, ნეტავ, ვის აძლევენ ხმას?“ _ წერდა ერთ-ერთი ფეისბუქმეგობარი და საარჩევნო უბანზე მოსული თეთრკაბიანი პატარძლისა და მაყრიონის ფოტოს აქვეყნებდა.

მხიარულება და აყალმაყალი ქართულ არჩევნებზე რომ ძმები არიან, ესეც ვაზისუბანში, არჩევნების მეორე ტურზე დამტკიცდა. „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ დაახლოებით 08:15 საათზე უბანზე გამოცხადდა „ქართული ოცნების“ 2 წევრი, რაც კანონდარღვევად ითვლება, რადგან კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მუშაობა. „თავისუფალი ზონის“ წევრმა კომისიის თავმჯდომარისგან აღნიშნულ დარღვევაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და უკანონოდ შესული „ოცნების“ წევრის ნაცვლად, კინაღამ `ზონელი” გააძევეს უბნიდან. ეს კამათი კი მუქარასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, თურმე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს უთხრეს, _ არასამთავრობოებსაც მოგევლებათ მალეო.

როგორც ცსკ-ში შევიტყვეთ, ინციდენტი მოხდა მარნეულის სოფელ შაუმიანში მარნეულის საარჩევნო ოლქის მერვე უბანზე. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებელი სცემა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მონიტორინგს ატარებდა, კომისიის წევრებმა კი დამკვირვებელს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. „ნაციონალების“ თქმით: „უბანზე შევიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჩვენი დამკვირვებლის გაძევება მოსთხოვა. თავმჯდომარემ ამ დირექტივის დაუყოვნებლივ აღსრულება დაიწყო, მაგრამ ნანა მინასიანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დაარტყა“. თავისთავად ცხადია, აქ ცესკოს ჩაღრმავებას არავინ დალოდებია და „ნაციონალებმა“ ამჯერად საპატრულო პოლიციას დაუწყეს ცდა. მარნეულში კი 50-ე საარჩევნო უბანზე, გიგა ბოკერია, სოზარ სუბარი და თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ხმაურის გამო უბნიდან გააძევა.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, ყველაზე აქტიურები ხმის მიცემის დროს მცხეთელები აღმოჩნდნენ, ყველაზე პასიურები კი _ გორელები, თუმცა ორივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურს „ოცნებისთვის“ „ბოლო კეთილი“ ჰქონდა. მცხეთაში არჩევნების მეორე ტურში ცეზარ ჩოჩელს დიმიტრი ხუნდაძემ მოუგო, გორში კი ირაკლი ალასანიას _ მაკრახიძემ. წინდაწინვე ვიტყვით, რომ ერთადერთი ოლქი, სადაც „ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, ხაშური იყო. იქ „ოცნების“ წარმომადგენელი ვალერი გელაშვილი „მრეწველებთან“ ჭიდილში დამარცხდა.

მართალია, გორელმა ამომრჩევლებმა პასიურობით საქართველოს ყველა კუთხეს აჯობეს, მაგრამ მკლავის მოქნევა, როგორც ჩანს, მაინც არ გასჭირვებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სობისის საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ალბერტ მერებაშვილი სცემეს. მერებაშვილი სობისის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, კობა ბერიანიძეს ხელს ადებდა და აცხადებდა, რომ სხვა პირებთან ერთად  ფიზიკურად სწორედ ეს ადამიანი გაუსწორდა. ტალახში ამოსვრილი მერებაშვილი სოფლიდან პირდაპირ პარტიის შტაბში გადაიყვანეს და ფოტოები გადაუღეს, მთელი საქართველოსთვის რომ ეჩვენებინათ. როგორც ითქვა, სოფელი სობისი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ თემში შედის და საკრებულოში მისი მაჟორიტარი წარმომადგენელი სწორედ კობა ბერიანიძე არის. იგი, ასევე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც გახლავთო.

რას არ გაიგებ ამ არჩევნებზე ორიენტირებული ადამიანი. ჰოდა, როგორც შევიტყვე, პოლიცია ნარკომანიასთან ბრძოლას ამ დღესაც აქტიურად განაგრძობდა და აღნიშნულ „საქმეში“ ეჭვმიტანილებს ხმის მიცემას არ აცდიდა. მაგალითად, ახალციხის რაიონის სოფელ მუგარეთში პოლიციამ ამომრჩეველი საარჩევნო უბნიდან ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. სამართალდამცველებმა მოქალაქე, თურმე, ისე წაიყვანეს, რომ მან ხმის მიცემა ვერ მოასწრო. ახალციხის პოლიციასთან აღნიშნულ საკითხსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის, გოკა გაბაშვილი არკვევდა. აღმოჩნდა, რომ დაკავებული მათი მხარდამჭერი იყო, პოლიციის მიზანი კი მხოლოდ ის გახლდათ, მოქალაქეს მათ სასარგებლოდ ხმა რომ ვერ მიეცა.

არჩევნების მეორე ტურზე სიტუაცია იმდენად აირია, რომ მოულოდნელად მიწისვძრაც კი შემოგვესწრო, თუმცა ცესკოში მყოფმა, არჩევნების ბატალიებზე ბევრისგამგონე ჟურნალისტებმა, მისი ბიძგები ვეღარ ვიგრძენით. მიწისძვრა გაგანია არჩევნების დროს დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მისი ეპიცენტრი ყვარლიდან აღმოსავლეთით, 16 კილომეტრში, სოფელ სარუსოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ ამ დღეს 3,2 მაგნიტუდა შეადგინა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის სიმძლავრეს აშკარად ჩამოუვარდებოდა.

ცესკოს კედლებზე ჩამოკიდებულ ფოლიანტებზე: გაზეთ „კომუნისტზე“, „საქართველოს რესპუბლიკაზე“, იქ დაბეჭდილ საარჩევნო მოწოდებებსა და სტატიებზე, ბერიაზე, სტალინზე, შევარდნაძესა და კომპარტიის სხვა მუშაკებზე არჩევნების პირველი ტურის რეპორტაჟში უკვე გესაუბრეთ, ახლა კი უფრო საინტერესო დოკუმენტებზე მინდა მოგითხროთ და შემეცნებითი ინფორმაციაც მოგაწოდოთ, რომელიც ასევე ცესკოს პრესკლუბის დარბაზის ერთ-ერთ კედელზე „აღმოვაჩინე“. ეს გახლავთ 1913 წლის პარტიული, საკანდიდატო სიები. თურმე, იმ დროს საქართველოში მოღვაწეობდა „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“, სადაც სიის პირველი ნომერი იყო პაოლო იაშვილი, მეორე _ იაკობ ნიკოლაძე, მესამე _ პავლე ინგოროყვა, მეოთხე _ ტიციან ტაბიძე, მეხუთე _ ვლადიმერ გუდიაშვილი და ა. შ. დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული გვარები წერია, დამწვრობის კვალი ეტყობა.

ასევე, გასული საუკუნის 20-იან წლებში ყოფილა უპარტიოთა სიაც, რომელშიც მეორე ნომრად ივანე ჯავახიშვილი ვიხილე. ამავე სიაში ეწერა: კოტე აფხაზი, კოტე მაყაშვილი, ზურაბ ავალიშვილი… ამ დოკუმენტსაც, ცხადია, სიძველის კვალი ეტყობოდა. „ელინთა დემოკრატიული პარტიის“ სიაც იყო ცესკოს კედელზე გამოკრული. ისტორიის ნაკვალევს ვუყურებდი, ფოტოებს ვუღებდი და თან ვფიქრობდი, ერთი საუკუნის შემდეგ ცესკოს რამდენი კედელი გახდება საჭირო ამჟამად არსებული # რაოდენობის პარტიისა და მათი სიების გამოქვეყნებისთვის და იქაც თუ ამოიცნობენ ჩემი მომავალი კოლეგები ისეთ დიად და ისტროულ ადამიანებს, როგორებიც ამ უძველეს დოკუმენტებში ამოვიცანი-მეთქი?

არჩევნებმა მშვიდობით ჩაიარა. ელოდეთ მორიგ არჩევნებს!

 

                                                                                                              ნელი ვარდიაშვილი