ხაშურში ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო. დაშინება, მუქარა, შანტაჟი ხაშურში უკვე ყოველდღიურობად იქცა.

 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი და მისი გარემოცვა ხმების მოსაპოვებლად აღარაფერს ერიდება.

ამის დასტურია ის, რასაც „ქრონიკა+“-თან ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელი _ ლია გოგალაძე ყვება:

„დაშინების ფაქტები ბევრია: ა(ა)იპებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს სახლებში ურეკავენ და აშინებენ, რომ სამსახურს დაკარგავენ, თუ არჩევანს 21 ოქტომბერს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ არ გააკეთებენ. ეს მუქარები ხაშურის მოქმედი გამგებლისგან და მისი გარემოცვისგან მოდის.

თუ გიორგი გურასპაშვილი გახდება ხაშურის მერი, სამსახურიდან წავალ, რადგან სხვა გზა აღარ მექნება. მხარს ვუჭერ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს, რადგან წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე ღირსეულია“.

გიორგი გურასპაშვილის კანდიდატურა მიუღებელია თავად მმართველი პარტიის წევრთა ნაწილისთვისაც.

საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი, ბაჩო კაპანაძე, მერობის კანდიდატ რამაზ ნოზაძის შტაბში მუშაობს:

„2012 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრი გახლავართ. ის ძირითადი ბირთვი, რომელიც 2012 წელს ვიბრძოდით სამართლიანობის აღსადგენად, რამაზ ნოზაძის გვერდით ვდგავართ, რადგან ჩვენი პარტიის კანდიდატი მიუღებელია. გიორგი გურასპაშვილი ხალხს არ უყვარს. „ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონულ ორგანიზაციაში ახლა ის გუნდია, რომელიც 2012 წელს პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა. გიორგი გურასპაშვილმა ხაშურში სიტუაცია აურია“, _ აცხადებს ხაშურის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ბაჩო კაპანაძე.

თავად „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი ლია გოგალაძის ბრალდებებს ჭორაობას უწოდებს.

გიორგი გურასპაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალადობა 2012 წლის შემდეგ დასრულდა:

„არ ვიცი, ლია გოგალაძე რას ლაპარაკობს, მაგრამ მინდა დავაფიქსირო, რომ ქვეყანაში ძალადობა 2012 წლის შემდეგ დამთავრდა. თუ ადამიანები მსგავს შემთხვევებზე ლაპარაკობენ, დააფიქსირონ კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული სახელი და გვარი, თორემ ამას ჭორაობა ქვია. პირიქით ქალბატონი ლია გოგალაძე მის თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრების ჩაშლას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩვენ არ დავდივართ მოსახლეობასთან სპექტაკლების მოსაწყობად, ჩვენ დავდივართ შესახვედრად. ასე რომ, არავინ არავის აშინებს“.

კითხვაზე, თუ რა მიზანი ჰქონდა ლია გოგალაძეს, როდესაც საარჩევნო შეხვედრის ხელის შეშლას ცდილობდა, ხაშურის მერობის კანდიდატი პასუხობს:

„ალბათ, ადამიანების სტილია პროვოკაციების მოწყობა, თავიანთი ხასიათიდან, ამბიციებიდან გამომდინარე. ნუ დაკავდებიან ცილისწამებებით, შეთხზული ამბებით, ამას ვურჩევდი“.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, დაშინებისა და შატნაჟის ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ის ადამიანები, რომელთა მისამართითაც ფაქტები ხდება, ღიად საუბარს სამსახურის დაკარგვის შიშით გაურბიან.

მალხაზ მიქელაძე