ხათუნა ხარჩილავა _ მოსამართლე, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს?!

„ეს ქალი უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს, _ არც მათ ასაკს ითვალისწინებს, არც მდგომარეობას, არც ჯანმრთელობას…“ _ ამ ფრაზით აგრძელებს „ქრონიკა+“-თან საუბარს ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი, რომელიც ორი კვირის წინათ დავიწყეთ და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ეხება.

_ მარტონი ჩვენ არ ვართ, ადვოკატთა მთელი კორპუსია, რომელიც ჩივილს აპირებს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავაზე იუსტიციის საბჭოში. ზოგადად, ნებისმიერ ადვოკატს რომ გაესაუბროთ, მათი 99% დაგიდასტურებთ, რომ ქალბატონი ხარჩილავა არის მიკერძოებული მოსამართლე, პროკურატურის გამამართლებელი განაჩენი არ აქვს ქალს პრაქტიკაში, გარდა ერთისა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველა უნდა გაამართლოს და დაცვის მხარის პოზიცია გაიზიაროს, მაგრამ მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური და როდესაც საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პირის ბრალეულობას ადასტურებს, თუ ჩნდება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს, რასაც, სამწუხაროდ, ქალბატონი ხარჩილავა არასოდეს იყენებს. არასოდეს არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ, მაგრამ ხათუნა ხარჩილავას მაინც გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარეს არასოდეს ევალება უტყუარად რამის დადასტურება. დაცვის მხარის მოვალეობაა, რომ ეჭვი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტებს.

_ ანუ პროკურატურის მხარე ღიად უჭირავს?

_ ზოგადად, ბრალდების მხარის მოვალეობაა, რომ მან უნდა დაადასტუროს უტყუარად. ეჭვი კი ბრალდებულისთვის ყოველთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ, ქალბატონ ხათუნა ხარჩილავასთან ეს მეთოდი გამორიცხულია. საერთოდ, რომელ ეჭვზეა საუბარი, როდესაც უტყუარი მტკიცებულებები რომ არის, მაშინაც კი შეუძლებელია, ამ მოსამართლესთან მიაღწიო გამამართლებელ განაჩენს. სხვა მოსამართლეებზე რატომ არ ვლაპარაკობთ ამას?! იქ არიან ძალიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებთანაც ბევრი გამამტყუნებელი განაჩენიც გვქონია და გამამართლებელიც, მაგრამ ორივე სამართლიანი და ღირსეულია.

_ ქალბატონო ეკა, კანონმდებლობით როგორ რეგულირდება ხსენებული პროცესი? ვგულისხმობ კონკრეტული მოსამართლის მოქმედებას. მაგალითად, „ქრონიკა+“ აპირებს ამოიღოს სტატისტიკა, რამდენი გამამართლებელი განაჩენი და რამდენი გამამტყუნებელი აქვს ამა თუ იმ მოსამართლეს. როდესაც 100 საქმიდან 100-ვე გამამტყუნებელია, ბადებს თუ არა ეს ეჭვს მოსამართლის კეთილსინდისიერების თაობაზე და სად და როგორ შეიძლება ეს საკითხი დადგეს?

_ არა, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებს.

_ ანუ ყველა გამამტყუნებელი შეიძლება იყოს და ამისთვის მოსამართლეს არავინ  მოჰკითხავს პასუხს?

_ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის. ზოგადად, გამამართლებელი განაჩენი დამოკიდებულია ადვოკატის პროფესიონალიზმზე, ანდა რამდენად აძლევს საქმე ადვოკატს საშუალებას, რომ გამამართლებელი განაჩენი დააყენოს, ასევე მოსამართლის ობიექტურობაზე და სხვა კიდევ უამრავ ფაქტორზე. თუმცა ის, რომ ასი საქმიდან ასივე გამამტყუნებლი იყოს, ეს ობიექტურ სასამართლოზე ნამდვილად არ მეტყველებს.

_ ხათუნა ხარჩილავას გარდა თუ არიან სხვა მოსამართლეები, რომლებიც მის მსგავსად სულ გამამტყუნებელ განაჩენებს აყენებენ?

_ ხათუნა ხარჩილავა მაინც გასაკუთრებით გამოირჩევა, მას, უბრალოდ, ვერავის შევადარებთ. ყველა ადვოკატმა იცის, ვინ არის ხარჩილავა. ქალს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენი აქვს და ისიც ისეთი, რომ ნებისმიერი გაამართლებდა.

_ როგორ დასრულდა თქვენი და ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმე, რომელმაც ერთ დღეს ადამიანი სცემა და მეორე დღეს კი ნაცემი ადამიანი საღსალამთი სატაქსაოდ გამოვიდა, ხარჩილავამ კი განზრახ მკველობის მუხლი წაუყენა და შვიდი წელი მიუსაჯა?

_ ეს არის ჩემს პრაქტიკაში სრულიად ოდიოზური საქმე. ეს ადამიანი დღეს მკვლელობაში ბრალდებულია, მაშინ როდესაც უდანაშაულოა. არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ სრულიად უდანაშაულოა. მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ სცემა ადამიანი, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას და არა განზრახ მკვლელობის მცდელობას. ხარჩილავამ კი ეს ადამიანი 7 წლით და 6 თვით გაუშვა ციხეში.

_ ქალბატონო ეკა, როგორია დაახლოებითი სტატისტიკა იმ საქმეებისა, როდესაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გამამტყუნებელი განაჩენები სააპელაციოში, ან უზენაესში გასაჩივრებისას გაბათილებულა? ანუ რა მსვლელობა აქვს ამ საქმეებს შემდგომ ინსტანციებში?..

_ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მგონი ეს არავის შეუსწავლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოფილა შემდგომ ინსტანციებში გამამართლებელი განაჩენები. მაგალითად, ჩვენს პირად საქმეზე ხარჩილავას განაჩენი მკვლელების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაგრამ მოსამართლე ხოლუაშვილმა, გოგინაშვილმა და ლომინაძემ, ამ კოლეგიამაც, ძალაში დატოვა აღნიშნული განაჩენი. ახლა ველოდებით უზენაესში. ორი დღის წინათ შევიტანეთ საკაციო საჩივარი და დარწმუნებული ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ამ აბსურდულ განაჩენს ძალაში არ დატოვებს, კვალიფიკაციას შეუცვლის და სიმართლეს დაადგენს, რომ ამ ადამიანმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჩაიდინა. არავის უნდა დააბრალო ის, რაც არ ჩაუდენია. მას რომ მკვლელობის განზრახვა ჰქონოდა, ყოფილი მოჭიდავეა, არაფერი უშლიდა ხელს, რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რომ დაზარალებულს კისრის არეში საძილე არტერიასთან ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც საღამოსვე მოუშუშდა და მეორე დილით ტაქსზე დაჯდა სამუშაოდ, ასეთი ადამიანის მკვლელობის მცდელობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

_ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა საქმეა, _ მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა, წამალი?.. ყველა ერთია ხათუნა ხარჩილავასთვის?

_ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე, ნოტარიუსის საქმე აქვს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს და ხარჩილავა მოსამართლეა. ნოტარიუსი ქალია და ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა. აღნიშნულ მუხლში პატიმრობა პრაქტიკაში თითქმის არ არსებობს, რომ შეუფარდონ.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, სამსახურებრივ გულგრილობაში ნოტარიუსთან მიმართებით რა იგულისხმება?

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსი ორმა პირმა შეიყვანა შეცდომაში, რის გამოც მან მინდობილობა სხვა პირზე გასცა. ანუ სხვისი პირადობა წარუდგინეს და ნოტარიუსმა ვერ ამოიცნო, რომ ფიზიკურად ის პიროვნება იქ არ იმყოფებოდა. საინტერესო ისტორიაა: დამ ძმას პირადობა მოჰპარა და თავისი მეგობარი მამაკაცი მიიყვანა ნოტარიუსთან მოპარული პირადობით, ჩემი ძმა არისო. მინდობილობა გაკეთდა და ამ საბუთით იპოთეკით დაიტვირთა ქონება, რითაც ბევრი ადამიანი აზარალეს. მნიშვნელოვანია, როდესაც თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით ნოტარიუსმა თვითონვე შეიტანა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ის ადამიანი არ ყოფილიყო, თავად დარეკა პოლიციაში. ამის გამო ნოტარიუსს სამსახურებრივი გულგრილობისთვის წაეყენა ბრალი. დღეს ეს საქმე სასამართლოშია, მას ხარჩილავა განიხილავს და აშკარად მიკერძოებულია პროკურატურის მხარეს. მას არ სურს დაინახოს, რომ ნოტარიუსს, ზოგადად, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისა, რომ გადაემოწმებინა, ნამდვილად იყო თუ არა „ეს“ ის პიროვნება. მას უთხრეს, რომ პასპორტში ათი წლის წინანდელი სურათია და ახლა შეიცვალაო. მეც ახლა პირადობაში სხვანაირი ვარ და რეალობაში _ სხვანაირი. პრაქტიკაში არ არსებობს, რომ ამის გამო პატიმრობა მიეფარდოს, ხარჩილავას კი გამამტყუნებელი განაჩენისკენ მიჰყავს. მე ახლა წინასწარ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვარღვევ და ჩემგან, როგორც იურისტისგან, ეს მართებული არ არის, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ აქ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსამართლე არის ხარჩილავა. თაღლითები დაიჭირეს და პატიმრობაში გაუშვეს, იმიტომ რომ ის ზარალი ვერ აანაზღაურეს. სასამართლოზე კიდევ დაზარალებულები მოდიან, რომლებსაც დამნაშავეები ეუბნებიან, რომ ჩვენ უკვე ციხეში ვართ და რაც გინდათ, ის ქენითო. შესაბამისად, არაფრის ამნაზღაურებლები არ არიან. იპოთეკარები ჰაერში დარჩნენ, ყველა სასამართლოში მოდის და ნოტარიუსს ადებს ხელს, რომ თქვენი ბრალიაო. მე, უბრალოდ, მინდა გითხრათ ყველაზე მთავარი რამ: ეს ქალი უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს, _ არც მათ ასაკს ითვალისწინებს, არც მდგომარეობას, არც ჯანმრთელობას… არც ერთი ადვოკატი არ გეტყვით, რომ ხარჩილავა გამამართლებელი განაჩენებითაა ცნობილი.

 

თამარ როსტიაშვილი