ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების ქართული სტატისტიკა

ქვეყნის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლები. გარკვეული პერიოდის შუალედებით ქვეყანაში მოსახლეობის აღწარმოება იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ მოსახლეობასთან დაკავშირებული საბაზისო მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა დაბადებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის დადგენისა, მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, რომელიც მიგრანტების საერთო მაჩვენებელს, ქორწინებისა და განქორწინების რაოდენობრივ მონაცემებს ასახავს. ეს ის ელემენტარული ინფორმაციაა, რომლის გამოთვლაც დროსთან და პროცედურებთანაა დკავშირებული, მაგრამ ეს სტატისტიკები აუცილებლად უნდა არსებობდეს ნებისმიერ სახელმწიფოში.

რა არის დემოგრაფია?

სკოლის ადრეული პერიოდიდანვე გარკვეული სიხშირით ეს სიტყვა ყველას ესმის. ვისთვის გასაგები და ვისთვის გაუგებარი ეს ტერმინი, საბოლოოდ, ამა თუ იმ ეტაპზე, მაინც არის საჭირო და გამოსადეგი. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი ამ ტერმინის შემდეგ ორ განმარტებას გვთავაზობს:
1. „დემოგრაფია არის მეცნიერება მოსახლეობის, ანუ პოპულაციის შესახებ. სხვა მრავალი მეცნიერების მსგავსად იგი შეიძლება ვიწრო და ფართო მნიშვნელობით განიმარტოს. ყველაზე ვიწრო მნიშვნელობით დემოგრაფია შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, განაწილებას, სტრუქტურასა და ცვლილებას. ცვლილების კომპონენტებია დაბადება, სიკვდილი და მიგრაცია. ფართო მნიშვნელობით კი დემოგრაფია გულისხმობს პოპულაციური ჯგუფების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას. ამ ინფორმაციაში მათი დედაენების შესახებ მონაცემებიც შედის“;
2. „ის არის მოსახლეობის სტრუქტურის მეცნიერული შესწავლა, რომელიც აწარმოებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და შემცირების, შობადობის, სიკვდილიანობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, მიგრაციის ანალიზს; აგრეთვე, განიხილავს მის ასაკობრივ, სქესობრივ თანაფარდობასა და ამ მაჩვენებლების ცვლილებებს. დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვების უმთავრესი წყაროა რეგულარული აღწერა, რომელიც ყველა სახელმწიფოში, საშუალოდ, 10 წელიწადში ერთხელ ტარდება“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით: 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.
2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დედაქალაქ თბილისში დაფიქსირდა, რაოდენობამ 14 906 ბავშვი შეადგინა, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა _ 341 ბავშვი.
2017 წელს თბილისში, როგორც აღვნიშნეთ, 14 906 ბავშვი დაიბადა. ამავე წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 108 ახალშობილი დაიბადა, გურიაში _ 1 471, იმერეთში _ 7 574, კახეთში _ 4 722, მცხეთა-მთიანეთში _ 1 205, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 341, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 4 436, სამცხე-ჯავახეთში _ 2 178, ქვემო ქართლში _ 6 693, ხოლო შიდა ქართლში 3 659 ბავშვი დაიბადა. წინა წელთან შედარებით, საქართველოში 3 276 ბავშვით ნაკლები დაიბადა. ჩამოთვლილი რეგიონებიდან მხოლოდ ორში _ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მცხეთა-მთიანეთში აღინიშნება მოსახლეობის ზრდა, ისიც _ მცირე რაოდენობით. საქსტატის ბაზაში მითითებულია, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 40.6%-დან 38.9%-მდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3%-დან 22.6%-მდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ.
რაც შეეხება ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას დედის ასაკის მიხედვით: წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6%-დან 32.7%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6%-დან 64.6%-მდე გაიზარდა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის დედების წილი, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას: 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 5.8%-ით შემცირდა, რამაც, საერთო ჯამში, 47 822 ადამიანი შეადგინა. დაბადებულთა სტატისტიკის მსგავსად, 2017 წელს ყველაზე მეტი ადამიანი ქ. თბილისში გარდაიცვალა, რაოდენობა _ 11 976 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები _ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში _ რაოდენობამ 736 ადამიანი შეადგინა.
საინტერესოა, როგორია გარდაცვლილთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით?
2017 წელს საქართველოს დედაქალაქში, როგორც აღვნიშნეთ, 11 976 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3 480 კაცი შეადგინა, გურიაში _ 1 861, იმერეთში _ 8 733, კახეთში _ 4 806, მცხეთა-მთიანეთში _ 1 370, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 736, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 5 119, სამცხე-ჯავახეთში _ 1 941, ქვემო ქართლში _ 4 351, ხოლო შიდა ქართლში 3 449 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 2 949 ადამიანით ნაკლები გარდაიცვალა.
2017 წელს 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და 9.6 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 11.1 პრომილე შეადგინა.
2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა და 5 471 შეადგინა. 2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა შემდეგ რეგიონებში: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.
ამ მაჩვენებლების ანალიზისას მნიშნელოვანია, რომ გავიაზროთ ამ კონკრეტული რეგიონების საერთო ფართობი და მისი თანაფარდობა ამ რეგიონებში არსებულ მოსახლეობასთან. თუკი, ერთი მხრივ, სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ მხარეში შობადობის მაჩვენებელი მაღალია და მოკვდაობის კოეფიციენტი _ დაბალი, უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონის რა ფართობს ვიკვლევთ.
რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას: 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით შემცირდა და 23 684 შეადგინა.
მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: ქ. თბილისში ქორწინების 7 304 6 984 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაჩვენებელმა 2 631 2 548 ქორწინება შეადგინა, გურიაში _ 752 647, იმერეთში _ 3 832 3 850, კახეთში _ 1 936 1 744, მცხეთა-მთიანეთში _ 567 475, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 203 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 2 241 2 101, სამცხე-ჯავახეთში _ 1 071 993, ქვემო ქართლში _ 2 867 2 617, ხოლო შიდა ქართლში მაჩვენებელმა 1 697 1 514 შეადგინა.
ჯამში, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოში ქორწინების 1 417 ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა. წარმოდგენილი მონაცემები არ მოიცავს იმ ქორწინებებს, როდესაც ორივე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო.
ქორწინების პარალელურად განქორწინებების რიცხოვნობაც შეიცვალა: 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა. განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა _ 3 731; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 678 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა; გურიაში _ 237, იმერეთში _ 1 739, კახეთში _ 783, მცხეთა-მთიანეთში _ 222, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 72, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 825, სამცხე-ჯავახეთში _ 217, ქვემო ქართლში _ 1 067, ხოლო შიდა ქართლში განქორწინების 651 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავთო სულაბერიძე _ დემოგრაფი:
„შობადობა ზღვარზე დასულია, რაც ნიშნავს, რომ შობადობა კრიტიკულ ფაზაშია. მოკვდაობა იზრდება და 2020 წლიდან არის დეპოპულაცია, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა გადააჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. შევდივართ ახალ ფაზაში _ დემოგრაფიულად მოსახლეობის რეგრესი იწყება. გაეროს მონაცემებითაც, საქართველო მოკვდავ ერთა სიაში შედის და 2050 წელს ორ მილიონამდე ვიქნებით. ეს პრობლემა არავის აინტერესებს, ქართველები დავრჩებით თუ არა. პროცესი უკვე დღეიდან დაიწყო. დეპოპულაციის საათი ჩართულია, როდესაც კლება მიმდინარეობს. ქორწინენების რაოდენობამ იკლო, განქორწინებების შემთხვევები გაიზარდა. მაღალია მიგრაცია _ გასული წლის მაჩვენებლით, 8 000 ადამიანით მეტია გასული შემოსულთან შედარებით. სინამდვილეში, 17 000 ადამიანია. გასულთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობაზე 8 000 სხვაობით იმიტომ არის დაფიქსირებული, რომ ეს სხვაობა შეავსო საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ანუ საქართველოში 9 000 სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა და 8 000 გავიდა. როგორ უნდა შევაჩეროთ მიგრაციის ეს პროცესები, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას შობადობის შემცირებაზე და ზრდის გარდაცვლილთა რაოდენობას იმიტომ, რომ 60 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წილი იზრდება ქვეყანაში?! ეს არის კომპლექსური სამუშაო, კომპლექსური პროგრამა, რომელიც ჩვენ, ჯერ კიდევ, 2010 წელს შევიმუშავეთ; იქამდე _ 1999 წელს. არც ერთმა პროგრამამ მიიქცია ყურადღება და არც _ მეორემ. გადის ახალგაზრდა მოსახლეობა საზღვარგარეთ. გარდაცვლილთა რაოდენობას მოსახლეობის საშუალო რაოდენობაზე როცა გავყოფთ, მზარდ კოეფიციენტს მივიღებთ. უბედურება ის არის, რომ სიცოცხლის ხანგრძლოვობის მაჩვენებელი დაბალია. მამაკაცებში არის 68 წელი, ქალებში _ 76 წელი. ეს რვაწლიანი სხვაობა კიდევ უარესია. ასეთი მაჩვენებელი ევროპის არც ერთ ქვეყანაშია. რა ძალაა ასეთი ევროპაში, რომ ჩვენი დემოგრაფიული ვითარება გააუმჯობესოს?“

ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების გააზრებისას საინტერესოა, როგორი ტენდენციაა დაბადებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობისა? 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხსენებული მახასიათებლის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
75.1 წელი (ასაკი), 74.2 წელი, 73.6 წელი, 74.4 წელი, 74.5 წელი, 74.7 წელი, 75.2 წელი, 72.9 წელი, 72.9 წელი და 2017 წლისთვის _ 72.7 წელი.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ პუბლიკაციაში, „საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით“, ვკითხულობთ:
„2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19,5% შეადგინა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილმა _ 66,1%. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14,5%-ია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები სჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. 2016 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 72,7 წელს, მათ შორის, მამაკაცებისთვის 68,3 წელს, ხოლო ქალებისთვის _ 77,2 წელს.
მიგრაცია: 2016 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 98,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4%-ით მეტია. იმავე პერიოდში იმიგრანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. შედეგად, 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა. ქვეყნის მოსახლეობის 57,2% (2 128,6 ათასი კაცი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42,8% (1 589,6 ათასი კაცი) _ სასოფლო დასახლებაში“.
მოსახლეობის მომდევნო აღწერის რაუნდისთვის საერთაშორისო რეკომენდაციები და სტანდარტები უკვე შემუშავებულია. სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით ოთხდღიანი საერთაშორისო სემინარი ჩატარდა. სემინარის ფარგლებში ჩართულმა ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს მოსახლეობის აღწერის დაგეგმვასა და მის წარმატებით განხორციელებას.

მარიამ ტიელიძე