ჩვენ _ ჟურნალისტები! ჩვენ _ ხალხის ხმა!

მახსოვს, წლების წინათ მსგავსი სათაურით ბლოგი დავწერე, როდესაც ჯერ კიდევ, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და, რატომღაც, ეგოისტურად მჯეროდა, რომ ასეთი გულანთებული და ჩემს პროფესიაზე შეყვარებული მხოლოდ მე ვიყავი. მე _ ჟურნალისტი, მე _ ხალხის ხმა-მეთქი, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა _ ახლა, როცა უკვე ბევრი ვნახე, საკმაოდ ბევრი განვიცადე, ბევრიც გავიცანი. ეს არის ისტორიები ჩვენზე _ ქართველ ჟურნალისტებზე.

მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ პროფესიას შორის ჟურნალისტიკა მე-4 ადგილზეა.
ზოგიერთის აზრით, ჟურნალისტიკა საერთოდაც არ არის პროფესია, რადგან ყველას, ვისაც ბევრი და კარგად ლაპარაკი შეუძლია, უკვე არის, რაღაც დოზით, ჟურნალისტი.
აი, ზუსტად აქ იწყება ძალიან დიდი პრობლემა! _ მაშინ, როდესაც რეალურად ამ საქმის არასწორი დეფინიცია მისი წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულობასა და უნდობლობასაც განსაზღვრავს.
ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროა, რომელიც მიზნად ისახავს ინფრომაციის მოპოვებას, შეგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას.
ინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. ადამიანები მზად არიან, საკმაოდ დიდი თანხები ჩადონ ინფორმაციის გავრცელებასა თუ მიღებაში. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე მასმედია ბიზნესის გარკვეულ ფორმადაა ქცეული და მოგებაზეა უმეტესად ორიენტირებული.
იცოდით, რომ ჟუნალისტიკის ათი მცნება არსებობს?
იქნებ, იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა ძალიან ჰგავს ცხოვრებას და ბევრისთვის თავად იგია ცხოვრების წესი?
როგორც ერთმა ბრძენმა თქვა, ჟურნალისტიკა არის ხელოვნება, სხვებს გააგებინო ის, რაც შენც არ გესმის კარგადო.
სწორედ ამიტომაც ჭეშმარიტი ჟურნალისტი მუდმივად უნდა ეძიებდეს, იბრძოდეს, ამბობდეს, ხმაურობდეს და იყოს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე.
ჟურნალისტიკა სასიცოცხლოდ აუცილებელ პროფესიათაგან ერთ-ერთია. იმდენად, რამდენადაც ინფორმაციული ვაკუუმი არანაკლებ დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ვიდრე სხვა ფაქტორები.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დაბადების დღედაა მიჩნეული. ის საკმაოდ დიდია და წელს მას 25 წელი შეუსრულდა.
თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დაარსების დღედ დაწესდა პირველი ქართული გაზეთის _ ჯერ „საქართველოს გაზეთის“, შემდეგ კი „ქართული გაზეთის“ გამოსვლის თარიღი. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.
თავად ჟურნალისტიკის ფესვებს კი უფრო შორეულ წარსულში მივყავართ, _ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის დასაწყისში, როდესაც პატარა თავშეყრის ადგილებში გავრცელებული ინფრომაციებისა და მოგზაურთა მონათხრობების დაბეჭდვა ცნობის ფურცლებზე დაიწყეს და შემდეგ მის გავრცელებას შეუდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჟურნალისტიკა ახალგაზრდაა, ის მაინც ძალიან ბევრ პროფესიონალს, კიდევ უფრო მეტ საინტერესო ისტორიასა და შემთხვევას აერთიანებს.
ქართული მასმედიის პროფესიონალები კი თავიანთ ჟურნალისტურ განცდებსა და ისტორიებზე გვიამბობენ.

დავით ქაშიაშვილი _ 34 წლის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რეპორტიორი:
_ ბოლო 10 წელიწადია, ახალი ამბების ქუჩის რეპორტიორი ვარ. ჩემთვის ჟურნალისტიკის მუღამი ბრძოლის იარაღია, რომელიც ტყვიებს არ ისვრის, მაგრამ ცეცხლსასროლზე უფრო ძლიერია.
ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა ადამიანი რომ ყოფილიყო, ის არასდროს იქნებოდა პრაქტიკოსი რეპორტიორი.
ყოველი ახალი ამბავი ახალი წვეთია ძველის დასავიწყებლად. მიყვარს პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა. ასეთი ლაივებიდან ბევრი ემოცია მაგონდება: ხაძრებიდან, სპეცოპერაციებიდან, აფეთქებებიდან.
მაქვს უარყოფითად მოსაგონი რეპორტაჟებიც, ერთი ასეთი არის სახელმძღვანელო ჩემთვის, რასაც ჩემს სტუდენტებსაც ვასწავლი, თუ როგორი არ უნდა იყოს სიუჟეტი. ეს არის ტრანსგენდერი ქალის ცხოვრებაზე 2009 წელს მომზადებული ტელეამბავი. ეს სიუჟეტი, ერთგვარი, შეხსენებაა ყოველდღიურად, რომ მსგავსი შეცდომები აღარასდროს დავუშვა.
იუბილარ ქართულ მედიას ვუსურვებდი მეტ პატივისცემას რესპონდენტების მიმართ. დევნა, მიკროფონის თავში რტყმევა, მანქანის წინ გადადგომა იმისთვის, რომ შენს კითხვებს უპასუხონ _ არ მოსულა. მით უფრო ამ რესპონდენტს თმენის რაიმე ვალდებულება არ გააჩნია.
_ როგორია დღეს ქართული მედია?
_ ჭრელი, მყვირალა… და უთავთავო ყანასავით შრიალებს.

ეკა ელოშვილი, სპორტული ჟურნალისტი:
_ რაღაც რომანტიზებული წარმოდგენა მქონდა ამ პროფესიაზე. კარგად ვწერდი და გარშემო ყველა ფიქრობდა, რომ ამ მიმართულებით უნდა წავსულიყავი და არც მიყოყმანია, ამიტომ გადავწყვიტე ჟურნალისტიკა.
ჟურნალისტად 2000 წლიდან ვმუშაობ. პატარა პაუზაც მქონდა, 2006 წლიდან კი სპორტულ ჟურნალისტიკასა და ფოტოჟურნალისტიკაში წავედი და დღემდე ამ სფეროში ვარ.
ჟურნალისტიკა, ალბათ, გამოსავალია. მოცემულ მომენტში ასე ვფიქრობ. რაღაც ისე აეწყო, რომ ჩემი პროფესია რამდენჯერმე გახდა ჩემთვის გამოსავალი. ადამიანი რომ ყოფილიყო, გიორგი გაბუნია იქნებოდა.
ჩემი პროფესიის დამსახურებით, თაობებს შეიძლება მოვუყვე რამდენიმე ისეთი სპორტული მოვლენის შესახებ, რომლის უშუალო მომსწრე და მონაწილეც ვიყავი, თუმცა „თაობებს მოვუყვე“, ჩემთვის ცოტა ამბიციურად ჟღერს. ჩემს ფოტოარქივში, მაგალითად, 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ სპორტში მომხდარი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ინახება. ძალიან ვამაყობ ჩემი არქივით.
ქართულ ჟურნალისტიკას ვუსურვებ მაღალ სტანდარტს, მეტ განათლებულ და პრიოფესიონალ კადრს. ვფიქრობ, დღეს გარდამავალი პერიოდია და ეს ეტაპი ქართული ჟურნალისტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით ცაგარელი _ 29 წლის, ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტიორი:
_ ადრენალინი, მუდმივად ცვალებადი გარემო, სიტუაცია. ადამიანების დახმარების სურვილი _ მიზეზები, რის გამოც ავირჩიე ჟურნალისტიკა.
თითქმის 8 წელიწადია, „იმედში“ ვმუშაობ სოციალურ და სამხედრო, კრიმინალურ თემატიკაზე.
ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა ადამიანი რომ ყოფილიყო, იქნებოდა საინტერესო, ერუდირებული, კარგი მოსაუბრე, ოდნავ უხეში, სამართლიანი და ადამიანობის უფრო მეტად დამფასებელი.
აუცილებლად მოვუყვები შვილებსა და შვილიშვილებს სპეცოპერაციის დეტალებს, რომელიც 2017 წლის ნოემბერში მოხდა თბილისში. ყველა დეტალსა და სირთულეს. მოვუყვები ყარაბაღის ერთკვირიან კონფლიქტზე და როგორი რთული და საშიში იყო იქ ყოფნა. აუცილებლად მოვუყვები ერევანში პოლიციის მთავარი სამმართველოს შტურმის, აქციებისა და მათი დარბევის შესახებ ცრემლსადენი აირით. მოვუყვები, როგორი რთულია ოჯახის წევრების ჩაწერა მაშინ, როდესაც მათი ძმა, და, შვილი, მეგობარი, ახლობელი მოკლეს, ან/და თავი მოიკლა, ან უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. რა რთულია იცოდე მსხვერპლის სახელი მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებმა არაფერი იციან.
ქართულ მედიას ვუსურვებ მეტ ადამიანობას, ზრდილობასა და კოლეგიალობას. შეიძლება, იცოდე სენსაცია ან/და ექსკლუზივი გქონდეს, თუმცა სასწორის მეორე მხარეს შენი ქვეყნის ინტერესები იდოს _ რაც არასოდეს უნდა გაიყიდოს. არ უნდა დავხურდავდეთ! ეს არის სურვილიც და შეფასებაც.

ქეთი ჭიღლაძე _ 38 წლის, გამომცემლობა „განსაკუთრებული ჟურნალი“, იმერეთის რეგიონის კორესპონდენტი:
_ ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ჟურნალისტი. ბავშვობაში სოფლად ვისვენებდი და პატარა ჯოხით დავდიოდი _ ბებოსგან და მეზობლებისგან ინტერვიუს ვიღებდი. მიყვარდა საინტერესო ამბების მოსმენა. ასევე ბავშვობიდან მიყვარს წერა.
2013 წელს თბილისში ერთ-ერთ გამოფენაზე ბატონი თეიმურაზ მიქიაშვილი გავიცანი, რომელიც ჟურნალ „იმედი+“-ის რედაქტორი იყო. მან გამაცნო ჟურნალის შინაარსი და მიზანი, სადაც საინტერესო თემებზე იწერებოდა. ასევე რეგიონში მცხოვრებ აქტიურ შშმ პირებზე, მათ საქმიანობებზე. გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწერა ამ ჟურნალში სტატიები, რადგან თავადაც უკვე წლებია, ეტლით მოსარგებლე ვარ და კარგად ვიცნობ ამ ადამიანების პრობლემებსა და განცდებს. ჩემი პირველი რესპონდენტი იყო მწერალი და საკმაოდ აქტიური „იმედის გმირის“ მონაწილე თამაზ მჟავანაძე. სანამ ეს ინტერვიუ დაიბეჭდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. ჩვენი თანამშრომლობა მრავალი წელი გაგრძელდა.
2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ „განსაკუთრებულ ჟურნალში“. წლების განმავლობაში გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინე. მე მიყვარს ჩემი საქმე.
პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს პროფესია. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი. ჟურნალისტიკა ჩემთვის სიცოცხლის წყაროა. ადამიანი რომ ყოფილიყო, იქნეოდა მყარი, მტკიცე და ობიექტური.
ჩემს კარიერაში ერთი კონკრეტული შემთხვევა მახსენდება, რომელიც არასდროს დამავიწყდება: 2016 წელს ქუთაისში რადიო „ძველი ქალაქი“ ახორციელებდა პროექტს შშმ პირების პრობლემებზე. პროექტის მიზანი იყო, რომ გადაცემის თანაწამყვანი ყოფილიყო შშმ პირი. ქალბატონმა ქეთევანმა გადაცემაში წამყვანად მიმიწვია და ჩემთან ერთად გადაცემაში იყო მოწვეული მთავრობის წარმომაგენელი. საინტერესოდ ვისაუბრეთ და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზები დავსახეთ. ძალიან მომეწონა. ეს დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არასდროს დამავიწყდება.

შოთა ფალავანდიშვილი _ 26 წლის, ტელეკომპანია „იბერიის“ რეპორტიორი:
_ რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტიკა?
_ იმიტომ, რომ არასდროს მინდოდა მეხანძრეობა და კოსმონავტობა (ეს ხუმრობით), სერიოზულად კი იმდენი წლის წინათ გადავწყვიტე, რომ აღარ მახსოვს, ზუსტად რა გახდა ინსპირაციის მიზეზი.
საერთოდ, უკვე რვა წელია, ჟურნალისტი ვარ. თითქმის ყველა სახის მედიასაშუალებაში მიმუშავია (ბეჭდური, ონლაინტელევიზია, რადიო და არა მხოლოდ).
ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც მაინტერესებს და, აგრეთვე, მატერიალურად უზრუნველმყოფს. ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდა 100 მეტრზე სირბილში.
ჯერ არც ის ვიცი, რა შეიძლება მოვუყვე „თაობებს“ ან დააინტერესებს თუ არა ასე მრავლობით რიცხვში ადამიანებს ჩემი პროფესიული ისტორიები? ერთი ვიცი, რომ ჩემს შვილებს მოვუყვები, როგორ ჩავრჩი თურქმენეთში ერთი თეთრის გარეშე კამერით და მიკროფონით ხელში და კარგად ვაცინებ.
ქართული ჟურნალისტიკა ქართული სახელმწიფოსავითაა, განვითარების გზაზე, პრობლემებით. ვუსურვებდი პროგრესის გზის გაგრძელებას, რადგან ამის გარეშე ვერც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოყალიბდება. კიდევ ვუსურვებდი ნაკლებ არაჯანსაღ კრიტიკასა და ლანძღვას.
P. S. ჟურნალისტებს უკეთეს ანაზღაურებას გაწეული ურთულესი შრომისთვის 🙂

თათია ჩაფიჩაძე _ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი:
_ იმ დღიდან, რა დღიდანაც ჟურნალისტობა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან რთული გზა იქნებოდა გასავლელი. ყველასგან მარტო ერთი რაღაც მესმოდა, რომ კარგი ნაცნობების გარეშე ვერც ერთ ნორმალურ გამოცემასა და, მით უფრო, ტელევიზიაში მუშაობას ვერავინ დამაწყებინებდა, მიკროფონსაც კი ვერასდროს დავიჭერდი ხელში. ალბათ, ეს იყო მთვარი სტიმული იმისა, რომ ძალიან კარგად მესწავლა და სტუდენტობის მეორე წლიდანვე აქტიურად დამეწყო სამსახურის ძებნა. უამრავ ტელევიზიაში მეგობრებთან ერთად არაერთხელ მივსულვარ და სივი დამიტოვებია. ყოველდღე ვათვალიერებდი დასაქმების საიტებს და თუ სადმე ჟურნალისტის ვაკანსიას ვხედავდი, ყველგან ვაგზავნიდი ინფორმაციას ჩემ შესახებ.
დღეს უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც „BUSINESS MEDIA GEORGIA“-ს გუნდის წევრი ვარ, რომელიც უკვე ოთხი გადაცემით „ტვ პირველის“ ეთერში გადის. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაცემების ყურადღების მიღმა არ რჩება ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები.
ყოველთვის იქ ხარ, სადაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ყოველთვის შეგიძლია თქვა ის, რაც ხდება. ყოველთვის გრძნობ იმ ძალას, რაც გაქვს, ეს ყველაზე მაგარი მუღამია, რაც ამ პროფესიას ახლავს.
წარმოუდგენია ვინმეს, რომ არ არსებობდეს ახალი ამბების საშუალებები? როგორი იქნებოდა ჩვენი ერთი დღე? სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდებით, რაც, ჩემი აზრით, ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტანჯვის სახეობაა.
ჟურნალისტიკა ადამიანი რომ ყოფილიყო, ყველგან იქნებოდა, ყველა ფანჯრიდან და კარიდან ყველა სივრცეში კვირაში 7 დღე 24 სთ-ის განმავლობაში ივლიდა, არასდროს დაიძინებდა და საზოგადოებას სიმართლეს ყოველდღე დაუღალავად მოუყვებოდა. ამ სიმართლის გამოაშკარავების გზაზე კი უამრავ ადამიანს ნერვებს დააწყვეტდა. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო სტუმრის სტატუსი არ ექნებოდა.
ყველა ერთად და ცალ-ცალკე ვვითარდებით და მინდა, ეს გზა სწრაფად გავიაროთ. ვისურვებდი, რომ ქართული მედიასაშუალებები გავლენებისგან თავისუფალი ვნახოთ მაქსიმალურად თავისუფალი, ყველა ხელისუფლების პირობებში.

ნინო ბაქრაძე _ 27 წლის, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ დამფუძნებელი:
_ ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს. და რახან მინდა, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებას დავეხმარო, ამ საქმეს ვაკეთებ. გადამოწმებული ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან შემდეგ ამ ინფორმაციას ისტორიის შეცვლა შეუძლია.
ჟურნალისტად 2010 წლიდან ვმუშაობ.
ჩემთვის ახალი ფაქტების, დოკუმენტების, ადამიანების აღმოჩენა სიცოცხლის მუღამია. ჟურნალისტიკა არის ჩემი ცხოვრება და ის რომ ადამიანი ყოფილიყო, იქნებოდა ქერი მედისონისა (სერიალ „ჰოუმლენდის“ მთავარი გმირი) და შერლოკ ჰოლმსის ნაზავი, ანუ დაკვირვებული, ინტერესიანი, შრომისმოყვარე, ლოგიკურად მოაზროვნე და მამაცი, რომელსაც სიმართლის თქმის არასდროს შეეშინდებოდა.
ყველაზე დიდი სირთულე ქართულ ჟურნალისტიკაში არის საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიის ადამიანების მიმართ. ხალხი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტობა შეუძლია ყველას და რომ ქართველი ჟურნალისტები გაუნათლებელი, მატყუარა ხალხია. ამ შეხედულების ჩამოყალიბებაში ჟურნალისტებმაც დიდი როლი ითამაშეს.
ჩვენი, _ გამომძიებელი ჟურნალისტების ცხოვრება ძალიან საინტერესოა: ყოველდღე საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს უწესებ, საკუთარ რეკორდებს ხსნი, უამრავ დროს ხარჯავ ფიქრსა და ფაქტების ლოგიკურად დაკავშირებაში, ეძებ და ამუშავებ დიდი მოცულობის ინფორმაციას და ამაში გადის მთელი ცხოვრება. რადგან გამომძიებელი ჟურნალისტისთვის სამუშაო საათები არ არსებობს, ჩვენი ტვინი გამუდმებით მუშაობს და ეს ძალიან დამღლელია ხოლმე, თუმცა შედეგი ამ დაღლად ღირს.
დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა არის ზარმაცი და ინდიფერენტული. ვისურვებდი, რომ ქართველ ჟურნალისტებს უკეთესი ზოგადი განათლება ჰქონდეთ, მეტი ინტერესი მოვლენებისა და ფაქტების მიმართ, ლოგიკურად აზროვნების უნარი, სიმართლის თქმის სურვილი და შესაძლებლობა. და რაც მთავარია: გამართულად წერა შეეძლოთ!

თეონა ლეჟავა _ 18 წლის, დამწყები ჟურნალისტი:
_ დაახლოებით 13 წლის ასაკში დავინტერესდი ჟურნალისტიკით, _ იმ დროს, როდესაც განსაკუთრებით დავფიქრდი, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი მომავალში და რა მიმართულებით უნდა მესწავლა. ბევრ სხვა პროფესიასთან ერთად ვფიქრობდი ჟურნალისტიკაზე. თითქოს უფრო ახლოს იყო ჩემთან, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის კითხვების დასმა მიყვარდა. მახსოვს ჩემი თავი 6-7 წლის ასაკში, როდესაც გარეთ ჩავდიოდი, უცნობ ბავშვებს უპრობლემოდ ვეცნობოდი და ვინაობას ვეკითხებოდი. ჩემმა დამ მითხრა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტიკის წრე იყო და შევსულიყავი. ასეც მოხდა, დამარეგისტრირა და მას მერე ჟურნალისტიკით ვარ „მოწამლული“.
შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სადაც პარალელურად დავდიოდი. ჟურნალისტიკასთან ჩემი ინტერესი უფრო გაღრმავდა და საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც უნდა მებრძოლა საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის და იმ დიდი მიზნისთვის, რასაც წარმატება ჰქვია საკუთარ პროფესიაში.
გადავწყვიტე, მუშაობაც დამეწყო. მას შემდეგ ერთი წელიწადიც არ დამჭირვებია, რომ სტაჟირება გავიარე ერთ-ერთი ტელევიზიაში, მერე იყო შემდეგი ტელევიზია, სადაც პირდაპირი ეთერი მიმყავდა და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალება.
მახსოვს, რამდენიმე თვის წინ საგამოძიებო კუთხით სტატიას ვწერდი. სახლს, სადაც მკვლელობა მოხდა, მოულოდნელად მივაგენი. ის კადრი ახლაც მახსოვს. სიბნელე, სიმარტოვე და მძიმე ისტორია. მეზობლების დუმილი, რომლებიც არ გეკონტაქტებიან. თუმცა შენ შენს პოზიციაზე რჩები და ფიქრობ საკუთარ საქმესა და სტატიაზე. მეორეხარისხოვანი ხდება ემოციები, რომელიც უნდა დაივიწყო, თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს.
კონფუციმ თქვა: „იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“. წლებია, ამ პრინციპს მივყვები. მიყვარს ის სფერო, სადაც ვარ იმისთვის, რომ არც ერთი დღე ვიმუშაო და არ ვმუშაობ იმიტომ, რომ საყვარელი საქმე ვიპოვე.
ქართულ მედიას დაბადების დღეზე ვუსურვებდი ხარისხსა და საზოგადოებაში ნდობის გამყარებას ან მოპოვებას, რეალური პრობლემებისა და სათანადო ამბის გაშუქებას, რომელსაც ადამიანების დახმარება შეუძლია. სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიის სიძლიერე და მიზანი!

ანა ურუშაძე