ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

ივანიშვილის გენია და მძინარე საქართველო

 

რა ქნას ევროკავშირმა, „ვენეციის კომისიამ“, აშშ-მ, ცივილიზებულმა სამყარომ, როგორც მას ვუწოდებთ, ან პროგრესულმა ძალებმა, თუნდაც, აქ, საქართველოში? იმათ ნაცვლად, ვისაც საქართველოს მოქალაქე ჰქვია, ან უფრო მხატვრულად რომ ვთქვა, ვინც „თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და…“ ჩემთვის, შენთვის, მისთვის, ჩვენთვის, თქვენთვის, მათთვის უკეთ ცხოვრების უფლება მოითხოვონ და იბრძოლონ კიდეც ამისთვის? და ჩვენ? ჩვენ რა ვქნათ, _ გვეძინოს?

 

ძნელი სათქმელია, რამდენი ჩვენი თანამოქალაქე აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ ქვეყანას ახალი უმთავრესი კანონი _ კონსტიტუცია აქვს, მაგრამ ეს რეალობაა. ფაქტია, რომ კონსტიტუცია ვერ აღმოჩნდა არათუ ეროვნული, არამედ პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტი, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერები გვიმტკიცებენ, _ კონსტიტუცია, თურმე, ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო. რეალურად, ქვეყნის უმაღლესი კანონი „ქართული ოცნების“ სრული თვითშემოქმედებაა, რადგან ის „ხუთი“ იმდენად არის ერთმანეთში აფილირებული, რომ იდენტური განსხვავების მოძებნა შეუძლებელია. ეგეც არ იყოს, გასულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არც კი განუცხადებია, რომ პარლამეტში ხუთპარტიული კოალიცია მოვიდა საკონსტიტუციო უმრავლესობით. თუ საკუთარ თავთანაც მართლები ვიქნებით, მხოლოდ ზვიად ძიძიგურს ჰქონდა პოლიტიკური აბრა, ისიც „გულის ჯიბეში“, მანდატის სახით, თუ აქვს საერთოდ პარტიული მანდატი.

თუმცა „ოცნებას“ არც ის უთქვამს, რომ კონსტიტუცია იმ „ხუთმა“ და მაჟორიტართა კასტამ მიიღო, უფრო სწორად, კასტის იმ ნაწილმა, რომელმაც სულ სახით ახოხიალა პარლამენტის „პროგრესული“ თავმჯდომარე და მისი სპიკერები არა მხოლოდ „საერთო სახალხო“ განხილვებიდან „ვენეციის კომისიამდე“ და უკან, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური სპექტრის წინაშე.

თავიც რომ დავანებოთ კონსტიტუციაში ჩადებულ ნაღმებს, რომელიც ქვეყანას ბევრჯერ აუფეთქდება ფეხქვეშ, ამ დოკუმენტის ლეგიტიმაცია სწორედ ამ განხილვების კონტექსტში დგას ეჭვქვეშ. დიახ, არც მეტი არც ნაკლები, ლეგიტიმაცია, რადგანაც დენის, გაზისა თუ უფასო ფულის არ იყოს, ამ შემთხვევაშიც მწარედ მოატყუა ქართული საზოგადოება „ოცნება და კომპანიამ“, ანუ 1+4-მა, რომელიც, ისევ და ისევ, 1-ს უდრის. იმ განხილვებისას საზოგადოებასა და გულანთებულ თუ გულდათუთქულ, ხალისით მისულ თუ ძალით მიყვანილ „განმხილველებს“ უმტკიცებდნენ, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართებოდა. ამიტომ, თუნდაც ამ ერთი ტყუილის გამო, რომელთანაც მიმართებით „ოცნება“, ისევ და ისევ, ამბობს, რომ პირობა შეასრულა, „უფასო ფულის“ არ იყოს (სამოთხე 2030 წლისთვის) და ამ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლისთვის გადავა, ეს დოკუმეტი არალეგიტიმურია. მორალურ კონტექსტში რომ ვიკითხოთ, რამდენი მისი გულაღტკინებული მომხრე, ან თუნდაც მოწინააღმდეგე _ ჩვენი თანამოქალაქე ვერ მოესწრება 2024 წელს? ამ კითხვის მნიშვნელობას, სავარაუდოდ, ვერ მიხვდება ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მით უფრო, კონსტიტუციის კონტექსტში, რომელმაც ათწლეულებს უნდა გაუძლოს, რადგან, სავარაუდოდ, არც მაგ დროისთვის აპირებს საკუთარი განუმეორებელი ვარცხნილობის შეცვლას და სწორედ ეს ჰგონია პოლიტიკური სტაბილურობის მანიშნებელი. განა, ადვილი გასააზრებელი არ არის, თუნდაც ისტორიულ პერსპექტივაში, ან მორალურ-ზნეობრივ კონტექსტში ამ კითხვის მნიშვნელობა? ეს კითხვა სხვაგვარადაც შეიძლება დაისვას, _ იჭმება კასრი თაფლი, რომელშიც თუნდაც ერთი გრამი ნეხვი ჩააგდეს?

თავი დავანებოთ „ვენეციის კომისიას“, ევროკავშირს, აშშ-ის საელჩოს, რომლებიც მწუხარებას გამოთქვამენ, რომ კონსტიტუციის მიღება ვერ მოხერხდა კონსენსუსით, მაღალი ჩართულობით და ა. შ. და ის, რომ ამ განცხადებებში უფრო მწვავედ არ წერია არაფერი, ეს ყველასთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, უნდა იყოს გასაგები, რომლებსაც ახალი კონსტიტუციის პირობებში ცხოვრება მოუწევთ. ამიტომაც მისი ცოდნა და გაკეთილშობილებისთვის ზრუნვა, პირველ რიგში, სწორედ ამ მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. მაგრამ აქ, ამ ქვეყანაში, ხომ მთავარი ის არის, რომ: „თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და…“

 

***

როგორც აღმოჩნდა, ერში ცუდად ყოფნის პარალელურად არც ბერში გვაქვს კარგად საქმე და საქართველოს საპატრიარქო _ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მეტწილად, მორალურად დეგრადირებული პასიონერების ხელშია. „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა _ მისმა სპეცსამსახურებმა და პატრიარქმა კირილმა _ ჩვენი მომავალი პატრიარქი შეარჩიეს, საქართველოს მართლმადიდებლურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და სინოდის მოწვევის მიზეზიც კი გახდა. მაგრამ ის მთავარი პერსონა, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს  მზაკვრული ნაბიჯი, ანუ ქართველი ხალხი, მეტწილად დუმს და მხოლოდ საკუთარ ბუდუარებში ვიშვიშებს.

ამ შემთხვევაშიც მრევლი პასუხისმგებლობას, ისევ და ისევ, იმათ აკისრებს, რომლებიც არათუ მსახურნი უნდა იყვნენ ღვთისა და ხალხისა, არამედ ერთსაც და მეორესაც პირადი ცხონებისთვის იყენებენ მეტწილად. ამის დასტური იყო სინოდის სხდომაზე შავი ჯიპებით მიბრძანებული ეპისკოპოსების კასტა, რომლებიც სულაც არ დაგიდევენ იმას, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები მათ სამწყსოში. ამის დასტურია ამ კასტის კონფორმიზმი, რომელთაც სრულიად არ ანაღვლებთ თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბედი და მის „ქეისში“ ბრმად დაუჯერეს პროკურატურას, სასამართლოს და ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ სულიერი ძმის დასაცავად (ცხადია, მცირე გამონაკლისებზე არ არის საუბარი, რომელთა პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი).

პატრიარქის ტახტზე მეოცნებე არაერთ პერსონას და განსაკუთრებით მეუფე შიოს კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი მტერია და იმის მიუხედავად, ასეც რომ მოხდეს და პატრიარქობა ხელიდან გამოსტაცონ საეკლესიო კრებას, ისინი მტრის სამსახურში იქნებიან და არა ღვთისა და ერის.

მეუფე იაკობმა კი, რომელზეც სინოდის წევრები ამბობენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლესიო კანონების მიხედვით შემსწავლელი კომისიის შექმნის წინააღმდეგი იყო, კითხვაზე, _ რატომ? _ პასუხობენ, _ კუდი ეწვისო (კუდიანი ქორეპისკოპოსი, ალბათ, განსაკუთრებულად ეგზოტიკური ექსპონატია), მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს არა მხოლოდ ეკლესიის ან პატრიარქის, არამედ ერისა და ბერის წინაშე (მართალი ბრძანდებით, ძნელი დასაჯერებელია, კუდიანებს მორალი ჰქონდეთ).

და მოდით, მაინც თავი დავანებოთ რუსეთს, შეთქმულების თეორიებს, ნურც შავბნელ ძალებს დავუწყებთ ძიებას ქართული ეკლესიის წიაღში და მარტივი კითხვები დავსვათ, _ ჰგავს დღეს „ბერი“ ერს? ცხოვრობს „ბერი“ ერის ცხოვრებით? იგივე სტკივა „ბერს“, რაც ერს? ცხადია _ არა. და მაშინ რატომ ვაძლევთ ამ „ბერებს“ ჩვენით მანიპულირების უფლებას? რატომ ვანიჭებთ მათ, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის განდიდებისა და განცხრომისთვის ცხოვრობს, ღმერთთან შუამავლის მისიას?

ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა: ზესტაფონთან ახლოს, რესტორან „ედემში“, დასავლეთში მიმავალ ეპისკოპოსს უსადილია და შემდეგ რესტორნის მეპატრონისთვის უთქვამს, _ აქაურობას სახელი შეუცვალე, ეს მკრეხელობააო. მეპატრონეს მიუგია, _ აუცილებლად, მეუფეო, უკანა გზაზე ჯიპის ნაცვლად ვირზე ამხედრებულს რომ გნახავთ, ეგრევე გამოვცვლი აბრასო. ეს არ გახლავთ მხოლოდ იუმორი, ეს ფაქტი ღრმა ფილოსოფიური განსჯისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუნდაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა დასახასიათებლად. ხოლო ის რესტორნის მეპატრონე ბევრად უფრო პროგრესული ადამიანია, ვიდრე ღრმადმორწმუნეთა მილიონიანი არმია, რომელსაც სჯერა, რომ ერთმორწმუნეობა გადაგვარჩენს და ჯიპოსანი მღვდლები მათი ცხონებისთვისაც ლოცულობენ.

მაგრამ ვიდრე „თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და…“ სრულებითაც არ ანაღვლებთ, ვინ და რა ძალები ძარცვავენ მათ სულიერად და ქონებრივად, „ბერი“ შეეცდება, კიდევ უფრო მეტად აცხონოს საკუთარი „მე“ (ბოდიშს მოვიხდი იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც ვერასოდეს მოახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას „ბერებთან“, თუმცა მათი დუმილიც და ჩირგვებში ყოფნაც ისეთივე დანაშაულია, როგორც ფართო ქუჩებში მოსიარულეთა ინდიფერენტულობა).

 

***

ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები! ეს აქსიომაა, ქვეყანას სჭირდება განვითარება, ქვეყანას სჭირდება წინსვლა და უტრირებულად რომ ვთქვა, _ სჭირდება ფართო ქუჩები, სადაც ივლიან: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და…

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რაოდენობრივად 180-ს, ხოლო ფართით 3 მილიონ კვ.მ.-ს ფლობს, თუ ასე არ არის, ალბათ, „ქართუ ჯგუფი“ შემხვედრ განცხადებას გააკეთებს და ცოტას მაინც მოაკლებს. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი კარგი ინვესტორია, რასაც მას ნამდვილად ვერ დაუკარგავ და რამდენიც არ უნდა უძახოს მავანმა „ხიხო და ჭორვილა“, ეს მას ვერაფერს დააკლებს. იგი გენიოსია და ამაზე დავაც არ შეიძლება.

ივანიშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიცია ქართულ „ინწელიგენციაში“, რომელსაც ქველმოქმედებას ეძახიან და ნამდვილად საშური საქმე _ სხვადასხვა კულტურის კერების აღდგენა და ა. შ. 2012 წელს იმით დასრულდა, რომ ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ უშუალო დახმარებითა და თანადგომით, ბიძინა ივანიშვილის სახელზე გააფორმა შპს საქართველოს სახელმწიფო (რატომ „ნაციონალური მოძრაობის“? მარტივი პასუხია, _ მისი უგუნური პოლიტიკისა და ხალხზე ძალადობის გამო). ამიტომაც დღეს იმაზე საუბარი, რომ იგი ფლობს 3 მილიონ კვარდრატულ მეტრ მიწას საქართველოში, თუნდაც გუდიაშვილის ქუჩის ნაწილს, თაბორს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას არის თავზე ნაცრის წაყრა. ბიძინა ივანიშვილი ფლობს საქართველოს მმართველ ელიტას, ფლობს მუდამ კონფორმისტ და მუდამ „გამპრავებელ“ „ინწელიგენციას“, ფლობს მედიას, ფლობს მშივრებისა და ღატაკების, გამდიდრების მსურველთა, უსაქმურების, უქნარების, მლიქვნელების ოცნებებს და რა საჭიროა განვრცობა _ ფლობს საქართველოს!

ამიტომ დავიბრუნოთ თბილისი, დავიბრუნოთ სანაპირო ზოლი, დავიბრუნოთ საყდრისი და დავიბრუნოთ თაბორი, ამაზე საუბარი სისულელეა. თუ ვინმეს რაიმეს დაბრუნება უნდა, პირველ რიგში, საქართველო უნდა დავიბრუნოთ.

მაგრამ ვინ? იმათ, ვინც: „თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და…“?

იმათ, ვისაც წაართვეს თუნდაც პრეზიდენტის არჩევის უფლება და დუმან? იმათ, ვისაც ბოლო ოთხი არჩევნების დროს მუდმივად ატყუებენ და ახლაც თავს იტყუებს? იმათ, ვინც არაფრად დაგიდევთ რუსეთის მიერ ტერიტორიების გამუდმებით მიტაცებას და პატრიარქის შერჩევას? იმათ, ვინც ღირსების აღდგენად არარსებული და გამოგონილი „ცოცხის“ დამარცხებას მიიჩნევს და ოცნებებსა და ილუზიებში ყოფნა ურჩევნია საკუთარი ღირსების დაცვას?

 

***

ამ სამი პასაჟის შემდეგ კვლავ ჩნდება კითხვა, _ რა ქნან ევროკავშირმა, „ვენეციის კომისიამ“, აშშ-მ, ცივილიზებულმა სამყარომ, როგორც მას ვუწოდებთ, ან პროგრესულმა ძალებმა თუნდაც აქ, საქართველოში? იმათ ნაცვლად, ვისაც საქართველოს მოქალაქე ჰქვია, ან უფრო მხატვრულად რომ ვთქვა, ვინც „თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და…“ ჩემთვის შენთვის, მისთვის, ჩვენთვის, თქვენთვის, მათთვის უკეთ ცხოვრების უფლება მოითხოვონ და იბრძოლონ კიდეც ამისთვის?

და ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? _ მხოლოდ ვიაროთ? და ფართო ქუჩებიც რომ აღარ დაგვრჩა?

კოკა წერეთელი