შუხუთში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

„მანქანა თხრილში ჩავარდა, ქვა-ღორღი ზემოდან დაეყარა, ცეცხლი სალონსაც მოედო და მძღოლი დაიღუპა… სავარაუდოდ, მაინც ვერ გადარჩებოდა _ თავი ისე ჰქონდა დაზიანებული“

 

გასულ ხუთშაბათს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრაგედია დატრიალდა. მთავარ სამანქანო მაგისტრალზე მოძრავ სატვირთო ავტომობილს, არსებული ინფორმაციით, საბურავი გაუსკდა (მეორე ვერსიით, სხვა ავტომობილის არასწორი მანევრის გამო), მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში ჩავარდა.

 

ქვა-ღორღი მიწაში ჩამარხულ სალონს ზემოდან დაეყარა. შეჯახებისას დიზელის ავზსა და სალონს ცეცხლი მოედო. საკმაო ხნის მანძილზე სალონამდე მისვლა ვერ შეძლეს. სამწუხაოდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა: დაიღუპა მძღოლი. გარდაცვლილი 41 წლის გახლდათ, საკუთარი ავტომობილით ჩინურ კომპანიას ემსახურებოდა.

რამ გამოიწვია ტრაგედია?!! ერთ-ერთი ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ის გადაჭარბებული ტვირთიცაა, რის გადატანასაც გზის მშენებელი კომპანიების მესვეურები მძღოლებს აიძულებენ, თან მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. გადატვირთული მანქანის დამორჩილება კი რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. შუხუთის ტრაგედიაში ამანაც თავისი წვლილი შეიტანა.

არადა, პრობლემის შესახებ, ჯერ კიდევ, ტრაგედიამდე საუბრობდა ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, ახლა საკრებულოს წევრი და ადგილობრივ „ნაციონალთა“ ლიდერი, კახა ასკურავა.

 

კახა ასკურავა _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრი:

_ ისეთი საშური საქმის გაკეთებას, როგორიცაა ავტობანის მშენებლობა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კორუფციული ინტერესები სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს მოსახლეობის თვალში. მაღალი ტონაჟის მანქანების ცენტრალურ მაგისტრალზე და მით უმეტეს, ქალაქის შიდა გზებზე გატარება მოსახლეობის საფუძვლიან პროტესტს იწვევს. ინერტული მასალის დანიშნულების ადგილზე მისატანად არსებობს ე. წ. შავი გზა (თუ არ არსებობს, ეს ცალკე პრობლემაა), რომელზედაც უნდა გადაადგილდებოდეს დატვირთული მანქანები და მათ არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეთ ცენტრალურ მაგისტრალთან.

ეს რომ ასე უნდა ხდებოდეს, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ყველა ადამიანი დაგიდასტურებთ, მაგრამ, თუ რატომ არ ხდება, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს: ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში არიან შესულები (მათ შორის, არაფორმალური მმართველები რეგიონში) როგორც მომწოდებლებთან, ასევე შემსრულებლებთან და მათ სრული თავისუფლება აქვთ მიცემული მოქმედებებში. აბსოლუტურად ყველა მანქანა, რომელიც ინერტულ მასალას ეზიდება კარიერებიდან, გადატვირთულია. ანუ მასზე დაყრილი ინერტული მასალის ტონაჟი ბევრად აღემატება დასაშვებ ზღვარს. რატომ არ რეაგირებს ამაზე საპატრულო პოლიცია, რომელიც ჩვეულებრივ ტრაილერებს მსგავს დარღვევაზე სოლიდურ ჯარიმებს უწერს?! სად მიდის ის თანხები, რომელიც ქაღალდზე მითითებულ ტონაჟობას ზემოთ აყრია მზიდებს და ჩემი ინფორმაციით, ეს სხვაობა, დაახლოებით, 4-5 ტონას უდრის?!

აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალობს და რომელ კორუფციულ სქემასაც კონკრეტული ადამიანები ლობირებენ საკუთარი გამდიდრების ხარჯზე! მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდეს ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციით და გადაამოწმოს მისი ნამდვილობა. ეს ძალიან მარტივია _ გავაჩეროთ ინერტული მასალით დატვირთული ტვირთმზიდი და ავწონოთ, მერე შევადაროთ იმ რაოდენობას, რომელსაც ქვითარში უთითებენ!

სხვათა შორის, პირად საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც კი დაადასტურა გადატვირთვის შედეგად გაფუჭებული ტვირთმზიდების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი პრობლემა, _ მოვკვდით მაგათი გახეთქილი საბურავების გადაყრით, რომელსაც სადაც გამოცვლიან, იქვე ყრიანო…

ფაქტია, ზედმეტი ტვირთი აზიანებს საბურავს და რისკები მატულობს, _ ავტომობილის დამორჩილება ძნელია. ასეთი რამ შეემთხვა საწყალ მძღოლსაც, რომლის უბედურებამ თვითმხილველები შეძრა.

სხვათა შორის, ამ „ბიზნესს“ რომ ვიღაც მფარველობს, იმ აქციებზეც გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობამ გამართა გზების დაზიანების გამო. მაგალითად, ლანჩხუთში ბოლო დროს დაგებულ ასფალტებზეც კი უკვე ორმოებია გაჩენილი, ასე თუ გაგრძელდა, საკანალიზაციო მილებიც დასკდება. აღარაფერს ვამბობთ მტვერსა და ხმაურზე.

 

მოსახლეობასა და გაურკვეველი ფირმის წარმომადგენელს შორის ასეთი საუბარი შედგა:

_ დღეს პირველად არის ჩემი მანქანები აქ. გაგვატარეთ და მეტს აღარ შემოვალთ.

_ შენ რა გენაღვლება, აქ სულს ვერ ვითქვამთ. ხედავ, „ზნაკი“ რომ არის, იგი იქანე გასაშრობად კი არაა.

_ გასაგებია, ბატონო, მაგრამ ალტერნატიული გზა მითხარი, სად არის?!

_ მაი არაა ჩვენი საქმე. წეღან არ იძახდი, რამდენიმე დღეა, აქ დავიდვარო. ახლა შეცვალე „პლასტინკა“ და პირველად ვარო.

ხალხთან რუსულად მოლაპარაკე მძღოლებიც გამოჩნდნენ. მათაც სხვებივით განაცხადეს, რომ პირველად იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე და ითხოვდნენ, ერთი გამონაკლისი დაეშვათ და მანქანები გაეტარებინათ.

„ახლა აგენი გადამრევენ, რავა ყველა პირველად ხართ დღეს. ასე თუა, აი, გზაი რაფერ მოაკვლიეთ!“ _ გაცხარდნენ გურულები.

მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის გამგებელმა თავიდანვე მოსახლეობის მხარი დაიჭირა, მაინც ვერას გახდნენ _ ან ღამით მიიპარებიან, ან ვიღაცებს „გამონახავენ“ და ასე აღწევენ მიზანს. ერთ ხანს საშვები დაუშვეს, მხოლოდ მათ ჰქონდათ გადაადგილების უფლება, თუმცა გურულებს ასე რას მოატყუებ _ გინდა, საშვიანმა მანქანამ გააფუჭოს გზა და მტვერი დააყენოს და გინდა, _ უსაშვომ! ეს კიდევ უფრო მიანიშნებს, რომ მფრაველი გავლენიანი უნდა იყოს.

მათე გურული