შალვა ნათელაშვილი: „ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბიძინაობის მორიგი სცენა!“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
_ ბატონო შალვა, საქართველოში სულ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. როგორ ფიქრობთ, რა შეცდომა დაუშვეს ამ არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიებმა? რატომ დადგა ასეთი შედეგი, რომ ოპოზიცია მცირე დოზით ყოფილიყო წარმოდგენელი თვითმმართველობის ორგანოებში? ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭირო იყო მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება? ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა უშედეგოდ…
_ ეს არ იყო არავითარი არჩევნები, ეს იყო ბიძინაობის მორიგი სცენა. ბიძინაობა არ დამყარებულა დღეს და გუშინ, მას ღრმა საფუძველი აქვს: კომუნისტური მმართველობის ლიბერალურ პერიოდში, როდესაც უკვე ყველამ დაიწყო ქურდობა და ფულის კეთება, ე. წ. კომბინატორული, წითელ დირექტორთა ფენა წარმოიშვა და ხალხშიც შეიქმნა სადღეგრძელო, _ ფულის მშოვნელ კაცს გაუმარჯოსო. ეს ოფიციალური სადღეგრძელო იყო, რომლითაც აქებდნენ და ადიდებდნენ, პრაქტიკულად, ქურდებს. შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობიდან ძალიან პატარა მონაკვეთში, იყო იდეა, ხალხი არჩევნებზე იდეით მოდიოდა, გულით ირჩევდა, ამომრჩევლისთვის ფულის მსგავსი რამე რომ შეგეთავაზებინა, თავს გაგიტეხდნენ და ვერ გამოასწრებდი. მე მაგალითად, პირველად მაჟორიტარი დეპუტატი რომ გავხდი, 120 მანეთი დამიჯდა, ისიც ბენზინის ხარჯებში, ორცხობილებსა და ხაჭაპურებში დაიხარჯა. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ქონების არნახული მიტაცება დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომი დაიწყო გადატრიალების მერე, შეიარაღებული ფორმირებები გაჩნდნენ, ასე დაიწყეს 41-გრადუსიანი ტემპერატურის აწევასავით პოლიტიკაში შემოსვლა ნაყაჩაღრით გამდიდრებულებმა. ჩვენ მდიდრების წინააღმდეგები კი არ ვართ, ქურდი მდიდრების წინააღმდეგნი ვართ, განსაკუთრებით, პოლიტიკაში. თავიდან ცქიტიშვილმა იყარა კენჭი, იყო ასეთი რძისა და ყველის მაფია, ვაკეში იყარა კენჭი და თუ კარგად მახსოვს, 94%-ით გავიდა, ის იყო პირველი მილიონერი პოლიტიკაში. ხალხი სიცილით კვდებოდა, ვითომ კეთილად გახლდათ განწყობილი, ლოზუნგი გააკეთა, _ კარგი ქალაქელი კაცი პარლამენტშიო! ავირჩიეთ და სწორედ მან გვაჩუქა ეს მარეგულირებელი კომისიები და ფასებს რომ ყოველ თვე გვიწევენ, მისი საავტორო დანატოვარია. ეს ყველაფერი კაი ქალაქელისა და ფულის მშოვნელი კაცის კისერზეა. იმავდროულად, ქართულ პოლიტიკაში მილიონერების ექსპანსია დაიწყო, ძირითადად, რუსეთში ნაშოვნ დიდ კაპიტალს ვგულისხმობ. მათ შორის გამოირჩეოდა იქ დიდფულდატაცებული და მერე საშველად გამოქცეული ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ქურდებს არ მოეკლათ და არ წაერთმიათ, რაც მიიტაცა (ივანიშვილი მყავს მხედველობაში) გარჩევებით, სისხლისღვრითა და ჩვეულებრივი მგლური კაპიტალიზმით, რომელიც 90-იან წლებში ჰყვაოდა დედამიწის 1/6-ზე და მეორე მიზეზი იყო ის, რომ ის უკანონო შავი ფული, რომელიც მან იშოვა, გაეთეთრებინა და გაელეგიტიმურებინა. დასავლეთის ბანკებში რომ დაუსაბუთებელი ფული მიიტანო დეკლარაციის გარეშე, იქვე დაგიჭერენ, ბანკის შესასვლელში, იმიტომ, რომ დაუსაბუთებელია. პრობლემა ის კი არ არის, რომ კაცმა მარტო ფული იშოვოს, ის ფული დასაბუთებული უნდა იყოს. მას სჭირდებოდა ეს დასაბუთება, ამიტომ აქ ჩამოვიდა და „ქართუ ბანკი“ გახსნა. მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძეს ძალიან უყვარდა ფული, მაგრამ ამას უაღრესად ტექნიკურად აკეთებდა, საკუთარი ნათესავები მიუშვა სიძიან-მძახლიან-ბიძაშვილიანად, ნათესავების მილიონერთა კლანი დატოვა. ალბათ, სახელმწიფოს ერთადერთი მეთაური იყო, რომელმაც უახლოესი 10-12 ნათესავი დატოვა მილიონერის სტატუსით. შესაბამისად, მან (ივანიშვილმა, _ ავტ.) შევარდნაძის დაფინანსება დაიწყო მისი ნათესავების სახით და მთელი ის სისტემა იყიდა, რომელშიც ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობდით. ამის შემდეგ მან, პირველ რიგში, იმ ხალხს მიაქცია ყურადღება, პოეტის ენით რომ ვთქვათ, _ “ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან”. ვინმე მომავალში არ მოსულიყო, რომელიც ამ ნაყაჩაღარ ქონებას არ დაუთვლიდა და მეტი ყაჩაღობის საშუალებას არ მისცემდა, თანაც რომ ვერ მოისყიდიდა. 90-იან წლებში, როდესაც ლეიბორისტული პარტიის აღმავლობის პერიოდი იდგა, ჩვენ მოვხვდით თვალში, შესაბამისად, სწორედ ამიტომ იყო, რომ 1999 წელს მან პოლიტიკურ მინდორზე „წითელი ბებერი მილიონერები“ გამოუშვა _ თოფაძე, ტყემელაძე… „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ _ ეს ივანიშვილის პირველი პარტია იყო, ამაში თოფაძეს ნაყინის ქარხანა „თოლია“ აჩუქა, დიდი ფული შემოუშვა და ყველას ახსოვს, როგორ გავიმარჯვეთ, როგორ არ შეგვიშვეს პარლამენტში, როგორ დაადასტურა ეუთომ, რომ ჩვენ შესულები უნდა ვყოფილიყავით საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ კარი ჩაგვიკეტეს და ჩვენ მაგივრად „მრეწველები“ შევიდნენ. მაშინდელი ცესკოს თავმჯდომარე ცხონებული ლომინაძე იყო. ხათუნა გოგორიშვილს, კოპალეიშვილს, რომელიც ივანიშვილის ახლანდელი არჩევნების გამყალბებელია, კუსიანსა და სხვებს 700 000 დოლარი ივანიშვილის ფული მაინც გაუგზავნეს ერთ-ერთი წასული მეგობრის ხელით. ის მეგობარი არაფერ შუაში იყო, ფოსტალიონად გამოიყენეს, აი, ასე მოდიოდა… პირველი დარტყმა ამით მოგვაყენა და ამიტომ აქვს ჩვენზე აფექტი, კლასობრივი მტრები ვართ, იდეოლოგიური მტრები, თორემ ჩვენს ურთიერთობაში ისეთი არაფერი იქნებოდა. ჩვენ ვერ მოგვისყიდის და პრინციპებისთვის ვერ გადაგვახვევინებს, თორემ ყველა მოსყიდული ჰყავს სხვადასხვა პერიოდში. ჩვენთან ვერ მონახა საერთო ენა და როდესაც შეატყო, რომ 2002 წელს საქართველოს მეორე ოლიგარქი, ბადრი პატარკაციშვილი ეწვია, რომელმაც ასევე დიდი ფული დაუდო შევარდნაძეს, ქვეყანაში ოროლიგარქიანობის პერიოდი დაიწყო. ერთმა სახელმწიფო ხელისუფლება იყიდა ივანიშვილის სახით, მეორემ მაშინდელი ოპოზიციის ყიდვა დაიწყო პარალელურად. ამის შემდეგ დაიღუპა საქართველო და ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა, პოლიტიკა ფული გახდა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკიდან თავი განიდევნეს და დღემდე ასე მოვდივართ. შემდგომ ივანიშვილი აფინანსებდა სააკაშვილს და „ვარდების რევოლუციას“, ორი ვადა რომ ამოეწურა, ისევ ჩვენ გავახსენდით, 2011 წელს აქციები გვქონდა დაწყებული სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით, მათაც გასდიოდათ ორი ვადა და იფიქრა, _ სააკაშვილის მერე ესენი რომ მოვიდნენ, ხომ დამექცევა თავზე ცა, როგორ მივიტაცებ თაბორის მთას, ზღვის სანაპიროს, საყდრისს, თბილისის ცენტრს, „ლაგუნა ვერეს“, იპოდრომს?! იცოდა, რომ ამას ჩვენ არ მივცემდით და უშუალოდ თვითონ გადმოხტა პოლიტიკაში, სხვა გზა რომ არ ჰქონდა. თან მოიყვანა ბანდა, თავისი ხელის ბიჭები, კვირიკაშვილები, საკუთარი ბანკის მევალე მინისტრები და დეპუტატები, ახლა ბუჩქებში გადახტა და იქიდან დაიწყო ქვეყნის შესვლეპა. ამ შესვლეპის პროცესში შხამი თუ არ დავალევინეთ, ამ ქვეყნისგან მართლა აღარაფერი დარჩება.
რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას და ამ მოწოდებებს _ გაერთიანება შეიძლება მრავალგვარად გავიგოთ. გააჩნია, ვისთან ერთიანდები, განსაკუთრებით სრულიად წარმოუდგენელია „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანება, მაგრამ ქვეყნის საერთო ინტერესმა უპრეცედენტო შედეგი მოგვცა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ასეთი რამ არ მომხდარა 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს დროსაც, ყველა პარტიამ, მათ შორის, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულმა, ხელი მოაწერა ერთობლივ სარჩელს სასამართლოში, ცესკოში და ხელს აწერენ სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტს. უკვე დავიწყეთ იმის თაობაზე მუშაობა, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და ეს იყო უკანონობის ზეიმი. პრაქტიკულად, არჩევნები არალეგიტიმურია. როცა ყველა პარტია ამბობს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა და უდიდესი დარღვევებით წავიდა, ნიშნავს, რომ არჩევნები არის უკანონო და არალეგიტიმური. მე, მაგალითად, ივანიშვილის ადგილზე ბარგს ჩავალაგებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, უსაფრთხოების გრძნობაც კი დაკარგული აქვთ, იმდენად არიან დოლარებით ჯავშანში ჩამსხდრები.
_ ამომრჩეველიც ნიჰილისტურად არის განწყობილი და საარჩევნო ყუთებთან მისული ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ადრე თქვენ აქტიურად საუბრობდით, რომ არჩევნებზე გამოუცხადებლობის გამო აუცილებელი იყო გარკვეული ჯარიმების დაწესება, სხვაგვარად სიტუაციის გამოსწორებას გამორიცხავდით. ხომ არ დადგა დრო, ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს?
_ უარესს გეტყვით: საქართველოს დაქცევაში არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი და არც ივანიშვილია დამნაშავე, საქართველოს დაქცევის ავტორი და განმახორციელებელია ის კატეგორია, რომელიც ამათ აძლევდა ხმას და აძლევდა, ძირითადად, ფულითა და ანგარებით, ან თანამდებობის შენარჩუნების მოტივირებით, ან სახლში ზის, არ მოდის არჩევნებზე და იქიდან უყურებს სეირს. ჩერჩილმა თქვა, _ ცუდი მთავრობის მოყვანაში პასუხისმგებელი და დამნაშავეა ის კარგი ხალხი, რომელიც არჩევნებზე არ მოდის. არ არის კარგი კაცობა და კარგი ხალხობა, როდესაც შენ ზიხარ, ნიჰილიზმს ავრცელებ, რომ არაფერი გამოვა და არც ერთი პარტია არ ვარგა, ყველა ერთნაირია და ყველა ფულის საკეთებლად მოდის, ეს არის უბედურება. აქედან იწყება ნიჰილიზმი, დეპრესია, ჩაიქნევს მერე ხელს პატიოსანი მოქალაქე, არ მოვა არჩევნებზე, ან ფულს აიღებს და ხმას მისცემს იმ მოტივით, რომ მაინც არაფერი გამოვა. ეს არმია თუ არ დაიძრა და სახლებიდან არ გამოვიდა, დამერწმუნეთ, უარესი გველის. ხომ ხედავთ, როგორ წავიდა ჩვენი საქმე _ შევარდნაძე მოვიდა, ლამის კიტოვანი ენატრებოდა ხალხს, სააკაშვილი მოვიდა, შევარდნაძე ენატრებოდათ, ივანიშვილი მოვიდა და სააკაშვილი ენატრებათ, ახლა ვიღაც მოვა და ივანიშვილი მოენატრებათ, თუ ასე გაგრძელდა, ბოლომდე დავიქცევით! ამიტომ 20 წელია, ვქადაგებთ, მოვითხოვთ, მივმართავთ სხვადასხვა ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. სიგარეტის ღერი რომ გადააგდო და ამის გამო დაგაჯარიმონ, თუ ის ჯარიმა არ გადაიხადე, შეიძლება, სახლი დაგიყადაღონ, სიგარეტის ნარჩენზე მეტი არ არის სამშობლო?! მოვალეობას არ იხდი და არჩევნებზე არ მიდიხარ, კომისარიატში რომ არ მიხვიდე, დაგიჭერენ; მურუსიძის სასამართლოში გამოძახებაზე რომ არ მიხვიდე, დაგიჭერენ და საარჩევნო უწყება რომ მოგდის, რატომ არ მიეთრევი, ვიღაცა ხარ?! ძალიან გთხოვთ, ეს სიტყვა პირდაპირ დაწეროთ. ამისგან არის დაღუპული საქართველო! ამიტომ ხუჭუჭა ბიჭის კონსტიტუცია რომ იყო, ცვლილებები რომ შეიტანეს და ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვეს, ეს ამბები ჩვენ არ გაგვიხმაურებია, ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, გიორგი გუგავა იყო კომისიის წევრი და მუხლი შევატანინეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა. ძალიან კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ ეს რომ ივანიშვილმა ნახა, უთხრა, _ სიცხე ხომ არ გაქვთ, რა სავალდებულო, მაგდენი ხალხის მოსყიდვას რომელი ჩემი ფული ეყოფაო?! და ამოაგდებინა ეგ მუხლი. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, აგერ, მეზობლები არიან თურქები და მათთან ციხეა არჩევნებში არმონაწილეობისთვის; ავსტრალიაში 500 დოლარია ჯარიმა; არგენტინა-ბრაზილიაში სახელმწიფო თანამდებობის უფლების დაკავებას ართმევენ და სწორიც არის, _ რა გინდა სახელმწიფო თანამდებობაზე, თუ არჩევნებში არ მონაწილეობ?! ბელგიაში უდიდესი ჯარიმებია არჩევნებში არმონაწილეობაზე, დედამიწის მცხოვრებთა 60% სჯის ამომრჩეველს არჩევნებში არმონაწილეობისთვის და სავსებით სამართლიანად! ბუნებრივია, სანამ ჩვენ ამას არ მივაღწევთ, ვერც იმას გავიგებთ, რამდენი ამომრჩეველი გვყავს. ხომ ხედავთ, ვერ თვლიან და არ თვლიან, არც დათვლიან არასოდეს! როგორც კი სავალდებულო გახდება არჩევნებში გამოცხადება, მაშინვე გაირკვევა, ვინ არის ამომრჩეველი და ვინ _ არა. ვინ არის სიაში ტყუილად შეყვანილი, ვინ ცხოვრობს საზღვარგარეთ, ვინ სასაფლაოზეა, იმიტომ, რომ არგამოცხადების ქვითარი ხომ უნდა მივიდეს ადგილზე, როცა სასაფლაოზე მივა, გავიგებთ, რომ დიდი ხანია, ბებია ელპიტე მკვდარია, როცა ჯარიმის ქვითარი მივა და მეზობლები გეტყვიან, რომ ეს კაცი 20 წელია, კანადაშია და შეშის მჭრელად მუშაობს და ვნახავთ, რომ 20 წელია, ხმას აძლევს ყველა მთავრობას, ხომ ყველაფერი ნათელი იქნება?! ამიტომ, ალბათ, ამაზე ძალიან სერიოზული სამუშაო გვექნება მთელ პოლიტიკურ სპექტრს და იმედია, ის ფორმატი, რაც ლიდერთა საბჭომ დაიწყო, გაგრძელდება. ფაქტობრივად, ეს საბჭო ალტერნატიული პარლამენტია, ჩვენ ხომ პარლამენტი არ გვყავს, ჩვენ გვყავს ივანიშვილის ბანკის კლერკების ხროვა, პოლიტიკოსები გაძევებულები არიან პოლიტიკიდან, კანტი რომ იტყოდა, პოლიტიკური გონი კი აღარ არის, ბანკების გონია, თუ შეიძლება, რომ მათ გონი ჰქონდეთ. ამიტომ ლიდერთა საბჭო არის ალტერნატიული, მრავალპარტიული პარლამენტი და ამ ფორმატში გავაგრძელებთ ასეთ გლობალურ საკითხებზე მუშაობას. როცა პარლამენტი აღარ გვაქვს და პოლიტიკაში პოლიტიკოსი აღარ დარჩა, ამის შექმნა იყო გარდაუვალი აუცილებლობა და მადლობა მინდა ვუთხრა კოლეგებს, ვინც აქ შემოვიდა, ავტორიტეტული ფიგურები არიან, ზოგი პროამერიკელია, ზოგი პროდასავლელია, ზოგი ნაციონალისტია და ა. შ. მნიშვნელობა არ აქვს, ყველას სჭირდება სამართლიანი არჩევნები, ვერც ერთ ორიენტაციას ვერ განახორციელებ, თუ სამართლიანი არჩევნები არ იქნება, ვინ აგირჩევს?! სწორედ ეს იყო მოთხოვნა, რაც ჩვენ გავაკეთეთ! ლიდერთა საბჭოს კარი ღიაა მიუხედავად იმისა, ვინ ვის მოსწონს, გარდა „ქართული ოცნებისა“.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო თუ არა სარკე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა? უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ იქაც ანალოგიური შედეგი დადგება? მედიასივრცეში ამომრჩეველთა მოსყიდვის საკმაოდ ბევრი ფაქტი გაშუქდა. ამას წინათ „ფორბსმა“ რეიტინგები გამოაქვეყნა და ივანიშვილის კაპიტალი საკმაოდ გაზრდილია. მას სულ ექნება ფული და როდემდე შეიძლება ამ გზით სვლა?
_ ივანიშვილმა ლობისტურ კომპანიას ფული გადაუხადა და „ფორბსს“ თვითონ გამოაქვეყნებინა, რომ 300 მილონი მოგება დაეფიქსირებინა იმიტომ, რომ მას, მინიმუმ, 21 მილიარდი მოგება აქვს. გაცილებით მეტია მისი ქონება, ვიდრე დაფიქსირებულია. საზოგადოების ყურადღება რომ გადაეტანათ, რომ თურმე 300 მილიონი მოუგია და არა 15 მილიარდი, იმიტომ დააბეჭდინა ეს ინფორმაცია. მეტი აქვს მოგებული, რადგან, ფაქტობრივად, კაზინოში მოიგო ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და საქართველომ მას მოაგებინა თავი.
_ მით უმეტეს… საშველი არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნებზე…
_ არა, რას ამბობთ, სამი წელი მტერმა ელოდა, გამოჭამა ქვეყანა ბოლო მაგნოლიამდე, დანაშაულია… იმიტომ ვმუშაობთ ლიდერთა საბჭოში მთავარ საკითხებზე, რომ ვადაზე ადრე მოვუმთავროთ საქმე! სამი წელი ამის ლოდინი დანაშაულია და ჩვენც დანაშაულის თანამონაწილეები გავხდებით!
_ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, ყველა ადამიანთან და განსაკუთრებით, აქცენტი იყო დასმული თბილისის მერობის მსურველებზე, რომ ითანამშრომლებს, თუ საინტერესო პროექტები ექნებათ. როგორ ფიქრობთ, ეს კალაძის მხოლოდ პოპულისტური განცხადებაა, თუ შესაძლებელია, რომ გუგავა ასეთ ამპლუაში მოვიდეს თბილისელებთან?
_ ქურდებთან ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია! ქურდთან მოთანამშრომლე ქურდობის თანამონაწილეა! პოლიტიკურ საკითხებზე ლიდერთა საბჭოში დაპირისპირებულ მოწინააღმდეგესთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ქურდთან თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კრიმინალების გზას დავადექით. კალაძე ქურდების გაზრდილი ქურდია და თბილისი, სამწუხაროდ, ქურდის ამომრჩეველია! ამ სირცხვილს რა ჩამოირეცხავს, მზა რეცეპტი რომ ვთქვა, მიჭირს! არ უნდოდათ, გუგავა მოსულიყო და იყვნენ, არის ახლა კალაძე გამძვირებელი დენის, წყლის, გაზისა და ა. შ. იყვნენ და უყურონ ბედნიერებმა კალაძეს. იმ დღეს არსენალის ტერიტორიაზე ავედი, 80 ჰა ჩაუგდია ხელში, სადაც მილიარდიან მოგებას ამოიღებს, დალოცვილი მიწაა, ხელის გულზე რომ ჩანს მთელი საქართველო თურქეთის საზღვრამდე თბილისის ცენტრში და ასე იქნება. რა ვქნათ, ყველა თვითონ ჭედავს დღევანდელობას და მომავალს!.. მათ სინდისზე იყოს ქვეყნის დაღუპვა, ეს ამომრჩეველი იქნება თუ სხვა სტატუსის მქონე პიროვნება!
_ დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე. კადიევი ქართველ ხალხს თანადგომას სთხოვს, რომ რუსეთის ციხეში არ აღმოჩნდეს, სადაც მას წამება ემუქრება. რას იტყვით ამ საქმეზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ ადამიანს რუსეთს გადასცემს? მოჰყვება თუ არა დიდი რეზონანსი საერთაშორისო ასპარეზზე და იქნება თუ არა უკანასკნელი წვეთი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ შეელახება რეპუტაცია?
_ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე არანაირი იმიჯი არ გვაქვს, ამიტომ რას დავკარგავთ, არ ვიცი. მეტი რაღა უნდა დავკარგოთ, რაც დავკარგეთ?! _ მთელ მსოფლიოში თავი გვაქვს მოჭრილი, როგორც ფულით ხმის მიმცემებს, მეტი რაღა თავის მოჭრა გვინდა?!. იმ ბავშვებს, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან, რატომ ვუქმნით ასეთ ბიოგრაფიას და ასეთ იმიჯს მთელ მსოფლიოში, რომელიც საოცრად ურთიერთგახსნილია ერთმანეთთან. რაც შეეხება კადიევის გადაცემას, ეს იქნება დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ! ჯერ ერთი, როგორ შეიძლება, იმ სახელმწიფოს გადავცეთ, რომლის ჯარებიც აგერ დგანან და ყოველდღე გვტაცებენ მოსახლეობას, მინიმუმ, ჯარიმის გარეშე არ უშვებენ; მეორე _ ჩვენ ამ ქვეყანასთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ბუნებრივია, არც სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებები არსებობს მასთან. ამ შემთხვევაშიც გამოირიცხება გადაცემა, თუ არ არის ასეთი ხელშეკრულება, რის საფუძველზე უნდა გადასცე; და მესამე _ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კავკასიელები ვართ, თბილისი არ არის მხოლოდ საქართველოს ცენტრი, ეს არის კავკასიის ცენტრი და კავკასიელებს ვაჟას სტუმარ-მასპინძლის ნამდვილობა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაგალითზე.
_ ლარმა გაუფასურება უფრო მეტად არჩევნების შემდეგ დაიწყო. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და საგანგაშო არაფერია, თქვენც ასე ფიქრობთ, თუ ხელოვნურ ფაქტორებს ხედავთ?
_ პირველად არის ასე? რამდენი არჩევნებიც მოიგო ივანიშვილმა, მეორე დღეს დაიწყო ლარის გაუფასურება. მთლიანად, სამმაგად ამოიღო გაწეული ხარჯები, რომ შემდეგ გაეშვა, როგორც იტყვიან, თავისუფალ ცურვაში. მტერმა იცურა ისე, როგორც ლარი ცურავს და ჩვენც გვაცურებს! ახლა არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯეს. ბუნებრივია, ეს ხარჯი ბანკირებისგან წავიდა, ფული, ძირითადად, მათ აქვთ და საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლიბერთი ბანკი“, პენსიონერების ბანკი აჩუქეს პატარკაციშვილის ქვრივსა და გახრწნილ რუხაძეს, ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს იმ მოტივით, რომ „იმედი“ მათ ყურმოჭრილ მონად გადაქცეულიყო, რაც გააკეთეს კიდეც. ბუნებრივია, ეს ბანკირები მოგებას ითხოვენ ამ გაწეული ხარჯებისა და არა მარტო ხარჯის დაბრუნება უნდათ, არამედ მოგებით დაბრუნება. მაგათ ხელშია ლარის კურსი და რა გიკვირთ?! ვისაც 500 ლარი მისცეს თავიანთ აქტივისტს, 140 000 აქტივისტი ჰყავდათ სულ მაღალი ხელფასით დაფინანსებული, იმის ჯიბიდან 3000 ლარს ამოიღებენ. ისინი კი ნამდვილად ღირსები არიან, ასეთს სულიც უნდა ამოხადო, მაგრამ ვინც არ ყოფილა მათი და ფულით არ მიუცია ხმა, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, იმათ რა დააშავეს? _ ეს მაწუხებს! თუმცა მაინც ყველამ დავაშავეთ, რომ დავუშვით ყაჩაღის, ბანკირის, ოლიგარქის, მაფიოზის ხელისუფლებაში მოსვლა და, პირველ რიგში, დააშავეს შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობებმა თავიანთი სიწუწკით, რომ დააფინანსებინეს თავიდან, მიუშვეს და ყველაფრის უფლება მისცეს, საბოლოო ჯამში კი ისინი ტახტიდან ჩამოყარა.
_ რამდენიმე დღის წინ საქსტატმა მონაცემები გამოაქვეყნა, რამდენად გაძვირდა ქვეყანაში მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თამბაქო, მგზავრობა და ა. შ. ამ ფონზე, ელოდებით თუ არა სოციალურ აფეთქებას?
_ სოციალური აფეთქება თუ არ მომზადდა და მომწიფდა, ისე თავისით არაფერი გამოვა, ამისთვის პარტიებმა ხალხს ქუჩაში უნდა დაუძახონ. პარტიების უმრავლესობამ უნდა დაუძახოს, მარტო 1-2 პარტიის დაძახებაზე, რაც არ უნდა რეიტინგულები იყვნენ, ხალხი არ გამოვა, მუხტი არ იქნება. ქაოსური გამოსვლაც შეიძლება პროგრესის მომტანი არ იყოს, ამას პოლიტიკური წარმართვა უნდა…
_ ფინანსური რესურსებიც ხომ არის საჭირო?..
_ ეგ არის უბედურება, ჩვენ რომ ფინანსები გვქონდეს, აქამდე ხუთჯერ დავიწყებდით აქციებს. ფინანსები რომ არ გვაქვს, ამიტომ ველოდებით სიტუაციის გადამწიფებას, გულს გვიხეთქს ასე უქმად ჯდომა და უიმედოდ ყოფნა. ბანკები არ გვაძლევენ კრედიტს, რომელიც გვეკუთვნის, ეს იგივეა, თვის ბოლოს ხელფასი რომ არ მოგცენ. კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ კრედიტი შეგვიძლია ავიღოთ ბანკიდან, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში. ვინმე ბიზნესმენმა რომ დაგვაფინანსოს, ეს საერთოდ არარეალური სფეროა. ამ კუთხით, პრაქტიკულად, გაჭედილები ვართ. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილს მოვახრჩობდით, ერთადერთი მაგის საშველი ეგ არის, მაგრამ ახლა იმისთვის ვიღებთ ზომებს, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდეს ევროპა-ამერიკის ბანკებში და ამის თაობაზე უახლოეს ხანში ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მექნება ხალხისთვის და ძალიან ცუდი _ სოლოლაკელი რეგვენისთვის.

თამარ ბატიაშვილი