შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებულ ლაბორატორიას არ შეუძლია ნახატის წარმომავლობის განსაზღვრა?

გიგა გელხვიიძე

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიამ, რომელმაც დაახლოებით ორი თვის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინა, რაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გახსნილი ახალი, უმაღლესი ხარისხის აპარატურით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის დამსახურებაა, ვერ შეძლო დაედგინა ნამუშევრის წარმომავლობა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, გოოგლე-ს დახმარებითაც კი მარტივი მოსაძებნია და შესაძლებელია მისი წარმომავლობისა და ავტორის დადგენა.

აღნიშნულის შესახებ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა მოქალაქე მაია გოჩელაშვილი, რომლის კერძო კოლექციაში დაცულია ნამუშევარი სახელწოდებით „ანგელოზების თაყვანისცემა“ (ანგელოზები თაყვანს სცემენ მძინარე ქრისტეს, პატარა იოანე ნათლისმცემელთან ერთად).

მაია გოჩელაშვილს აღნიშნული ნამუშევრის გასხვისება სურს, თუმცა იმისთვის, რომ ხელოვნების ნიმუში სათანადოდ შეფასდეს, საჭიროა კომპეტენტური ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა მის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

სწორედ ამისთვის მიმართა მან „შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას“, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა აიღო იმაში, რომ ვერ შეძლო შესაბამისი დასკვნის დადება.

უფრო დეტალურად აღნიშნულის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ქალბატონო მაია, როგორ დაიწყო თქვენი და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის ურთიერთობა?

_ საქმე ეხება ამირანაშვილის მუზეუმში დაარსებულ ახალ ლაბორატორიას, რომელიც გაიხსნა სექტემბერში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ. გადავწყვიტე, ნახატი, რომელიც სახლში მაქვს, გამომეკვლია. არ არის უბრალო ნამუშევარი და მინდოდა მისი გაყიდვა, ვინაიდან მჭირდებოდა გარკვეული სახის ფინანსები. 70 000 ლარად მინდოდა გაყიდვა, თუმცა ნორმალური დასკვნა რომ დაიდოს, შეიძლება ბევრად უფრო ძვირი ღირდეს. მივიტანეთ ლაბორატორიაში ეს ნამუშევარი. ჩემი და პირადად ესაუბრა ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა წიწუაშვილს, რომელმაც შეადგინა ხელშეკრულება და გადმომიგზავნა მე (იმ დროისთვის ვიმყოფებოდი იტალიაში და ვმუშაობდი). მეც გავესაუბრე ქალბატონს და საკუთარ თავზე მესაუბრა ისე, რომ ეჭვი არ შემპარვია მის პროფესიონალიზმში. დეტალურად ვსაუბრობ ამ ამბავზე, რადგანაც არაფერი მაქვს დასამალი.

_ რა ვადებში უნდა მოეწოდებინათ თქვენთვის დასკვნა?

_ ხელშეკრულების გაფორმებიდან დასკვნა უნდა ყოფილიყო 45 სამუშაო დღეში, ამ დროისთვის უკვე მყავდა მოძიებული ნახატის მყიდველები. აღმოჩნდა, რომ ახლად შექმნილ ლაბორატორიაში აპარატები ჰქონდათ გაფუჭებული, ყოველდღე რაღაც პრობლემა იქმნებოდა და მეუბნებოდნენ, არ მუშაობს ის აპარატი, არ მუშაობს ეს აპარატიო. მოკლედ რომ ვთქვა, პროცესი 45 დღის ნაცვლად 5 თვის ვადაში გაიწელა.

_ რას გეუბნებოდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, როდესაც უკავშირდებოდით?

_ ვერ იქნება ქალბატონო მაია პასუხი 45 სამუშაო დღეში, ვინ გითხრათ, რომ ამ ვადებში იქნებოდაო? აპარატები არის გაფუჭებული და ვერანაირად იქნებაო.

_ რა ჯდებოდა ეს კვლევა?

_ 1200 ლარი გადავიხადე. ქალბატონმა ლელამ მითხრა, რომ ეს იყო უფრო ძვირადღირებული კვლევა და, ფაქტობრივად, საჩუქრად გამიკეთა, როგორც თავად ამბობდა. ძალიან იწელებოდა დრო და ამით ზიანდებოდა ჩემი საქმე, ვერ ვახერხებდი ნახატის გაყიდვას.

_ როგორ განვითარდა პროცესები?

_ როდესაც შევხედე, რომ საქმე არ მიდიოდა წინ და მე ახალს ვერაფერს ვიგები ნახატთან დაკავშირებით, დავტოვე იტალიაში სამსახური და წამოვედი საქართველოში, რათა თავზე დავდგომოდი ამ პროცესში. ერთი თვის მანძილზე იგივე ტყუილებით მამყოფა, თან გავაფრთხილე (ლელა), რომ ამ სურათისთვის და დასკვნისთვის ჩავდიოდი. იანვარში მომცეს დასკვნა ნახატზე, რომელიც ლაბორატორიაში სექტემბერში მივიტანე.

_ როგორი იყო ეს დასკვნა?

_ არ მაქვს საუბარი ლაბორატორიულ დასკვნაზე, რა ტიპის ანალიზები აუღეს იმ სურათს და ა. შ. მე ვსაუბრობ თეორიულ დასკვნაზე, რაც უშუალოდ ნახატს ეხება. ამ დასკვნას რომ ვკითხულობდი, თანდათან რაღაც ეჭვები შემქონდა. მეც დავიწყე რაღაცების შესწავლა. გადის დრო და ჩემი მეგობარი მეხმარება ამ საქმეში, მითხრა, რომ მას ჰყავდა მეგობარი მხატვარი და აიყვანა ჩემი სურათის სანახავად, რომელმაც ოთხი დღე ითხოვა გასარკვევად. როცა ნახა თქვა, რომ ძალიან ფასეული ნახატი იყო. დასკვნაში არაფერი წერია იმაზე, რაც რეალურად არის ეს სურათი, ვარაუდებია ჩაწერილი, რომელიც ჩემ თვალწინ ჩაწერა.

_ რა გაირკვა?

_ ზუსტად ოთხი დღის თავზე მხატვარმა გვითხრა, რა ნახატია, ვისი სკოლაა და ვის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ის შესრულებული.

_ თქვენი ნახატი, რამდენადაც მახსოვს, ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტშიც მოხვდა, როდესაც ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს აშუქებდნენ.

_ როდესაც ფიროსმანის ნახატი აღმოაჩინეს და ამასთან დაკავშირებით იყო სიუჟეტი „იმედის“ არხზე, იქ ჩანს, რომ მეორე სურათი, რომელზეც მუშაობდნენ, სწორედ ჩემს საკუთრებაში არსებული ნახატი იყო. აღნიშნული ნახატის კვლევის გაშუქებაც სურდათ, თუმცა მე გადავიფიქრე და აღარ მივეცი ამის საშუალება. ქალბატონ ლელა ვუთხარი ს, რომ მოეხსნათ გაშუქებიდან ჩემი ნახატი და დამთანხმდა.

_ როდესაც თქვენ გაარკვიეთ დაახლოებით სადაური წარმოშობის იყო ეს ნახატი, რომელიც თქვენს საკუთრებაშია, თუ უთხრით ლაბორატორიის დირექტორს ამის შესახებ?

_ დავურეკე და ვუთხარი, რომ ხუთი თვის მანძილზე, ქალბატონო ლელა, რა გაარკვიეთ ამ ნახატზე, როდესაც უბრალო მხატვარმა შეძლო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ნახატი, ვისი სკოლა არის და თქვენ ვერ შეძელით ამის დადგენა-მეთქი? ძალიან გააღიზიანა ამ საუბარმა.  ამის შემდგომ გადავუგზავნე მას ყველაფერი, რა ინფორმაციაც მოვიპოვეთ ჩვენ და მან უთხრა ჩემს მეგობარს, რომ გამოცვლიდა დასკვნას და დაწერდა, რომელი მხატვრის ნახატის ასლი იყო, რომელი სკოლა და ვის მიერ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო ის შესრულებული.

_ გამოცვალა დასკვნა?

_ არა, მერე გადაიფიქრა.

_ დამატებით კიდევ რა შეიტყვეთ აღნიშნული ნახატის შესახებ?

_ სადაც მე ვცხოვრობ, იქ უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს და მან შემომთავაზა დახმარება. როდესაც ავუხსენი, რას ვეძებდი, მომიძებნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ეს ყველაფერი გადავუგზავნე ქალბატონ ლელას. ქალბატონო ლელა, აქედან იქნებ რაიმე დასკვნა მოძებნოთ თეორიულად და შემიცვალოთ ის დასკვნა, რომელიც ლაბორატორიულად დამიდეთ-მეთქი.

_ ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს ფაქტები და თქვენ მიერ მოპოვებული მასალები გაუგზავნეთ, რას ამბობდა ლაბორატორიის დირექტორი?

_ მანაც მითხრა, რომ ეს ნახატი გაყიდული იყო ვენის ერთ-ერთ აუქციონზე და მე ახლა გავაგზავნე მეილით წერილი, ვნახოთ, რა მომივა პასუხიო. მივწერე მას, რომ  იმდენად მეჩქარებოდა, ვერ დაველოდებოდი ვენის აუქციონიდან პასუხს და ამიტომაც ვთხოვე დასკვნის მომზადება იმის საფუძველზე, რაც უკვე გვქონდა. ვუთხარი, _ ვიცით, რომ რომაული სკოლაა, ვიცით ვინ არის ამ ნახატის ორიგინალის ავტორი და ამ მხატვრის მოსწავლის მხატვრობაა ეს. ვარაუდის დონეზე რაც შეიძლება რომ დაიწეროს, ამის მიხედვით დავწეროთ-მეთქი.

_ რა გიპასუხათ?

_ მითხრა, რომ ვარაუდების დონზე ის ვერ მოამზადებდა ამ დასკვნას, აღნიშნულის შესახებ ესაუბრა უფროსობასაც, როგორც თავად ამბობს და საყვედურით მითხრა, თუ რატომ დავიწყე დამატებითი კვლევა-ძიება მას შემდეგ, რაც მან დასკვნა უკვე დადო და გადმომცა? რაში გაინტერესებდათო? ჩემი ნახატია და როგორ არ მაინტერესებდა, როდესაც ტყუილი იყო დაწერილი-მეთქი. ამის შემდეგ სატელეფონო საუბრისას ჩართო მაღალ ხმაზე ტელეფონი და მითხრა, ლაბორატორიის თანამშრომლების გასაგონად მეთქვა, რომ მე არ ვენდობოდი ლაბორატორიის დასკვნას.

_ რა უპასუხეთ?

_ ვუთხარი, რომ მე არ ვენდობოდი კონკრეტულად მის მიერ დაწერილ დასკვნას, თორემ სხვა ლაბორატორიის თანამშრომლებთან არ მქონდა რაიმე სახის პრეტენზია. ვუთხარი, რომ მაინტერესებს თეორიული დასკვნა. ამ ნახატზე არის ულამაზესი ასოები დატანილი, ორიგინალის და ასლის, მოსწავლის. ეს სადმე არის მითითებული-მეთქი? ამაზე მიპასუხა, რომ ამით მე არ უნდა დავინტერესებულიყავი, რადგანაც ეს ყველაფერი არაფრის მომცემი იყო. როგორ არ უნდა მაინტერესებდეს ინიციალები, რომლებიც დატანილია სურათზე-მეთქი. ასე დასრულდა ეს საუბარი, ვუთხარი, რომ არ დაერეკა ჩემთვის, არ შემხმიანებოდა. ამის მერე დარეკა ჩემს მეგობართან და უთხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება დასკვნის გამოცვლის.

_ თუმცა საკუთარი შეცდომა აღიარა.

_ აღიარა. იცით, რამდენი ჰყავთ ასეთი მომჩივანი? ძალიან ბევრი.

_ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

_ ჩემი მთავარი და პრინციპული მოთხოვნა არის ის, რომ უნდა გამოცვალონ დასკვნა. თავიდან რომ დასკვნა გამოვიტანე და არ მომეწონა, ჩემს მეგობარს ვთხოვე, იქნებ შევაბრუნო უკან, რაიმე გამოიკვლიონ-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მითხრა ის, რაც მას ქალბატონმა ლელამ უთხრა, რომ ვერაფერი სხვა მათ ვერ გამოიკვლიეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კვლევა ჩაატარეს.

მთხოვდა, რომ მეთქვა იმ მხატვრის ვინაობა, რომელმაც მე რეალურად გამომაკვლევინა ამ ნახატის ისტორია, თუმცა არ ვუთხარი ეს ყველაფერი. ამ ქალბატონის გამო სამსახურიდან ორი პროფესიონალია წამოსული. იმდენად სახელი აქვთ შელახული, რომ ფიროსმანის ნახატი „ირემი“, რომელზედაც საუბარი ჰქონდათ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში, შესაძლებელია, რომ ისიც კი არ იყოს რეალურად ფიროსმანის მიერ შესრულებული.

ნებისმიერ ხელოვნებათმცოდნეს შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ნახატი და გეტყვით, რა პერიოდის არის და რომელი სკოლის შეიძლება იყოს და ეს ადამიანები რას აკეთებენ ამ მუზეუმში (ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), არ ვიცი.

მე ვარ ემიგრანტი, შევიძინე სახლი და მინდა, რომ წამოვიდე, დავბრუნდე ჩემს სამშობლოში და მჭირდება თანხა, რომ დავასრულო ჩემი საქმეები. ამიტომ მინდა გავყიდო ეს სურათი, თუმცა ხელი მეშლება ამ ყველაფრის გამო.

„ქრონიკა+“-ის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნახატის ორიგინალი ვერსია ეკუთვნის იტალიელ მხატვარ ჯილორამო ტროპას, რომელიც 1637-1710 წლებში მოღვაწეობდა.

ინფორმაციის მიხედვით, არსებობდა ხუთი მხატვარი: ფრანჩესკო ტრევიზანი, ანტონიო ბადილე, სებასტიანო ბონკა, ჯუზეპე რომანი და პეტრო პაოლინი, რომლებიც ხატავდნენ ტროპას ნახატების კოპიოს. თუმცა არ დასტურდება, რომ ხუთივე მათგანი მისი მოსწავლე იყო, მაგრამ ტრევიზანი ნამდვილად სწავლობდა ტროპასთან და ასლის შემქმნელის ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ ის მოიაზრება შემდეგი მიზეზების გამო:

სტილი: ტრევიზანის ხატვის სტილი ძალიან ჰგავს ტროპას, ის იყენებს ანალოგიურ ფერებს, კომპოზიციას და ტექნიკას;

თემები: ტრევიზონი ხშირად ხატავდა რელიგიური სტილის ნახატებს, ისეთებს, როგორიც არის „ანგელოზების თაყვანისცემა“.

ცნობადობა: ტრევიზანი იყო ბევრად ცნობილი და წარმატებული, ვიდრე ტროპას სხვა მოწაფეები. ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას იმისა, რომ სწორედ მას დაუკვეთეს აღნიშნული ნახატის ასლის შექმნა.

ასევე არსებობს დამატებითი ნარკვევებიც ტრევიზანთან დაკავშირებით: მას ხანდახან თავის ნახატებზე ინიციალები და თარიღი გადაჰქონდა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ლათინურ ან იტალიურ ენაზე.

ხელმოწერა შესრულებული შეიძლებოდა ყოფილიყო მელნით, ბატის ფრთით ან ფუნჯით. ხელმოწერა დატანილი შეიძლება იყოს ნახატის წინა ან უკანა, შებრუნებულ მხარეს.

ჩვენი რესპონდენტის მფლობელობაში არსებულ ნახატს, ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი დამთხვევა აქვს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, ჯილარმო ტროპას რომელი მოწაფის შესრულებული შეიძლება იყოს ნახატი.