ღარიბას მზე

ვირმა თქვა: ბალახი ლურჯიაო. მგელმა იუარა: მწვანეაო.
იკამათეს და ვერ შეთანხმდნენ. წავიდნენ ლომთან:
_ მეფეო, ვირი ვერ დავაჯერე, რომ ბალახი მწვანეაო, _ შესჩივლა მგელმა.
_ ჩააგდეთ მგელი დილეგში! _ ბრძანა ლომმა.
_ რატომ, მეფეო, განა მწვანე არ არისო?! _ შეიცხადა მგელმა.
_ იმიტომ, რომ ვირთან კამათობო! _ მიუგო ლომმა.

იგავი იქით იყოს და ასე დაემართა ღარიბაშვილს, ეგონა, ცაც ჩემია, მიწაც და ბიძინაცო…
მაგრამ ბიძინა არც ირაკლის ერგო სარგოდ და არც კვირიკაშვილი გახდა მისი ბედის დიდად გამზიარებელი… ბიძინა მხოლოდ ოჯახისაა და ბერასი. ბერასი კი ქვეყანაა, აი, ჩვენ რომ საქართველოს ვეძახით, ის ქვეყანა…

კულუარული დუელი

დაძაბულობა ზაფხულში დაიწყო, ბერას შინაგან საქმეთა მინისტრი არ მოეწონა, აღმოაჩინა, რომ მინისტრს ყველასი ესმის ბერას გარდა. ბერას ვიზიტი მოულოდნელი აღმოჩნდა პრემიერისთვის. ვიზიტზე მეტად ბერას მოთხოვნამ შეაშფოთა იგი.
ბერა ახსნა-განმარტებების გარეშე ითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსნას.
პრემიერი დაჰპირდა, თუმცა დრო სთხოვა. როგორც ამბობენ, მას მერე 5 თვე გავიდა და პრემიერმა შესაფერისი დრო ვერ მოძებნა, რომ მინისტრი მოეხსნა, რაც ბერას გაბრაზებას უფრო და უფრო ამძაფრებს.
მინისტრი პრემიერთან იმუქრება, _ თუ მას მოხსნიან, ის პირს გახსნის და ყველაფერს მოჰყვება, „ასავალ-დასავლის“ სპეცნომრებს გამოაშვებინებს და მერე მხოლოდ პრემიერი კი არა, მთელი მინისტრთა კაბინეტი გადაჰყვება მღებრიშვილის მონოლოგებს. და, აი, ასე გადის დრო, _ ჯერ ხანძარიო, მერე წინასაარჩევნო გარემოო, ახლა არჩევნებიო, ახლა მეორე ტურიო და ამასობაში 14 დეკემბრამდე კვირიკაშვილს გამზადებული აქვს უკვე განცხადება, რომ უნდა გადადგეს და მერე თავპირი უმტვრევიათ, მე უკვე დავიღალეო…
ამ ყველაფრის პარალელურად, ღარიბაშვილი უფრო და უფრო ააქტიურებს მარშელებს, უფრო და უფრო მეტად ძაბავს შიდაპარტიულ ურთიერთობებს და ცდილობს, ახალ წელს ისევ ქვეყნის პრემიერად დაბრუნდეს.

„ქრონიკა+“-ის წყარო არ გამორიცხავს ღარიბაშვილის რაღაც ფორმით დაბრუნებას, მაგრამ ღარიბაშვილის დაბრუნების ყველაზე დიდი წინააღმდეგი გომელაურია:
_ გომელაურის მთელი უწყება ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, მისი გავლენები განსაკუთრებით ძლიერია აქ, კახეთში.
_ ვისი?
_ ღარიბაშვილის! სწორედ ამიტომ არც სიღნაღის გამგებელს და არც გურჯაანის გამგებელს არ შესთავაზეს ალტერნატიული სამსახურები.
_ აბა, ვის შესთავაზეს?!
_ პლატონ კალმახელიძეს. მალე გუბერნატორის მესამე მოადგილე გახდება.
_ გუბერნატორს სამივე მოადგილე ჰყავს.
_ კი, ჰყავს, მაგრამ ზურა არსენიშვილს გაუშვებენ და მის ადგილზე პლატონ კალმახელიძეს მიიყვანენ.
_ რატომ?
_ თავიდან ისე ჩანდა, რომ პლატონი ირაკლის კადრი იყო, მაგრამ ბოლოს კალმახელიძემ პირადად დათო სონღულაშვილთან და კვირიკაშვილის გარემოცვასთან დაალაგა ურთიერთობები, შესაბისად, ის ქიზიყურ კლანთან აღარ ასოცირდება. ასევე ახმეტის გამგებელ ბექა ბაიდაურს შესთავაზეს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობა, მაგრამ არაფერი შესთავაზეს გურჯაანის გამგებელ გერგიძეს და სიღნაღის გამგებელ ჯანკაშვილს. მიზეზი მარტივია: ისინი ღარიბაშვილის გუნდის წევრებად განიხილებიან.
თელავის თემის გამგებელი საკრებულოშია.
შათირიშვილი არც ყოფილა ღარიბაშვილის კადრი, პირიქით…
_ ამით რა გამოდის?
_ ის, რომ სუს-ი და გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით წიხლს აჭერენ ღარიბაშვილის კადრებს, რაც იმის ნიშანია, რომ ბოლო პერიოდში ღარიბაშვილი ძალების აღდგენას ცდილობს და სუს-ი ამაზე ეჭიდავება. ამის ფონზე, არც ერთი მერობის ან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ გადაუწყვეტია პარტიას, პირდაპირ სუს-მა გადაწყვიტა. ოღონდ ისე, რომ გოგაშვილთან არ გაუვლიათ ეს თემა.
_ კი, ვიცი.
_ გოგაშვილსაც ჩაუხსნეს კადრები. მისი სიძეები განიხილებოდნენ საკრებულოებში კანდიდატებად, მაგრამ თავად გომელაურმა ყველა კადრი ჩახსნა. ანუ მაინც ველოდებით ერთ დიდ რევოლუციას. რამდენადაც მშვიდობაა რეგიონში და არ არის ხმაური, უცებ რა იფეთქებს, არ ვიცით.
დაახლოებით ორი კვირის წინ დაძაბული საუბრი შედგა დედოფლისწყაროს დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილსა და სიმამრთა სიმამრს შორის, ანუ თამაზ თამაზაშვილთან. შიოლაშვილს თამაზაშვილმა მიდგომები დაუწუნა და ურჩია, რომ წესიერად მოქცეულიყო, თორემ მალე დედამიწაც ამოტრიალდებოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებაც და ისევ თამაზაშვილისა და ღარიბაშვილის სატარებელი გახდებოდა. სავარაუდოდ, თემა სწორედ სონღულაშვილთან მეგობრობას უკავშირდება. სონღულაშვილი ყველასთან ცდილობს მეგობრობას, ვისაც რამე აკავშირებს ღარიბაშვილთან. ანუ მიზანი ერთია _ ღარიბაშვილს კახეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

P. s. ნათქვამია, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო და მეც კახელებზე უნდა ვთქვა სათქმელი: ღარიბაშვილმა ხომ შექმნილ სახელმწიფოს კედლები ჩამოანგრია, საძირკველი კვირიკაშვილმა გამოაცალა და მღებრიშვილმა ხომ დაგვაქცია სამართალში. და ყველაზე მთავარი: კახელებმა არ იციან, ძალა რომ ერთობაშია. თუ ვინმე ვინმეს ჭამს, ისევ კახელები არიან.

მაკა მოსიაშვილი