ქუთაისის მერი აბარებს, წულაია კი აფასებს

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, 4-წლიანი მოღვაწეობის თაობაზე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება დაიწყო. პირველი შეხვედრა მან მედიის წარმომადგენლებთან გამართა. თავდაპირველად მერმა განვლილ პერიოდში ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ანგარიშის წარდგენის პარალელურად მერიის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნარსიამ საპროტესტო აქცია გამართა. იგი პრესკონფერენციაზე დასწრებას ითხოვდა, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

ქალაქის მერმა საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ დაიწყო. მისი თქმით, თანამშრომელთა რაოდენობა 800-დან 350-მდე შემცირდა. შოთა მურღულიას განმარტებით, პარალელურად შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები და აღარ არსებობს საყოველთაო პრემირების ფორმა. დაინერგა საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რის შედეგადაც ქუთაისის მერიამ  ISO სერტიფიკატი დაიმსახურა.

მნიშვნელოვან პროექტებს შორის მურღულიამ ნიკეას ქუჩის, ხარაზოვისა და ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა. მან ასევე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას და საბავშვო ბაღების აშენების საკითხს. მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებს შორის მერმა გამოყო სოციალური საცხოვრისის მოწყობა, სადაც მიმდინარე თვეში 40-მდე უსახლკარო ოჯახი შესახლდება. მერი საუკუნის პროექტს უწოდებს გადაწყვეტილებას, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის თაობაზე, თუმცა, ამავე დროს, ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხსაც ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისის სასარგებლოდ გადაწყვეტს.

შეხვედრის მეორე ნაწილი ჟურნალისტების მიერ იმ თემების გაჟღერებას დაეთმო, რომელთა მოუწესრიგებლობაც ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. აღინიშნა წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ და  გაჭიანურებულ სამუშაოებზე, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილი გადათხრილია და თავად პროცესი თვეობით იწელება. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, მოუწესრიგებელ ტროტუარებსა და ტურისტულ ობიექტებთან არსებულ სიტუაციაზე. მართალია, ქუთაისის მერიაში ხაზგასმით მიუთითებენ ტურისტთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე, მაგრამ, რატომღაც, ყურადღების მიღმა რჩებათ ის, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქალაქის ისტორიული ნაწილისადმი  უყურადღებობა, წელს ჩამოსულ სტუმარს სამომავლოდ აქ დაბრუნების სურვილს მოუკლავს, რაც, ბუნებრივია, ზრდის ტემპს ისევ შემცირებისკენ წაიყვანს.

ჟურნალისტებმა მერს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გასხვისებული ქონების გამო მას და მის მოადგილეებს საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მოუწიათ ვიზიტი. ქალაქის მერი აღნიშნულს შავ პიარს უწოდებს: „ეს არის შავი პიარის ნაწილი და, ალბათ, თვითმმართველობის დისკრედიტაციას ემსახურება. ნებისმიერ თემაზე მკითხეთ, რომელ ქონებაზეა საუბარი და ექსპერტიზის დასკვნიდან დაწყებული, ყველაფერს დაგიდებთ, სად და როგორ მოხდა“.

„ქუთაისის მერობა მე მინდა _ პოზიცია არაა“, _ ასე უპასუხა ქალაქის მერმა კითხვას, _ აპირებს თუ არა იგი მეორედ იყაროს კენჭი და განმარტა, რომ ყოველივე გუნდის გადასაწყვეტია:

„გუნდმა უნდა შეარჩიოს კანდიდატურა. მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გუნდი მიიჩნევს საჭიროდ, ჩავერთო არჩევნებში, ასეც იქნება. ახლა გადაწყვეტილი არაფერია“, _ დასძინა მან.

პრესკონფერენციას ქუთაისის ყოფილი მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ ბრეგაძეც ესწრებოდა, რომელიც დარბაზში საკუთარი ინიციატივით შემოვიდა და კომენტარი ჟურნალისტებთან მხოლოდ ბოლოს გააკეთა.

„კარგი იქნებოდა, თუკი ქალაქის მერი გაკეთებულთან ერთად, გაფუჭებული საქმეების ანგარიშსაც წარმოადგენდა, რაც გაცილებით მოცულობითი გამოვიდოდა“, _ განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ISO სერტიფიკატი, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.

ბრეგაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ ისაუბრა შოთა მურღულიამ ასათიანის ქუჩაზე, რომელიც, სხვა ქუჩების მსგავსად, წლებია, გადათხრილია. მანვე დასძინა, რომ არაერთხელ დაინტერესდნენ სარეზერვო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლებისგან მხოლოდ ზოგადი პასუხი მიიღეს.

„ამჟამინდელი ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუკი ქალაქის ქუჩებში გაივლით. ქუთაისმა დაკარგა განვითარების აღებული ტემპი. სიტუაციის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო იქნება საჭირო“, _ მიაჩნია ყოფილ მერს.

შოთა მურღულიას საქმიანობასთან დაკავშირებით „ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი წულაიას, საკუთარი, მეტად კრიტიკული მოასაზრებები აქვს. წულაია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერობისთვის იბრძოლებს, 4 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმეებით უკმაყოფილოა.

 

გოგი წულაია:

_ ეს არის თვითკმაყოფილება და მეტი არაფერი. ალბათ, კმაყოფილი არიან იმით, რომ თავის ოჯახს, სანათესავოს, სამეგობროს ნამდვილად მიხედეს და აუწყვეს ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქს არაფერი დატყობია. პირიქით, უარესობისკენ წავიდა საქმე. მათი ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაგვრჩა გადათხრილი ქუჩები, რომლებსაც არა და არ ეღირსა დასრულება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ დასრულებულა ვადებში და ხარისხიანად. სადაც კი წყალი გაიყვანეს, ყველაფერი გაუბედურებულია. ოთხჯერ თხრიან ერთსა და იმავე ადგილს. ვერსად დაასრულეს ვერაფერი დროზე. მილიონობით ლარი, რომელიც ერთი და იგივე საქმის 2-ჯერ და სამჯერ კეთებას ხმარდება, რიონს გაატანეს და ჩასულია ფოთში. ამათი მოღვაწეობა შავბნელი ხანაა ამ ქალაქისთვის. ასეთი ცუდი მერი, ასეთი ცუდი მთავრობა ქუთაისს ჯერ არ ჰყოლია.

მე პირადად გავაპროტესტე წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე თურქული კომპანიის საქმიანობა, რომელიც ვერაფერს აკეთებს ხარისხიანად. როცა ამ დროს შენ ყურადღებას არ აქცევ რაც ხდება, აქ უკვე ეჭვია, რომ რაღაც კორუფციული გარიგებაა. თუ ასე არ არის, მაშინ გადახედე ხელშეკრულებას, რაც აქვთ გაფორმებული. აუცილებლად ეწერება მასში ვადები, ხარისხი და ა. შ., მაგრამ დარღვევების გამო ლარითაც კი არ აჯარიმებენ. არ მითხრათ ახლა, რომ ეს არ იძლევა საფუძვლიანი ეჭვის საფუძველსო.

_ მესმის, რომ ოპოზიციას წარმოადგენთ და არაფერი მოგწონთ, მაგრამ ძალიან რომ მოინდომოთ, იქნებ, გვითხრათ, რას შეაფასებდით პოზიტიურად და რა მოგწონთ გაკეთებული საქმეებიდან?

_ ახლა დავძაბავ გონებას და ვეცდები გავიხსენო, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ ისეთს, რაც ღირებულია და რაც ამ ქალაქსა და მის მომავალს წაადგება. რაღაც ჩიხი შეიძლება სადღაც გაკეთდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქუთაისში აღმშენებლობითი პროცესი მიდის?! ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქუთაისს ფუნქცია და როლი მოეძებნა?! ვერ ვხედავ, რომ ქალაქში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა და სამუშაო ადგილები შეიქმნა. იმას, რომ კორპუსების სადარბაზოებზე რკინის კარი დაკიდეს, ან გალესეს, რაც სოციალიზმი და კომუნიზმია, მაგრამ ჯანდაბას, დავანებოთ თავი, მხოლოდ ესაა საქმე? ამით ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ვერ ვიხსენებ რამე მნიშვნელოვანს. სამაგიეროდ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შთამომავლობას წავართვით საშუალება, ჰქონდეს სკვერები და როცა ქალაქის ბიუჯეტს საშუალება გაუჩნდება, სადღაც ხე დარგოს, ადგილი აღარ მოიძებნება. ყველა ტერიტორია გაყიდეს და რაღაც სიმახინჯეები ააშენეს.

_ ხელისუფლება ხაზს უსვამს ტურისტთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. რამდენად მომზადებული ხვდება ქალაქი მათ?

_ მაგალითად ავიღოთ პირველი სინაგოგა, სადაც უამრავი ებრაელი ტურისტი მიდის. რაც იქ ხდება, ტრაგედიაა. გადათხრილია გზები, იქცევა წყალი, მტვერი, ახლოს მოუწერიგებელი სკვერი… სირცხვილია იქ ტურისტის მიყვანა, არადა, დღეში, მინიმუმ, 10 ავტობუსი მოდის იქ და როცა ვხედავ, დამალვა მინდა. ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! _ ასე შემიძლია შევაფასო, რაც იქ ხდება.

ნახეთ, რას ჰგავს თეთრი ხიდი: ამოტეხილი, გაუბედურებული და კარგად თუ არ დაიხედე ქვემოთ, შეიძლება, რიონში ჩავარდე.

ქუთაისში ნამდვილად ბევრი სახლია ლამაზი და კოხტა, რომელთა დიდი ნაწილი მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ულამაზესი კარებით, აივნებით, ჩუქურთმებით, მაგრამ რად გინდა?! _ ისეა მოუვლელი და მიგდებული, რომ ვერც კი შეამჩნევ, თუ ძალიან არ მოინდომე. ულამაზესი განაშენიანება გვაქვს რიონზე გადმოკიდებული სახლების სახით, რომლითაც მართლა გააკვირვებ ევროპულ ქალაქებს.

_ თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს სახლები კერძო საკუთრებაა და ბიუჯეტი მათ რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.

_ რა კერძო?! რა სისულელეა?! ქალაქის არ არის ეს ყველაფერი? ის კერძო მოსახლე ზურგზე მოიკიდებს და სადმე წაიღებს? განა, თბილისსა და ბათუმში არ იყო კერძო საკუთრება, ნახევარი ქალაქის რეაბილიტაცია რომ მოხდა? განა, ქალაქი არ იხეირებს, თუკი ამ უბნებს ეშველება? უბრალოდ, არ არსებობს ინტერესი, არ ადარდებთ და არ გააჩნიათ ხედვა. მელაპარაკებიან ტურიზმის განვითარებაზე და ანგრევენ, რაც ისტორიულია და მიშენებენ რაღაც კოლოფებს, რომლის ნახვა არც არავის აინტერესებს.

წარმოიდგინეთ, წითელი ხიდიდან ჭომის მიმართულებით რიონისპირა განაშენიანების რეაბილიტაციის შემთხვევაში რას მიიღებს ქუთაისი. ეს არის არქიტექტურა, რომელიც განგვასხვავებს რომისგან, პარიზისგან, ბერლინისგან თუ მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან. ამ ყველაფრის განადგურება დანაშაულია.

თუ ისტორიულ ნაწილს არ მიეხედა, ახლა თავს რომ იწონებენ, მოგვასკდა ტურისტებიო, მეორედ აქეთ გამომხედავები აღარ იქნებიან. არქიტექტურას რომ თავი დავანებოთ, ტუალეტი არ არის ქალაქში. იმ ჩამოსულ ადამიანს რომ მოუნდეს რამე, არადა, ნამდვილად მოუნდება, საათობით დაიწყებს ტუალეტის ძებნას. მინახავს ბევრი ტურისტი, როცა სიმწრისგან დარბიან და ეძებენ გასაცოდავებულად. სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ინფორმაცია, როცა ერთი უცხოელი ტურისტი სხვებს ქუთაისში პამპერსებით ჩასვლისკენ მოუწოდებდა.

რა მიზანმიმართული ქმედებაა ყველა იმ ლოკაციის ასე გაუბედურება, სადაც პოტენციურმა ტურისტმა შეიძლება გაიაროს, არ მესმის!

_ უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კენჭს იყრით ქუთაისის მერის პოსტის დასაკავებლად. რამდენად მართალია ეს?

_ ასე გადაწყვეტილად ნუ ვიტყვით. არის ეს მოსაზრება, მაგრამ ვთქვათ, რომ ჯერ 80%-ითაა ასე. ნამდვილად ვაპირებ ვიყარო კენჭი მერადაც და ვიყო პარტიულ სიაშიც. ვერც იმას ვიტყვი, რომ მარტო გასვლა მოხდება. თბილისში მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბლოკის გაკეთების შესახებ და ვნახოთ, რა იქნება.

_ თუკი მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოგიცხადათ, რა იქნება ის, რასაც გოგი წულაია გააკეთებს?

_ ამ ქალაქს რაც სჭირდება, არის ფუნქციის მონახვა. უნდა გავარკვიოთ, რა იქნება ის, რაც ბიუჯეტში თანხებს შემოიტანს და ქუთაისი გახდება თვითკმარი, რათა არ იყოს თბილისზე დამოკიდებული. ამ ფუნქციის ძებნა პირველი ამოცანა იქნება და ამასთანავე მიმაჩნია, რომ მერის მოვალეობა სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა ბრძოლა თვთმმართველობის გაზრდისთვის. დაუშვებლად მიმაჩნია და დამამცირებელია განსხვავება თბილისელი და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტების ანაზღაურების დროს, როცა სასწრაფო დახმარების თანამშრომელს თბილისში 1500 ლარი აქვს და ქუთაისში 500 ლარად ამუშავებენ. დასუფთავების მუშაკს დედაქალაქში 1000 ლარამდე აქვს, როცა აქ 300-400 ლარამდეა მათი ანაზღაურება. მაპატიეთ ამ შედარებისთვის, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, ვირებივით ამუშავებენ ამ ხალხს. იყო შემთხვევა, როცა ბიულეტენი თანამშრომელს არ გაუნაღდეს, არადა, ძირითადად, იქ მხოლოდ მოხუცები და სოციალურად დაუცველები მუშაობენ. როცა 60 წლის ქალბატონი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს და ბიულეტენს არ გაუნაღდებ და ეუბნები, რას ჰქვია, ავად გახდიო, ამას, ალბათ, ვერავინ მოიფიქრებს, გარდა ქუთაისელი ჩინოვნიკისა.

არ მესმის, რატომ უნდა ითანამშრომლო მეორედ იმ კომპანიასთან, რომელმაც სატენდერო პირობები არ შეასრულა. გული მიკვდება, როცა გამწვანებისთვის ყვავილებს თურქეთში ყიდულობენ. შეიძლება, თავიდან ცოტა ძვირი დამიჯდეს ადგილზე შეძენა, მაგრამ მირჩევნია, აქ განვითარდეს წარმოება, რაც სამომავლოდ აუცილებლად დაარეგულირებს ფასებსაც. განა, აქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებული ადამიანები მეტი არ გვიღირს?

როგორ შეიძლება, არ გაგიჟდე, როცა ცოცხს, რომლითაც მეეზოვეები გაჭირვებით აგროვებენ ნაგავს, იტალიაში ყიდულობენ 100 ლარად! ეს როგორ უნდა აკადრო ქალაქს?! ხარისხიან პროდუქციას შეიძლება ვერ ვქმნით და ვარსკვლავებს ვერ ვეპოტინებით, მაგრამ ცოცხსაც ვერ ვაწარმოებთ საქართველოში, დავიჯერო?

_ როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება არჩევნები ქუთაისში?

_ უკვე დაწყებულია გაყალბება და ყველა ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნები მხოლოდ კონკრეტულ დღეს არ ყალბდება. ეს არის მთელი პროცესი, _ გამოცხადებიდან ბოლო დღემდე. უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ძალიან ბევრ ქუთაისელს მიუვიდა მუნიციპალიტეტებისგან კითხვარი, რომლითაც პრობლემებით ინტერესდებიან. ეს ახლა წინასაარჩევნო თამაში რომ არის, განა ეჭვის შეპარვა შეიძლება? არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაახსენდათ, მოსახლეობას რა უჭირს!

როცა ახალ ვიცე-მერს ნიშნავ, რომელიც აცხადებს, რომ ააიპები სავსეა ადამიანებით, რომლებიც არაფერს აკეთებენ, მაგრამ ახლა რომ გავათავისუფლო, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩამეთვლებაო, ამით ხომ თავადვე აღიარებენ და მიანიშნებენ, რომ ააიპებში დასაქმებულებმა არჩევნებში მათ ხმა უნდა მისცენ. ასეთი განცხადება დაშინებაა, _ თუ ხმას არ მომცემ, სახლში გაგიშვებო! ახლა რომ გაახსენდა მურღულიას ანგარიშების ჩაბარება და უბან-უბან სიარულს გეგმავს, ეს ხალხის მოტყუება არ არის? ჩაებარებინა ანგარიში 6 თვეში, თუ არადა, ერთ წელიწადში ერთხელ მაინც. დრო არ ჰქონდა ამისთვის? თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, „ქართული ოცნების“ მესვეურთ და მას ვუთხრა: საღოლ, ჯიგრებო, მშვენიერი წინასაარჩევნო ტრიუკია, მაგრამ გამოდით, გიცანით!

ხვიჩა ვაშაყმაძე