„ქვეყნის სახეა, თუ როგორ უვლის იგი პენსიონერებსა და ფსიქიკურად დაავადებულებს“

o9

ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, სადღეისოდ, რა მდგომარეობა გვაქვს? რამდენად პასუხობს სახელმწიფო თავისი სერვისებით არსებულ გამოწვევებს? კონკრეტულად ბედიანის კლინიკა რა პრობლემების წინაშე დგას? არსებული რესურსების გათვალისწინებით რა შედეგები აქვს კოლექტივს მკურნალობის პროცესში? რამდენად ხშირია პაციენტების უკან დაბრუნება? როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა?

 

„ქრონიკა+“ ფსიქიატრიის დარგში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორს, ავთო ვანაძეს:

_ ბატონო ავთო, ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს?

_ ჩვენი კლინიკის გადასახედიდან, დაავადების შემთხვევათა ზრდა არცთუ დიდია, მაგრამ პირველადი ავადმყოფობების გარკვეული მატებაა.  რომ გითხრათ, ეს სურათი კატასტროფულია, კონტექსტიდან და საზოგადოების საერთო განვითარების სურათიდან ამოვარდნილია-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის. ამას ჩემი კლინიკისა და რეგიონის გადმოსახედიდან გეუბნებით. წინა წლებთან შედარებით, შეიძლება, ადამიანები უფრო განათლებულები გახდნენ და ფსიქიატრებთან ვიზიტიც უფრო ხშირია. ადამიანები ამ ყველაფერს უფრო ნაკლებად მალავენ.

_ პირველად გამოვლინებებში რას გულისხმობთ?

_ მოგეხსენებათ, ფსიქიკური აშლილობა, მისი დიაგნოზების დიდი რაოდენობა ქრონიკულია. სამწუხაროდ, ასეა. პირველადს ჩვენ იმას ვუწოდებთ, როდესაც ადამიანს არ აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის არც სიმპტომატიკა, არც ობიექტურ-სუბიექტური ნიშნები და გამოვლინდება, _ ასეთმა შემთხვევებმა იმატა. შესაბამისად, ამას საზოგადოების განათლებას ვუკავშირებ. უფრო განვითარდა ეს პროცესი, მეტი ურთიერთობაა ინტერნეტსივრცეში და ა. შ. შედეგად, მოუხშირეს ფსიქიატრებთან ვიზიტს და ვფიქრობ, ყველაფერი ამის ხარჯზეა. ხოლო იმას, რომ რაღაცის გამო მოიმატა ფსიქიკურმა დაავადებამ, ვერ დავადასტურებ. ასე ნამდვილად არ არის.

_ განათლების როლი ახსენეთ…

_ ადამიანები მიხვდნენ, რომ ჩაკეტილობა, კუსტარული მკურნალობა დაუშვებელია. რაღაც ინდივიდუალიზმი უკვე გამორიცხეს და მიხვდნენ, რომ ფსიქიატრის დახმარება აუცილებელია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამას მოსახლეობა უფრო მიხვდა, ვიდრე ის, ვინც უნდა მიხვდეს და უფრო დააფასოს ფსიქიატრის მუშაობა.

_ რამდენად პასუხობს სახელმწიფო თავისი სერვისებით არსებულ გამოწვევებს? კონკრეტულად თქვენთან რა პრობლემების წინაშე დგახართ?

_ აბსოლუტურად ყველა კლინიკა ერთსა და იმავე პრობლემურ მდგომარეობაში იმყოფება.

პირველი პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ფსიქიატრიულ სივრცეში, ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში როგორც ექიმზე, ასევე ექთანზე ყველაზე მაღალი ხელფასებია (ვსაუბრობ შესაბამისობაზე სხვა კლინიკებთან შედარებით, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს და არა ის, რომ ყველაზე გამორჩეულები ვართ. უბრალოდ, ჩვენ შედარებით ნაკლები ხარჯი გვაქვს), დარგში მომუშავეების სახელფასო ანაზღაურება მაინც ძალიან მწირია. არანაირი შეღავათები არ არის; თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი კლინიკა, საბედნიეროდ, მაღალმთიან რეგიონში მოხვდა და ექიმებსა და ექთნებს ის გარკვეული მიზერული შეღავათები შეეხო, თორემ ფსიქიატრიას, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ და მძიმე პროფესიას, სხვა მედიცინის დარგებთან არანაირი განსხვავება არ აქვს. გარდა ამისა, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც მარტო მე კი არა, „სიპიტმაც“, სახალხო დამცველმაც კრიტიკული ყურადღება გაამახვილა. ამ თემას უამრავი გადაცემა მიეძღვნა, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. ეს საერთოდ შეუსაბამოა ადამიანის სტანდარტთან, ევროსტანდარტებზე აქ საუბარიც არ არის.

_ საშუალოდ თქვენთან ანაზღაურება როგორია?

_ დატვირთვიდან გამომდინარე ძალიან მიზერულია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ექიმის დარიცხული ხელფასი 1500 ლარია; ექთნის დარიცხული ხელფასი 700-800 ლარია, მორიგი ექთნის, რომელიც ოთხ დღეში ერთხლ მორიგეობს, 300 ლარია და სანიტრის ხელფასი 450-ლარამდეა…

_ რამდენადაც მესმის, თქვენთან დატვირთვა გაცილებით მეტია…

_ ძალიან დიდი დატვირთვაა. ეს განსაკუთრებით ექიმებსა და ექთნებს ეხება, რომლებსაც დიდი ჯაფა ადგათ. როგორ შეიძლება, ერთ ფსიქიატრს 30 და 40 პაციენტი ჰყავდეს? ეს მარტო ჩემს კლინიკას არა, სხვებსაც ეხება. აქ ხშირად 50 და 60 პაციენტზეა საუბარი. ფსიქიატრის მოვალეობაა პაციენტთან ურთიერთობა, კონტაქტი, მასთან მუშაობა. იგივე პრობლემაა თითქმის ყველა კლინიკაში, აქ დიდ დაწესებულებებზეა საუბარი, ქალაქგარე კლინიკებზე.

_ უფრო საიდან მოდიან თქვენთან პაციენტები? აქ გეოგრაფიასაც ვგულისხმობ…

_ ჩვენთან ყველა კუთხიდან მოდიან პაციენტები, მაგრამ უფრო ქვემო ქართლსა და კახეთს ვემსახურებით. ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთიდან. ეს იმანაც განაპირობა, რომ ნინოწმინდიდან წალკამდე გზა გაკეთდა.

გარდა ამისა, ცოტა რომ დავიტრაბახოთ, ხომ შეიძლება?

_ თქვენთვის შეიძლება…

_ კლინიკის ავტორიტეტისა და რეიტინგის გათვალისწინებითაც მოდიან ჩვენთან პაციენტები, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამას თვითონ პაციენტები და დისპანსერის მთავარი ექიმებიც დაგიდასტურებენ.

_ როგორ უნდა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, თქვენ ამისთვის რა გზებს ხედავთ?

_ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოჰყვება ფსიქიატრიულ სფეროში გაუმჯობესებაც. არ მახსოვს გამოთქმის ზუსტი ფორმულირება, მაგრამ დაახლოებით ასეა, _ ქვეყნის სახეა, თუ როგორ უვლის პენსიონერებსა და ფსიქიკურად დაავადებულებს. ამიტომ დღევანდელი ეკონომიკური გამოწვევები რაც არის, დარგიც ამ ყოფაშია. ახლა ხელისუფლების მეხოტბედ არ ჩამთვალოთ, რადგან დროშას მოყოლილი მთავარი ექიმი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის პირობები, რაც ქვეყანაშია და ეკონომიკური გამოწვევებია, მასთან შესაბამისობაშია დღევანდელი ფსიქიატრიის დარგიც.

უკეთესი იქნება, თუ, ელემენტარულად, არსებულ ფასებთან მიმართებით მაინც გაიზრდება დაწესებულების დაფინანსება, თორემ ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ ახლავე ჰოლანდიისა და გერმანიის ტიპის ფსიქიატრიულ დაწესებულებას შევქმნით. დღეს ღარიბი ქვეყანა ვართ და ამ პრობლემას ნამდვილად სახელმწიფოებრივად ვუყურებთ. მაგრამ ასეც არ შეიძლება, ღარიბი ქვეყანა ვართო ვიძახოთ და ფსიქიატრების ბეჭებზე გადაიაროს ამ ყველაფერმა. დღეს ექიმების საშუალო ხელფასთანაც ვერ მიდის ფსიქიატრების შრომის ანაზღაურება, სამწუხაროდ ასეა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მაინც, ასე თუ ისე, ფსიქიატრთან ურთერთობას პაციენტი გაურბის და იმის აღიარებას, რომ მასთან იყო. საზოგადოების ზეწოლაც ნაკლებია ხელისუფალზე, რომ ამ დარგს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.

_ არსებული რესურსების გათვალისწინებით, რა შედეგები გაქვთ კოლექტივს იგივე მკურნალობის პროცესში?

_ შედეგი ის არის, რომ რეიტინგიდან გამომდინარე, დაწესებულება 100 საწოლიდან 150 საწოლამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სიშორის მიუხედავად, ავადმყოფთან დენადობა არის. ამას ნამდვილად არ ვუჩივით. პირიქით, ჩვენ გვსურს, სტაციონარის უფრო დიდი სივრცე დავტვირთოთ. სამწუხაროდ, არსებული ინფრასტრუქტურა ხელს არ გვიწყობს.

საერთოდ, შედეგზე საუბარი ძნელია, როდესაც სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს, ან ძალიან აბსურდული სახითაა. ამ რეალობის გათვალისწინებით სრულფასოვანი პეიზაჟის შექმნა შეუძლებელი ხდება. ამიტომ თქვენ რომ შვლის ნუკრი გაზარდოთ და ჯუნგლებში გაუშვათ, მას პირველივე შემხვედრი შეჭამს. როდესაც აქ ადამიანს მდგომარეობიდან გამოვიყვანთ, სოციუმთან ადაპტაციისთვის მაქსიმალურად მოვამზადებთ და ე. წ. ჯუნგლების საზოგადოებაში ვუშვებთ, სწორედ შესაბამის შედეგს ვიღებთ.

აქ მოვარჩენთ ცუდი ნათქვამია, მდგომარეობიდან გამოგვყავს, მივაღწევთ რემისიას, იმ მდგომარეობას, რომ პაციენტი შეიძლება საზოგადოებას დაუბრუნდეს; მიდის… საზოგადოება, სამწუხაროდ, მას ცოტა შიშითა და დაზაფრვით უყურებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ტელეგადეცემებს, სადაც საუბარია, რომ ფსიქიკურად დაავადებულმა აქ ის მოკლა, აქ ეს გააკეთა და ა. შ. ხაზგასმა კეთდება, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ეშინია საზოგადოების ნაწილსაც, ვერ გაამტყუნებ. იწყება აგრესია, ავადმყოფის პროვოცირება, მას არანაირი დაცვა არ გააჩნია, პრაქტიკულად, არანაირი სოციალური სამსახურები არ მოქმედებს და ა. შ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ძირითადად, პიარზე არიან გადასულები და ავადმყოფის რეალურად მიხედვაზე არანაირი ორიენტაცია არ აქვთ. ამიტომ ეს პაციენტი ისევ სტაციონარში ბრუნდება. ანუ სახელმწიფოს პაციენტი გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების სტაციონარული სერვისების განვითარება დაუჯდებოდა. ის ისევ სტაციონარში ბრუნდება დანგრეული, გაუბედურებული… არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ჩვენ არ ვიცით, პაციენტი სად გავწეროთ. მას სტაციონარს გარეთ ვინმე დამცველი არ ჰყავს. რეალურად, ასეთი მდგომარეობაა, თორემ ისე ტელევიზიით, იცოცხლეთ, რეკომენდაციები და ჭკუის დარიგება მათი გამოგონილია.

_ აქედან გამომდინარე, ხშირია პაციენტების უკან დაბრუნება?

_ ძალიან ხშირია. სტაციონარების ასეთი გადატვირთულობა (ფსიქიატრიულ დაწესებულებებზეა საუბარი) იქიდან არის გამოწვეული, რომ ამ ხალხს, უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვს. ვიმეორებ, სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს. რაც არის, ისიც ძალიან გაუკუღმართებული და უშედეგოა. ყბადაღებული ე. წ. მობილური ჯგუფები, რომელიც ევროპიდან აიღეს, ძალიან ძვირადღირებული სერვისია. აი, ამ ძვირადღირებული სერვისით შეიძლება გააძლიერო ამბულატორია, სოციალური სამსახურები, ტრენინგები ჩაუტარო, რომ ელემენტარული უნარები გამოუმუშავდეთ იმისთვის, რომ ამ ხალხს შეეძლოს, თავი დაიცვას საზოგადოების აგრესიისგან, იმ დიდი სტიგმისგან, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე არსებობს.

_ გამოსავალი სად არის? მარტო სახელმწიფომ კი არა, მთლიანად საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რომ ამ სფეროში ვითარება გაუმჯობესებისკენ წავიდეს?

_ აქ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ და ამის თქმის უფლებას, ალბათ, ჩემი პრაქტიკაც მაძლევს. უნდა გაიზარდოს საზოგადოების განათლება და არა ჭკუის დარიგება; სახელმწიფოს შესაძლებლობებით ამბულატორიული ქსელი უნდა განვითარდეს, უნდა გამარტივდეს ურთიერთობები თუნდაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სახელმწიფოსთან. არ შეიძლება, მეც, ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რომელიც სულს ღაფავს (ფინანსური კუთხით), იგივე მოთხოვნა დამიწესოს სახელმწიფომ საგადასახადო თუ სხვა მხრივ, როგორც უწესებს შპს რკინიგზასა და შპს აეროპორტს, რომლებსაც ეკონომისტებისა და იურისტების მთელი კასკადის დაქირავება შეუძლიათ.

მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ კოლექტივებთან დალაპარაკება და სააქციო საზოგადოებად გადაკეთება უნდა მოხდეს. ამით კოლექტივს უფრო მეტი დაინტერესება ექნება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებს ისე უყურონ, როგორც კერძო საკუთრებებს; მესამე: ალბათ დაწესებულებები ნაწილობრივ სახელმწიფო დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდნენ და მათი განკერძოება მოხდეს; ამ გზით ინვესტორები დაინტერესდებიან, თორემ აქ სხვა გამოსავალი საეჭვოა, რომ იყოს.

_ მთავრობას აქვს შესაბამისი ნება, რომ ზემოაღნიშნული ნაბიჯები გადადგას?

_ ნამდვილად აქვს ამის ნება და რესურსი. მე ახლა ასევე ასოციაციის ბორდის წევრი ვარ და იყო მუშა შეხვედრები, ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ინვესტორების მხრიდან გამოხმაურებები. რასაკვირველია, ჩვენი კრიტიკის შემდეგ რამდენიმე ინვესტორის წინადადება დაწუნებულ იქნა, რადგან უკეთესს არ გვთავაზობდნენ. პირიქით, გაუარესებისკენ იყო მიმართული. მათი აზრი მხოლოდ მოგებაა და არა პაციენტზე ორიენტაცია. მოკლედ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ხედვაც გამომუშავებული აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს, როგორც ყველაფერი, თაროზე შემოდებული არ დარჩება. თუმცა ძალიან ცუდი რამ უნდა ვქთვა: მე ვერ ვხედავ ამ გეგმის განვითარების სწორი მიმართულებით წინსვლას. ჯერჯერობით, ასეა და იმედს არ ვკარგავ, რადგან დღეს სახელმწიფოსგანაც და ჩვენგანაც მოტივაცია დიდია.

 

 

                                                                                                                    გელა მამულაშვილი