„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია წელის ზომაზე მოირგო

„ოცნების “არჩევნები

„ოცნების“ ტელევიზიები

საქართველოს კონსტიტუცია ზუსტად მათი წელის ზომაზეა გამოჭრილი. მასში ზუსტად ისეთი რამე-რუმეებია ჩაწერილი, რაც მეოცნებეების ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენას შეუწყობს ხელს.

 

საქართველოს პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარის პირადი ოცნებაც ასრულდა და მისი დისერტაცია ქვეყნის მთავარ კანონად იქცა. ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის დისერტაციის მთავარი თემა საქართველოში პოლიტიკური პარტიების დასუსტებით, პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება გახლდათ. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავად ავტორი პარტიების განადგურებასა და გაქრობას, თავის ნაშრომში, მათ გაძლიერებას უწოდებს.

ოცნება აუსრულდათ საპარლამენტო „მუქთახორებსაც“. კახა ოქრიაშვილსა და მის „მაჟორ-კამანდას“ შეუძლიათ მშვიდად იძინონ, _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისინი კვლავ საჭირო იქნებიან მმართველი პარტიისთვის, როგორც დაუმსახურებელი მანდატების მყიდველები თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში. თან რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია, მაჟორიტარული სისტემა იყოს შენარჩუნებული, თორემ ხელისუფლებებს ისევ წინდებივით გამოიცვლიან. აგერ, ბატონო, თავად ოქრიაშვილი ამის საუკეთესო მაგალითია. შევარდნაძის მაჟორიტარი ხომ იყო? _ იყო! შემდეგ მიშას მაჟორიტარი ხომ იყო? _ იყო! ახლა ბიძოს მაჟორიტარიც ხომ არის? _ არის! ჰოდა, ეგრე, ვინც არ უნდა მოვიდეს ხვალ, მთავარია, ყველაფრის მკადრებელი ადამიანები სჭირდებოდეს და იმისი მაჟორიტარიც იქნება.

ისე, სიმართლე უნდა ითქვას და მუქთახორა მაჟორიტარების მოხვეტაში, „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნამდვილი რეკორდი დაამყარა: 73-დან 73 მაჟორიტარი ჩაიდო ჯიბეში. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ ჩაუდენია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არც ერთ ხელისუფლებას არ უკადრია, კომუნისტური პარტიის გარდა, რა თქმა უნდა…:)

მაჟორიტარების 100%, _ ეს ლეგენდარული შედეგია და ძალიან გთხოვთ, ახლა, არ მითხრათ ვინმემ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მაჟორიტარია, სიმონ ნოზაძე კი ხაშურის მაჟორიტარად „მრეწველებმა“ გაიყვანესო. როგორც იტყვიან, არც ერთი იყო დამოუკიდებელი და არც მეორე „მრეწველი“, ორივე ბედკრული „ქართული ოცნების“ ნაშვილები იყვნენ და დღემდე არიან… როგორც ჩანს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც იქნებიან.

საერთოდ, მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში განსაკუთრებული ფენომენია. ესაა კანონმდებელთა ის იშვიათი კასტა, რომელიც არათუ კანონზე არასდროს მუშაობს, კანონებს არც კითხულობს. ან რად უნდა კანონის წაკითხვა? _ ისინი ხომ პარლამენტში მაგისთვის არ შეუყვანია ხელისუფლებას. რომელი კანონების კითხვაზეა საუბარი, როცა მაჟორიტართა აბსოლუტური უმრავლესობა არც კი დადის პარლამენტში. მათი აზრით, ეს არ ევალებათ და თუ მაინც აუცილებელია მისვლა, მაგალითად, საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრისთვის, ან ვეტოს დასაძლევად, მაშინ პატივს დასდებენ საკანონმდებლო ორგანოს და გაიხსენებენ, რომ ხალხის „რჩეულები“ არიან. ბევრ მათგანს არც აინტერესებს, რისთვის დაუძახეს, ან რას უნდა მისცეს ხმა. სულ არ ადარდებთ, რა წერია იმ კანონპროექტში. მათ ეს კითხვები არ აწუხებთ. არადა, რომ ჰკითხოთ, რატომ არ დადიხართ პარლამენტში, ეს ხომ თქვენი სამსახურია და ხალხმა იმიტომ აგირჩიათ, რომ კანონები წეროთო, იცით, რას გიპასუხებენ? _ ჩვენს მაჟორიტარულ ბიუროებში ვსხედვართ და მოსახლეობას ვხვდებითო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი რაიონის მაჟორიტარი თვალით არ უნახავს. არათუ პირადად არ უნახავს, საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი.

რაც შეეხება ამ მაჟორიტარულ ბიუროებს, ეს კიდევ ცალკე თემაა, თან ძალიან ფულიანი და საინტერესო: თითოეული მაჟორიტარის ბიურო, ანუ წარმომადგენლობა იმ რაიონებშია განთავსებული, რომლებსაც ეს მაჟორიტარები წარმოადგენენ. მათი ფუნქცია, მარტივად რომ ავხსნათ, არის მაჟორიტარი დეპუტატის თავის ამომრჩეველთან ურთიერთობა, ანუ ეს არის ადგილი, სადაც ამა თუ იმ რაიონის მცხოვრებს თავისი რაიონის მაჟორიტარის ნახვის საშუალება უნდა ჰქონდეს, თუნდაც, ათასში ერთხელ.

იმისთვის, რომ მაჟორიტარებს მოსახლეობასთან შეხვედრის არეალი ჰქონდეს, სახელმწიფო ბიუჯეტი თითოეულ მათგანს თვეში 5 ათასი ლარით აფინანსებს. აი, ყველაზე საინტერესო ამბავი აქ იწყება. მივყვეთ მარტივ არითმეტიკას: 73 მაჟორიტარი გამრავლებული თვეში 5 ათას ლარზე ესაა 365 ათასი ლარი თვეში. გადავამრავლოთ ეს 12-ზე და გამოვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველწლიურად, მაჟორიტარებს 4 მილიონ 380 ათას ლარს ჩუქნის!

ჩუქნის-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ როგორც გითხარით, ყველა სოციოლოგიური კვლევის (ქართული თუ უცხოური) მიხედვით, ამომრჩეველთა 80%-მა საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. ე. ი. არც იმ 5000-ლარიან ბიუროში არიან ნამყოფები. თითქოსდა მცირე დეტალია, მაგრამ კი ხედავთ, რამხელა ელიტურმა კორუფციამ ამოყო თავი.

ცინიზმის კულმინაციაა, როდესაც მაჟორიტართა უსტაბაში კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის დაცვას იწყებს ხოლმე. იგი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ, აქვს თუ არა მას მოსახლეობის მხარდაჭერა, ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოახდინოს და ერთპარტიულად მართოს ქვეყანა. როგორც ეს ქართული პოლიტიკის „გენიოსი“ გვიმტკიცებს, რომ არა ერთი პარტიის ხელში მოხვეჭილი ძალაუფლება, ქვეყანა თავზე დაგვენგრევა და ისეთივე კრიზისში ჩავვარდებით, როგორიცაა ფინეთში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ესპანეთში… დიახ, დიახ, არაფერი შემშლია, სწორედ ამ ქვეყნებს მოიხსენიებს ბატონი ოქრიაშვილი, როგორც კრიზისულს. გეთანხმებით ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ იხილოთ მარადიული მაჟორიტარის, ბატონ კახაბერ ოქრიაშვილის ნაშრომი: „მსოფლიო საარჩევნო სისტემები (შედარებითი ანალიზი)“. ეს ნაშრომი მან საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დაურიგა, რითაც შეეცადა, ყველა დაერწმუნებინა, რომ მაჟორიტარული სისტემა უმჯობეს არს პროპორციულისა.

რა თქმა უნდა, ეს „დილეტანტის ნააზრევი“ სასაცილოდაც არ ეყო არავის, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრთა არგუმენტებს თუ დააკვირდებით, რომლითაც ისინი სატელევიზიო გამოსვლებისას იცავენ მაჟორიტარულ სისტემას, აღმოაჩენთ, რომ ბევრი მათგანის სამაგიდო წიგნი სწორედ ოქრიაშვილის ბროშურაა.  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა არგუმენტები ორი სახისაა:

ერთი ის, რომ, თურმე, ქართველი ერი და ამომრჩეველი ჯერ ვერ გაიზარდა იმ დონემდე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის სიღრმეებს ჩასწვდეს. დიახ, დიახ, ჩვენი იდეურ-პოლიტიკური დონე მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის დონეს აკმაყოფილებს, პროპორციულისას _ ჯერ ვერა. ქართველ ერს, მინიმუმ, შვიდი წელი კიდევ გვინდა, რომ იდეურ-პოლიტიკური დონით დავეწიოთ პროპორციული სისტემის მქონე კამბოჯას, შრი-ლანკას, ალბანეთს. აღარ ვსაუბრობ ისეთ „კრიზისულ“ ქვეყნებზე, როგორიცაა შვეიცარია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია და ა. შ. _ ქვეყნებს, რომლებსაც პროპორციული საარჩევნო სისტემა აქვთ და განვითარებული დემოკრატიის მაგალითს წარმოადგენენ.

მეორე ის, რომ მეოცნებეების მტკიცებით, ქართველ ერს არ შეუძლია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, ამიტომ სახელისუფლებო პარტიამ მაჟორიტარების მეშვეობით ყოველთვის უნდა მიისაკუთროს უმრავლესობა და ოქრიაშვილი მუდამ უნდა იყოს მუქთახორა მაჟორიტარი. ლოგიკაა განსაცვიფრებელი, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ლოგიკით მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, ამ ლოგიკას გვტენიან ყოველდღე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თავისი კონტროლირებადი ტელევიზიებით.

მთელი ერი ცხრა წელი უკიდურეს პროტესტს გამოთქვამდა, რომ ყველა ნაციონალურ ტელევიზიას „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებდა. მთელმა მსოფლიომ შეაქცია ზურგი იმდროინდელ ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის სპეცრაზმებით განადგურების გამო. საბოლოო ჯამში, ასეთმა ქმედებებმა დააკარგვინა მათ ძალაუფლება.

სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ტელევიზიები, რომლებსაც სააკაშვილი სპეცრაზმით იპყრობდა, ივანიშვილმა ფულით იყიდა. მაყურებლისთვის კი შედეგი ერთია: ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და ხელისუფლების პრესცენტრებად ქცეული საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და „მაესტრო“.

იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი იმედი გაეჩუმებინა, წინა ხელისუფლებას მისი შტურმით აღება მოუწია, ივანიშვილმა კი ეს ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ყიდვით მოახერხა. საინტერესოა, როგორ მოეწონებოდა ბადრი პატარკაციშვილს მის მიერ დაფუძნებული ტელევიზია, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში რომ ეხილა? ასევე ძალიან საინტერესოა, რა თანხად იყიდა ივანიშვილმა ტელევიზია, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა 300 მილიონად არ დაუთმო სააკაშვილს?.. ასევე საინტერესოა, როგორ მოუწონებდა პატარკაციშვილი თავის მეუღლესა და ბიზნესპარტნიორ რუხაძეს, ოპოზიციისთვის ეთერი რომ დაებლოკა და ხელისუფლებისთვის „მახროვი“ პროპაგანდა ეკეთებინა? მაშინ, როცა ბადრის დროინდელი „იმედის“ ეთერი ოპოზიციისთვის ყოველთვის ღია იყო, დღეს კი ამ არხზე არათუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აღარ აჭაჭანებენ, მერობის კანდიდატებსაც კი დებატებიდან ხსნიან.

„იმედისგან“ განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დასათრევად ივანიშვილს ჯიბეზე ხელის გაკვრაც არ დასჭირვებია. ეს ტელევიზია როგორც იყო სახელისუფლებო ელიტის „კარმუშკა“, ასევე დარჩა. აბა, სხვაგვარად, იქნებ, ვინმემ ახსნას, 50-მილიონიანი დაფინანსების მქონე ტელევიზიამ აპარატურის შესაძენად თანამშრომლები რატომ უნდა გაყაროს სამსახურიდან და მათი მწირი ხელფასების გამოთავისუფლებით არხის  ბიუჯეტი რატომ უნდა შეავსოს? შედარებისთვის გეტყვით: იგივე ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, როცა „ტელეიმედი“ ყველაზე მაღალრეიტინგული და ძვირადღირებული ტელევიზია იყო, მისი წლიური ბიუჯეტი 12 მილიონ ლარს არასდროს ასცილებია. იქნებ, ოდესმე ვინმემ გააგებინოს ქართველ გადასახადის გადამხდელს, რატომ ღირს ის ნაგავი, რაც საზოგადოებრივ არხზე კეთდება, 50 მილიონი და რატომ ვიხდით ამდენ ფულს იმაში, რომ ამ არხს არავინ უყუროს?!! რა თქმა უნდა, ყველა გადაცემას ეს არ ეხება, მაგრამ 90%-ში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით.

ცალკე საუბრის თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი. უფრო ზუსტად, ყოფილი მე-2 არხი. ეს იყო ერთადერთი საშუალება ოპოზიციისთვის, ყოველგვარი კონიუნქტურისა და მიჭრა-მოჭრის გარეშე მიეტანა თავისი სათქმელი მაყურებლამდე. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მე-2 არხი არის უნიკალური და ძალიან წარმატებული პროექტი. წარმატებული არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური პლურალიზმისა და ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში. ეს კი ნებისმიერ ფულზე ძვირი ღირს.

მე-2 არხის დაფინანსება 50-მილიონიან საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 მილიონიც კი არ უჯდებოდა. თუმცა ივანიშვილის რეფორმას პირველი ის შეეწირა სწორედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ჯიბეში აღმოჩენილი ტელეკომპანიების ფონზე, ეს მე-2 არხი, თავისი მიუკერძოებელი პროექტებით, ნამეტანი ოპოზიციურად გამოიყურებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, საზმაუს ხელში ჩასაგდებად ივანიშვილს ფული არ დაუხარჯავს, ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა თავისი ხელის ბიჭის, ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა, რომელმაც, როგორც დიდმა მედიარეფორმატორმა, ჯერ მთელი მაუწყებლის ერთი წლით გაჩერება დააანონსა, საბოლოოდ კი მე-2 არხის დახურვით და პოლიტიკურად არასაიმედო თანამშრომლების სამსახურებიდან გამოყრით დაკმაყოფილდა. რაც მთავარია, საზმაუ, რომელსაც პირველად გაუჩნდა შანსი, რაღაცას დამსგავსებოდა, კვლავ სახელმწიფო ტელევიზიად დარჩა. „კარმუშკა“ კი ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. თუ წელს მაუწყებლის ბიუჯეტი 43 მილიონი იყო, მომავალი წლიდან ის 50 მილიონს გადააჭარბებს. შემდეგ კიდევ უფრო მეტი იქნება და ა. შ.

და მაინც, ყველაზე გულსატკენი ტელეკომპანია „მაესტროს“ ბედია. ტელევიზია, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ყველა წინაპირობა ჰონდა, მინიმუმ, მეორე ყოფილიყო ყურებადობით, ისე დაანგრიეს და გამოშიგნეს, პულსი აღარ ესინჯება. გახსოვთ, ალბათ, როგორი რიხით იბრძოდნენ ძმები „გრეჩიხები“ „მაესტროს“ ხელში ჩასაგდებად. მათი ბრძოლის მთავარი ბერკეტიც ფული იყო, ოღონდ არა თავისი, ივანიშვილის ფული, რასაც, სიმართლე უნდა ითქვას, გაჩეჩილაძეები არც მალავდნენ. მაკა ასათიანისთვის და კოტე გოგელიასთვის „მაესტროს“ წართმევას „გრეჩიხები“ იმით ამართლებდნენ, რომ ტელევიზიის მესამე ადგილი არ აკმაყოფილებდათ და ირწმუნებოდნენ, რომ მათ ხელში „მაესტრო“ ქართულ მედია ბაზარზე ლიდერი გახდებოდა. გაგახსენებთ ლევან გაჩეჩილაძის ფრაზას, რომელსაც ის ტელევიზიასთან დაკავშირებული ბატალიების დროს ყოველდღე იმეორებდა: „ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები „რუსთავი 2“-დან „მაესტროზე“. „რუსთავი 2“-ის რეიტინგს უნდა ვაჯობო“, _ ხომ ვერ მეტყვით ვინმე, სადაა „მაესტროზე“ გადმორთული ქართველი მაყურებელი?(?!!) აი, „მაესტროდან“ გადართულს კი ბევრს იპოვით.

უყურებ დღევანდელ „მაესტროს“ და ხვდები, რომ ამ ტელევიზიის რეიტინგი კი არ ადარდებდათ „გრეჩიხებს“, არამედ მთავარი იყო არხის ხელში ჩაგდება, რომ მისი საინფორმაციო პოლიტიკა შემთხვევით ოპოზიციური ელფერის არ გამხდარიყო. რის რეიტინგი? რა რეიტინგი? ამხელა ტელევიზია მიწასთან გაასწორეს: გადაცემები დახურეს ისე, რომ არაფერი სანაცვლოდ არ გააკეთეს; შენობა, რომელსაც წლები არემონტებდნენ, „მაესტროს“ წაართვეს და არხის მთელი კოლექტივი „ტელეიმედის“ ერთ პატარა ოთახში შეკუჭეს, მიუგდეს ყველაზე პატარა სტუდია და ისიც არ უთხრეს, რა კონცეფციით უნდა იმუშაონ. მოკლედ, ყველაზე მზარდი რეიტინგისა და პერსპექტივის მქონე არხი, რომელსაც შანსი ჰქონდა, თავისი მიუკერძოებლობით მედია ლიდერი გამხდარიყო, ძმებმა „გრეჩიხებმა“, ბიძინა ივანიშვილის ფულით, ჯერ დაითრიეს და შემდეგ „ჯიგრულად“ გაანადგურეს.

ნაციონალური მაუწყებლები 80-იანი წლების „ვრემიას“ რომ დაემსგავსნენ, ეს არაკონკურენტული და უსამართლო საარჩევნო გარემოს მხოლოდ ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია იმისთვის კი არ მოირგო ტანზე, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნას, არამედ იმისთვის, რომ ეგ გარემოც მასზე იყოს მორგებული. აი, ამ „ოცნებაზე“ მორგებული წინასაარჩევნო გარემოს რამდენიმე ნათელი მაგალითი:

ადმინისტრაციულ რესურსს ყველა ხელისუფლება რომ იყენებდა ყველა არჩევნების წინ, კარგად მოგვეხსენება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს კანონის დარღვევაა, ყველა ხელისუფლება, შეძლებისდაგვარად, ასეთ ფაქტებს მალავდა. „ოცნებამ“ ყველას გადაუჯოკრა და ადმინისტრაციულ რესურსს ღიად და დაუფარავად იყენებს. მაგალითად: სკოლის მასწავლებლების დავალებით სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე „ოცნების“ პარტიული დროშები უჭირავთ ხელში; სააგენტოების ხელმძღვანელები პედაგოგებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შეგროვებას ავალებენ; არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მერიამ ბიუჯეტის სახსრებით დაამზადა კლიპი, სადაც საუბარია ხელისუფლების განხორციელებულ პროექტებსა და ა.შ.;

დაფიქსირდა ძალიან საინტერესო ფაქტები რელიგიური რესურსის გამოყენების თაობაზე; ჯერ იყო და ადიგენში მმართველი პარტიის შტაბის უფროსი ადგილობრივებს აიძულებდა, ყურანზე დაეფიცათ, რომ „ოცნებას“ მისცემდნენ ხმას, მერე კი უფრო შორს წავიდნენ და მაღალმთიან აჭარაში პირდაპირ ერთ-ერთი მეჩეთის იმამი დააყენეს მაჟორიტარად.

თუმცა ადმინისტრაციულ და რელიგიურ რესურსს ვინღა ჩივის, როცა ხელისუფლებამ მთელი თავისი ძალოვანი რესურსი ოპოზიციონერი კანდიდატების წინააღმდეგ მიმართა. ამ დროისთვის, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის გზით, კანდიდატურა მოხსნა მერობის 21-მა და მაჟორიტარობის 196-მა ოპოზიციონერმა კანდიდატმა.

ჩვენ კი რაღაც არჩევნებზე ვლაპარაკობთ. შაბათს კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არჩევნებით საქართველოში ხელისუფლება ვეღარ შეიცვლება.