ქართული მატყლის პერსპექტივა

საქართველოს მარავალფეროვანი ბუნება სხვადასხვა სფეროს განვითარების დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. მატყლის წარმოებით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები ასახელებს, თუმცა სადავო აღარ არის, რომ მაღალმთიანეთს ნაკლები ყურადღება ექცევა, ამდენად მატყლიც იმ დოზით ვერ იწარმოება, რის საშუალებასაც, რეალურად, არსებული რესურსი გვაძლევს. სახელმწიფო ხელშეწყობისა და დაინტერესების გარეშე მეცხვარე ბევრს ვერ შეძლებს.

მატყლთან და მეცხვარეობასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველო განებივრებულია რაიმე პროფესიული კავშირების არსებობით. ეს ის საკითხია, რომელიც გარკვეულ ბიძგებს საჭიროებს. მატყლის, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქციის ექსპორტი, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენის მომხდენია.

ზაურ კულიევი _ ქართული მატყლის კომპანიის ხელმძღვანელი: „ქართულ მატყლზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე ჩვენი მატყლი დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში გადის. შარშან, მთლიანობაში, ოთხი კომპანია მუშაობდა და ათას ტონაზე მეტი მატყლი გავიდა ექსპორტზე“.

წლების მიხედვით მატყლის წარმოება არცთუ ისე დიდი რიცხობრივი სხვაობით მიმდინარეობს. 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
2006 წელს იწარმოა 2,0 ათასი ტონა მატყლი;
2007 წელს მაჩვენებელმა 2,2 ათასი ტონა შეადგინა;
2008 წელს _ 1,9 ათასი;
2009 წელს _ 1,8 ათასი;
2010 წელს _ 1,7 ათასი;
2011 წელს _ 1,7 ათასი;
2012 წელს _ 1,6 ათასი;
2013 წელს _ 1,6 ათასი;
2014 წელს _ 2,1 ათასი;
2016 წელს 2.0 ათასი ტონა მატყლი იწარმოა.

გია ხადილაშვილი _ შპს „ჯორჯიან ვულის“ დირექტორი:
„ქართულ მატყლზე მოთხოვნა მცირდება. ჩვენი მატყლი გადის ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში. მოთხოვნა, მეტ-ნაკლებად, არის, მაგრამ კარგად არ იპარსება და, უმეტესად, მასალა ფუჭდება. მატყლის წარმოების კერებად, შეიძლება, მთელი საქართველო მივიჩნიოთ, უმეტესად _ აღმოსავლეთ საქართველო“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

დემნა ხელაია _ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე:
„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმედოობის აღიარებას.
ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდი ბრიტანეთი) 2017 წლის იანვარში გავიდა. აგრეთვე 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გახორციელებული ღონისძიებები საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. შედეგად, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და იგი მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ნებადართულია მატყლის ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე“.

მიხეილ სოხაძე _ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი:
„მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი უკვე გახორციელდა. მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა, კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რასაც ზედამხედველობას უწევს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც მეცხვარეობის დარგის სტიმულირებასა და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას განაპირობებს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
2009-2017 (პირველი ხუთი თვე) წლებში ექსპორტირებული მატყლის მაჩვენებელი ასე გამოიყურება _ მსოფლიო მასშტაბით მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია: ავსტრალია, ჩინეთი, აშშ, ახალი ზელანდია, არგენტინა, თურქეთი, ირანი, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, სუდანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. დადასტურებით იმის თქმა, თუ რამდენად აქვს საქართველოს იმის უნარი და რესურსი, რომ ზედა საფეხურზე იყოს მატყლის წარმოებით, ალბათ, მარტივი არ იქნება, თუმცა გარკვეული კონკურენციის გაწევა შეუძლია. თუკი მეცხვარეები გარკვეულ პროფესიულ კავშირებში გაერთიანდებიან, მატყლთან დაკავშირებული პროცედურები მეტად გამარტივებული და ეფექტიანი იქნება. არსებული ქართული რესურსის მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში კი ექსპორტის მზარდი მაჩვენებელია მოსალოდნელი.

მარიამ ტიელიძე