ფრთხილად, QNET !

რვა აგური და ჩამორთმეული პირობა, რომ QNEთ -ის წევრი თავს დაისჯის, ფეხს მოიტეხს, ან თავზე თმას გადაიპარსავს

 

ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, ბაზარზე გამოჩნდნენ თაღლითური კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას დასაქმებასა და უზრუნველ შემოსავალს ჰპირდებიან. დაპირებებით მოხიბლული და ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ადამიანები ადვილად ტყუვდებიან და თაღლითების მახეში ებმებიან. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გავრცელებული და მთელ მსოფლიოში ცნობილი პირამიდა QNEთ-ია, რომელმაც საქართველოშიც ბევრი ადამიანი გააუბედურა.

 

ხალხის ამ ქსელში ჩაბმა და მიზიდვა ე. წ. მარკეტერის პრეზენტაციის შემდეგ ხდება, რომელიც მსხვერპლზე შთაბეჭდილების მოხდენასა და შემდეგ ფსიქოლოგიური იერიშის მიტანაშია დახელოვნებული.

საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია QNEთ ოფიციალურად თანამშრომლებს არ ასაქმებს, ამდენად, საშემოსავლო გადასახადს არ იხდის, თუმცა შესაბამისი ორგანოები ამით არ ინტერესდებიან, ქსელში ჩართული ოჯახების უმეტესობას კი სერიოზული პრობლემები შეექმნა და მკვეთრად იზრდება კომერციულ ბანკებში იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სწორედ ამ „ბიზნესში“ გასაწევრიანებლად აღებული სესხების გამო, ყოველთვიურად, პროცენტების გადახდა, ან ქონების გაყიდვა უწევთ.

ფინანსური პირამიდა QNEთ-ი 1800-2000 დოლარად უზრუნველ ცხოვრებას გთავაზობთ, თან ისე, რომ ეს თანხა კონკრეტული ძვირფასი ნივთით, საგზურით, ან სწავლის დაფინანსებით (ონლაინ სწავლება) იქნება უზრუნველყოფილი. სქემა, რომელიც თქვენ გარდა ამ ბიზნესში მარჯვენა და მარცხენა ფრთის (თქვენ მიერ მიყვანილი 2 ადამიანის) განვითარებას (მარჯვენა და მარცხენა ფრთის წარმომადგენლებმაც თავიანთი „ფრთები“ უნდა განავითარონ, ანუ 2-2 ადამიანი მოიყვანონ სისტემაში) ეფუძნება, მოწადინებული მარკეტერის  დაპირებების შემდეგ უფრო რეალური გეჩვენებათ. ამ ყველაფერში მოსაწონი სტატუსი _ ლიდერია, რომელსაც გარკვეული ცოდნის დაგროვების, საკუთარი „ფრთების“ განვითარებისა და შემდეგ ეტაპზე გადასვლისას თითოეულ მსხვერპლს ანიჭებენ. მთავარი ისაა, რომ აქ არავინაა ერთმანეთის „ქვეშევრდომი“. აქ ყველა ლიდერია! ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ საქართველოში ვერ ნახავთ ოჯახს, რომლის ახლობელი ერთი ადამიანი მაინც არ არის ფინანსურ პირამიდაში ჩართული.

ფინანსური პირამიდის პრინციპით ქსელში ჩართულმა ადამიანმა კიდევ ორი „თავისიანი“ უნდა მიიყვანოს, მათაც კიდევ ორი და ასე მანამ, სანამ ცალკე ოფისად არ გაიყოფიან. ამასთან, ორივე შტო თანაბრად უნდა განვითარდეს, თუ ბალანსი დაირღვა, ლიდერი ვერაფერს მიიღებს. მთავარი კი ისაა, რომ ყველა ამ სისტემაში ჩართულს ეკრძალება უცხოსთან თქვას, თუ სად მუშაობს. მათ თავიანთი შტოების გასაფართოებლად მხოლოდ ახლობლები უნდა მიიყვანონ. ეს იმიტომ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩივილისა და ხმაურის გამოწვევის შანსი ნაკლებია.

QNEთ-ით დაზარალებული მოქალაქე ს.ფ. ამბობს, რომ მას ამ სისტემაში ჩართვა ბიძამისმა ურჩია, რომლის ქალიშვილიც  უკვე იყო ჩართული და, თითქოს, სოლიდური შემოსავალიც ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც გეგმავდნენ, მარჯვენა და მარცხენა ფრთა ვერ განვითარდა, ვერავინ ნახეს ისეთი, ვისაც დაარწმუნებდნენ, რომ რომელიმე ნივთი ეყიდა და ს.ფ.-ს ბალანსიც დაირღვა. „ქრონიკა+“-თან საუბრისას ს.ფ. დეტალურად აღწერს, თუ რა ხდებოდა მათთან ოფისში და წარუმატებლობის შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა მოგეტყუებინა სხვა ადამიანი: მაგალითად, უნდა გეთქვა, რომ ყოველკვირეულად გამოიმუშავებ 200$-ს, არ გჭირდება სამსახურში სიარული და რომ QNEთ უკვე შენი სახლია, მოჩვენებითად გენახვებინა, როგორ გამოიწერე ძვირადღირებული მანქანა, ან მობილური, რომელიც რამდენიმე კვირაში შენთან იქნება და რა ბედნიერი ხარ, რომ ახლა QNEთ-ელი გქვია.

იგი ყვება პირობებზეც:

„მათთან 8 ძირითადი აგური არსებობს, რომელზეც ჯერ გესაუბრებიან, შემდეგ ფურცელზე განიშნინებენ და ზეპირადაც კი გთხოვენ:

1) ოცნება;

2) პირობა;

3) სია (რომელიც იყოფა ცხელ, თბილ და ცივ ქვეჯგუფებად. ადამიანები, რომლებიც სისტემაში უნდა ჩართოთ: ცხელი _ ოჯახის წევრები; თბილი _ მეზობლები; ცივი _ ვისაც იცნობ, ვთქვათ, მაღაზიის გამყიდველი. აუცილებელი პირობაა ის, რომ სია უნდა იყოს მზარდი);

4) მოწვევისა და პერსპექტივის ხელოვნება („ნეთვორქი“ ეძებს ოქროს!);

5) პრეზენტაცია;

6) მიყოლა („სანამ რკინა ცხელია, მანამდე უცვლიან ფორმას“): პრეზენტაციის შემდეგ, 48 საათის მანძილზე, სანამ მსმენელი გავლენას განიცდის, მანამდე ახდენ ზეწოლას და გვერდიდან არ შორდები;

7) ზემდგომთან კოორდინაცია;

8) დუბლიკაცია (შექმენი ბევრი შენნაირი).

სისტემაში მისვლისას ყველა წევრს პირობა უნდა ჩამოერთვას, რომ თუ მიზნებს დაწესებულ ვადაში ვერ მიაღწევს, თავის დასჯის მიზნით ფეხს მოიტეხს, ან თავზე თმას გადაიპარსავს. გეკრძალება სისტემაში ჩასართავი ადამიანისთვის ოფისში მოსვლამდე წინასწარ რაიმე ინფორმაციის მიწოდება, ყველაფერი უნდა გაცნობოს ლიდერმა და პრეზენტატორმა. მათ რაც შეიძლება მომხიბვლელად უნდა აუხსნან მოყვანილ ადამიანებს, რომ ისინიც ჩაერთონ საქმეში.

მას შემდეგ, რაც სისტემიდან ვერანაირი სარგებელი ვერ ვნახე, ხალხი ვერ მოვიყვანე, ჩემს ბიძაშვილს ფულის უკან დაბრუნება მოვთხოვე, აღარ მინდოდა ის საგზური, რაც მათგან შევიძინე (რომლის რეალურობაშიც კი მეპარება ეჭვი), თუმცა არ დამიბრუნა. მითხრა, ოფისში მოდი და დაგელაპარაკებიო, ალბათ უნდოდა, იქ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ჩემზე. მისი ოჯახიდან კი ყველა ჩართულია ამ საქმეში: მამამისი, 3 შვილი და რძალი. როცა ოფისში ნივთის შესაძენად მივედი, ფული ხელზე მივეცი ლიდერის, სოფი სილაგავას მეუღლე ჯიმი ფხაკაძეს (რომელიც ადრე მუსიკალურ ჯგუფ „სეიშენის“ ერთ-ერთი წევრი იყო). ჩეკი არ მოუციათ, ხელშეკრულებაზეც 1 თვის შემდეგ მოგვაწერინეს ხელი, რომლის ასლიც კი არ მაქვს და არ წამიკითხავს, რადგან სანათესავო მანდ ვიყავით და ყველამ რომ მოაწერა, მეც მივენდე. ბიძაშვილმა მითხრა, _ მანქანას დავალომბარდებ და შენს ფულს მოგცემო, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. იქაურმა ლიდერმა თქვა, მხოლოდ ერთხელ დავაბრუნეთ თანხა უკან და მსგავსი არ განმეორდებაო. დღეს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს ოჯახებით ჩვენ და ბიძაშვილებს.

იქ კიდევ საშინელებები ხდება: სახლს ყიდიან, ან ბანკში დებენ, რომ ძვირადღირებული მანქანები იყიდონ და სხვებს აჩვენონ, თითქოს იქიდან მიღებული შემოსავლით იყიდეს ყველაფერი, არადა, ძალიან ცუდად აქვთ საქმე“.

ხ.ტ.-ც ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელსაც „ქრონიკა+“ ესაუბრა. იგი ამბობს, რომ სწორედ ნათესავის დახმარებით გაწევრიანდნენ ამ სქემაში მისი და მისი 18 წლის შვილი. რა თქმა უნდა, მას ეს თანხა დაეკარგა:

„თავიდან მე საერთოდ არ ვიყავი ამ სისტემის აზრზე, დედაჩემის იდეა იყო აქ გაწევრიანება, რომელსაც ჩვენი ნათესავი ესაუბრა, სწორედ ის მოტყუვდა თაღლითური სქემით, აქედან გამომდინარე, მერე მეც ჩავერთე. რაიონში ვცხოვრობ და მას შემდეგ, რაც ამ ამბავში აღმოვჩნდით, თბილისში ჩავედი. ამ დროს უკვე გაწევრიანებული ვიყავით, მაგრამ საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც დაგვპირდნენ.

იქ რომ მივედი, გადავხედე სიტუაციას, კომპანიას. თაღლითობას ვხედავდი, როგორ სძალავდნენ ხალხს ფულს. აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ ახლობლები, ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ საქმეში ჩართულები. ტყუილი ტყუილს, თაღლითობა თაღლითობას ემატებოდა, ისინი აშკარად იტყუებოდნენ, თვალში მიყურებდნენ, მესაუბრებოდნენ და ვხედავდი, რომ ყველაფერი სიცრუეზე იყო აგებული. ამის გადმოცემაც ძალიან მიჭირს, საშინელი სიტუაცია იყო. გინდა თუ არა, ხალხი უნდა მოიყვანოო, მეუბნებოდნენ. არც ის უნდა გეთქვა, თუ სად ხარ გაწევრიანებული, სად მუშაობ. მე არ გამიგია დღემდე, ვინმე  გეკითხებოდეს, სად მუშაობ და რომ მალავ ამ ადგილს, რატომ უნდა დამალო სამსახური, თუ რამე თაღლითობა არ არის?! არ ვიცი, ეს ხალხი როდემდე აპირებს ასე?! აუცილებლად მივმართავ შესაბამის ორგანოებს და ნელ-ნელა გამოვააშკარავებ ამ ხალხს!“

QNEთ-ის მესვეურებს ლოგიკაც თაღლითური აქვთ: სისტემაში მხოლოდ ნათესავები იმიტომ უნდა მოიყვანო, რომ ასეთ დიდებულ საქმეში სჯობს, „შენიანი“ ჩართო, ვიდრე უცხო. გზას უბრალო წევრობიდან „ლიდერობამდე“ კი ბიზნესის სწავლებას ეძახიან.

ექსპერტები ცალსახად თანხმდებიან, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ფინანსური პირამიდა ძალიან მალე ჩამოიშლება, მით უფრო მას შემდეგ, რაც სისტემაში მისაყვანი აღარავინ დარჩება. შესაბამისად, მისი სარგებლიანობის, ან მოგების ხანგრძლივობაც ძალიან დაბალია.

აღნიშნული სისტემის წინააღმდეგ სახელმწიფოს ჯერ შესაბამისი ზომები არ მიუღია, რადგან კანონი ძვირფასეულობით, საგზურებითა და უკვე ნახსენები საგნებით ვაჭრობას არ კრძალავს, შესაბამისად, კანონი სისტემას მანამდე არ შეედავება, სანამ კონკრეტული კანონდარღვევა არ მოხდება, თუმცა „ქრონიკა+“-თან საუბრისას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარი იურისტი, რაისა ლიპარტელიანი, ამბობს, რომ ამ საქმით დაინტერესების შემთხვევაში სამართალდამცველი იორგანიზაციები თაღლითობის მუხლზე შეიძლება გავიდნენ (180-ე მუხლი: თაღლითობა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი ქმედებაა, რომელიც მიზნად ისახავს მატერიალურ გამორჩენას ადამიანების მოტყუების გზით). აქ არის სქემა, თითქოს, დასაქმების მიზნით ამ კამპანიაში ხალხი ჩაერთოს. ეს არის  თაღლითური სქემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა კრძალავს: „ვიცი, რომ დღეს ეს ძალიან პრობლემური საკითხია და წესით, მათ ყურამდეც უნდა მისულიყო. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა, რომ გამოავლინონ ინიციატორები. ისინი არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რადგან საშემოსავლო გადახდის გადამხდელი არის ფიზიკური პირი და მისი განხორციელების ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, მან უნდა დაადეკლარიროს ბიუჯეტში, შემოსავლების სამსახურში. მაგრამ ისინი ხომ რეალურად არ ასაქმებენ ამ ადამიანებს? მათთან ხომ კონტრაქტი არ იდება?! მსგავსი თაღლითური სქემისთვის ყურადღების მიუქცევლობა არის სერიოზული შეცდომა, ამას პლუს საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართების საკითხი, მაგრამ შემოსავლების სამსახური ამ ინფორმაციას არ მოგაწოდებს, რადგან არ არის საჯარო. ჯამში კი ამ სქემის ჩამოშლას რომელიმე ორგანიზაცია ვერ მოახერხებს, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში QNEთ არ არის ერთადერთი ასეთი ორგანიზაცია, კიდევაა რამდენიმე მსგავსი. თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ დამდგარა“.

ნინო ტაბაღუა