ფრთხილად, რუსი ოკუპანტია!

მოვლენები საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ფორსირებულად ვითარდება. საქართველოს ხელისუფლება, თითქმის, არაფერს აკეთებს დეოკუპაციის მიმართულებით, მაგრამ, ჩვენდა გასახარად, რუსეთი ჩქარობს, ხოლო ვინც ჩქარობს, ის ხშირად ცდება კიდეც.

საქართველოს ხელისუფლება ვერ შეცდება _ უმოქმედობაში შეცდომის დაშვება შეუძლებელია. აი, რუსეთი კი დაძაბული აკვირდება მსოფლიოში მის წინააღმდეგ ახალი ქარიშხლის ამოვარდნის საშიშროებას და ამ დაკვირვებაში უამრავ შეცდომას უშვებს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ერთში რუსეთს უკვე აემღვრა წყალი: აფხაზეთში კარგა ხანია, მიხვდნენ, რომ მათი დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან, უბრალოდ, კეთილი ნება არ იყო და სულ მალე მათ ასიმილირება ემუქრებათ. ამას იმდენად კარგადაც კი მიხვდნენ, რომ, 1992-93 წლების შემდეგ პირველად, აფხაზურ ფორუმებსა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დონეზე ქართველებთან დიალოგზეც კი დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი.

რასაკვირველია, ამ დროს არც რუსები მსხდარან გულხელდაკრეფილები და ორივე რეგიონთან თავიანთთვის სასარგებლო ხელშეკრულებები გააფორმეს. ამასთან, „გალის აფხაზიზაციის“ პროცესიც წამოიწყეს _ ეს პასუხი იყო ქართველებთან დიალოგის ინიციატივაზე.

იმ საფრთხეზე, რასაც რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ასიმილირება ქმნიდა, ჯერ კიდევ, ორი წლის წინათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირებიც კი საუბრობდნენ. მაგალითად, მინისტრის მოადგილე იმასაც კი პროგნოზირებდა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლებოდა, ორ-სამ წელიწადში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ყირიმს მივიღებდით:

„რაც რუსეთმა გააკეთა „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში ხელშეკრულებებით, რომელიც ქვემდებარე დოკუმენტების გაფორმებას ითვალისწინებს და ეს დოკუმენტები უკვე ფორმდება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სამ წელიწადში ეს ტერიტორიები მთლიანად იქნას შეწოვილი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში, რაც, ფაქტობრივად, ანექსიას ნიშნავს.

თუკი არაფერი გაკეთდა სამ წელიწადში აფხაზეთსა და „ოსეთში“, მივიღებთ ყირიმს, ლეგალური თვალსაზრისით. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ როდესაც ლაპარაკია უკრაინაზე, ეს არ განიხილონ იზოლირებულ შემთხვევად და მხედველობაში ყოველთვის ჰყავდეთ საქართველო“, _ განაცხადა მაშინ დავით დონდუამ.

ის პოლიტიკური გეზი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებამ აიღო, არც ექსპერტებს მოსწონდათ:

„პოლიტიკური გეზია: „არ გავაღიზიანოთ, თავი არ გავახსენოთ და ყველგან გავჩუმდეთ“. ეს ძალიან ბევრ სფეროს მოედო. ის, რომ საქართველოში უამრავი რუსული არხი ჩაირთო, სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომ „არ გავაღიზიანოთ“; საქართველოში რომ რუსული აგენტურა გააქტიურდა, „არ გავაღიზიანოთ“ პოლიტიკის ნაწილია; ამავე პოლიტიკის ნაწილია, „მოდი, ვაშინგტონთან ძალიანაც ნუ ვიაქტიურებთ“, _ აცხადებდა 2015 წელს თორნიკე შარაშენიძე.

ვაშინგტონთან აქტიურობაზე უარის თქმა არ გამოვიდა, სავარაუდოდ, ისევ ვაშინგტონისვე ინიციატივით. იმის შედეგებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისთვისაც მოულოდნელადაც კი, თეთრ სახლში დაიბარეს და პრეზიდენტს შეხვდა, ახლა ვიმკით: აშშ-ნატო-საქართველოს ურთიერთობაში პირველად, ფოთში ჩამოტვირთული ამერიკული საბრძოლო ტექნიკა და გემიდან გადმოსული სამხედრო მოსამსახურეები საავტომობილო გზით მოხვდებიან თბილისში, რაც ავტომაგისტრალზე ყარაფილა-ბერშუეთის იმ მონაკვეთის გავლასაც გულისხმობს, საიდანაც 400 მეტრში რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულია და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ამ საოკუპაციო ზოლს მიღმაა მოქცეული, ხოლო იქვე ამაყად დგას საოკუპაციო ბანერიც.

აშშ-ს უყვარს მინიშნებები: „14 ივლისს, როცა ბერშუეთში ხალხმრავალი ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი, ყარაფილის ბანერთან გავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. სავარაუდოდ, ეს იმის მინიშნება იყო, რომ თუ ხელისუფლება არ აქტიურობს, მაგრამ აქტიურობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, აშშ ამ მოქალაქეების მხარეს დადგება“.

რუსეთმა იან კელის და, მისი სახით, აშშ-ს, რამდენიმე დღეში უპასუხა _ სწორედ იმ ადგილას გაავლო ხნული, სადაც იან კელი იდგა. ეს აშკარა გამოწვევა იყო, რომელსაც აშშ უპასუხოდ ვერ დატოვებდა. და აი, პასუხიც: ამერიკული საბრძოლო ტექნიკის, ამერიკული არმიის დემოსნტრაციული მარში ავტომაგისტრალზე.

მკითხველმა უკვე იცის, რომ ყარაფილა-ბერშუეთის საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო პატრულირება მიმდინარეობს (ამაზე წინა ნომერშიც ვწერდით). ამ მოძრაობის („ძალა ერთობაშია“) აქტივისტებმა 29 ივლისს პარალელური აქცია-პერფორმანსი წამოიწყეს: სახელდახელო ბანერები დაამზადეს, სადაც საგზაო ნიშანი „საფრთხე“ და მანიშნებელი, მანძილის აღმნიშვნელი მონიშვნა „400 მეტრი“ დაიტანეს შესაბამისი მიმართულების ჩვენებით, მეორე ბანერზე კი სამ ენაზე დააწერეს: „რუსი ოკუპანტები!“

პერფორმანსის არსი მარტივია და ის სულ სამი სიტყვით გამოითქმის: „ფრთხილად, რუსი ოკუპანტია!“ პირველივე დღეს ამ აქცია-პერფორმანსს, რომელიც ყარაფილის საოკუპაციო ბანერის გასწვრივ, ავტობანის დასავლეთის მიმართულებაზე ტარდებოდა, დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღეს გამოხმაურებაც მეტი იყო და მომწონებელთა რაოდენობაც.

პერფორმანსის მთავარი არსი შეხსენება და გაფრთხილება, ასევე მოწოდება და შესაძლებლობაა, აქციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ, თუნდაც რამდენიმე წუთით: შეანელონ, მიესალმონ აქციას სიგნალით, ან, სულაც, გააჩერონ მანქანა და რამდენიმე წუთით გახდნენ ამ აქციის მონაწილე.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე და სამოქალაქო პატრულირების ჯგუფის წევრი, ივა ბებიაშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ეს აქცია-პერფორმანსი 8 აგვისტომდე გაგრძელდება და 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვით დაგვირგვინდება. ჯაჭვი ყარაფილის მონაკვეთზე დაიწყება და იმდენად გრძელი იქნება, რამდენადაც მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში.

„მე თვითონ, როცა ამ ავტობანზე დასავლეთის მიმართულებით ვმოძრაობდი, დაძაბული ვათვალიერებდი გარემოს ჩემგან მარჯვნივ, რათა საოკუპაციო ბანერი დამენახა და ვერ ვხედავდი. ეს აქცია იმისკენაცაა მიმართული, ჩავლილი ტრანსპორტის მგზავრებმა იცოდნენ, რა ახლოსაა საფრთხე იმ ადგილიდან, სადაც უდარდელად სხედან მანქანაში და ჩაიქროლებენ ხოლმე“, _ ამბობს ის და ამატებს:

„ბევრმა იფიქრა, რომ, აი, რამდენიმე დღე და დაიღლებიან, აი, აცივდება და დაიშლებიან. არა, ასე არაა: ჩვენ არ დავიღლებით. ჩვენ შეგვცივდება, მაგრამ გავუძლებთ. ეს არ არის „მარიაჟ-ფართი“, როგორც ზოგიერთმა უწოდა _ ეს სიფხიზლის და მზადყოფნის გამოხატულებაა“.

ცნობილია, რომ აქციის, ზოგადად, ამ სამოქალაქო პატრულირების ინიციატორებმა ამ წამოწყების დეტალები შსს-სთან შეათანხმეს. ეს ბუნებრივიცაა _ ასევე მოიქცა „ქრონიკა+“-იც, როცა 14 ივლისის ბერშუეთის აქცია დააანონსა.

შსს, ამ უწყების საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი, კონფლიქტის ზონაში დომინანტი უწყებაა. მასთან შეუთანხმებლად ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც, მშვიდობიანი და, თუნდაც, სამოქალაქო, იმაზე მიანიშნებს, რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ სამოქალაქო აქტივობა არაა და არც სიტუაციის პროვოცირებას გამორიცხავს, ამიტომაც ის, რომ შეთანხმება შედგა და დეტალები ამ დრომდე თანხმდება, მხოლოდ დადებით ასპექტში შეიძლება იყოს განხილული.

სამოქალაქო-სადამკვირვებლო მისია უკვე 5 დღეა, მუშაობს და საოკუპაციო ზოლის მონიტორინგს ატარებს. ამ ხნის განმავლობაში ზოლზე სიმშვიდეა: ჯერ არავინ გაუტაციებიათ და არც საოკუპაციო ზოლი გადმოუწევიათ.

მაგრამ ამავე ჯგუფს სხვა, პარალელური აქტივობაც აქვს, ანუ აქცია-პერფორმანსი, რომელიც 28 ივლისს დაიწყო და, როგორც ვთქვით, 8 აგვისტომდე დაანონსდა, სავარაუდოდ, ამ აქციის გაგრძელება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. არა იმიტომ, რომ მონაწილეები დაიღლებიან, ან მზის გულზე დგომას მოერიდებიან, არამედ მარტივი გათვლების გამო, რასაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, გააკეთებს:

ის 4-5 კაცი, ვინც ავტობანზე დგას, ოკუპაციის, ანუ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის შესახებ, მისი სიახლოვის შესახებ საათში, დაახლოებით, 2.000-მდე ადამიანის ინფორმირებას ახერხებს. ამას დაუმატეთ ლაივები „ფეისბუქში“, გაზიარებები, კომენტარები, რეაქცია და მიიღებთ საკმაოდ დიდ მასას, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს მაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი ძალიან კარგი წამოწყებაა, ისეთი, რომელიც აქამდე არც ყოფილა.

ამასთან, ეს აქცია არაა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ წამოწყებული და, კაცმა რომ თქვას, სწორედ ამითაცაა გამოწვეული მისი მზარდი პოპულარობა, ისევე, როგორც 14 ივლისის აქციის ხალხმრავლობა.

ანუ, ხელისუფლება დგას ფაქტის წინაშე: ეს აქტივობა მოსწონს საზოგადოებას, ის მუხტს აჩენს და მიანიშნებს, რომ ოკუპაციის თემა, შესაძლოა, დღეისთვის ერთადერთი თემაა, რომელიც უამრავ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში. ამასთან, ხელისუფლება იმ ფაქტის წინაშეც აღმოჩნდება, რომ ეს 4-5 კაცი, ფაქტობრივად, უფრო დიდ საქმეს აკეთებს, ვიდრე მთელი დიპლომატიური კორპუსი.

ამიტომ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება, შსს-ს ხელით, ეცდება, ამ აქციისგან გამოწვეული მუხტი დააგდოს. ამის დასტურად, დღევანდელი პრემიერის ისევ ორი წლის წინანდელი განცხადება გავიხსნოთ და ყველაფერი დალაგდება:

„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ტემპერატურის დაწევა შევძელით. არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, მიუხედავად ოკუპაციისა. ოკუპაციის პრობლემა რჩება ძალიან მძიმე და მწვავე გამოწვევად.

გავხსენით ახალი _ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუმცა მთავარ ფორმატად ჟენევა რჩება. მგონია, რომ დღეს სახეზე გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო სწრაფი, დინამიკური განვითარების. ეს არ მომხდარა ჩვენი დასავლური განვითარებისა და ორიენტირების მცირე კომპრომისის ხარჯზეც კი.

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ჩვენი მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაკვეთა და არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ამ დაკვეთას გადაუხვიოს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატზე, სადაც კი ვიმყოფებით, გავკიოდეთ იმას, რომ ჩვენ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, სნაიპერებს მიზანში ჰყავთ ამოღებული საქართველოს ავტობანზე მომავალი ტრაილერები და ა. შ.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა, მოვიზიდოთ ინვესტიციები იმ პირობებში, რომ ჩვენ მუდმივად გავკიოდეთ, _ სამხედრო ბაზები გვაქვს ტერიტორიაზე, არიქა, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთო?! (?!!)

მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების _ აშშ-ისა და ევროპის თვალში ეს მეორეხარისხოვანი პრობლემა გავხადოთ, არამც და არამც, მაგრამ ეს უკვე ტაქტიკის საკითხია, როგორ დავაბალანსებთ ჩვენს სათქმელს, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი პრობლემა დავტოვოთ პარტნიორებისთვის დღის წესრიგში, მეორე მხრივ კი შევქმნათ სტაბილურობის იმდენი განცდა, რამდენიც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად…“ _ ეს პრემიერ კვირიკაშვილის სიტყვებია, რომელიც ყველაფერს გასაგებს ხდის:

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები ხომ ყველაზე ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს დასანახად გაჰყვირიან, რომ აი, აქედან, სადაც ჩვენ ვდგავართ, 400 მეტრით მარჯვნივ „ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, სნაიპერებს მიზანში ჰყავთ ამოღებული საქართველოს ავტობანზე მომავალი ტრაილერები და ა. შ.“

მგონი, ყველაფერი ნათელია, მაგრამ ნათელია ისიც, რომ იმის მიუხედავად, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება, ან გაგრძელდება თუ არა ეს აქცია-პერფორმანსი საერთოდ, მუხტი უკვე გაჩენილია და ხელისუფლება ამ მუხტს ვერ დააგდებს.

ყოველთვის გამოჩნდებიან მოქალაქეთა ცალკეული, სულაც, დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც ოკუპაციის გაპროტესტებას მთავარ მიზნად დაისახავენ. რას იზამს ხელისუფლება და შსს? დააკავებს?

ვერა, ამას ვერ იზამს, რადგან ისინი მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რაც ისედაც აღიარებული გვაქვს ნებისმიერ სამთავრობო დონეზე, თანაც, ასეთი აქციებისთვის ხელის შეშლა რომ უარყოფითად აისახება მათსავე იმიჯზე, კანცელარიაში, სავარაუდოდ, კარგად უწყიან.

დიახ, მოვლენები ფორსირებულად ვითარდება: საზოგადოება გამოფხიზლებულია, აშშ-ს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახეზეა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ძალაში შედის. ალბათ, ოფიციალური თბილისის ვერტიკალში იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ თავიანთი მომავალი პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, ისევ თავიანთი და სხვების შვილების უსაფრთხოების მიზნით, ნამდვილად არ ღირს, რუსეთს ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში.

ბოლოს და ბოლოს, საქართველოში დადგა დრო, როცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოკუპაციის თემა ერთადერთია, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აერთიანებს და, ამავე დროს, ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.

ახლა ისაა მთავარი, რომ აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირებაში იმ კოზაკის როლში არ აღმოვჩნდეთ, ორი აქლემის ჩხუბში რომ გაიჭყლიტა. თუმცა, ცხადია, ეს გულხელდაკრეფილ მდგომარეობაში შინ ჯდომას ან/და სახელოების დაკაპიწებასა და კლავიატურაზე კაკუნს არ გულისხმობს, რადგან დეოკუპაციას ლანგრით არავინ მოგვართმევს _ ცოტა ტვინი და ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ…

 

ლაშა ბერულავა