ფორთოხლისფერთა ისტორიები

„მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას“, _ შეიძლება არც ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდეთ და არც ნიკალას იცნობდეთ, მაგრამ ყოველ დილით უთუოდ შეამჩნევთ ნარინჯისფერფორმიან ადამიანებს, რომლებიც ცოცხის შრიალით კვეთენ ქუჩებს. ისინი ქალაქის სისუფთავის სადარაჯოზე უკვე წლებია, დგანან.
ეს ამბავი სწორედ მათზეა, მეეზოვეებზე _ ყველაზე ფორთოხლისფერებზე მთელ ქალაქში.

შპს თბილსერვის ჯგუფს ათასობით თანამშრომელი ჰყავს. ისინი სანიტარიულ ნორმებს იცავენ და ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ.
ჩვენში მეეზოვეებს ადვილად იცნობთ, მათ ხასხასა ნარინჯისფერი ფორმა აცვიათ და სხვადასხვა ადგილას კონკრეტული დავალების შესასრულებლად კონკრეტული დრო აქვთ გამოყოფილი.
დილის შვიდი საათიდან ცოცხის შრიალით დაწყებული სამუშაო დღე სამ-ოთხ საათამდე გრძელდება.
ამ შემთხვევაში მეეზოვეებს ე. წ. სპეცებს უწოდებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი სამუშაო სტატუსიც და შესასრულებელი დავალებებიც ბევრად მეტია, ვიდრე სხვა მეეზოვეებისა, რომლებიც ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ. სპეცები არა მხოლოდ ასუფთავებენ ქუჩებს, ასევე მძიმე სანაგვე ურნებსაც ეზიდებიან და ისეთ სახიფათო დავალებებსაც ასრულებენ, როგორიც არის გზისა და გზატკეცილების გაწმენდაა.
მეეზოვეებს საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. მათი ანაზღაურება საკმაოდ დაბალი, სამუშაო ფუნქციების ჩამონათვალი კი დიდია.
გარდა ამისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს კლიშეები და სტერეოტიპული დამოკიდებულება, რის გამოც, ხშირად, მეეზოვის პროფესია სათაკილოდ მიიჩნევა. თუმცა ყველა პატიოსანი შრომა დასაფასებელია, მშრომელი ადამიანი კი _ მისაბაძი.
ქართული შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა პედაგოგის, მედიკოსის, ბუღალტრის, მიმტანისა და მაღაზიებში გაყიდვების ასისტენტის პროფესიებზეა.
სწორედ ასეთი მოთხოვნადობის გამო დასახელდა ქვეყანაში საჭირო პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა შორის მეეზოვეობაცაა.
მძიმე სამუშაო დღისა და დამღლელი დავალებების მიუხედავად თბილსერვისში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ხასხასა ფორმის მიღმა ამ ადამიანების ისტორიები იმალება, რომელიც ბევრმა შეიძლება არც იცოდეს.

ილია ჩოხელი 40 წლისაა. იგი უკვე წლებია, მეეზოვედ მუშაობს და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს:
„გავიზარდე პირველ ბავშვთა სახლში 16 წლამდე. ინტრენატიდან გამოსვლის შემდეგ ორი წელი ქუჩაში ვცხოვრობდი. იძულებული ვიყავი, რადგან სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა.
შემდეგ ვიყავი მონასტრებში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ 2011 წელს, დასუფთავებაში მოვედი და მას მერე აქ ვარ.
ჩემი მძიმე ბავშვობის გამო სულ მინდოდა მეზრუნა უპატრონო ბავშვებზე და მათთვის ის სიყვარული მიმეცა, რაც მე დამაკლდა. ახლა ამ სურვილის შესრულებას ვახერხებ, ისეთ მარტოხელა დედებზე ვზრუნავ, რომლებსაც ბევრი შვილის გაზრდა უწევთ. ერთ მათგანს ცხრა შვილი ჰყავს. ზოგიერთი ჩემს მეგობართან, ზოგიერთი კი ჩემთან ცხოვრობს და ვზრუნავთ მათთზე.
ჩემი ხელფასი ამ ბავშვებსა და კეთილს საქმეს არ ჰყოფნის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. რამდენჯერმე მივმართე სახელმწიფოს, თუმცა უშედეგოდ. დღემდე ვცდილობ ამ დახმარების მიღებას და იმედი არ დამიკარგავს.
ჩემს მეგობართან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს საცხოვრებლის თვალსაზრისით. ფაქტობრივად, მხოლოდ სახურავია და ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა რაღაცანაირად თავი მაინც გამაქვს.
მინდა, რომ მარტოხელა დედებმა ბევრი პრობლემის გამო არ მიატოვონ თავიანთი შვილები, ამიტომაც ვისაც დატოვება აქვს ჩაფიქრებული, ვარწმუნებ, რომ დაიტოვოს შვილები და მე მათ ყველანაირად მივეხმარები, ყურადღებას მივაქცევ.
ამჟამად ჩემი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ სახლია ან საცხოვრებელი ადგილი, სადაც ყველა ერთად შევძლებთ ცხოვრებას. ეს იქნება ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი ეყვარება და ყველა ერთმანეთზე იზრუნებს“.

მიკიჩა შავეშოვი, გლდანის რაიონის სპეცბრიგადის დამლაგებელი, თავის მეუღლესთან ერთად მეეზოვედ მუშაობს და პარკებსა და სკვერებს ასუფთავებს. მიკიჩას ისტორია ერთ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც მან „ახმეტელის მეტროსთან“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უამრავი მძღოლის სიცოცხლე იხსნა მაღალი გამავლობის ელექტროსადენისგან. მან საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად ცოცხით შეაკავა ეს სადენი და მძღოლებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება მისცა. მიკიჩას ამ გმირობამ არა მხოლოდ მედიის, არამედ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო, რის გამოც მან ერთჯერადი პრემიაც და სხვა პრიზებიც დაიმსახურა. ის ქების სიგელით დააჯილდოეს:
„დასუფთავების სამსახურში 2006 წლიდან დავიწყე მუშაობა. თითქმის 12 წელია, რაც აქ ვარ და ახლა ახმეტელის მეტროსთანაც ვმუშაობ.
ადრე სხვადასხვა სამუშაოზე ვმუშაობდი, თუმცა ბოლოს დასუფთავების სამსახურში მიღება გამოცხადდა. მე და ჩემი ცოლი ერთად მოვედით, ახლა ის „გურამიშვილის მეტროსთან“ მუშაობს.
ხალხის რეაქცია ჩემი სამსახურისადმი განსხვავებულია. ზოგიერთი რომ უყურებს ჩემს საქმეს, გახარებულია, ზოგიერთი კი უკმაყოფილოა. ხალხს მეტი წილი უხარია და დადებითად აღიქვამს ჩვენს პროფესიას. მოსწონს, რომ ყველაფერს ვასუფთავებთ ჩვენი შრომით.
არის შემთხვევები, როდესაც ხალხს მოვუწოდებ, არ დაანაგვიანონ ქუჩები და დაიცვან სისუფთავე, მაგრამ არ ესმით. ვეუბნები, არ გადაყაროთ ბილეთები, მაგრამ მაინც ყრიან და სამუშაოც საკმაოდ ბევრი გვაქვს, რადგან ბევრია დაბინძურებული ადგილი და ტერიტორია მეტროსთან.
მიხარია და ამაყი ვარ, რომ ვმუშაობ მეეზოვედ, რომ ვიცავ სისუფთავეს. მინდა, რომ ხალხის შეგნება გაიზარდოს და ნაკლებად დაანაგვიანონ მათივე ქალაქი, რომელიც მათი სახლიცაა“.

მეეზოვის პროფესია მოთხოვნადი და საჭიროცაა, თუმცა ნაკლებად დაფასებული, როგორც სახელმწიფოს, ასევე თავად მოქალაქეების მხრიდან.
სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვა კუთხით დაინახოს ეს პროფესია და მისი წარმომადგენლები, წლების წინათ ანდრო წიკლაურმა და დავით ყურაშიძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს სახელწოდებით „მეეზოვე“. ფილმს საფუძვლად დაედო ანა ლაშხელი-ონიანის ნაწარმოები, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა ცნობილმა მომღერალმა და მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძემ.
ეს არის ამბავი მეეზოვეზე, რომელმაც სანაგვეზე ჩვილი იპოვა, სახლში წაიყვანა და როგორც საკუთარი, ისე გაზარდა.

რა იდეას ატარებს ფილმი და რამდენად რთული იყო ამ საინტერესო პროფესიის მორგება საკუთარ თავზე, „ქრონიკა+“-ს მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე ესაუბრა:
„ფილმთან ჩემი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ უკრაინის სამუსიკო პროექტში მონაწილეობის შემდეგ რუსი რეჟისორი გამომეხმაურა, რომელმაც ფილმში გადაღება შემომთავაზა. სინოფსისი უკვე მაქვს, ასევე როლზეც დამტკიცებული ვარ, თუმცა ფილმის მესვეურები დაფინანსებას ელიან და ეს პროექტი ახლაც მოლოდინის რეჟიმშია.
ერთ დღესაც ორი ქართველი რეჟისორი დამიკავშირდა. მათ მითხრეს რომ ფილმის გადაღებას აპირებენ და მთავარი როლი შემომთავაზეს. მოვიდნენ, მაჩვენეს სცენარი და ვნახე თუ არა სათაური, მაშინვე დავთანხმდი.
როდესაც ფილმზეა საუბარი, ყველანაირი ადამიანი უნდა განასახიერო, იმიტომ რომ მსახიობს ეს დანიშნულება აქვს _ გმირის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე წარმოაჩინოს. სცენარის წაკითხვისთანვე ვიგრძენი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
თავიდან ეს სურვილი მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობდა ჩემს სულში, აი, როდესაც პრაქტიკაზე მიდგა საქმე და გადაღება დავიწყეთ, მაშინ თვითონ რეჟისორებიც მაძლევდნენ ფასდაუდებელ რჩევებს და დარიგებებს. ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა ფილმში.
სიუჟეტი გვიამბობს ერთი მეეზოვის ცხოვრებაზე და იმ სირთულეებზე, რასთან გამკლავებაც მას ყოველდღიურად უწევს. მან სანაგვეზე ჩვილი იპოვა და გაზარდა, როგორც საკუთარი შვილი. ის 15 წელია, რაც მეეზოვეა, ზოგიერთის თვალში კი, უბრალოდ, მენაგვე.
ფილმში კარგად ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება და სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მოსაზრებებიც მეეზოვის საქმიანობის მიმართ განსხვავებულია.
ზოგი ცივად, ზოგი გულგრილად, ზოგიც გულთბილად ექცევა ამ ადამიანს და ის ამბობს კიდეც, რომ ზუსტად ამ თბილი დამოკიდებულების გამო ღირს მისი საქმე და ამდენ შრომად.
როლში შესასვლელად რეალურად მოვირგე მეეზოვის პროფესია. ჩავიცვი ფორმა, დილის შვიდი საათიდან გავედი ქუჩაში, ჩავისუნთქე დილის სუფთა ჰაერი. ეს საოცარი შეგრძნებები იყო. ქუჩაში ვიღებდით და პარალელურად ვმუშაობდი. ყველა ემოცია და ყველა ფიქრი გავიაზრე, რაც ქუჩაში მომუშავე ადამიანებსა და ამ პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ.
ფილმის ბოლოს გმირი ამბობს, რომ ის ქალაქს მისი და სხვისი შვილებისთვის უვლის და ერთი წამითაც კი არ ნანობს საკუთარ საქმეს. ზუსტად ეს არის ფილმის და ჩემი მთავარი სათქმელი, რომ არც ერთი პროფესია არაა სათაკილო, თუ ის ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. მთავარი სწორედ ისაა, რომ თუ შენი საქმე სიამოვნებას განიჭებს და სხვებისთვისაც მოაქვს სარგებელი, მაშინ შენ აღარ გაინტერესებს, ვინ როგორ და რანაირად უყურებს შენს პროფესიას“.

„მე ყველას ერთნაირად ვესაუბრები, მეეზოვე იქნება ის თუ პრეზიდენტი“, _ აინშტაინის ამ სიტყვებით მთავრდება პატარა ჩანახატი და ფილმი, რომელიც კარგად გადმოსცემს მეეზოვეების ტკივილს, მათ პრობლემებსა და იმ წინააღმდეგობებს, რისი გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ.
ნარინჯისფერები კი ისევ განაგრძობენ თავიანთ რთულ საქნიანობას და ქალაქს მომავალი თაობებისთვის სუფთად ინარჩუნებენ.

ანა ურუშაძე