უფასო სასადილოების ტენდერი დარღვევებით მიმდინარეობს?

ქვეყანაში ტენდერების თემა კვლავ პრობლემურია, მათ შორის, თბილისის მერიაში. საინტერესოა, გაართმევს კი თავს კალაძე ამ დილემას?

მერიის მიერ სულ ახლახან (27.11.2017) გამოცხადდა „მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი უფასო სასადილოთი მომსახურების სახელმწიფო ტენდერი“. ტენდერის დასრულების ვადაა 08-12 დეკემბერი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ადამიანის დღიური კვების მენიუს ღირებულება შეადგენს 1 (ერთ) ლარს და 18 (თვრამეტ) თეთრს (ბენეფიციარის კვებაზე ფასებს განსაზღვრავს მერიის მოხელე გაიოზ თალაკვაძე, ხოლო ამ ფასით შესრულებულ სამუშაოს კონტროლს უწევს, ასევე, ნარმანიას დროინდელი მონიტორინგის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე). ამ თანხაში შედის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის: ა) სახელმწიფო გადასახადი, დღგ; ბ) განთავსებული სასადილოს იჯარის ღირებულება; გ) კომპანიის მიერ დასაქმებული მზარეულის ხელფასი და ამ ხელფასის საშემოსავლო გადასახადი; დ) საკვების დამზადებისთვის გამოყენებული ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების გადასახადი; ე) პურის ფიქსირებული ფასი 0.29 თეთრი; ვ) ტრანსპორტირების ხარჯები; ზ) კომპანიის კომპიუტერული მომსახურების ხარჯები. შესაბამისად, თითო ადამიანზე კვებისთვის დღეში რჩება 0.59 თეთრი. 0.59 თეთრად დღეში ადამიანის კვებას, ალბათ, ქალბატონ რიმა ბერიძის გარდა, ვერავინ მოახერხებს. ეს თანხა რომ არარეალური გახლდათ, ამაზე პოლიტიკოსმა ვაშაძემ საჯარო განცხადება გააკეთა, რაზედაც მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების გარეშეც ნათელია, რომ ასეთი დაბალი, არარეალური ფასით ტენდერის გამოცხადებით ბიზნესი იძულებულია, მოიტყუოს, ან წაგებაზე იმუშაოს. ეს კი კორუფციისთვის სასურველ გარემოს ქმნის. შედეგად უამრავია გაკოტრებული კომპანიები, ბენეფიციარები უკმაყოფილოები არიან. ამიტომაც ბენეფიციარებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზიები მერიის მიმართ, რომ მათი კვების ღირებულება გაზრდილიყო, რაზეც თბილისის მერიის სოციალური მიმართულების სამსახურის ამჟამინდელი უფროსი (ნარმანიას დროინდელი კადრი), გელა ჩივიაშვილი, საჯარო გამოსვლებისას საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ახალი მერის არჩევის შემდგომ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა. ამიტომ ნარმანიას მიერ გამოცხადებული ტენდერი, ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, თავად მერიამ ჩაშლილად გამოაცხადა და 2017 წლის 27 ნოემბერს ახალი ტენდერი გამოაცხადა.
მაგრამ რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ტენდერის ფასად კვლავ ავადსახსენებელი 1,18 თეთრი განისაზღვრა (ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად). მაშ, რა ხდება? ვის და რისთვის დასჭირდა ტენდერის თავიდან გამოცხადება იგივე ფასად? თუ სატენდერო დოკუმენტაციას გადავხედავთ, ირკვევა, რომ შეიცვალა სასერტიფიკატო მოთხოვნები, ანუ თუ ნარმანიას მერია სავალდებულოდ ითხოვდა iso და haccp სერტიფიკატებს, ან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს, დღეის მდგომარეობით ასეთი მკაცრი სასერტიფიკატო მოთხოვნები აღარ არსებობს. კერძოდ, haccp და სურსათის ეროვნული სააგენოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნები სავალდებულო აღარ არის. არადა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, თავად არაერთხელ აცხადებდა, რომ haccp სერტიფიკატი და მისი მოთხოვნები აუცილებელია ყველა კვებითი ობიექტისთვისო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხსენებული სასერტიფიკატო მოთხოვნები უზრუნველყოფს ჰიგიენურ ნორმებს, პროდუქციის ხარისხს, უვნებლობასა და ა. შ. იგი აუცილებელია კვალიფიციური, ადამიანთა უსაფრთხო და უვნებელი გამოკვებისთვის.
შესაბამისად, იბადება კითხვა: ისედაც არარეალურ ფასად გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციების მოთხოვნა რატომ და რისთვის შედგა საქართველოს, ასევე საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების უგულებელყოფით? გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ მერიაში ჩაბუდებული, ნარმანიას პერიოდის ჩინოვნიკები ამ და სხვა ტენდერებს გადასაცემად უმზადებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ haccp და სურსათის ეროვნული სააგენოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატები.

ჩვენი წერილის მიზანია:
1) არ ჩატარდეს საეჭვო ტენდერი;
2) სატენდერო ფასები კვალიფიციურად დაანგარიშდეს და რეალური ფასები დადგინდეს;
3) სატენდერო დოკუმენტაციებში სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვროს iso და haccp და სურსათის ეროვნული სააგენოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიის მხრიდან ადგილი ექნება არაჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობას, კორუფციულ გარიგებას, რასაც შედეგად მოჰყვება უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფა. გამოდის ისევ ძველი ფასი, ისევ იგივე მენიუ, იგივე სოციალური სამსახურის უფროსი, იგივე აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური, იგივე საბიუჯეტო თანხების დამდგენი. არაფერი შეიცვალა და არც არაფერი შეიცვლება მომდევნო ერთი წლის მანძილზე სოციალურად შეჭირვებული თბილისელებისთვის.

მარიამ ბალანჩივაძე