უფასო სასადილოებით ნაშოვნი მილიონები

ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ნათელია, რომ ქვეყანაში ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ეს ფონი თანდათან მძიმდება. დიახ, ხალხი შიმშილის ზღვარზეა და ამის ერთ-ერთ მიზეზად „ახალი საქართველოს“ სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე კორუფციას ასახელებს.

„ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული: მსხვილ ტენდერებს, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იგებენ, ყველაფერი მონოპოლიზებულია, ეკონომიკა არ ვითარდება, კრიმინალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც შსს-ს ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს _ 200%-ით გაზრდილია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა, მაგალითად, ქურდობა. ასევე იმატა სუიციდის შემთხვევებმა; ინვესტიციები აღარ შემოდის; სამუშაო ადგილები არ იქმნება, მცირდება. საჯარო სექტორში ნეპოტიზმია; რეფორმები შვიდი წლის განმავლობაში ერთი მიმართულებითაც არ განხორციელებულა; ლარის მსყიდველუნარიანობა დაქვეითდა. აი, ყველაფერი ესაა მიზეზი, რომ საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდა, ხალხი საჭმელსა და წამალს ვერ ყიდულობს და ვერც კომუნალურ გადასახადებს იხდის“, _ ამბობს თეონა ჭალიძე „ქრონიკა+“-თან და დასძენს, რომ ხალხს რეგიონებში უფრო უჭირს:

_ სამწუხაროდ, რეგიონებში რიგი სერვისების ხელმისაწვდომობა არაა. გარკვეული სოციალური პროექტები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან მხოლოდ თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ პირებზე ფინანსდება და მსგავსი პროექტების ფუფუნება რეგიონებში არ აქვთ. რეგიონებში მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრისა და რეაბილიტაციის სერვისიც ნაკლებად ხელმისაწვდომია. სხვათა შორის, ეს პრობლემა ძალიან მწვავეა, რადგან ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავშესაფრიდან ისევ მოძალადის ოჯახში უწევთ დაბრუნება ან ქუჩაში რჩებიან და განმეორებითი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. რეგიონებში ვერც ჯანდაცვის ყველა სერვისის მიღება ხერხდება. ამ და სხვა მიზეზების გამო სოფლები ნელ-ნელა იცლება.
_ ობიექტურები რომ ვიყოთ, სოფლების დაცლა, ჯერ კიდევ, 90-იან წლებში დაიწყო… სოციალურად დაუცველებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, ანუ თუ სოციალურად დაუცველი „ოცნების“ მომხრე არაა, საფრთხის წინაშე ხომ არ დგება, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან?
_ დიახ, არის მსგავსი შემთხვევები, როცა სოციალურად დაუცველებს ემუქრებიან, რომ თუ ხმას „ოცნებას“ არ მისცემენ, მაშინ სოციალური დახმარება მოეხსნებათ, ვერ ისარგებლებენ უფასო სასადილოს პროგრამით და ა. შ. ამ ადამიანებისთვის ერთადერთი საარსებო წყარო ეს დახმარებაა, მასზე არიან დამოკიდებულნი. ეშინიათ და ამიტომ არჩევნებზე ზეწოლით იღებენ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ისნის 29-ე საარჩევნო უბანზე ჩემს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის წარმომადგენელ ქალს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დაემუქრა, რომ ქირას აღარ გადაუხდიდნენ, თუ საარჩევნო უბანს არ დატოვებდა. ამ ქალს შეეშინდა, ბოდიში მომიხადა და საარჩევნო უბანი დატოვა. ასეთ დროს ძნელია, ადამიანი დაარწმუნო და შეაჩერო, მით უმეტეს, რომ მტკიცებულებების მოგროვება რთულია, ანუ მსგავსი მუქარის მტკიცებულებებით დადასტურებას ბევრი ვერ ახერხებს. ხელისუფლებაც სწორედ ამით სარგებლობს. რამდენიმე დღის წინ გორელი ქალბატონი მესაუბრა და მითხრა, რომ სოციალური დახმარება სწორედ პოლიტიკური შეხედულების გამო მოუხსნეს.
სოციალურად დაუცველებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, როცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ფულადი დახმარებების გაზრდა დააანონსა. ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მოსყიდვის კლასიკური მაგალითია. იმას, რომ ადამიანებს დროებითი სამუშაოს გამო საარსებო შემწეობა არ უნდა შეჩერებოდათ, ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვითხოვდით, მაგრამ ყური არ შეიბერტყეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კი ეს ინიციატივაც გააჟღერეს და სოციალურად დაუცველების გულისმოსაგებად გამოიყენეს. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, ასე მოხდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამით მანიპულირება არ შეიძლებოდა.
სხვათა შორის, სტუდენტებსა და მათი ოჯახის წევრებს დახმარება სტიპენდიის ჩარიცხვის გამო უჩერდებათ და ესეც არანორმალურია! კარგი იქნება, თუ სერგეენკო აღარ დაუშვებს მსგავს პრაქტიკას და ამის შესაცვლელად მომავალ არჩევნებს არ დაელოდება.
_ ე. წ. უფასო სასადილოებიც კორუფციის წყაროა?
_ იმის შესახებ ფაქტები, რომ უფასო სასადილოებში გაჭირვებული ხალხის ფულით კონკრეტული ბიზნეს-ოპერატორები მდიდრდებოდნენ, ჩვენ, „ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა პროკურატურაში, ჯერ კიდევ, 2017 წელს წარვადგინეთ და მალე ორი წელი გახდება, რაც გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს გამოძიებაც ხელოვნურადაა გაჯანჯლებული. ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ უფასო სასადილოების პროგრამის ბიუჯეტიდან ჩინოვნიკების ჯიბეში ყოველ წელს 8-10 მილიონი ლარი მიდიოდა, რადგან იმ დარღვევებზე, რაც სასადილოებშია, თვალს ხუჭავდნენ მუნიციპალიტეტები, გამგეობები და მერიაც. დავდეთ ფაქტები უხარისხო საკვებთან დაკავშირებითაც _ პირადად შევამოწმე სხვადასხვა სასადილოს საკვები. ჩვენს შედეგებს ისიც ადასტურებს, რომ საკვების ვარგისიანობასთან დაკავშირებით არაერთხელ დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესიც შეუწყდათ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ. ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ 63 სასადილოში., აღვრიცხეთ ბენეფიციართა მოსვლისა და მათ მიერ წაღებული საკვების ოდენობა. დავადგინეთ, რომ ბენეფიციარებს არასწორად აღრიცხავდნენ, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იფლანგებოდა. ჩვენი კვლევის შედეგების მსგავსად, 2017 წელს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმაც დაადასტურა ის დარღვევები, რაზედაც ვსაუბრობდით. 2018 წელს სამგორის, ისნის, გლდანისა და საბურთალოს გამგებლებს შევხვდი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კვლევებისა და გამოძიების დაწყების შემდეგ ისნის, საბურთალოსა და ჩუღურეთის გამგეობებმა მოახერხეს და სასადილოებში ბენეფიციართა ზუსტი აღრიცხვა დაიწყეს და მომსახურე კომპანიას შესაბამისი თანხის გადახდაზე შეუთანხმდნენ, რაც ჩვენი კვლევის სიზუსტის დამატებითი მტკიცებულება აღმოჩნდა. ამის შესახებაც მივაწოდეთ პროკურატურას დამატებით დოკუმენტაცია, თუმცა გამოძიების საბოლოო შედეგს ამ დრომდე ველოდებით.
ვისარგებლებ შემთხვევით და „ქრონიკა+“-ის საშუალებითაც მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დაასრულოს გამოძიება და საზოგადოებას აცნობოს შედეგები! დაისაჯონ ის პირები, რომლებიც გაჭირვებულ ადამიანებს საჭმელს ჰპარავდნენ და მათ ხარჯზე ითბობდნენ ხელს, თორემ ეჭვი მიჩნდება, რომ ამ კორუფციულ სქემაში პროკურატურაც ჩაერთო და უფასო სასადილოების საქმის გამოძიება გარკვეული ინტერესების გამო იწელება!
_ ისე, თეონა, სოციალური დახმარებების კუთხით, ყველაზე რთული მდგომარეობა რომელ რეგიონშია?
_ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საარსებო შემწეობას 442 112 პირი იღებს. თუ სურათს ჩავშლით, ვნახავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი, ანუ 45-% ამბროლაურზე, ლენტეხზე, ონზე, ცაგერსა და მესტიაზე მოდის _ ამ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ყოველი მეორე საარსებო შემწეობას იღებს. ჩოხატაურის, ახმეტის, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, დუშეთის, ზუგდიდის, მარტვილის, წალენჯიხის, დმანისის, თეთრი წყაროს, გორის, ქარელის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში კი ყოველი მეოთხე ან მეხუთე ადამიანია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე. ეს მონაცემები, ჩემი აზრით, საგანგაშოა. ამ რაიონებზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. წარმოიდგინეთ, რა ელის იმ დასახლებებს დროთა განმავლობაში, სადაც ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
_ ამას წინათ გაავრცელე ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა რიცხვის ხელოვნურად შემცირებას აპირებს. ამით „ოცნება“ რის დემონსტრირებას ცდილობს და თუ ადამიანს სოციალური დახმარება მოუხსნეს, რა უნდა ქნას, თქვენ როგორ დაეხმარებით?
_ 2012 წლიდან დღემდე წლებისა და თვეების მიხედვით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობასთან დაკავშირებით მონაცემები შევისწავლეთ. ფაქტია, რომ ეს სოციალური პროგრამა ხელისუფლების ხელში პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა _ როცა გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირებენ და საარჩევნოდ მოქალაქეების ხმებზე ნადირობენ, სწორედ მაშინ იმატებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა, არასაარჩევნო თვეებში კი იკლებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილა და საარჩევნო კამპანიის დროს სოციალურად დაუცველის სტატუსი 37 000-მდე პირს მიანიჭეს, არადა, მანამდე კლება ფიქსირდებოდა. 2019 წელი, მოგეხსენებათ, არასაარჩევნო წელია და ისევე, როგორც 2015 წელს, მოსალოდნელია, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს შეუჩერდეთ და შეუწყდეთ სოციალური დახმარებები. სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით, გავაკეთეთ განცხადება, მოქალაქეებს კი მივმართავთ: ვისაც უსამართლოდ შეუწყდება დახმარება, დაგვიკავშირდეს! ჩვენ შევისწავლით, მონიტორინგს გავუწევთ ამ პროცესს და ყველა ასეთ შემთხვევას გავასაჯაროებთ, ასევე ინფორმაციას მივაწვდით სახალხო დამცველსაც. ჯერ ისედაც რა ოდენობის დახმარებაზეა საუბარი და იმასაც რომ არ მისცემ, რაზეა ლაპარაკი?! ჯობია, ქამრები თავად შემოიჭირონ და ეკონომია გაჭირვებულ ხალხზე არ გააკეთონ! დღეს სიღარიბეში მილიონამდე ადამიანია, მათი ნახევარი კი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. შეფასების მეთოდოლოგიაც დასახვეწი და გასაუმჯობესებელია, ანუ პარკეტის ან დიპლომის ქონა-არქონა არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას საბოლოო ქულაზე, რადგან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი სამსახურის შოვნის გარანტი არაა.
საერთოდ, სოციალური დახმარებების შეჩერება-შეწყვეტა სრულიად არაადეკვატური მიზეზების გამოა შესაძლებელი: მაგალითად, 2018 წლის ზაფხულამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ოჯახის სხვა წევრებს დახმარებას რამდენიმე თვით უჩერებდნენ. 2 წელი დაგვჭირდა ბრძოლა, რომ სერგეენკოს ყური შეებერტყა. მისი ერთი ბრძანება საკმარისი იყო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. ყოველ წელს ათასობით ადამიანს უჩერდებოდა დახმარება ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო და თავიდან გადამოწმება და ბიუროკრატიული პროცედურები იწყებოდა. ამ დროს კი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები შიმშილობდნენ. ახლა აბასთუმანში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი შიმშილობს _ მათი მამა დააპატიმრეს და ამის გამო ოჯახის სხვა წევრებსაც უჩერებენ დახმარებას. ასეთი ასობით ადამიანია! ჩვენ ვამბობთ, რომ მას, ვინც პატიმრობაშია, ავტომატურად გაუჩერდეს დახმარება, მაგრამ მისი ოჯახის წევრებს რას ვერჩით, რატომ ვიმეტებთ დამატებითი პრობლემებისთვის? თუ ვინმეს შეგიძლიათ, გთხოვთ, შეეხმიანოთ აბასთუმანში ბავშვების დედას და საკვები პროდუქტი და შეშა მიაწოდოთ (574086096 _ ნესტანი).
არც იმას გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღესაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გამოაცხადოს, _ აი, ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, სიღარიბე დავძლიეთ და სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც იმიტომ შემცირდაო.
_ თეონა, გარკვეული უსამართლობის მსხვერპლი თავადაც გახდი და რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ აღიარა, რომ ისნის გამგეობიდან პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ იყავი განთავისუფლებული. სახელმწიფომ განაცდურიც აგინაზღაურა. სამსახურში რატომ არ აღგადგინეს?
_ დიახ, ისნის რაიონის გამგეობიდან პოლიტიკური ნიშნით 2014 წელს გამათავისუფლეს და ზუსტად ოთხწლიანი ბრძოლა დამჭირდა საბოლოო გამარჯვებამდე. მაშინ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან _ მერიიდან, გამგეობებიდან და მუნიციპალიტეტებიდან სამსახური 1000-მდე ადამიანმა დატოვა, ზოგმა „პირადი განცხადებითაც“, რაც თავიანთი ნებით კი არა, იძულებით დააწერინეს. ისნის რაიონის გამგეობაშიც ყველა განყოფილება დაიბარეს და თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები რიცხვის მითითების გარეშე დაეწერათ, ანუ როცა და ვისაც მიიჩნევდნენ საჭიროდ, მის განცხადებას დაარეგისტრირებდნენ და თარიღსაც თავად დააწერდნენ. გამოვაცხადე, რომ არ ვაპირებდი სამსახურიდან პირადი განცხადებით წასვლას, მაშინ დაიწყეს სწორედ ჩემ წინააღმდეგ საქმის შეკერვა. ბევრი იჯახირეს და სამთვიანი გაუსაძლისი პირობების, სტრესისა და არასამუშაო პირობების შექმნის შემდეგ, ბრძანებით გამათავისუფლეს, თუმცა ვიბრძოლე და საქალაქო სასამართლომ ორი წლის შემდეგ სრულად დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავი განთავისუფლებული და ისნის რაიონის გამგეობას განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება და ჩემი დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა. აღმადგინეს კიდეც და შემდეგ პირადი განცხადებით წამოვედი. დიახ, სიმართლე დავამტკიცე და იქ, მტრულ გარემოში მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებდი, მით უმეტეს, რომ მათგან არაფერი იყო გამორიცხული. შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და დავა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გაგრძელდა. საბოლოოდ, უკანონოდ განთავისუფლებულად მცნეს და აღდგენამდე ისნის რაიონის გამგეობას განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებმა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ვერ დაადგინეს, რასაც მე და ჩემი ადვოკატი, ანზორ ხატიაშვილი, ცალსახად არ ვეთანხმებით. პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების ყველანაირი ნიშანი იყო, მაგალითად: ჩემი განთავისუფლების ბრძანებას დართული ჰქონდა „ფეისბუქის“ ჩემი გვერდიდან ამობეჭდილი სტატუსების სქრინები და ჩემი ფოტო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იმის გასამყარებლად და დასტურად, რომ ნამდვილად გასათავისუფლებელი ვიყავი. ხვდები, საქმე რა უვიც ხალხთან გვქონდა და გვაქვს? პოლიტიკური ნიშნით დევნა დღემდე გრძელდება და ეს მავნე ჩვეულება უნდა აღმოიფხვრას. ხელისუფლებების ცვლილებას საჯარო მოხელეები და დასაქმებულები არ უნდა ეწირებოდნენ. ამით ზარალდება ბიუჯეტიც _ მე და ჩემნაირებს განაცდური აგვინაზღაურდა და ბიუჯეტმა იზარალა, თუმცა ბევრმა უკანონოდ განთავისუფლებულმა ვერ მოახერხა ბრძოლა _ ზოგს ადვოკატი არ ჰყავდა, ზოგს ნერვებმა უმტყუნა, ზოგმა საკმარისი მტკიცებულება ვერ მოაგროვა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად და დაიჩაგრა.
სხვათა შორის, ჩემი მეუღლე და მისი თანამშრომლებიც უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან. სიმართლე მათაც დაამტკიცეს და სასამართლოები მოიგეს.

გიორგი აბაშიძე