უთხოვარი და ამერიკული სექვოია _ რომელ ხეებს და რა სქემით გადაიტანს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ივანიშვილი?

უახლოეს მომავალში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის საფარქვეშ, სამეგრელოდან გურიაში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ეზოში, რამდენიმე ხის გადატანა იგეგმება. ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საუბარია ამერიკულ სექვოიასა და უთხოვარზე. ეს უკანასკნელი წითელ წიგნშია შეტანილი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, ზუგდიდიდან ხეების გადატანას ბიძინა ივანიშვილი ორი წლის წინათ გეგმავდა და ამ მიზნით ქალაქშიც იყო ჩასული. ამ ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი შეატყობინეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკურ ბაღში მეგზურობას სამეგრელოს გუბერნატორი, ლევან შონია და სხვა, პასუხისმგებელ თანამდებობაზე მყოფი პირები უწევდნენ.

წყაროს თქმით, სწორედ ამ დროს დაათვალიერა პირადად მილიარდერმა ამერიკული სექვოია და უთხოვარი.

“მაშინ ინფორმაციამ პრესაში მაინც გაჟონა, თქვენს გაზეთში ვრცელი სტატია დაიწერა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ხეებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე ვერ გადაიტანდა. ამის შემდეგ შემუშავდა გეგმა _ რამდენიმე პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფონდ “ქართუს” ჩართულობით უნდა დადებულიყო დასკვნა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში დაავადებული ხეები ახლებით ჩანაცვლდებოდა.

ამით სკანდალიც თავიდან იქნებოდა აცილებული და საქმეშიც ჩაეთვლებოდათ ისე, რომ ბოტანიკურ ბაღზე ზრუნავდნენ. ეს გეგმა წარმატებით მოქმედებს, დასკვნა, რომ ამერიკული სექვოია და უთხოვარი დაზიანებული და გამხმარია, ამიტომ მათი ჩანაცვლებაა საჭირო, უკვე დადებულია და მინიშნებითი ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გვერდზეცაა განთავსებული, ხოლო ის, რომ ბოტანიკური ბაღის “შეფასებითი პროექტი” ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა, ცნობილი ფაქტია”, _ ამბობს წყარო “ოლმედიასთან” საუბარში.

ზუგდიდის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება”, ვკითხულობთ:

“უკვე დასრულდა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შემუშავებაც ფონდ „ქართუს“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი მთლიანი ბაღის რეაბილიტაციას მოახდენს:

იგეგმება ბაღის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია. მოეწყობა ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები. დაავადებული ხეები ჩანაცვლდება იმ ხეებით, რომელიც ბაღში ხარობდა”.

მანამდე, 2014 წლის სექტემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია “მერკურის” ხელმძღვანელი, ნანა თოდუა ამბობდა:

“ჩვენ პროექტის ფარგლებში სანერგის აღდგენას ვგეგმავთ, სადაც გადაშენების პირას მყოფი 30 სახეობის მცენარე გადარჩება. არა მარტო სანერგის აღდგენა გვინდა, არამედ, გარკვეული პერიოდით, მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობა და ბაღის პასპორტიზაცია“.

მისივე თქმით, პროექტი ჯდება 50 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდი გამოყოფს (რადიო “თავისუფლება”, 2014 წლის 8 სექტემბერი, “ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად”).

2014 წლის 23 ოქტომბერს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ლარისა თურქია ჟურნალისტებთან აღნიშნავდა:

“ბოტანიკურ ბაღში არსებული ძვირფასი ჯიშის ხეები უთხოვარი და ამერიკული სექვოია გახმობის პირასაა მისული. ჩვენ გამოვიყვანეთ 6 ძირი სექვოია, რომლითაც  შესაძლებელია, გადავარჩინოთ ეს კულტივარი. რაც შეეხება უთხოვარს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მისი გადარჩენა და გამრავლება ძალიან ძნელია“, _ “სმო.ჯი”, _ 2014 წლის 23 ოქტომბერი.

ამავე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“ზუგდიდის მერიის არქიტექტურის  სამსახურის უფროსის, ეკატერინე თოდუას თქმით, ბოტანიკური ბაღის საკითხი მერიისთვის მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან სხვადასხვა ორგანიზაციიდან შესულ წერილებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ყოველდღიურად რამდენიმე მუშახელს დაახმარს.

არქიტექტურის  სამსახურის უფროსის განცხადებით, მერია, ბოტანიკურ ბაღთან მიმართებით, სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გეგმავს, მათ შორის, ხელოვნური ტბის აღდგენას”.

შეგახსენებთ, რომ ეს სტატიები ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ სამი წლის წინათ დაიწერა, რეაბილიტაციის გეგმა გაპიარდა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამის მიზეზი, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სხვა ხეების გადატანის პროცესის გაჭიანურება და ის ნეგატიური ფონია, რასაც ეს პროცესი საზოგადოებაში იწვევს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გეგმები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებით არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებით და ისიც იყო ნათქვამი, რომ ამ გეგმის განხორციელება 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სურდათ:

„…როგორც „ქრონიკა“-ის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია“, – წერია სტატიაში.

წყაროს თქმით, „მან ზუსტად არ იცის, რა მცენარეებისა თუ ნარგავების გადატანას გეგმავს ივანიშვილი შეკვეთილში, მაგრამ თუ მოინდომებს, მისი არჩევანი არცთუ ისე შეზღუდული იქნება, თუკი იმ ისტორიას გავითვალისწინებთ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთანაა დაკავშირებული:

ბოტანიკური ბაღი ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ივანიშვილისთვის მადის აღმძვრელად მხოლოდ ისიც კი შეიძლება ჟღერდეს, რომ აქ ზოგიერთი ხე 200-ზე მეტი წლისაა და მთელ ევრაზიის კონტინეტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაადგა თვალი მილიარდერმა.

ამასთან, ბევრმა არ იცის, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სილამაზითა და იშვიათი ნარგავების მიხედვით მსოფლიოს ბაღებს შორის მეშვიდე ადგილზეა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაღებს შორის მესამე ადგილზე, ამიერკავკასიის ბოტანიკურ ბაღებს შორის კი პირველზე. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ყოველდღიურად 274 ათას ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და 370 ათასზე მეტი ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოჰყოფს“.

დაბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბიძინა ივანიშვილის გეგმებს:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ შესაძლოა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბის ნაწილის რეაბილიტაცია-დასუფთავება და ამისთვის, დაახლოებით, 100.000 ლარი პირადად გამოყო.

ის ზუგდიდში ადგილობრივ ახალგაზრდებს დაუკავშირდა, მათგან მოხალისეთა ჯგუფები შექმნა და შაბათ-კვირას ამ ჯგუფმა ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან განთავისუფლება და დასუფთავების სხვა სამუშაოები წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ ზვიად სიჭინავას ამ აქციის შესახებ არაფერი უცნობებია არც ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

ამბავი, რომ ზვიად სიჭინავა ბოტანიკურ ბაღს მოხალისეებთან ერთად ასუფთავებს და რომ ეს აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, მალე მოედო ქალაქს და ბოტანიკურ ბაღში უამრავი სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მივიდა. ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ ზვიად სიჭინავას და თავადაც გამოთქვამდნენ სურვილს, რომ სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა.

რასაკვირველია, ამ ამბავმა ადგილობრივი ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია და ორშაბათს აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებული ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიცია დახვდა. მათ განუმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის დასუფთავების უფლება არ ჰქონდათ, რადგან არსებობდა რეაბილიტაციის გეგმა და ამ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოესი 20 დღის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო (ეს სწორედ ის გეგმაა, რომელიც სამი წლის წინათ გამოქვეყნდა, 2016 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, ჯერჯერობით, დაკონსერვებულია, _ რედ) და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

„ქრონიკა+“-თან საუბარში ზვიად სიჭინავამ დაადასტურა, რომ სრულიად უანგაროდ, საკუთარი სახსრებით აპირებდა ბოტანიკური ბაღის ტბის ნაწილის რეაბილიტაციას:

„ჩამოვიყვანე სპეციალისტები, შევუკვეთე გედები და ფარშავანგები, რომლებიც ოდითგან დაცურავდნენ ტბაში და ისინი სექტემბერში უნდა ჩამოიყვანონ. მანამდე ტბის გაწმენდას, საწრეტი წერტილების გასუფთავებას და ტბაში წყლის გამდინარეობის უზრუნველყოფას ვგეგმავდით, უამრავი მოხალისე იყო ჩართული, მოვზიდეთ მიწა, დავასუფთავეთ ტბის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ დღეს როცა მოვიდნენ, გვითხრეს, რომ იქიდან უნდა წავსულიყავით. მე დაპირისპირებას თავი ავარიდე, პროვოკაციას არ ავყევი და ჯგუფთან ერთად გამოვედი ბაღიდან“, _ თქვა ზვიად სიჭინავამ „ქრონიკა+“-თან საუბარში.

სავარაუდოდ, კერძო ინიციატივის აღკვეთა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის იერსახის შენარჩუნებისთვის, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს უკავშირდება. მილიარდერსა და მის მოკავშირე ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას, ცხადია, ხელს არ აძლევს ამ კერძო პირებისა და ზუგდიდლების ფართოდ ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალეობა…

ლაშა ბერულავა