სოფელი საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს

ძროხა და ხარი, სხვა პირუტყვთან შედარებით, ყველაზე გავრცელებული ცხოველებია დედამიწაზე. ადამიანი ძროხისგან იღებს რძის მთლიანი რაოდენობის 99%-ს, ხორცის 30%-ს, მისი ტყავისგან ამზადებენ ფეხსაცმელებს, ჩლიქებისა და რქებისგან _ წებოს, სისხლისა და ჯირკვლებისგან _ სამკურნალო პრეპარატებს, ნაკელისგან _ საუკეთესო ორგანულ სასუქს. ეს ცხოველი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც გამწევი ძალა სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოთა შესასრულებლად.

საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითრებული მოვლენების შედეგად დაინგრა არსებული ფერმები და საშენები, ამის გამო დღესდღეობით მესაქონლეობის განვითარება საკმაოდ დაბალ დონეზეა. წვრილ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებულია ძროხის შენახვის სისტემა, რომლის დროსაც მეცხოველეობის ყველა სამუშაო სრულდება ხელით, პრიმიტიული იარაღების გამოყენებით. წარმოების პროცესი გამოირჩევა პრიმიტიულობით და უმთავრესად ბუნების მიერ ნაბოძებ რესურსებს იყენებენ. ზამთრობით პირუტყვს მწირი და ერთგვაროვანი საკვები ეძლევა, რაც საკმაოდ დაბლა სცემს საქონლის პროდუქტიულობას.
საქართველოში გვხვდება მომთაბარე მეძროხეობაც, რომლის დროსაც პირუტყვი ზაფხულში მთის საძოვრებზე მიჰყავთ და შემოდგომით ისევ ბარში აბრუნებენ.
ძროხის შენახვის სტაციონარული ტიპი იყოფა ბაგურ-საძოვრულ, ბაგურ-ბაკურ, საძოვრულ და ბაგურ სისტემებად. ბაგურ-საძოვრული სისტემების დროს პირუტყვს შენობებში ინახავენ და ბაგაზე კვებავენ, ზაფხულში კი _ საძოვარზე გაჰყავთ, რაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად საძროხის ახლოს არ არის საძოვარი და იყენებენ ბაგურ-ბაკნურ სისტემას: მოშორებით იმავე მეურნეობის ტერიტორიაზე აწყობენ ბანაკს, სადაც პირუტყვი გადაჰყავთ, იქ აძოვებენ, დამატებით კვებავენ, წველიან და საზამთრო ბინებში მხოლოდ ბაგური კვების დასაწყისში აბრუნებენ.
საძოვრული ტიპი გულისხმობს მთელ წელიწადს პირუტყვის საძოვარზე შენახვას, რაც შედარებით ნაკლებად გამოიყენება.
წლების წინათ, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების გაყიდვა დაიწყო, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პერმანენტულად იმართება. მოსახლეობა ჩივის, რომ ისინი პირუტყვის გამოკვებას ვეღარ ახერხებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ საძოვრების პრობლემაზე და სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე საუბრობდა. მოსახლეობას გაყიდული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილის გამოსყიდვასაც კი დაჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ სამართლებრივად ეს პროცესი არც ისე მარტივი იყო.
ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს იმისა, როდესაც საძოვარი სახნავ-სათესი მიწის კატეგორიაში გადაიყვანეს და ისე გაყიდეს. მსგავსი ფაქტი ახალი ხელისუფლების მმართველობის დროსაც მრავლად იყო, სანამ მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის პროცესი შეჩერდებოდა.
საქართველოში საბჭოთა პერიოდში სულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 მილიონი ჰა მიწა არსებობდა, აქედან 850-900 ჰა მიწა სახნავ-სათესად გამოიყენებოდა. მრავალწლიანი ნარგავები (ვენახი, ხეხილი, ჩაი) 260 ათას ჰა-ს ითვლიდა, დაახლოებით, 400 ჰა საძოვრებისთვის იყო განკუთვნილი, დიდი წილი ეჭირა ალპურ სათიბებსაც.

ზინობიანი და უდიები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზინობიანი საქართველოში მცხოვრები უდიების განსახლების მთავარი ადგილია. დღეს სოფელში 337 ადამიანი ცხოვრობს. უდიები კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევიან. საქართველოში უდიები 1920-იან წლებში გადმოსახლდნენ. მათ ემიგრაციას ზინობ სელიკოშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოდის სოფელ ზინობიანის სახელი. 1937 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიების დროს სელიკოშვილი დააპატიმრეს და სოფელს „ოქტომბერი“ დაერქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ადგილობრივების მოთხოვნით, სოფელს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.
როგორც სოფელში ყვებიან:
„ზინობიანში იყო საძოვრები. ერთ დღისითაც ამ საძოვრების რაღაც ნაწილი შემოღობილი დაგვხვდა და ნახირი არ შეუშვეს, კერძოდ, აკაციებს ეძახიან მაგ ნაწილს და უცებ სოფელში ხმა გავარდა, რომ საძოვრები გაყიდულია“.
სოფელი დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ დანარჩენი საძოვრებიც გაყიდულია. ამის შემდეგ ზინობიანელებმა გადაწყვიტეს, ამბის გასარკვევად რამდენიმე კაცი ყვარლის გამგეობაში წასულიყო, იქ კი მათ ყურადღება არავინ მიაქცია:
_ შესაბამისად, პასუხიც ვერ მივიღეთ ახლა და ამიტომ სოფელმა გადაწყვიტა, გამოსვლები დაიწყოს და ჩვენი ხმა მთავრობას მივაწვდინოთ. ასევე გვინდა, რეკომენდაციები მივიღოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.
_ სხვა საძოვრები აღარ დაგრჩათ?
_ სოფელს ეს საძოვრები რომ წაართვან, ძალიან ბევრი საარსებო მინიმუმსაც ვერ მიიღებს, ეგ კი არა, სოფელს ტბა აქვს და ისიც კერძო საკუთრებაშია… ამრიგად, სოფელს არ გააჩნია არც სარწყავი და არც საძოვრები და არ ვიცით, რით ვისულდგმულოთ, რადგან ძალიან ბევრი ოჯახი სარჩენს ყველის გაყიდვით იღებს.
სოფელი ყველაზე მეტად მეცხოველეობას და მსხვილფეხა საქონლის მოვლა-პატრონობას მისდევს. სოფლის ძირითადი შემოსავალი სწორედ ძროხების მოვლა-პატრონობა და რძის პროდუქტების რეალიზაციაა. ზინობიანელები ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებენ და უახლოეს დღეებში გზის გადაკეტვასა და აქციების დაწყებას აანონსებენ.
_ თუ მშივრებს გვტოვებენ, მაშინ ჩვენც მოსვენებას აღარ დავუტოვებთ. თუ ვიღაცის კეთილდღეობის გამო საძოვრები სოფელს აღარ უნდა ჰქონდეს, არ უნდა ჰქონდეს სარწყავი, რაღა დარჩა? დარჩა მხოლოდ ის, რომ ჩვენი ხმა პრემიერმა გაიგოს. მცირერიცხოვანი სხვა ეთნოსის ხალხი ვართ, მაგრამ საქართველო ჩვენი სამშობლოა და, შესაბამისად, იმის უფლება მაინც გვაქვს, რომ ერთადერთი შემოსავალი არ გაგვიუქმდეს და საძოვრებისგან შორს დაიჭირონ ხელები.
თუ არეულობა უნდათ, მაშინ ჩვენც კანონის ფარგლებში ავურევთ.
ასეთი მესიჯებით დავტოვე სოფელი….

P. s. საძოვრების არარსებობის გამო მესაქონლეები იძულებული არიან, პირუტყვი, მეტწილად, ბაგურ კვებაზე ჰყავდეთ, რაც მათ საქმიანობას წამგებიანს ხდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, საძოვრები საქართველოში არის, ოღონდ მაღალმთიან რაიონებში. ბარს, პრაქტიკულად, საძოვარი აღარ გააჩნია, რადგან ის სულ სახნავ-სათესად იქცა.

მაკა მოსიაშვილი