სოსო ცისკარიშვილი: „კაბელების საქმით“ ერთხელ კიდევ შევრცხვებით ევროპის სასამართლოს წინაშე!“

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი _ სოსო ცისკარიშვილი:

_ ბატონო სოსო, 2017 წელი „ნაციონალების“ პოლიტიკური განქორწინებითა და „ევროპული საქართველოს“ შექმნით დაიწყო. აქედან გამომდინარე, როგორ წარიმართება ამ ორ პარტიაში პოლიტიკური პროცესები და ეს რა გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

_ „ნაციონალური მოძრაობის“ გაორება შესაძლოა, შიდა პროცესებისთვის იყოს მტკივნეული, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ერთის ნაცვლად მივიღეთ ორი „ნაციონალური მოძრაობა“. რაც არ უნდა სმენის სატკბობი სათაური ერქვას „ევროპულ საქართველოს“, ისინი დღემდე ვერ შეგუებიან რეალობას, საკუთარი ხელისუფლების სიმაღლეებზე მყოფთ, რომ სიტყვა _ დანაშაული შეიძლება იყოს ნახმარი იმ პერიოდთან მიმართებით, როდესაც ისინი ქვეყანას მართავდნენ. ჩვენ მათგან და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობისგან“ წლების განმავლობაში იშვიათად მაინც ვისმენთ ხოლმე სიტყვა _ შეცდომას. ასეთი ხისტი დამოკიდებულება რეალობასთან, რასაკვირველია, ავნებს ორივე ნაწილს, ვიდრე არ იქნება მზაობა გარკვეული მონანიებისთვის. ასეთი წინაპირობა შეიძლებოდა მოგვესმინა მხოლოდ გიგი უგულავას ემოციური გამოსვლებისას, როდესაც ის თვითკრიტიკული იყო და საუბრობდა უკეთესი ქმედების აუცილებლობაზე იმასთან შედარებით, რაც გასულ წლებში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ მყოფ საქართველოში. ასეთი მიდგომებისგან, რასაკვირველია, დისტანცირდება და ამ თემაზე საერთოდ არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომლისთვისაც სათაური ყველაზე უფრო დიდი ფასეულობის პოლიტიკური შემადგენელია. რა სიკეთე შეიძლება ქვეყნისთვის მოვიძიოთ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდებით, რომ უკვე სრულფასოვანი ორი „ნაციონალური მოძრაობაა“? _ ამას განსაზღვრავს კონსტიტუციური უმრავლესობით პარლამენტში მოსული „ქართული ოცნება“, გამომდინარე საკუთარი ქმედებებიდან და განცხადებებიდან, რასაც, რასაკვირველია, რაიმე სახის სტანდარტული შეფასებები არ ექნება. სახეზეა სრულიად მკაფიო უპირატესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოკუპირებული მედიასივრცის, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ სატელევიზიო სივრცეს. ამასთან შედარებით სურს, რომ კიდევ უფრო წარმატებით მოგვაჩვენოს თავი ტელეკოპანია „იმედმა“, რომელმაც ნელ-ნელა ამოუწურა იმედი ჩვენს მაყურებლებს, რომ ამ ტელეკომპანიას ექნება შესაძლებლობა, კვლავ ცდილობდეს მისი დამფუძნებლის სახელის შელახვას, როგორც ადამიანისა, რომელმაც დიახ, სიცოცხლე მოისწრაფა იმისთვის, რომ სწორედ ტელეკომპანია „იმედს“ ეარსება. სხვა მხრივ, რასაკვირველია, თვალსაჩინოა საკმაოდ მძიმეწონოსანი ჟურნალისტური ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოსთან არის ასოცირებული და „რუსთავი 2“, რომელიც, ჯერ კიდევ, საფრთხის წინაშეა გამომდინარე იმ ძვრებიდან, რაც მიმდინარეობს ფსევდოსასამართლო სერიების სახით მისი მეპატრონეების შესახებ. საკმარისია ჩვენმა მკითხველებმა ნახონ სია, რა ოდენობის მეპატრონე ჰყავდა ამ არხს, რომ აქ მხოლოდ ქართული სასამართლო ვერ შეძლებს რაიმე განაჩენის გამოტანას, რადგან იმდენი მეპატრონე ჰყოლია მას წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ სტრუქტურებში (ოფშორულ ზონებში, იყო პერიოდი, როდესაც სრულიად უცნობი იურიდიული პირები ფლობდნენ), დღეს მივედით იქამდე, რომ გვსურს თუ არა, ჩვენი ქვეყნის წინამძღვარი, ბატონი ივანიშვილი, ის ადამიანი იქნება, რომელმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თავისთავად, ეს სამარცხვინო ფაქტი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რასაკვირველია, აღნიშნული ფრაზა „ქართული ოცნების“ რისხვას გამოიწვევს, მაგრამ დუმილის დრო იწურება. ჩვენ მოწმენი ვართ არათუ სახელმწიფოსი, არამედ, ასწლოვანი ხეების მწყემსიც ბატონი ბიძინაა. მას როგორი სიკეთეც არ უნდა სურდეს ქვეყნისთვის, იმდენი მლიქვნელი ჰყავს გარშემო, რომ რეალობასთას მისი მიახლოება სერიოზულად გაჭირდება. ნურავის ეგონება, რომ საზოგადოება თავს იტყუებს იმ ფრაზეოლოგიით, რომელსაც პარლამენტის ახალბედა თავმჯდომარისგან ვისმენთ. მისი დუდუნი ჩვენთვის მიმანიშნებელია იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ბედი გადაწყვეტილია და ყველაზე მიუღებელი საკითხები საზოგადოებისთვის, პრაქტიკულად, უკვე წინასწარ არის ნაკარნახევი და, შესაბამისად, გამზადებული გასაჯაროებისთვის.

_ პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს? საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ვეტოს, როდესაც მისი გადალახვის პრობლემა არ არსებობს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში?

_ ჩემი აზრით, ეს მიუთითებს პრეზიდენტის პრინციპულობაზე. ის, რასაკვირველია, ინფორმირებულია, რომ ვეტო გადაილახება, მაგრამ ეს კიდევ ერთი სამხილი იქნება ჩვენი პარლამენტის უმრავლესობისთვის და წინმსწრები განწყობის მზაობაზე მოიხმობს საზოგადოებას, რადგან ძნელია ვივარაუდოთ, რომ ბატონი ბიძინას მიერ შემოკრებილი გუნდი რამენაირად შეეცადოს, რომ ხელი არ შეუშალოს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელიც ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია მას შემდეგ, რაც იგი დარწმუნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრივატიზაცია შეუძლებელია. უკვე 4-წლიანი კრიტიკის შემდეგ სწორედ ეს თემა იყო საფუძველი იმისა, რომ სრულიად ურცხვი შედეგი, რაც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ყოფილიყო მთავარი მიზანი და არავინ დარდობდა საკუთარ ავტორიტეტსა თუ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი რაიმე სიკეთის შესაძლებლობის არსებობაზე ახალ კონსტიტუციაში. ზოგს თბილისში სურს პარლამენტი, ზოგს _ ქუთაისში, მაგრამ ყველაფრის თბილისში გადმოდინებაც შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს. საინტერესო იქნებოდა, თუ ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდებოდა პარლამენტი, ჩემი აზრით, ბუნებრივი ნაბიჯი იქნება, მაშინ, იქნებ, საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიგვეახლოვებინა დედაქალაქისთვის და ქუთაისში ყოფილიყო დაბინავებული?

_ ევროსასამართლომ მეორედ დაიწუნა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები. სხვადასხვა წრეში ეს ფასდება, როგორც სამარცხვინო ფაქტი და ქვეყნის იმიჯის შელახვა. თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს, ვინ არის დამნაშავე?

_ ჩემი აზრით, მთავარი დამნაშავე გახლავთ ის პირი, რომელმაც ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ კისერზე ჩამოგვკიდა ბატონი მურუსიძე. ამან გამოიწვია შემდგომი ნაბიჯები და მართლაც მაღალი კვალიფიკაციის იურისტის, საკმაოდ წარმატებული მეცნიერის, საინტერესო პროფესიული წიგნების ავტორის, ევა გოცირიძის მეტამორფოზა. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ყოფილმა წევრმა, რაც არ უნდა ხანმოკლე ყოფილიყო მისი არსებობა ჩვენს კლუბში, ვერ შეძლო საკუთარი პრინციპულობის გამოხატვა და მისი ნაბიჯი იმ კენჭისყრისას, როდესაც ნამვილად განსხვავებული მოლოდინი ჰქონდა ჩვენი კლუბის რამდენიმე ათეულ წევრს, საწინააღმდეგო აღმოჩნდა. გასაგებია, რომ ქალბატონ ევას საფუძველი ჰქონდა მადლიერებისა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მურუსიძე გვიანდერძა, მაგრამ რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს ჩემთვის, ქალბატონი ევას პრინციპულობის კვალი ვერ დავინახე და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, შესაბამისი პირები დამერწმუნებინა, რომ იგი საინტერესო კანდიდატი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა, მივხვდი, რომ შევცდი. ბოდიში მაქვს მოსახდელი მათთვის, ვისაც მე ამ წინადადებით მივმართავდი.

_ ბატონო სოსო, პრეზიდენტმა „კაბელების საქმეზე“ დაკავებულები შეიწყალა. ამის მიუხედავად, ბრალდებულები აცხადებენ, რომ სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და შესაძლოა, სტრასბურგამდეც კი იარონ. თქვენი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს საქმე?

_ ეს საქმე ნაწილია იმ პროკურატურისა და სასამართლოს ქმედებებისა, რომელიც 2013 წლიდან იღებს სათავეს. გავიხსენოთ „ტრაქტორების საქმე“. არაერთი დისკუსია გვქონდა „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრებს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან სწორედ „ტრაქტორების საქმესთან“ დაკავშირებით და სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ხანში შესულები, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სპეციალისტები ისეთი ქმედებით იყვნენ დაპატიმრებულნი ქუჩაში, მანქანების წინ გადადგომით, თითქოს სერიოზულ ტერორისტულ ჯგუფს უპირებდნენ დაპატიმრებას. ამ ჩვენს დისკუსიებში მაგიდის გარშემო 20-ზე მეტი ექსპერტი ისხდა, რომლებიც ინფორმირებული იყვნენ სხვადასხვა წყაროსგან. ყველას ჰქონდა მკაფიო განსაზღვრებები და მიდგომები როგორც აშშ-ს დეპარტამენტის სახელმწიფო იურიდიული სამსახურის მიერ შემოთავაზებული პოზიციისა, ასევე რამდენიმე ქვეყნის ელჩის მიერ პროკურატურისთვის მიერ მიწვდილი წერილებით. საბოლოოდ, დავრწმუნდით: მიუხედავად იმისა, რომ 20 ექსპერტს ერთი საერთო პოზიცია ჰქონდა ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იმ ინფორმაციით, რასაც ვიღებდით როგორც ადვოკატისგან, ასევე იმ წყაროებისგან, რომლებიც ჩართული იყვნენ ტენდერში, რომელიც დანაშაულებრივად გამოცხადდა, ბატონი ივანიშვილისგან პირობა გვქონდა, რომ თუ არ დადგინდებოდა მათი დანაშაული, უმალ სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნდებოდა, ხოლო პროკურორი _ დაისჯებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის შემდეგ დამკვიდრდა წესი, რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება გაგრძელდებოდა იმ სცენარით, რომელმაც „ტრაქტორების საქმეზე“ შედეგი გამოიღო. სრულიად უდანაშაულო ადამიანები აწამეს, აწვალეს, აიძულებდნენ ეღიარებინათ არარსებული დანაშაული, დაბოლოს, აქტიური საზოგადებრივი ჩარევებისა და საერთაშორისო წყაროებისთვის მიუღებლობით მოახერხეს ის, რომ ეს ადამიანები კი განთავისუფლდებოდნენ, მაგრამ რაღაც დანაშაულს მაინც მიაწერდნენ. რასაკვირველია, სასოწარკვეთილები ამაზე თანხმდებიან და ახლა, როდესაც მოწმენი ვართ ზუსტად იმ პროცესისა უკვე „კაბელების საქმით“, შემთხვევითი არ არის, რომ ორსავე საქმეს ერთი და იგივე ადვოკატი ჰყავს სოსო ბარათაშვილის სახით, რომელიც თავისი უმაღლესი პროფესიონალიზმით და გმირული მოქალაქეობრივი მიდგომით არის ცნობილი. ჩემთვის ისიც ცნობილია, როგორ შეუვარდა მას პროკურატურა სახლში, როდესაც პრაღიდან, იმ ქვეყნის დედაქალაქიდან, რომლის ტრაქტორებიც იყო ნაყიდი, მას დოკუმენტი მოუვიდა, როგორც ადვოკატს. მისი შინაარსი პროკურატურამ არ იცოდა და ადვოკატის გაძარცვა მოინდომა. ბატონმა სოსომ აქაც კი მაღალი მოქალაქეობრივი სტანდარტით იმოქმედა. ის ყველაზე უფრო სამართლიანია მთელ სასამართლო და გამოძიების პროცესში. ერთად აღებულ პროკურატურას და სასამართლოს სანდოობით ნამდვილად სჯობს. არ მინდა, მისი ზედმეტი ქება, რომ ჩემმა ნათქვამმა რაიმე ნეგატიური შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ფაქტებითა და ლოგიკური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ის არის გმირი ასეთი სახელმწიფოებრივი უსამართლობების წინააღმდეგ ბრძოლაში! არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ „ტრაქტორების საქმე“ საფუძველია „კაბელების საქმისა“. ვერაფერი დაუმტკიცეს, არსად ყოფილა რაიმე მსგავსი სცენარი, როდესაც ადამიანებს არანაირი შეხება არ აქვთ ფინანსებთან და ფლანგავენ ფულს, რომელიც მათ კი არ მოუთხოვიათ, არამედ ეს იყო ჯერ ფინანსთა მინისტრის, მერე იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის. თანაც ამ საქმეში მონაწილეობის საკითხი პირნათლად შეასრულა „სილქნეტმა“ და თავისი ხარჯიც გაიღო იმ შემთხვევებისთვის, რომელიც უკეთესი იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. როდესაც ხალხს აპატიმრებდნენ, იმ ღამეს, რომელსაც წინ უსწრებდა თავდაცვის მინისტრის ხელმოწერა პარიზში საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენაზე, რომელიც დაიგმო, ჯერ კიდევ, ხელმოწერამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, დღემდე ტოვებს სერიოზულ კითხვებს, რომელზე პასუხიც არ არის. ჩემი აზრით, აქ დანაშაული არ ყოფილა. მიუხედავად უსინდისო გამოძიებისა, განთავისუფლების ჟამი რომ დადგა და უკვე აწუხებდა ამ მზაკვრული ქმედების ინიციატორს, პატიმრობის ვადა ჩამოუკლეს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანებს მაინც მიაკერეს დამნაშავის იარლიყი. აქვე იყო სრულიად დროული და დამაჯერებელი ქმედება პრეზიდენტისა. დიახ, ეს საქმე დახურა არა პროკურატურამ, არა სასამართლომ, არამედ პრეზიდენტმა, რომელიც ამ პროცესს დიდხანს ადევნებდა თვალყურს, არ იჩქარა, ელოდებოდა, რომ მართლმსაჯულების ყველა შესაბამის საფეხურს საკუთარი აზრი გამოეთქვა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ საკასაციო სასამართლო, რომლის გერბზე, ალბათ, მურუსიძის პორტრეტია გამოსახული, იქნებოდა მხოლოდ ბოროტების დამთესი, დროულად შეიწყალა სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რითაც მათ საშუალება მისცა, უფრო დამაჯერებელნი ყოფილიყვნენ კასაციებისას, რომელიც ელით ევროპისკენ გზაზე. კიდევ ერთხელ შევრცხვებით ევროპის სასამართლოს წინაშე „კაბელების საქმით“, მაგრამ ამის გამო სირცხვილის განცდა არ ექნება მურუსიძეს, მას გამოცდილება აქვს „გირგვლიანის საქმეზე“ უდიერი დამოკიდებულებისა, ასევე არ იქნება სამარცხვინო იმ ადამიანისთვის, რომელმაც საქართველოს ეს უსამართლო პირი ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ მოახვია თავს.

 

თამარ ბატიაშვილი