სოსო ცინცაძე: „სეპარატისტების მიმართ ევროპამ ბარიერების აღმართვა დაიწყო, ჩვენ კი ისევ წაყრუების რეჟიმში ვართ!“

ესპანეთის შემადგენლობაში შემავალმა რეგიონმა კატალონიამ, 1 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, სადაც ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირეს მხარი, ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამის საპასუხოდ ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიას პირდაპირი მმართველობა დაუწესა და 21 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
კატალონიაში განვითარებული მოვლენების ფონზე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 24 ოქტომბერს ბარსელონაში ჩავიდა და ე. წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. მოგვიანებით, ესპანურმა დაზვერვამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მზვერავად გამოაცხადა. ამ ფაქტს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო თანამეგობრობა საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს და, შესაბამისად, მას რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის გახსნის უფლება ვერ ექნება.

კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებაც: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სრულიად უჭერს მხარს ესპანეთის მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. თუმცა ამგვარი პოზიციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში დარწმუნებულნი არიან, რომ სეპარატიზმის პრობლემას ესპანეთსა და საქართველოში განსხვავებული ფესვები აქვს.
როგორია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ესპანეთში მიმდინარე მოვლენებისადმი და რით განსხვავდება ერთმანეთისგან სეპარატიზმის პრობლება ესპანეთსა და საქართველოში? საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კატალონიაში აბსოლუტურად სხვა პროცესები მიმდინარეობს: „ეს არის ერთ-ერთი მხარის სურვილი, რომ იყოს დამოუკიდებელი, თუმცა ეს პოლიტიკურად რაიმე გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. ჩვენ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, _ რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორია, 300 000 დევნილი გვყავს და აქ არ არის საუბარი თვითგამორკვევაზე, აქ საკითხი დგას ოკუპაციაზე. ამიტომ ეს ორი საკითხი აბსოლუტურად განსხვავებულია“, _ ამბობს სესიაშვილი.

უკავშირდება თუ არა ესპანეთისა და საქართველოს პრობლემები ერთმანეთს და რამდენად საფრთხის შემცველია ის ჩვენი ქვეყნისთვის?
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში _ სოსო ცინცაძე ესაუბრა:
_ გუშინდელი ცნობებით, ბელგიის პოლიციამ მოკვლევა დაიწყო, რომ შესაძლებელია, კარლეს პუჩდემონი და მისი ოთხი მინისტრი პატიმრობაში აიყვანონ. ეს დასკვნა შემდეგ უნდა გადაეცეს სასამართლოს და საბოლოო გადაწყვეტილებას იქ მიიღებენ. მოვლენათა ასეთი განვითარება საფრთხეებს შეიცავს კი არა, პირიქით, ტერიტორიული მთლიანობის წისქვილზე ასხამს წყალს. გადამწყვეტი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც ესპანეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრი რახოი, დილემის წინაშე აღმოჩნდა _ როგორ მოქცეულიყო? მას შეეძლო, წაეუყრუებინა, მოლაპარაკებები დაეწყო, რომელიც გაიჭიმებოდა, რასაც მიჩვეულები ვართ „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან მიმართებით, ამ პერიოდში სეპარატისტები ზურგს გაიმაგრებდნენ, მყარად დადგებოდნენ თავიანთ პოზიციაზე და ა. შ. მაგრამ არა, მადრიდმა ისეთი პრინციპულობა გამოიჩინა, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვინახავს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და სეპარატიზმთან ბრძოლაში. ადრე ევროპის პოზიცია ყოველთვის ისეთი იყო, რომ სეპარატისტებთან პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებით და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარებულიყო, რასაც ჩვენ გვეჩიჩინებოდნენ და დღემდე ჩაგვჩიჩინებენ, მაგრამ მადრიდმა პირდაპირ ძალზე გადამჭრელი და მკვეთრი, კონკრეტული ღონისძიებები ჩაატარა: გააუქმა ავტონომია, შემოიღო პირდაპირი მმართველობა, იქ თავისი წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია დანიშნა და ძებნა გამოაცხადა პუიჩდემონსა და მის მინისტრებზე. პუიჩდემონი ბელგიაში, ბრიუსელში გაიქცა. როგორც ჩანს, მან იქ ვერ ნახა მხარდაჭერა და ახლა მზად არის კატალონიაში დასაბრუნებლად, მაგრამ გარანტიებს ითხოვს. ორი დღის წინ, ჯერ კიდევ ამბობდა, დავბრუნდები, მაგრამ გარანტიები მინდა, რომ არ დამიჭერენ, ვინაიდან 30 წლით პატიმრობა მემუქრებაო. როგორც ჩანს, ბრიუსელი, როდესაც ეს საკითხი თვითონ შეეხო, პრინციპულად დადგა, მანამდე ევროპა ჩვენთან თუ კოსოვოსთან მიმართებით მოქმედებდა პრინციპით, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, _ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, მაგრამ როდესაც თვითონ შეეხო, ბრექსიტის მერე კიდევ კატალონია, რომ სეპარატისტების წარმატებით დამთავრებულიყო ეს ავანტიურა, ეს უკვე ევროკავშირის ერთობას ემუქრებოდა, ვინაიდან ავტომატურ რეჟიმში გადავიდოდა დომინოს თეორია: უკვე მზად იყო ვენეცია, მზად იყვნენ ბასკები, ფლამანდიელები (ბელგიის რეგიონი, ცენტრით ანტვერპენში – რედ.) და ეს თვითონ ევროპას ეხებოდა. როდესაც ამ აქლემმა ბრიუსელის კართან დაიჩოქა, მაშინ გადაწყვიტეს, _ არა, მორჩა, დამთავრდა, სეპარატისტებთან ენის მოჩლექით ლაპარაკი აღარ შეიძლება და სრული მასშტაბით ამოქმედდა უკვე მართლმსაჯულება. ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, სადღეისოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეპარატისტებმა მწარე მარცხი განიცადეს, რაც სხვებისთვის გაკვეთილი იქნება.
_ კატალონიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძალიან გააქტიურდნენ ოსი სეპარატისტები…
_ დიახ, ახლა ოსები ძალიან აქტიურობენ, მათი თვითმარქვია მინისტრი მედოევი ხან იტალიაში ჩადის, ხან _ კატალონიაში, მაგრამ დავანებოთ თავი კატალონიას. მედოევი ჩავიდა იტალიაში, იქ შეხვდა იტალიის ოფიციალურ პირებს, მართალია, ერთი რეგიონის, თუმცა ოფიციალურ პირებს. პირადად არ მსმენია, რომ იტალიაში ჩვენს საელჩოს პროტესტი განეცხადებინოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. არც ის მსმენია, რომ თბილისში იტალიის ელჩი დაებარებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ ფონზე, როდესაც სეპარატისტების წინ რაღაც ბარიერების აღმართვა თვითონ ევროპამ დაიწყო, ისევ წაყრუების რეჟიმში ვართ _ ისე ხომ არ დავწვრილმანდებით, მედოევი სადღაც წავა და ვიღაცას შეხვდება… მაგრამ ეს არ არის სწორი, ვინაიდან მოვლენები ისე რომ განვითარებულიყო, როგორც სეპარატისტებს უნდოდათ, ოსების დელეგაციას მალე ბარსელონაშიც ვიხილავდით და გამორიცხული არ არის, კატალონიიდან ვიღაც თავგახურებული სეპარატისტი ცხინვალში ან სოხუმში გვეხილა, მაგრამ ჩვენი პოზიცია როგორია?! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ დღეს სალონური ინტერესის რეჟიმში ვართ. უბრალოდ, მაყურებლები, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება და საინტერესოა, რა ხდება. მე მხოლოდ ჟურნალისტებისგან მესმის ეს შეშფოთება, _ ჩვენ ხომ არ შეგვეხება?! ხელისუფლებისგან კი ვერაფერს ვხედავთ, მხოლოდ ერთი სტანდარტული განცხადება იყო ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. როგორც ჩანს, ჟურნალისტები პრინციპულად უნდა დადგეთ და იკითხოთ, _ რატომ არ მიმართეს იტალიის საელჩოს პროტესტით?! თვითმარქვია მინისტრს, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, ოფიციალურ დონეზე თვით იტალიაც არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ და წავუყრუეთ, რომ აფხაზეთში დღე არ გავა, თურქეთიდან ვინმე არ ჩავიდეს, ვაჭრობა აქვთ გამართული, ხე-ტყე გააქვთ, ადრე თურქულ გემებს აკავებდნენ, რამდენი წელია, არ მსმენია, რომ თურქული გემი, რომელიც უკანონოდ შედის სოხუმის პორტში, იქიდან ქვანახშირი თუ ხე-ტყე გააქვს, დაეკავებინოთ. მით უმეტეს, ამერიკელებმა გვაჩუქეს და ორი კატარღა გვაქვს უკვე. ისეთ მდგომარეობაში აღარ ვართ, შევარდნაძის დროს რომ ვიყავით. ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ საჯარო განცხადებებით კმაყოფილდება და ისეთ ნაბიჯზე, მაგალითად, როგორიც არის დიპლომატიური პროტესტი, თავს იკავებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს ეხება. ჩვენ იტალიის საელჩო გვაქვს, იმ ელჩს მე და თქვენც ვუხდით ფულს, ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდებიან და რას აკეთებენ ეს ელჩები, დღემდე ვერ გავიგე, მით უმეტეს, ახლა თუ მართლა ნარმანია გაგზავნეს გერმანიაში. ჩემთვის, მაგალითად, ნარმანიას გერმანიაში გაშვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება შეგუებულია, ნატოში ჩვენს შესვლას გერმანია არასოდეს მისცემს თანხმობას, ვინაიდან იქ ნარმანია საქმის გაფუჭების გარდა სხვა არაფრით იქნება დაკავებული. დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მაიმუნ ვირიშვილებს არ დაუძახებს გერმანელ პრემიერ-მინისტრებს. რამდენჯერმე ვთქვი, _ თბილისში რატომ არ იბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ელჩს, რატომ არ სთხოვს განმარტებას, რომში არ იყო მედოევი, იტალიის ერთ-ერთი პროვინციაა, სადაც სეპარატისტული გამოვლინებებია, მაგრამ ეს პროვინცია იტალიის შემადგენლობაშია და იქ ადგილობრივი ხელისუფლება, ჯერჯერობით, რომს ემორჩილება, ისინი დამოუკიდებლები არ არიან. ის არ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომ თქვან, ფეხბურთის კლუბმა თუ მის მოყვარულთა საზოგადოებამ დაპატიჟაო. რაც შეეხება კატალონიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, დღევანდელ დონეზე რაც ხდება, უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. როგორც ჩანს, პუჩდემონმა უკვე მოიტეხა კისერი. ასეა თუ ისე, 30-წლიანი პატიმრობის პერსპექტივა მისთვის, მაინცდამაინც, სასიამოვნო არ უნდა იყოს.

P. შ. მასალა დასაბეჭდად უკვე მზად იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ჩაბარების დროს პუჩდემონს ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი გადასცეს.

თამარ ბატიაშვილი