სოსო, მადლობაზე არ მუშაობს!

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით, 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ სახლში მალე მივიდოდა. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი, დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში: „რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა“.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის: „კონტრაბანდის“, ასევე, „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით.

 

ახლა კი ვერსია, რომელსაც „ქრონიკა+“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურად ავრცელებს:

აფგან მუხთარლი ფაქტია, რომ ოფიციალური გამშვები პუნქტიდან არ გადაუყვანიათ, ანუ ის იმ გზით გადაიყვანეს, სადაც ავტომობილს შეეძლო გავლა, მაგრამ გამშვები პუნქტი ოფიციალურად გაუქმებული იყო. ასეთი კი ერთი გვაქვს დედოფლისწყაროს რაიონში _ სოფელ სამთაწყაროში.

ალაზნის მდინარეზე გადასასვლელი ხიდი 2004 წლის მერე გაუქმებულია, ორივე მხარეს მესაზღვრეები დგანან. ხიდზე მძიმე ტექნიკა და სატვირთო ავტომობილები ვეღარ გადადის, განსხვავებით ერთი გამონაკლისისა _ შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე. ამ ხიდზე არ არსებობს ვიდეოკონტროლი, მოსახლეობა ქვეითადაც გადაადგილდება და მეტიც, ამ ხიდზე ხშირად პასპორტის გარეშეც მოძრაობენ. ეს სიმართლეა და გადამოწმების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები დარწმუნდებიან კიდეც.

რა ხდება ხიდს იქით? _ მეორე მხარეს აზერბაიჯანის სახელმწიფოა, კერძოდ, ბელაქნის რაიონი და მისი პირველი სოფელი, იორმუღანლო. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ჟურნალისტი ბელაქნის რაიონში დააკავეს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს გზა: თბილისი-დედოფლისწყარო-სამთაწყარო-იორმუღანლო გაიარა ჟურნალისტმა, რომელიც ორ შემთხვევაში მოახერხებდა ამ მარშრუტის გავლას, _ ან ადგილობრივი მცხოვრები უნდა ყოფილიყო, ან სუს-ში უნდა ემუშავა.

 

ახლა კი ჩვენი რესპონდენტი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების გამო ვინაობას ვერ ასაჯაროებს:

_ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი როგორ გაიყვანეს თბილისიდან, ეს უკვე ცნობილია, თუმცა მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა ძალოვნების, კერძოდ კი სუს-ის დახმარების გარეშე რომ შეუძლებელია, უდავოა. სწორედ სუს-ის კულუარებში დაიგეგმა მისი გაყვანა ქვეყნიდან. რა გზით, ეს უკვე გითხარი, მაგრამ ახლა მეტი დაკონკრეტებისთვის გეტყვი, როგორ მოხდა: არსებობდა ორი გზა, რა ფორმითაც შეიძლებოდა მისი გაყვანა ტერიტორიიდან _ ერთი იყო დედოფლისწყაროდან, მეორე კი ლაგოდეხიდან. ლაგოდეხში სოფელ ჭიაურთან პატარა მდინარე ჩამოდის, რომელსაც ორღანს ეძახიან, ამ მდინარის იქით უკვე ზაქათლის რაიონია, კერძოდ კი სოფელი კობახჩო. აქედან გადასვლა ისეთივე მარტივად შეიძლება, როგორც დედოფლისწყაროს საზღვრებიდან, მაგრამ აქ ორი ფაქტორი იქნებოდა გათვალისწინებული: პირველი, რომ ლაგოდეხამდე ჟურნალისტის ჩაყვანას სამსაათნახევარი დასჭირდებოდა; მეორე, რომ იქ დასახლებული პუნქტები და მდინარის პირზე არსებული ფერმები უფრო მეტია, რაც რისკს ზრდიდა, რომ მას გადაყვანისას უცხო თვალი შენიშნავდა. ამიტომ ორივე საფრთხის გათვალისწინებით ფაქტია, დედოფლისწყარო არჩიეს.

_ ანუ დედოფლისწყაროდან გადაიყვანეს?!

_ დედოფლისწყაროდან გადასასვლელი რამდენიმე გზაა: ერთი გზა შეიძლებოდა ყოფილიყო დედოფლისწყაროს ბოლო სოფელი საბათლო, მაგრამ საბათლოდან მისი გადაყვანა სახმელეთო გზით შეუძლებელი იქნებოდა, იქ ალაზანი საკმაოდ ღრმაა და მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი მეორე მხარეს გადასვლა. სოფლებს ფიროსმანსა და მუღანლოს ტყე-ჭალები ჰყოფს. ყველაზე უპრიანი სამთაწყაროს გაუქმებული ხიდით გასვლა იქნებოდა, ამიტომ სწორედ ეს გზა შეირჩა და ამ გზით აღმოჩნდა ჟურნალისტი აზერბაიჯანში.

_ აზერბაიჯანის მხარე ამბობს, რომ ის ე. წ. ბელაქნის რაიონში დააკვეს.

_ კი, მასეც იქნებოდა, რადგან ალაზნის იქით უკვე ბელაქანია. აბა, მას მაწიმის გამშვები პუნქტიდან არავინ გადაიყვანდა, რადგან ოფიციალურ გამშვებ პუნქტზე გავლა და ასე დატყვევებული კაცის გადაყვანა, ბუნებრივია, სისულელე იქნებოდა. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ 2 საათი მოუნდნენ მის გაყვანას საქართველოდან, რაც სრულიად ლოგიკიურია. დიახ, 2 საათი სჭირდება ამ გზის გავლას.

_ ახლა მთავარი: იცოდა თუ არა ეს ამბავი სოსო გოგაშვილმა?

_ მოდით, ამ შემთხვევაში, თარგამაძეს დავეთანხმოთ და ვთქვათ, როგორ შეიძლებოდა ეს გოგაშვილს არ სცოდნოდა? პირიქით, მან ეს იცოდა და ძალიან მალე, აი, ძალიან მალე, ჩვენ ვნახავთ, რომ გოგაშვილი უსამსახუროდ დარჩება. სამაგიეროდ, აღმოჩნდება, რომ მას ან მის ოჯახს უკვე აზერბაიჯანულ ბიზნესში ექნება წილი. სოსო მადლობაზე არ მუშაობს. სოსო მუშაობს სწორედ იმისთვის, რომ მან ფინანსური სარგებელი მიიღოს. შესაბამისად, გოგაშვილის განთავისუფლებას და მის საშემოსავლო წყაროს დააკვირდით მომავალში და ნახავთ, რამდენად გაიყიდა ეს ადამიანი და რა ღირს მისი ტყვეობა.

_ ე. ი., თუ დარწმუნებით მეუბნები, გოგაშვილი საქმეშია?

_ მე გეუბნები, გოგაშვილის საქმე მის მარიფათშია, მან შეძლო და ამას მალე ნახავს ყველა.

_ დარწმუნებული ხარ, რომ სოსო გოგაშვილის გარდა სხვა არავინ არის ამ სარგებელში?

_ დარწმუნებული ვარ, რომ არ იყო მარტო აზერბაიჯანული მხარის ინტერესი ჟურნალისტის მათთვის ჩაბარება, პირიქით, მათ ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ ეს ინტერესი. აქ ქართული მხარეა უკვე პრობლემა. როგორც ჩანს, მისი ჟურნალისტური გამოძიება მალე ამხელდა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებს აზერბაიჯანულ ბიზნესთან ლობირებასა და წილებში. მაგალითად მხოლოდ ერთ პატარა ფაქტს მოგიყვან: 120 დოლარით იაფია 1000 კუბმეტრი გაზი, ანუ 1 კუბმეტრი გაზი 28 თეთრით ნაკლები ღირს, თუ სხვისგან ვიყიდით და არა აზერბაიჯანისგან. ოფიციალურად უფლება გვაქვს, ვიყიდოთ, სამაგიეროდ, არაოფიციალურად არ გვაქვს იმიტომ, რომ ის 28 თეთრი ხელისუფლების წარმომადგენლებში ნაწილდება და გაზს ვყიდულობთ აზერბაიჯანისგან, სადაც ყველაფერი ალიევის ოჯახის საკუთრებაა. ზედმეტს რასაც იხდის შემომტანი, ანუ მყიდველი, ის აქ რამდენიმე კაცთან ნაწილდება. არ ვიცი, გასაგებად აგიხსენი თუ არა, მაგრამ ეს მაგალითისთვის გითხარი. თუ ვინმეს ედგა ყელზე დღეს ეს ჟურნალისტი, ჩვენი ხელისუფლება იყო. ამიტომაც გაყიდა ასე „სიყვარულით“. და თქმა იმისა, რომ უიი, გოგაშვილმა, ნეტა, იცოდა? _ სასაცილოა, და თუ არ იცოდა და ვერ აკონტროლებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მაშინ გადადგეს, თუმცა მალე მაინც გადადგება.

 

მაკა მოსიაშვილი