„სმაკი“ _ დიზაინერი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს

როცა ინტერვიუსთვის დაბარებულ ადგილზე ქარიშხალივით შემოვარდა, მაშინ უნდა მივხვედრილიყავი, როგორ დაუდგრომელ ადამიანთან მქონდა საქმე.

დიზაინერი, რომელიც 26 წლისაა, საკუთარი ნამუშევრებით მსოფლიოს საქართველოს აჩვენებს, ოღონდ ისე არა, როგორც ხდება ხოლმე, შავი და მონაცრისფრო ფერებით, არა, მან მსოფლიოს ფერადი საქართველო აჩვენა.

იყო ბევრი იმედგაცრუება და წინ იქნება ბევრი წარმატება. ყველაზე დიდი სიამაყით კი პირველ ნამუშევრებს იხსენებს. სულ იბრძვის იმისთვის, რაც უყვარს.

გაიცანით, დღევანდელი ჩვენი სტუმარია დიზაინერი „სმაკი“, _ იგივე მაია სირაძე.

 

_ მომიყევი შენზე, რომ მკითხველმა უკეთ გაგიცნოს.

_ მე ვარ მაია სირაძე, „სმაკი“ (აკადემიაში ჩემმა მეგობარმა შემარქვა, მაიას გაერთიანება სმაილთან, ანუ ღიმილთან და მივიღეთ „სმაკი“). გადავწყვიტე, ეს ბრენდის სახელი ყოფილიყო.

ვსწავლობდი #152-ე სკოლაში, დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდელირების განხრით. ბავშვობიდანვე ვქსოვდი და ეს მიმართულება უფრო „ჩემი“ იყო. ქსოვა, როგორც მახსოვს, დედის ბებიის დამ მასწავლა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს, პირველი ნამუშევრები სახლში მაქვს აქა-იქ გაფენილი. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ.

2011 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტის დამთავრებისას კოლექცია უნდა შეგვექმნა და დიპლომის დაცვაზე წარგვედგინა. მე ჭრელი, ფერადი ძაფებით შევქმენი ნამუშევრები და რადგან შედარებით არააკადემიური იყო (ძირითადად, შავი და მუქი ფერისგან ქმნიდნენ ნამუშევრებს), მეუბნებოდნენ, რომ არ მომცემდნენ დიპლომს. მერე ვიბრძოლე, რათა ჩემი გამეტანა. ბოლოს მათთვის გავლენიანმა ადამიანებმა უთხრეს, რომ ფერადი კოლექცია კარგი იყო და მხოლოდ ამის მერე დამთანხმდნენ. მაშინ რომ უარი მეთქვა მაგ სიჭრელისთვის, ვეღარაფერს გავაკეთებდი ჩემსას. დიპლომის დაცვის შემდეგ კონკურსებში გვიწვევდნენ, სულ  ვიმარჯვებდი, ან პრიზიორი ვხდებოდი, იყო ძალიან ბევრი Fashion week , Be next  და ა. შ. მერე უცებ მხატვრების გარემოცვაში აღმოვჩნდი, დავმეგობრდი დავით ჩიხლაძესთან, მწერალთან, კოლაბორაცია შევქმენით, ბოლოს სულ მხატვრებში გადავედი, ძალიან ბევრი პერსონალური გამოფენა მქონდა, ძალიან ხშირად იყო მოწვევები, მაგრამ დაფინანსების არქონის გამო ვერ მივდიოდი, თუმცა ნამუშევრები გავიტანე ლონდონში, მილანში. ბელგიასა და გერმანიაში მე თვითონ ვიყავი. ახლა კიდევ ბერლინში მიწვევენ გამოფენაზე. იმედია, ყველაფერი გამოვა.

_ წარმოშობით საიდან ხარ?

_ რაჭიდან, მაგრამ იქ არაფერი მაქვს, მხოლოდ ერთხელ ვარ მეგობართან ნამყოფი რაჭაში და ვინმეზე თუ გავიგებ, რომ სირაძეა, მინდა, რომ აუცილებლად გავიცნო.

_ საქართველოს ფარგლებს გარეთ როდის და როგორ გაგიცნეს?

_Not just a label , ეს იყო გვერდი ინტერნეტში, სადაც ჩემი ნამუშევრები ნახეს და აქედან დამიკავშირდნენ, უცხოეთიდან მწერდნენ და მეც სულ მინდოდა წასვლა, დაფინანსებისთვის ვიბრძოდი, თუმცა არ მაფინანსებდნენ და აქ დავრჩი. ახლა პირველად ვამბობ, რომ ბერლინში უნდა წავიდე, ჯერ არავისთვის მითქვამს. უკვე იმდენჯერ ჩამეხშო გეგმები, რომ აღარ ვამბობ ხოლმე წინასწარ არაფერს. პირველი ნამუშევრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა, ხელწერა იგივეა, მაგრამ ყოველდღიურად ვიზრდები და შემოქმედება სხვა ხდება, იხვეწება.

_ აქ, ამ ფაკულტეტზე ჩაბარების იდეა როგორ გაგიჩნდა?

_ სულ მინდოდა, ბავშვობიდან ჩემი გემოვნებით ვიცვამდი, ან რაღაცებს გადავაკეთებდი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ არასწორად იყო დალამბული, ან რაიმე, მაინც მეცვა. იდეა მაისურების შექმნისა იქიდან გაჩნდა, რომ ერთხელაც, ვიყიდე მაისური, რომელზედაც ერთჯერადი ლეიკოპლასტირის პრინტი იყო, ოღონდ, ნაჭრის _ ამაზე გავგიჟდი, ვიყიდე, სახლში წავიღე, გავრეცხე და გასაშრობად გაზქურის თავზე ჩამოვკიდე, როგორც კი გაშრა, დამჩატდა და ჩამოვარდა, ჩემი მაისური დაიწვა, მაგრამ ეს ლეიკოპლასტირი დარჩა, ძალიან დიდხანს იდო და მერე უცებ იდეა გამიჩნდა, მე თვითონ მიმეკერებინა რაიმეზე იგი. დავხატე მაისურზე სახე, რომელსაც ენის მაგივრად ეს ნაჭერი დავაკარი და შესანიშნავი გამოვიდა. ეგ მაისური ახლა ძალიან შელახულია, მაგრამ მაინც ძვირფასი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი.

_ ბიზნესის საქმე როგორ დაიწყე?

_ აქამდე სულ მქონდა ხოლმე შეკვეთები, თუმცა სერიოზულად არ ვუყურებდი, ახლა თვითონაც პიროვნულად შევიცვალე და ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე, შესაბამისად, ყველაფერი შეიცვალა, დავსახე მიზნები, გავმყარდი, მოტივირებული ვარ, თან ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის დაინტერესება და ინტერესი.

_ ყველაზე ობიექტურად ვინ გიფასებს ნამუშევრებს?

_ მყავს მეგობრები, რომელთა აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის მეხმარებიან. მე ვეუბნები, იმიტომ არ შემაფასოთ, რომ თქვენი მეგობარი ვარ, ან ახლობელი, შემაფასეთ, როგორც ობიექტი. ისინიც მეხმარებიან.

_ ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის შენთვის?

_ ოჯახის წევრები და მეგობრები, ძალიან ბევრი ვინმეა, ვინც მეხმარება და გვერდით მიდგას.

_ ბევრი სირთულე შეგხვდა გზად?

_ კი, ბევრჯერ პროექტებში მიმიღია მონაწილეობა და ბოლოს უთქვამთ, _ შენ გთიშავთ პროექტიდან. ან მაშინ, დიპლომის დაცვაზე, _ არ გაგატანთ დიპლომსო და ა. შ., თან ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა. ბოლოს, მაინც არ მიშვებდნენ. ან კიდევ, წასვლა მინდოდა მოწვევით ჩემი კოლექციით სხვადასხვა ქვეყანაში, იქიდანაც მეუბნებოდნენ, ჩამოდიო და ა. შ., მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი. გული მწყდება, რომ ვერ მივდივარ ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვეშვები. ამერიკიდან, ნიუ-იორკიდანაც გვქონდა მოწვევა, მაგრამ საელჩომ ვიზა არ მომცა. ძალიან ხშირად ყველაფერს სწორად აკეთებ და ბოლოს მაინც ხელს გიშლის რაღაც, ბოლომდე მაინც ვერ მიდიხარ.

_ ყველაზე დიდი სიამოვნებით რას აკეთებ?

_ ახალ ნამუშევრებს ვქმნი დიდი სიამოვნებით. შეიძლება, მთელი დღეები ამას დავუთმო, ზოგჯერ ცუდად ვარ და ვერ ვმუშაობ, თორემ ისე სულ ამას ვაკეთებ.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რამე?

_ კარგი მეგობრებისთვის არაფერი.

_ ყველაზე ძვირფასი რა არის შენთვის?

_ ოჯახი.

_ ყველაზე მნიშვნელოვანი (საქმეში)?

_ ნამუშევრის შეფასება. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ თვეზე მეტს ხანს ვუნდები ნამუშევრის შექმნას და მთელი დღეების მანძილზე მაგაზე ვფიქრობ, მაშინ ვინმემ რაიმე რომ მკითხოს, შეიძლება, ძალიან უხეშად ვუპასუხო, არაადეკვატური ვარ ხოლმე, ფოკუსირებაა მნიშვნელოვანი.

_ ადამიანში რომელ თვისებას აფასებ ყველაზე მეტად?

_ გულწრფელობას. მეტი არაფერი დაგვრჩენია, ვიყოთ ის, რაც ვართ.

_ თუ გაქვს პრინციპები, რომელსაც არასდროს ღალატობ?

_ ალბათ, ისევ შემოქმედებაში, როცა რაღაცას ვამბობ, რომ ასეა და დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, ვერავინ გადამარწმუნებს. ძალიან ჯიუტი ვარ მაშინ, როცა ვიცი, რომ სწორი ვარ! არაფრით გადავალ ჩემს სიტყვას! ძალიან მაწუხებს ხოლმე ხალხის ჭკუის სწავლა, რჩევა სხვა საკითხია. ბევრს მოვუსმენ, მაგრამ მე ჩემი შეხედულებებით ვმოძრაობ და მაინც იმას ვაკეთებ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია.

_ გაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ საერთოდ არაფერს ვნანობ! იმიტომ, რომ ეგრე იყო საჭირო, სულ ასე ვუდგები. თუ ასე მოხდა, ე. ი. ასე იყო საჭირო, რამდენი მეტკინა, მაგრამ არა უშავს, მერე რა? ცხოვრება წინაა და ბოლომდე უნდა მივყვე.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ტყუილები, როცა მეუბნებიან, ძალიან მიყვარხარო და ა. შ. არადა, არც მიცნობს, ძალიან მაღიზიანებს.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ მეგობრებისთვის და ჩემი შემოქმედებისთვის, მაქსიმალურად შემიძლია გამოვიყენო ეს დრო, რადგან ძალიან კარგი მეგობრები მყავს.

_ რას ნიშნავს შენი საქმე შენთვის?

_ ეს არის ჩემი ცხოვრება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რადგან ამით ვარსებობ და ყველგან ეგ მიტრიალებს.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ?

_ სად მაქვს თავისუფალი დრო? თუ გამოჩნდა, მეგობრებთან ერთად ვარ საღამოობით და ვსვამ, რომ განვიტვირთო.

_ მაქსიმალისტი ხარ?

_ ითვლება, რომ კი, ძალიან ბევრი რამე ბოლომდე მიმიყვანია, თან ისეთი რამ, რაზედაც ყველა გაოცებულა, ყველა, ვინც ირგვლივაა. რთული პერიოდები მქონია და მაინც ბოლომდე მიმიყვანია საქმე.

_ ნამუშევრების კეთებისას რამეს უსმენ ხოლმე?

_ მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა მუშაობისას მუსიკა არ მსიამოვნებს, რადგან ჩემთვის ძალიან ზედმეტია და მაქვს ხოლმე, როცა, პირიქით. და ეგ ვერ ამოვხსენი, რა პერიოდია. არასტანდარტული ვარ.

_ ყველაზე ღირებული რა გაქვს?

_ პირველი ნამუშევრები, პირველი კოლექცია და ის მაისური, წეღან რომ გელაპარაკეთ. რაც შეეხება პიროვნულად, ვაფასებ სიმართლეს, გულწრფელობას და სიყვარულს.

_ რას გაძლევს ყოველი დღე?

_ ახალ შეფასებებს და იდეებს. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ და გამოძინებული ვარ, ყველაფერს ახლებურად ვუყურებ, დღის ბოლო როცაა, მაშინ ზოგჯერ ვეღარ ვაცნობიერებ, რა უნდა ვქნა და გონება მეკეტება, გადაღლილი ვარ. დილით უფრო დამშვიდებული და დალაგებულია ყველაფერი, ყველაფერს საღად ვაფასებ.

_ რაზე ოცნებობ?

_ მოგზაურობაზე, ყველაზე კარგია, მაგის მეტი არაფერი გრჩება, ბევრ რამეს ნახავ, ენერგიას მიიღებ, სიახლეებს ეზიარები და გაივსები.

_ რაიმეს მიმართ პროტესტის გრძნობა გიჩნდება?

_ კი, თუნდაც ის, რომ ყველას შავი და მუქი ფერები უყვარს და აცვია, ყელში ამოვიდა და ჩემს კოლექციაშიც ავსახე ეს. თუ შავს ვიყენებ, ჭრელ ელემენტებს ვუკეთებ, რადგან ასეც უნდა იყოს და ეს ერთგვარი პროტესტი იყო ჩემი მხრიდან, უკვე აღარ შემეძლო, ყველა დიზაინერი ერთსა და იმავეს აკეთებდა. არასდროს ვინტერესდები სხვისი შემოქმედებით იმიტომ, რომ მე ჩემი სამყარო მაქვს. რაც უნდა იყოს, გონებაში გრჩება ვიღაცის ნამუშევარი და მერე შეიძლება ამოგიტივტივდეს. ეს არ მინდა. მირჩევნია, ჩემი იყოს.

აი, ამას წინათ გოგონა შემხვდა და მეკითხება, _ რა არის ტენდენციური და როგორი კაბები ჩავიცვათ, რა ფერებიო? არადა, ამ დროს საერთოდ არ ვიცი, რა ხდება, ამიტომ რაც გინდა, მოგწონს და მოიხდენ, ისაა ყველაზე კარგი, ის ჩაიცვი-მეთქი. აუცილებლად უნდა მოიხდინო.

_ თუ გყავს ვინმე გმირი, ვისაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ მგონია, რომ ვარ მხატვარი ჟან მიშელ ბასკია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესოა. არავინ მყავს ეგრე ახლოს, როგორც ბასკია, ეგ არის ჩემთვის ერთადერთი, მის ნამუშევრებს რომ ვნახულობ, ზუსტად ის ემოციები მოდის, რაც ჩემგან არის და ჩემშია, ის ყველაფერია ჩემთვის,  გარდაცვლილია ეს ბიჭი, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, რომ ეგ ვარ.

_ რომ შეგეძლოს, რა პერიოდში დაიბადებოდი?

_ პოპ არტის პერიოდში, ამ ბიჭის ნამუშევრები ძალიან მომწონს.

_ გქონდა ისეთი შემთხვევა, რამაც ძალიან გაგიცრუა იმედი?

_ კი, როცა მეგონა, რომ, ნუთუ, მხოლოდ ესაა, ამისთვის ვაკეთებდი ყველაფერს? ნუთუ, მეტი არ შემიძლია? ყველას აქვს პერიოდი, როცა გგონია, რომ საკუთარი თავი ამოწურე, მაგრამ, სინამდვილეში, ეს, უბრალოდ, კრიზისია, დამშვიდება და ახალიდან დაწყება გჭირდება.

_ მისაბაძი მაგალითი ვინ არის?

_ არავინ.

_ რა არის პრობლემა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობ?

_ პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც ხელოვანებზე იზრუნებს, მაგალითად, რამდენ ადგილზე ვიყავი მიწყვეული, მე რომ ყველა ქვეყანაში წავსულიყავი და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა გამოფენასა და მოდის კვირეულებზე, წარმოიდგინე, სად ვიქნებოდი. როცა კულტურის სამინისტროში მიდიხარ, განცხადებას წარადგენ და გეუბნებიან, _ არა, სამწუხაროდ, ამას არ ვაფინანსებთო, მერე სხვაგან მიდიხარ და იქაც იმავეს გეუბნებიან _ არავის ინტერესში ეს არ შედის! უნდა იყოს რაიმე ორგანიზაცია, ან ინსტიტუტი, რომელიც არტისტებზე იზრუნებს. ძალიან მინდა წასვლა. როცა გეუბნებიან, ჩამოდი და ყველაფერს დაგახვედრებთ, გამოფენას ან ჩვენებას გავაშუქებთ და ა. შ. და ვერ მიდიხარ, ვის უნდა მიმართო ამ დროს? ვერც ვერავის მიმართავ იმიტომ, რომ ყველა უარს გეუბნება.

_ როდის ისვენებ ყველაფრისგან?

_ ძალიან მიყვარს ელექტრო მუსიკა და დალევა, მაგრამ დრო არ მაქვს, რომ გავერთო. ერთადერთი შვება არის სადმე წასვლა, მუსიკის მოსმენა და ცეკვა, თან მიყვარს, როცა მარტო ვარ, ემოციებისგან ვიცლები.

_ მესაიდუმლე თუ გყავს?

_ ბევრი მყავს, ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი, არ ვარ მარტო, ბევრი მეგობარი მყავს.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ კი, ვარ.

_ რას ნიშნავს თავისუფლება შენთვის?

_ ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მიყვარს, ნებისმიერ დროს შემიძლია ის გავაკეთო, რაც მინდა. ძალიან ღია პიროვნება ვარ, არ მაქვს ბორკილები, არავინ მიჭერს.

_ რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ დაბრძენების, დაღვინების ეტაპზე ვარ და უფრო ამან გამაძლიერა, ძალიან შემცვალა.

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ კი, დიდი ხანია, ვიპოვე, მთავარია, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მინდა და დაგეგმილი მაქვს. ფერები და ჩემი ნამუშევრები იმდენად ჩემი თავია, ჩემი სამყაროა, ვერც წარმომიდგენია ამის გარეშე და ვამბობ, რომ ნეტავ, არ დადგეს პერიოდი, რომ ავდგე და სადმე ვიმუშაო, რომ შევწყვიტო ეს _ არაფერს გამოვრიცხავ, უბრალოდ, ეგ არ მინდა, რომ დადგეს, სულ ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვინდა.

_ ვინ ხარ ახლა?

_ დიზაინერი „სმაკი“, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვა, კრეატიული ნამუშევრები და მე რომ ყველა შანსი გამომეყენებინა, მეტად მაგარი და პოპულარული ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ მერე რა? _ კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ და მაინც მივაღწევ რაღაცას.

_ როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევის შანსი საქართველოში არის?

_ კი.

_ ბაზარი გაძლევს ამის საშუალებას?

_ კი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნამუშევრები მაძლევს. რაც უნდა დავდო გვერდზე, დაინტერესება სულ დიდია, ყველა მწერს. არადა, ვერ ხვდები, როგორ უნდა ჩაიცვას კონკრეტულმა პიროვნებამ ის, რაც შენთვის შექმენი. მაგრამ შეგიძლია საკუთარი თავის დამკვიდრება, რაც ჩემს შემთხვევაში პირველივე ნაბიჯებიდან დაიწყო.

_ რომ არა მაია სირაძე, ვინ იქნებოდი?

_ ისევ მაია სირაძე.

_ რა მნიშვნელობა აქვს დროს?

_ ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმდენი რამის კეთება გინდა, რომ ვერ ასწრებ, სულ ფიქრებში ვარ და მინდა, ყველაფერი მოვასწრო.

_ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?

_ ჩემს შემოქმედებაზე და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

_ სამომავლო გეგმა რა არის?

_ მივდივარ გერმანიაში, სადაც ჩემი ნამუშევრები ნახეს და ძალიან მოეწონათ. წესით, ივნისის ბოლოს იქ უნდა ვიყო, ივლისის დასაწყისში უნდა გვქონდეს გამოფენა და კარგა ხანს უნდა გაგრძელდეს, რომ ყველამ მოასწოროს მოსვლა და ნახვა, სრულიად მაგაზე ვარ გადართული, აქაურებისთვისაც ვქმნი, შეკვეთები მაქვს და იქაც უნდა წავიღო ახალი ნამუშევრები. სივრცე დიდია და პერსონალური გამოფენა უნდა იყოს.

_ რისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ მგონია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, საკუთარი თავის იმედი მაქვს.

_ საყვარელი გამონათქვამი…

_ რაც იყო, იყო, ასე იყო საჭირო, ვერაფერს შეცვლი.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან რეალურად და არ შეიცვალონ. არ არის საჭირო შეფუთვები.

 

ინტერვიუს შემდეგ ერთი კათხა ლუდი დალია, თავისი ხელნაკეთი ჯინსის ქურთუკი მოიცვა და ისეთი სისწრაფით გაუჩინარდა, როგორი ქარიშხლითაც შემოვარდა. ეს გოგო საქართველოს ასახელებს.

 

ნინო ტაბაღუა