სიცოცხლის დაზღვევა თუ დამატებითი სარგებელი ბანკს?!

„სიცოცხლის დაზღვევა 2 წუთში“, _ ასე მარტივად მოგიგვარებენ ამ მნიშვნელოვან საქმესთან ურთიერთობას სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, კომერციული ბანკების არაპროფილურ ბიზნესს წარმოადგენს.

თავად სიცოცხლის დაზღვევა ძალიან ღირებული და მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, მაგრამ ხშირად მას მახინჯი სახეც კი ეძლევა ჩვენს ქვეყანაში, ისევ და ისევ, იმ გაუმართავი სისტემის გამო, რომელსაც ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვა ჰქვია.

წიგნაძისა და ელიაშვილის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს დაზღვეულის გარდაცვალების, ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის შემთხვევაში მზღვეველის მიერ გარკვეული თანხის (სადაზღვევო თანხა) გადახდას დაზღვეულზე, ან მესამე პირზე, სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.

სიცოცხლის დაზღვევა არის პირადი დაზღვევა, ვინაიდან ყველა შესაძლო დაზღვეულის საფრთხე (სიკვდილი ან უბედური შემთხვევა) უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებასთან. სიცოცხლის დაზღვევის დროს დაზღვევის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. სადაზღვევო რისკი არის კონკრეტული პირის (დაზღვეული) სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი შემთხვევითი გადახრა საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლიდან. რისკი არის არა სიკვდილი, არამედ მისი დადგომის დრო, ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევა, ამიტომ, დასაზღვევ რისკს აქვს სამი ასპექტი:

  • ახალგაზრდა ასაკში, ან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე ადრე გარდაცვალების ალბათობა;
  • გარდაცვალების ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის ალბათობა;
  • სიბერეში ცხოვრების ალბათობა, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა, რაც მოითხოვს რეგულარული შემოსავლების მიღებას შრომითი საქმიანობის გარეშე.

როგორც ცნობილია, საზოგადოების უმეტესობა სიცოცხლის დაზღვევაზე ფიქრობს როგორც თანხაზე, რომელიც გადახდილი იქნება დაზღვეულის უახლოესი ადამიანებისთვის მისი გარდაცვალებისას. მაგრამ, როგორც ამბობენ, რეალურად, სიცოცხლის დაზღვევა ბევრად უფრო მეტია.

ხანგრძლივი თუ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს უწევს არაერთ განუკურნებელ, თუ კრიტიკულ დაავადებასთან, მდგომარეობასთან ბრძოლა, რომელიც, საბოლოოდ, დაზღვეულის გარდაცვალებით მთავრდება.

სწორედ რომ სიცოცხლის დაზღვევის უმთავრეს მიზანას წარმოადგენს ადამიანის დაცვა ზემოთ აღნიშნული რისკების ფინანსური ეფექტისგან. სიცოცხლის დაზღვევის პოლისები მოიცავს სადაზღვევო დაფარვას ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალებისთვის, ასევე საბანკო კრედიტისთვის მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას კრიტიკული დაავადების შედეგად დამდგარი მუდმივი, ან დროებითი შრომისუუნარობის დროს.

ბოლო წლების მანძილზე, მიუხედავად ქვეყნის საკმაოდ დაბალი ფინანსური მდგომარეობისა, წინ წამოიწია და მნიშვნელოვანი როლი დაიკავა სიცოცხლის დაზღვევამ. თუმცა საგულისხმო აქ ერთი ფაქტია: როდესაც კონკრეტული პირი ბანკში სესხის ასაღებად მიდის და იძულებით თუ ნებაყოფლობით ბანკი მას სიცოცხლის დაზღვევას სთხოვს, ამის შემდეგ ხშირად დაზღვეულია ხოლმე არა მსესხებლის სიცოცხლე, არამედ ის სესხი, რომელსაც იგი ბანკისგან იღებს.

 

უფრო დეტალურად ამ საქმეზე კომპანია „OK & ჩG“-ის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი, „ქრონიკა+“-ს არაერთ მნიშვნელოვან ფაქტზე მოუყვება:

_ ჩვენი, იურისტების აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საბანკო დაწესებულებები მარკეტინგულად, ძალიან ხშირად, მომხმარებლებს სთავაზობენ პროდუქტს _ სიცოცხლის დაზღვევას. იმ პირს, რომელიც მათგან ფულს ისესხებს, ხელშეკრულების დადება უწევს ნებაყოფლობით, ან, უფრო ხშირად, სავალდებულო ფორმით და ამას მარკეტინგულად სიცოცხლის დაზღვევას არქმევენ. სინამდვილეში, ეს მართლაც სიცოცხლის დაზღვევაა ამ ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტისას, ანუ გარდაცვალებისას, მაგრამ ეს ადამიანი ან მისი მემკვიდრე კი არ იღებს სიკეთეს ამ სადაზღვევო კომპანიისგან, არამედ ბანკი იღებს სადაზღვევო კომპანიისგან ფულს, სარგებელს, ანუ იფარება გარდაცვლილი ადამიანის მიერ აღებული სესხი.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, თავის მხრივ, პოზიტიურია, იმიტომ რომ ის სესხი მაინც იფარება, რომელიც აღებულია, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს რაღაც მიზეზით, პირობითად გამოგონილი დარღვევით, რომ ამ ადამიანმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ან  გაურკვეველია მესაკუთრის გარდაცვალების მიზეზი: მაგალითად, ხომ არ გარდაიცვალა იგი გადაჭარბებული ნარკოტიკების დოზით, ან ალკოჰოლით? და ა. შ. ე. ი. გაურკვეველი მიზეზია და არ ანაზღაურებს.

ამ დროს ბანკი სამართალწარმოებას იწყებს გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიმართ და მათგან იმ თანხის ამოღებას, რაც დააზღვია ამ ადამიანმა სიცოცხლეში.

მაშინ, როცა გარდაცვლილის ოჯახს აინტერესებს, თუ რა ეწერა ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რა დაიზღვა და უნდა, რომ სამართალწარმოება დაიწყოს, ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის არ არის ამ სამართალწარმოების მხარე და მას არ აქვს უფლება, გააპროტესტოს ბანკსა და სადაზღვევოს შორის დადებული ხელშეკრულება, _ ის მხარეს არ წარმოადგენს, რადგან დამზღვევმა, იმ ადამიანმა, რომელიც გარდაიცვალა, სარგებლობის პოლისი ბანკს გადასცა. ეს კანონით ასეა მოწესრიგებული, თორემ მომხმარებელი ამას ვერ ხვდება. ისე მოაწესრიგებს ხელშეკრულებას, ისე გადასცემს სარგებლობის პოლისს ბანკს, ისე გასცემს ამ უფლებებს, რომ ამის შესახებ არც დაზღვეულის  ინფორმირება ხდება და არც _ საზოგადოების. მისთვის სიცოცხლის დაზღვევა ასოცირდება იმასთან, რომ გარკვეული სარგებელი, კომპენსაცია უნდა მიიღოს მან და ოჯახმა; ან უნდა დაიფაროს სესხი მისი გარდაცვალების შემთხვევაში. საბოლოო ჯამში კი, რეალურად, იმიტომ იხდის ხოლმე ადამიანი სიცოცხლეში ფულს, რომ გარდაცვალების შემდეგ, კიდევ თავის მემკვიდრეებს წაართვას ფული ბანკმა.

ეს დაზღვევა არ არის უფასო, ამისთვის ბანკი არ იხდის საფასურს, არც სადაზღვევო კომპანია, მსესხებელი იხდის. მართალია, ბანკია მოსარგებლე, მაგრამ ფინანსებს იხდის, ასე ვთქვათ, კრედიტორი, ვინც სესხი აიღო _ ეს ადამიანი დაზღვევას უხდის იმისთვის, რომ მერე ბანკმა მიიღოს სარგებელი.

ერთი შეხედვით, თითოეული გარიგება, შეიძლება, კანონის ფარგლებში ჯდებოდეს, რომ მსგავსი გარიგება არ იკრძალებოდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო კოდექსი, რომელშიც არის მუხლი, სადაც ვკითხულობთ: გარიგება, რომელიც შესაძლებელია დადებულია ამა თუ იმ კანონის გამოყენებით, მაგრამ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, არის ამორალური და ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს, ასეთი გარიგება უნდა ჩაითვალოს ბათილად.

ჩემი შეფასებით, სწორედ ამის კონტროლი არ ხდება, რომ ასეთი ტიპის გარიგება არ დაიდოს.

თუ ამას წინასწარ აუხსნიან მომხმარებელს, იგი ასეთი ტიპის გარიგებას და იმის ალბათობას არ დაუშვებს, ფული იმისთვის გადაიხადოს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევომ სესხი არ აუნაზღაუროს და ბანკმა კიდევ მის მემკვიდრეებს მოსთხოვოს იმ ვალდებულებების გასტუმრება, რაც მან სიცოცხლეში იტვირთა. არა მგონია, რომ ეს ვინმეს ინტერესებში შედიოდეს და იმიტომ მოაწეროს დაზღვევის ხელშეკრულებას ხელი, რომ, აი, ამ ფორმაში ჩააგდოს თავისი მემკვიდრე. თუ ამას აუხსნიან მომხმარებელს და მარკეტინგის იქით იქნება მომხმარებლების მეტი ინფორმირებულობა, ვფიქრობ, რომ ისინი ამას არ დადებდნენ, _ მეტი რეგულაცია, მეტი ჩარევა, მეტი ნახვა იქნება იმისა, თუ რამდენად სწორად არის მარკეტინგულად შეფუთული ესა თუ ის პროდუქტი.

_ რა თანხის შემთხვევაში იდება მსგავსი ხელშეკრულება?

_ ბანკი ცდილობს, რომ ეს პაკეტი გაყიდოს, თუმცა ისეთ შემთხვევაში ხდება, როცა სესხი მოცულობითია, ან იპოთეკურია. თან ბანკი მომხმარებელს არჩევანის უფლებას არ უტოვებს. ეუბნება, _ თუ გინდა, რომ სესხი დაგიმტკიცო, ის ქონება, რომელსაც მოგცემ, ხომ უნდა დამიტვირთო იპოთეკით და კიდევ უნდა დააზღვიო შენი სიცოცხლე, რომ მერე მე სადაზღვევო კომპანიამ ან გადამიხადოს, ან არა.

იძულებაა, ვალდებულებაა: მე ხოლოდ მაშინ მოგცემ სესხს, თუ გექნება სიცოცხლის დაზღვევა, მაშინ, როდესაც ის სესხი, რომელიც მოგეცი, უკვე იპოთეკითაა დაზღვეული, ჩემს სასარგებლოდ და პლუს კიდევ სიცოცხლის დაზღვევა და ამისთვის მე ვიღებ დამატებით საზღაურს.

არის შემთხვევები, როცა სადაზღვევო კომპანიები ამ დაზღვევას ანაზღაურებენ, მაგრამ ეს კარგი შემთხვევაა. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად სადაზღვევო კომპანიები ასოცირდება ამა თუ იმ ბიზნესჯგუფთან. ცნობილია და ყველამ იცის ასეთი ტიპის ბიზნესები. რატომ უნდა გვქონდეს შეგრძნება, რომ ერთი ბიზნესჯგუფი ამოიღებს ერთი ჯიბიდან ფულს და მეორეში ჩაიდებს?!

სადაზღვევო უარს ამბობს თანხის გადახდაზე, ხოლო ბანკი მას კი არ ედავება საქმეს, არამედ კონკრეტულ მომხმარებელს, მსესხებელს ირჩევს.

რა უმჯობესია, სადაზღვევოს ედავოს, რომელიც შეიძლება თავისი შვილობილი კომპანია იყოს, თუ გარდაცვლილის ოჯახს, რომელსაც ერთ დროს რაღაც ქონებრივი სარგებელი შეუქმნა და არსებობს ქონება?!

_ და ამის შესახებ ბანკი მსესხებელს არ აცნობებს?

_ რა თქმა უნდა, ასეთი დეტალური ახსნა არ არსებობს. თან, ხშირად არის წვრილი შრიფტით შედგენილი გარიგებები და უამრავი იურიდიული ტერმინოლოგიით გაჯერებული ხელშეკრულება, რომელთაც იმ დროს ვდებთ, როცა ფული უკიდურესად გვჭირდება რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, ამიტომ ამ დროს ადამიანების ცნობიერება მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ, მათ მიერ რისკების ანალიზი და შეფასება მცირდება. ვფიქრობ, ყველაფერში ბანკების დადანაშაულებაც არ შეიძლება, ხალხიც უწყობს ხოლმე ხელს, პირდაპირ ან ირიბად, რომ ასეთი ტიპის გარიგებები არსებობდეს.

აქ სახელმწიფოს როლია მნიშვნელოვანი, რომ დაიცვას როგორც ქვეყნის, ისე მოქალაქეთა ინტერესები და არ დაუშვას ისეთი ტიპის პროდუქტების არსებობა, თუნდაც, საბანკო სექტორში, რომელიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას გამოიწვევს.

_ რა მოხდება მაშინ, მსესხებელმა რომ ნახოს, ამ ტიპის მარკეტინგის უკან რა იმალება და შეედაოს?

_ ძალიან ბევრ შემთხვევაში ბანკი არ მისცემს სესხს.

_ და სახელმწიფოს აქ რა როლი აქვს?

_ ერთგვარი მონიტორინგის უფლება აქვს ეროვნულ ბანკს, რომელიც ვალდებულია, მოქალაქეებთან ურთიერთობა აკონტროლოს. მესმის და თავადაც შორს ვარ, როგორც იურისტი, იმ აზრისგან, რომ სახელმწიფო ყველაფერში უნდა ერეოდეს, ბიზნესს ბევრი რეგულაცია დაუწესოს და არ იყოს თავისუფალი, მაგრამ როცა ასეთი ტიპის ღია ადგილები წარმოიშობა, სადაც ადამიანების მასა შეიძლება დაზარალდეს, ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა უმჯობესია და ნებისმიერი მარკეტინგულად შეფუთული პროექტი თუ პროდუქტი, რომელსაც ესა თუ ის ბიზნესჯგუფი დააანონსებს, შესაბამისი სამსახურების კარგად გაცნობის შემდეგ, თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგოს, მართლსაწინააღმდეგოს ნახავს, ისეთს, ზნეობრივ ნორმებს რომ სცილდება და ლამაზი ფერებითაა წარმოჩენილი სარეკლამო აქციებში, უნდა მიეცეთ შესაბამისი მითითებები, რათა გამოსწორდეს და ნათელი გახდეს, რომ, ჩვეულებრივ, არაიურიდიული განათლების მქონე ადამიანებს ესმოდეთ, თუ რაზე აწერენ ხელს.

_ რამე სანქცია შეიძლება დაწესდეს ბანკისთვის, ან სადაზღვევო კომპანიისთვის იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მათ უჩივლებს?

_ მათ ჩივილის უფლება არ აქვთ. ამ შემთხვევაში, როცა მე დავაზღვიე რაიმე და პოლისი გადავეცი სხვას, ანუ რომელიმე კომერციულ ბანკს, უკვე ჩემი ვალდებულებაა, დავაფინანსო სადაზღვევო. აქ მხარე აღარ ვარ. მე მხოლოდ გადამხდელი ვარ ჩემი სიცოცხლით დაზღვეული სესხის. რეალურად, ჩემი სიცოცხლე კი არა, ბანკის სესხი იზღვევა, მხარეები გამოდიან ბანკი და სადაზღვევო კომპანია, რომელიც შეიძლება იყოს მისი შვილობილი კომპანია და ამისთვის მე ვიხდი საზღაურს, ოღონდ, თუ პოზიტიურად განვითარდა საქმე, არა უშავს, სესხს სადაზღვევო ფარავს, თუმცა, როგორც გითხარით, ხშირად უარს ამბობენ სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებაზე, ის ასაჩივრებს, მე კი ამის უფლება არ მაქვს. ერთ შემთხვევაში, პირი უკვე გარდაცვლილია, ვერ აპროტესტებს, მემკვიდრეები მხარეებს არ წარმოადგენენ და სასამართლო პროტესტს არ იღებს.

_ თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ სერიულად ისეთი ტიპის ინფორმაციების გავრცელება დავიწყეთ, რომელიც პრაქტიკაში არის, ილექება და საზოგადოების ყურამდე არ მიდის, ამიტომ ასეთი ტიპის საქმეებზე გავაკეთებთ ხოლმე აქცენტს. მსგავსი ყოფითი ტიპის პრობლემები არ შუქდება, ზუსტად კონკრეტულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ვამბობთ ამას.

_ გამოსავალ?

_ ის, რომ მსგავსი ტიპის სესხები ნებაყოფლობითი იყოს და სწორად ახსნას ბანკებმა მათი შეთავაზება. როცა მათ შემოთავაზებულ პროდუქტს რეკლამა უკეთდება, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა იძიებდეს, რადგან საბანკო პროდუქტი ფართო მოხმარების პროდუქტია, აქ სახელმწიფო ნებისმიერი მსგავსი ორგანიზაციის ნებისმიერ გამოტანილ მარკეტინგულ პროდუქტს უნდა აანალიზებდეს: სინამდვილეში, რას შეიცავს ეს ხელშეკრულება, სწორია თუ არა და რას გულისხმობს? თუ რაიმე დათქმულ წესებსა და მიღებულ სამართალწარმოებებს, მაშინ პირიქით, აუკრძალოს ან შესაბამისი სანქციები დაუწესოს.

_ აქაც იჩენს თავს ბანკების არაპროფილური ბიზნესები. იურიდიულად რამდენად გამართულია ეს სისტემა?

_ ეს ცალკე თემაა, მაგრამ აქ იჩინა თავი. უახლოეს მომავალში ძალაში შედის შეზღუდვა და მათ აეკრძალებათ არაფორმალური ბიზნესების შექმნა, თუმცა მაინც ყველაფერი ფორმალური და პირობითია ხოლმე. შეიძლება, საბანკო სექტორმა კუთხე მოუძებნოს, თუ როგორ აუაროს კანონიერად მხარი  ამ რეგულაციებს, ამიტომ მკაცრი რეგულაცია გვჭირდება, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები და წესები რეალურად განხორციელდეს ისე, როგორც კანონშია გაწერილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი:

„მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.

რამდენად იღებენ ყურად ბანკები მსგავს შეგონებას, რომ ასეთი საქციელი ამორალურია, ან საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, არ ვიცი, მაგრამ, ცხადია, რომ მიუხედავად სიცოცხლის დაზღვევის პოზიტიური მხარეებისა, გვაქვს შემთხვევებიც, რომლებიც არ სრულდება სასიხარულოდ და სამართლიანად გარდაცვლილის ოჯახისთვის, ეს უკანასკნელი კი კვლავ იხდის ოჯახის წევრის მიერ სიცოცხლეში აღებულ და დაზღვეულ სესხს.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემისა, როგორც ვნახეთ, კვლავ იჩინა ბანკების არაპროფილურმა ბიზნესმა თავი და ახლა სადაზღვევო კომპანიის სახით შეგვახსენა მისი არსებობის შესახებ.

მსგავს მანკიერ სისტემას კონტროლი ნამდვილად სჭირდება, რასაც ეროვნული ბანკი უნდა ახორციელებდეს, თუმცა მისი პოზიცია ყველამ კარგად ვიცით და ამიტომ სახელმწიფოს როლის გამოკვეთა აუცილებელი ხდება. ეს უკანასკნელი კი, ხშირ შემთხვევაში, აწესებს რეგულაციებს, რომელიც, ძირითადად, მხოლოდ ქაღალდზე რჩება და საიდან გამოსასვლელ გზასაც ყოველთვის უტოვებს მისი გვერდის ავლის მსურველებს.

 

ნინო ტაბაღუა