,,სითი პარკის” ჯარიმა გეოგრაფიულ საზღვრებს არ სცნობს?!

ქუთაისელი მერაბ მეფარიშვილი „სითი პარკმა“ დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევის გამო მაშინ დააჯარიმა, როცა თავად ის და მისი ავტომობილიც ქუთაისში იმყოფებოდნენ.

კომპანიის ინსპექტორის მიერ შეცდომით ამოწერილი ქვითარი მისთვის დიდ პრობლემად იქცა და ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა ინსტანციას სამართლიანობის აღდეგნის თხოვნით მიმართავს.

გასული წლის 2 სექტემბერს, ნიშანზე „გაჩერება აკრძალულია“,  დაუმორჩილებლობის გამო, სამართალდარვევის კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, 10-ლარიანი ჯარიმა ამოიწერა „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანაზე, რომლის სახელმწიფო ნომერია QGQ750 და რომელიც ქუთაისელ მერაბ მეფარიშვილს ეკუთვნის. იმ ავტომანქანის ნომრად კი, რომელმაც, რეალურად, კანონი დაარღვია, QGG750 ფიქსირდება. მართალია, ამ შემთხვევაში განსხვავება, თითქოსდა, უმნიშვნელოა, მაგრამ სწორედ ეს გახდა მიზეზი დიდი გაუგებრობისა, რომელშიც, კანონდამრღვევის მაგიერ, სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა. გარდა სახელმწიფო ნომრისა, ასევე განსხვავდება ავტომანქანების მარკაც. არასწორი პარკირება, რეალურად, „მერსედესის“ ფირმის მანქანამ განახორციელა. ყოველივე ეს „სითი პარკის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთიც დასტურდება, რაც იმას ამტკიცებს, რომ სამართალდამრღვევ ავტომბილს ნომერიც სხვა აქვს, ხოლო ჯარიმა სულ სხვა ნომერზეა გაფორმებული.

მერაბ მეფარიშვილს „კანონდარღვევის“ გამო ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავის გადახდაც დაეკისრა, რაც ამ დროისთვის 190 ლარს შეადგენს. კანონის შესაბამისად, „კანონდაუმორჩილებელი“ პიროვნების კუთვნილი მანქანა და თოფი დაყადაღებულია და აღსრულების ბიურო, სავარაუდოდ, მისთვის მინიჭებულ უფლებასაც გამოიყენებს, თუკი კანონის მოთხოვნა არ შესრულდება.

 

„ქრონიკა+“ მერაბ მეფარიშვილს ესაუბრება:

_ ჩემთან სახლში აღმასრულებლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემს სახელზე არსებული მანქანა და თოფი დაყადაღებულია. როცა მიზეზი ვიკითხე, მიპასუხეს, რომ თბილისში „სითი პარკის“ 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავი დაერიცხაო.

_ ვის მიმართეთ ამის შემდეგ საქმის გასარკვევად?

_ „სითი პარკში“ დავრეკე, ვესაუბრე და შეცდომას აღიარებენ. კომპიუტერშიც შემოწმდა. როცა ჩემი მანქანის ნომერი ჩავწერე, „მერსედესს“ მიგდებს. თბილისში წლებია, ნამყოფი არ ვარ. „სითი პარკს“ ერთი წერილი მივწერე, _ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და გვიჩივლეო. მივწერე მეორედ და პასუხი იგივეა. ამის შემდეგ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს მივმართე. იქიდანაც იგივე პასუხი მივიღე და მიმართულება სასამართლოსკენ მომცეს. ვერ ვჩივი, რადგან ფული არ მაქვს. ვამბობ და იციან კიდეც, რომ ფაქტები სახეზეა და მომიხსენით ეს ყადაღა-მეთქი, რადგან არც ფული მაქვს და არც ამ ჩივილის თავი. უკვე თვეებია, ასე მაწვალებენ.

არც კი ვიცი, რა უნდა გავაკეთო. როცა წერილი მოვიდა, მე სახლში არ ვიყავი. მეუღლემ ჩემ მაგიერ არ ჩაიბარა. მეუბნებიან, რომ წერილი ჩაბარებულად ითვლებაო. კი ბატონო, არ ჩავიბარე წერილი და ვთქვათ, დავაშავე, მაგრამ ამ დანაშაულიდან 90% შენი წილი რომ არის?

_ თქვენ რა ავტომობილი გყავთ?

_ მე მყავს შავი „ბეემვე“, ის კი არის ლურჯი „მერსედესი“. ჩემი მანქანის ნომერია QGQ 750, ხოლო მეორე მანქანის _ QGG750. როგორც გითხარით, განსხვავდება არა მარტო მარკები, არამედ ფერებიც კი. ჯარიმის ამომწერმა შეცდომა დაუშვა და ამის გამო დაზარალებული და დამნაშავე მე აღმოვჩნდი.

_ აპირებთ, გადაიხადოთ დაკისრებული თანხა?

_ რატომ უნდა გადავიხადო? ამ ცოტა ხნის წინათ დამაჯარიმეს, დამნაშავე ვიყავი და გადავიხადე. არანაირი პრეტენზია არ განმიცხადებია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ უნდა დავზარალდე ვიღაც პიროვნების შეცდომის გამო? „სითი პარკი“ არ უარყოფს, აღიარებს თავის ბრალეულობას, მაგრამ მე ეს ვერანაირ შეღავათს ვერ მიკეთებს. ყველაფერი პირიქით ხდება. დღეს, თურმე, მართალი ადამიანი იხდის დამნაშავის სასარგებლოდ. გამოიკვლიონ და თუ აღმოაჩენენ, რომ ბოლო წლებში ჩემი მანქანა თბილისში ფიქსირდება, არა მხოლოდ 2 სექტემბერს ამოწერილ ჯარიმას, არამედ დამატებით თანხასაც გადავიხდი. ჯარიმის ამოწერის დროს არათუ თბილისში ვიყავი, არამედ ქუთაისიდან საერთოდ არ გავსულვარ, ახლომახლოსაც კი.

საბედნიეროდ, სახლი მეუღლის სახელზეა, თორემ მასაც დამიყადაღებდნენ. მანქანასა და მამაჩემის დანატოვარ სანადირო თოფს არავის გავატან! მირჩევნია, ბენზინი გადავასხა და დავწვა. მაიძულებენ, საკუთარი შრომით შეძენილი ქონება თავადვე გავანადგურო, რომ ვინმემ უკანონოდ არ წამართვას. 8 წლის წინათ გაჭირვებით შევიძინე მანქანა. ახლა კი ადამიანს, რომლის ოჯახიც 6 სულისგან შედგება, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი შვილიშვილისგან, აბსოლუტურად უკანონოდ მთხოვენ თანხას.

 

თამარ შუბითიძე _ „სითი პარკის“ იურისტი:

_ საჯარიმო ქვითარი, საქართველოს ფოსტის მეშვეობით, აღნიშნული პიროვნების მისამართზე, ორჯერ გაიგზავნა. ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე, მაგრამ ის ჩაბარებულად ჩაითვალა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მთლიანად აწესრიგებს ჩაბარების წესებს, ასევე, გასაჩივრებისა და გადახდის ვადებს. ამ ადამიანს ვადა ჰქონდა, რომ კომპანიისთვის ნებისმიერი გზით და ხერხით მოემართა და ჩვენთვის ეცნობებინა, რომ ხარვეზია დაშვებული. ასეთ შემთხვევაში კომპანია მარტივად, თავისი პროცედურების, კანონის ფარგლებში, აქტს ჩამოწერდა. ამ ადამიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მოგეხსენებათ, ინსპექტორები, რომლებიც ქუჩაში ჯარიმებს წერენ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ხარვეზი სამუშაო რეჟიმის თანმდევია მუდმივად. თუმცა ვცდილობთ, ყურადღებით ვიყოთ და ეს ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ. საქარე მინაზე დატოვებული ჯარიმით არ იწყება პასუხისმგებლობის ათვლა, ამიტომ, დამატებით, ჯარიმას მისამართზე ვაგზავნით, რომ უფლებამოსილმა პირმა ნამდვილად მიიღოს, ხელმოწერით ჩაიბაროს, ან უარი განაცხადოს ჩაბარებაზე, რაც მისი უფლებაა. მაგრამ უარის განცხადებისას მას კანონი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

როცა ამ ადამიანს 30 დღის გასვლის შემდგომ საურავი დაერიცხა და დადგენილება გამოიცა, ამის მერე მიმართა მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომელიც ჩვენი ზემდგომია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საჩივარი ზეპირი მოსმენის სხდომის ფარგლებში განიხილა და, კანონიდან გამომდინარე, უარი თქვა დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან გასაჩივრების ვადა გასული იყო.

_ გასაგებია, კანონი არეგულირებს ყოველივე ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ზარალდება ადამიანი, რომელსაც არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია. რამდენადაა შესაძლებელი, კომპანიამ გაითვალისწინოს, რომ იგი საკმაოდ შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობს და  მოაგვაროს პრობლემა? ხომ არსებობს მორალური მხარეც?

_ რა თქმა უნდა, მორალური მხარე არსებობს და ამიტომ გითხარით დასაწყისში, რომ ჩვენც მაქსიმალურად ყურადღებით ვართ და ვცდილობთ, დროულად აღმოიფხვრას დაშვებული ხარვეზი, რათა ვინმე არ დაზარალდეს. მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა კანონი ჩარჩოში გვსვამს და ამის იქით როგორი ადამიანური ფაქტორიც არ უნდა გვქონდეს, არათუ საშუალება, არამედ უფლებაც არ გვაქვს, დავეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავარღვევთ. იმიტომ აქვს კანონს მეორე მხარის პასუხისმგებლობაც ჩადებული, რომ ეს არის, ერთგვარი, მოქალაქის დაზღვევა. თუ დამჯარიმებელს რაიმე შეეშალა, შენც გაქვს უფლება, ამ შეცდომაზე მიუთითო. ერთდროულად ორივე მხარის ორმაგი პასუხისმგებლობაა.

საკანონმდებლო ჩანაწერია, რომ საჩივრებს ჩვენ კი არ განვიხილავთ, რათა რაიმე მიკერძოებაზე არ იყოს საუბარი, არამედ ზემდგომ ორგანოში იგზავნება და მერია განიხილავს. მათი გადაწყვეტილება დადგენილების სახით გამოიცემა, რომლის სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილებას კანონი 10-დღიან ვადაში აძლევს. რამდენადაც ვიცი, ამ მოქალაქემ სასამართლოში აღარ გაასაჩივრა. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია აქვს. გადასახადებზე იყო საუბარი. არავითარი გადასახადი არ არის საჩივრის წესით ადმინისტრაციულზე. მარტივი წესით, მას შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა და ამას არანაირი ფინანსური ხარჯი არ სჭირდებოდა.

_ ამ ეტაპზე აქვს თუ არა თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურს საშუალება, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და შეცვალოს იგი?

_ მერიის სამსახურის მაგიერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ როგორც კი ჩვენთან საჩივარი შემოვიდა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ და საქმე მანამ შევაჩერეთ, სანამ ტრანსპორტის სამსახური გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

_ რამდენად დადგება იმ ინსპექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც შეცდომა დაუშვა? ბუნებრივია, თქვენი კომპანიის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს მის მიერ დაშვებული ხარვეზი.

_ ეს არის კომპანიის გენერალური მენეჯერის გადასაწყვეტი საკითხი შიდა წარმოების ნაწილში, თუმცა ეს ადამიანებიც ადამიანები არიან.

_ მესმის, რომ ადამიანები არიან, მაგრამ კონკრეტული ინსპექტორის საქმისადმი უპასუხისმგებლო მიდგომის გამო ზარალდება ასევე ადამიანი, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

_ ეს არის ტექნიკური შეცოდმა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ დროს ჯარიმის ჩამოწერას, თუმცა ვადებში.

 

გიორგი სანტურიანი _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

_ იმის გამო, რომ თავის დროზე არ გაასაჩივრა, მისივე საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდა. ოჯახის წევრმა რომ წერილი არ მიიღო, ეს არ ამართლებს მას, რადგან ასეთ დროს წერილი ჩაბარებულად ითვლება, ამიტომ სასამართლო, გასაჩივრების ათდღიანი ვადის გასვლის მიზეზით, უკვე არ განიხილავს, თავის დროზე, ჯარიმა სწორად ამოიწერა თუ არა. თუმცა კოდექსის მიღმა არსებობს სხვა პრინციპული საკითხები, რომლითაც შეეძლოთ, თავად კომპანიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ. მაგალითად, კომპანიის ადმინისტრაციული მმართველობა, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერების პრინციპს ემყარებოდეს. ანუ თუკი ხედავენ, ჯარიმა კანონის ფარგლებში არ ამოწერილა, გარკვეულ პრინციპულ დონეზე ემსჯელათ ფაქტზე და განეხილათ ეს საქმე.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე