სექტემბრის ბოლოს კახეთში „გაძვირებული დენის“ ქვითრები დარიგდება

1-ლი სექტემბრიდან კახეთში მცხოვრები აბონენტების ნაწილისთვის  ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, კახეთის ენერგოდისტრიბუციის გაყიდვის შემდეგ, კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ იყიდა, რომელიც ახლა კახეთში ისეთივე სხვა ტარიფებს აამოქმედებს, როგორიც სხვა რეგიონებშია.

 

ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელ ცვლილებაზე ინფორმაცია ჯერ არ აქვს. უკვე ცნობილია, რომ გაზრდილი გადასახადი ყველაზე მეტად კომერციულ აბონენტებს და იმ მოქალაქეებს შეეხება, რომელთა მიერ თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატს აჭარბებს.

რიმა მიკრომეწარმეა და საკუთარ პატარა ჯიხურში მხოლოდ სიგარეტსა და ყავას ყიდის. ბოლო 20 წელიწადია, ეს ჯიხური მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რიმას 1-ლი სექტემბრიდან უკვე მომატებული ტარიფით მოუწევს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ელექტროენერგიის საფასური იზრდება, რიმასთვის უცნობია.

რიმამ არ იცის, რამდენი იქნება მის მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი, მაგრამ ის იცის, რომ თუ გადასახადი მკვეთრად გაიზრდება, ჯიხურის დახურვა მოუწევს, რადგან მოგება ნულს ქვემოთ ჩამოვა, წაგება კი ავტომატურად ოჯახის შიმშილს გამოიწვევს.

რაც შეეხება ღვინის ქარხნებს, სექტემბერი ყველაზე დატვირთული თვეა მათთვის და სწორედ წლის ამ თვეში მოიხმარენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის სფასურის მომატება აისახება საქონელზეც და თვითღირებულებაზეც. ასე რომ, სექტემბრის პირველიდან კახეთი გაძვირების ხანაში გადავიდა.

ენრგო-პრო ჯორჯიამ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში 21 მილიონ 700 ათასი ლარი გადაიხადა. ახალი კომპანია თავისი საყოველთაო ტარიფით რეგიონში უკვე შევიდა. კახელებისთვის დენის ტარიფი 2010 წლის შემდეგ პირველად იცვლება. კახეთის ენერგოდისტრიბუცია მოსახლეობას კილოვატში 12 თეთრს ახდევინებდა, ამჯერად მოსახლეობას კილოვატში თითქმის 20 თეთრის გადახდა მოუწევს. თუმცა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებს მოიხმარს, ტარიფი უცვლელად დარჩება, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს, მეტის გადახდა მოუწევს.

კახეთში ჯერ გაზის გაძვირება, ახლა ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა მოქალაქეებში უკმაყოფილებას გამოიწვევს. არჩევნებისთვის გაძვირებული ელექტროენერგია აისახება თუ არა მმართველი გუნდის რეიტინგზე, უახლოეს მომავალში ვნახავთ.

მაკა მოსიაშვილი