სახელმწიფოს #1 მტერი _ საბჭოთა არისტოკრატია

არ ჰყოლია, არ ჰყავს და არ ეყოლება დამოუკიდებელ საქართველოს უფრო დიდი მტერი, ვიდრე საბჭოთა ინტელიგენცია და მათი ნაშიერი. ამ კასტა-კლასის მენტალური ცვლილება წარმოუდგენელია და განუხორციელებელი ოცნებაა. საბჭოთა არისტოკრატია, როგორადაც ისინი საკუთარ თავს მიიჩნევდნენ, შეიქმნა და არსებობდა ტრადიციის, სტილის, სათანადო განათლების გარეშე და მას სამი მთავარი მახასიათებელი ჰქონდა: მტაცებლობა, კონფორმიზმი და მლიქვნელობა. რეალურად, ამ სამ მახასიათებელში უმთავრესი მაინც კომფორმიზმი იყო და მტაცებლობაც და მლიქვნელობაც სწორედ კონფორმიზმს ემსახურებოდა.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის მდორე, მაგრამ მაინც განვითარებას ვაკვირდებით და თუ ობიექტურები ვიქნებით, საქართველოს უპირველესი მტერი ოკუპანტი რუსეთი კი არა, სწორედ ეს საბჭოთა ინტელიგენცია და მათი ნაშიერი არის. შემეძლო, უფრო თავაზიანად დამეწერა _ შთამომავლობა, მაგრამ _ არა! ამ კასტასთან მიმართებით „შთამომავლობის“ გამოყენება ყოვლად უადგილოდ მეჩვენა. მეტიც, ამ კლასისა თუ კასტის ცალკეული წარმომადგენლებისა თუ მათი ნაშიერის ინტელექტუალური თუ ე. წ. პატრიოტული გამონათებებიც უდიდეს სიყალბეს ეფუძნება. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ლოკალურ დროში საკმაოდ ოსტატურად „ააგდებენ“ ხოლმე მასას და, ასე თუ ისე, პრივილეგიებსაც ინარჩუნებენ. ზოგიერთი მათგანი ახალი პრივილეგიებისა და მდგომარეობის მოხვეჭასაც ახერხებს.
თითქოს განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, მით უფრო, რომ არსებობს ანალოგიურ კონტექსტში უფრო დიდი და სახელოვანი პიროვნების _ ჯავაჰარლალ ნერუს მიერ ნათქვამი: „არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“.
იმის გარდა, რომ სწორედ ამ კასტამ ვერ იგუა და ცეცხლი გაუხსნა ზვიად გამსახურდიას, ერთი ხელით ინდაურებს ეზიდებოდა სახლში, მეორით კი ათასგვარ სპექტაკლს უდგამდა სააკაშვილს პუტინის საამებლად, ახლა კი განცხრომაშია ივანიშვილის ქველმოქმედებით და, ამავდროულად, მას საკუთარ სამზარეულოში ხიხოს ეძახის _ ყველაზე დიდი უბედურება მათ მიერ მოდელირებული სამშობლოა.
და როგორია ეს სამშობლო? ძალიან მარტივი _ სამშობლო, სადაც კანონი მათთვის არ არსებობს; სამშობლო, სადაც მათ უსმენენ, ხელის გულზე დაატარებენ და ყოველგვარ პრივილეგიებს უქმნიან. დანარჩენი სამშობლო მათთვის ამაზრზენი და დასაცინია. რამდენი მათგანის ფრაზა გაგახსენოთ? _ „იქ“ ჩვენნაირ ხალხს ხელის გულზე დაატარებენ; „მაშინ“ „მას“ შეუვალი ავტორიტეტი ჰქონდა; ბაზარში უფასოდ გვჩუქნიდნენ.
ჰო, როგორი ამაზრზენია ამ ყველაფრის გააზრება. მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, მხატვრები _ ტიპები, რომელთაც ფუფუნება უყვართ და ფიქრობენ, რომ მათზე ჭკვიანი ამ ქვეყანაში არც არავინ ცხოვრობს. ამ კასტის _ რომელშიც, რა თქმა უნდა, ამ პროფესიის ყველა ადამიანს არ ვაერთიანებ _ ხუშტური კიდევ მოსათმენია, რადგან მათი, თუნდაც, ინტელექტუალური „მიჭირხვნა“ და დაცინვა ცალკეულ შემთხვევებში სიამოვნებასაც კი გგვრის ადამიანს. მაგრამ, რეალურად, საშიში სხვა კასტა _ საბჭოთა ნომენკლატურის ნარჩენები და მათი ნაშიერი _ გახლავთ _ ნოსტალგიაში მყოფი ნაშიერი და ნაშიერის ნაშიერი, რომლის იდეოლოგია და მსოფლმხედველობა ვერ გუობს ახალ გამოწვევებს. საბოლოოდ კი ეს ორი, გაერთიანებული კასტა-კლასი სახელმწიფოს რეგრესს ასულდგმულებს. სწორედ მათ ესროლეს ზვიადს, მათ ვერ იგუეს ვარდების პროგრესი და ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ხატავდნენ და ხატავენ და სწორედ ისინი წარმოადგენენ დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენს.
ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როდესაც ხელისუფლებები იცვლებიან, გამარჯვებული თავად ირჩევს, თუ ვის უნდა ეთანამშრომლოს, მაგრამ ეს თანამშრომლობა, ანუ მისი არსი, სახელმწიფოს მსახურებაა. ჩვენ შემთხვევაში კი სტანდარტული უკუღმართობა _ ხელისუფლება ირჩევს პარტნიორს _ საბჭოთა არისტოკრატიას, რომელიც პერმანენტულად აშანტაჟებს მას და სანაცვლოდ პრივილეგიებს იღებს. უფრო ამაზრზენია სურათი, როდესაც საბჭოთა ნომენკლატურის ნარჩენები განსაზღვრავენ ქვეყნის იდეოლოგიურ განვითარებას და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, თუნდაც, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, როდესაც ექს ცკ-ს მდივნები, ინსტრუქტორები თუ რაიკომის მდივნები ქმნიდნენ სახელმწიფოში პოლიტიკურ ამინდს. „ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ ჰკითხო, _ რით იყო განპირობებული მათი არჩევანი ამ პერსონების სასარგებლოდ? მარტივად გიპასუხებენ, _ სათანადო კადრები არ გვყავდა! შესაძლოა, მართლებიც აღმოჩნდნენ, რომ მათ მართლაც არ ჰყავდათ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: კერძოდ, გამოდის, რომ იმპულსური ქართველი ამომრჩეველი, ლოკალურ დროში გამარჯვებისა და ცვლილებების აუცილებლობის მიღმა, არც არაფერს ხედავს და ვერც ვერაფერს აფასებს. პრინციპში, ასე იყო მაშინ, როდესაც გამსახურდია დავამხეთ და ასე იყო მაშინაც, როდესაც ნამდვილად რეფორმისტულ ხელისუფლებას ხალხზე ძალადობის უფლება მივეცით და შემდეგ ისიც დავამხეთ. მართალია, არჩევნების გზით, მაგრამ ზიზღით გაჯერებული ტექსტებითა და ქცევით. ახლა? არც ახლა აპატიებს ეს კლასი ხელისუფლებას არაფერს, თუ მის კომფორტს რამე დაემუქრა.
მაშინ, რა ხდება? ის, რომ ამ კასტა-კლასის ჭკუაზე უნდა იაროს სახელმწიფომ და ხელისუფლებებმა? რომ მისი უნდა ეშინოდეს ყველა მათვრობას და ანგარიშს უწევდეს მას? _ არა! ასე მხოლოდ სუსტები იქცევიან და ისინი, რომელთაც ეს კასტა-კლასი საკუთარი ქმედებების გასამართლებლად და პოლიტიკურ ოპონენტებთან დასაპირისპირებლებად სჭირდებათ.
გავლენიანი ადამიანები და ავტორიტეტები ყველა სფეროში არიან და იქნებიან, მაგრამ მათი პრივილეგია ის არის, რომ ისინი ცდილობენ, ქვეყანას, ან კონკრეტულ სფეროს ემსახურონ და არა, _ პირიქით. კეთილსინდისიერი, გავლენიანი ადამიანები საკუთარ გავლენას საკუთარივე კეთილდღეობისთვის კი არ იყენებენ, არამედ კონკრეტული საქმისა თუ საზოგადოების სასარგებლოდ. ჩვენთან რომ მდგომარეობა და ვითარებაც სხვაგვარია, ამას ზედმეტი სჯა-ბაასი არ სჭირდება.
ნურც იმას დავმალავთ, რომ ეს კასტა-კლასი, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს იგი _ ტივტივებს თუ კონსპირაციაშია გადასული _ საკუთარ თავს ელიტად მოიხსენიებს.
ელიტად, ანუ მცირერიცხოვან სოციალურ ჯგუფად, რომელსაც უკავია წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებში. დიახ, ისინი არიან ყველგან: პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, მედიცინასა და ა. შ. სამწუხარო ის არის, რომ, ელიტის კლასიკური გაგებისგან განსხვავებით, მათ უმეტესობას ნამდვილად არ გააჩნია უმაღლესი ინდექსი მათი მოღვაწეობის სფეროში, ასევე _ არც უმაღლესი პრესტიჟი. მაგრამ აქვთ სტატუსი _ ან აწმყოში, ან ექს და სიმდიდრე, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმეტესობაზე ბევრად მეტი.
ნურც იმას დავმალავთ, რომ ამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს ინტელექტუალური, ან მორალური უპირატესობა მასაზე და არც პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა.
ანუ ეს კასტა-კლასი ვერ ჯდება ელიტის კლასიკურ განმარტებაში: როდესაც ის მოცემულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებაში არის შეუვალი ავტორიტეტი საკუთარი საქმიანობის სფეროში და უმთავრესი _ იღვწის სფეროს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ქართული ელიტის იმ წარმომადგენლების, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიით არიან ნაკვებნი და ამჟამადაც საბჭოთა მეტანლობით ცხოვრობენ, უმთავრესი ამოცანა საკუთარი მდგომარეობის _ პრივილეგიებისა და კომფორტის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ უკმევენ გუნდრუკს იმათ, ვისგანაც სარგებელს ხედავენ და ამიტომ უპირისპირდებიან იმათ, ვინც მათ პრივილეგიასა და კომფორტს უპირისპირდება.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს შავი ჭირი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოისპო, ერთხელ და სამუდამოდ გაცამტვერდეს?
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ კასტა-კლასის „ჩვენ“, რეალურად, მხოლოდ კლასტა-კლასს არ გულისხმობდეს, არამედ ხალხს, მის სატკივარსა და პრობლემებს? და რა ვალი გვმართებს ჩვენ _ საზოგადოებას, ამ კასტა-კლასის ისეთი, რომ მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ვერ გადავიხადეთ?
პირველი: ამას ხელისუფლების ნება სჭირდება. ანუ ათას მთავრობაზე გადამხტარი კასტა-კლასი არც სამსახურში უნდა ჩაიყენო და არც ემსახურო;
და მეორე, იქნებ, უფრო მთავარი: ხალხი! გარეწარს ყური არ უნდა დაუგდო _ მისი ყალბი (ან, იქნებ, კონკრეტულ შემთხვევაში, გულწრფელი) ემოციებით არ ავარდე, როგორც უკანასკნელი ქაჯი. მოითხოვო, იმიტომ, რომ კარგად თამაშობდა, კარგად ხატავდა, კარგად წერდა, კარგად ამბობდა, კარგად „მართავდა“, არაფრით სჯობნიდეს იმას, ვინც კარგად თოხნის, კარგად შრომობს, კარგად იღვწის. იმ ნათამაშები როლისთვის, დაწერილი წიგნისთვის, დახატული ტილოსთვის და ა. შ მას ტაშიც ჰქონდა, აღიარებაც და შესაბამისი ფინანსებიც გადაუხადეს.
წარსულისა და განვლილის დაფასება ემოციური და მორალური კრიტერიუმია და არა ის, რომ ამ ადამიანების შთამომავლები კვებოს და ასაზრდოოს მუდმივად თანამედროვე გადასახადის გადამხდელმა.
და მესამეც: საბჭოთა ნომენკლატურის ქვეყნის პირდაპირი თუ ირიბი მართვიდან ჩამოსაშორებლად, ჯერ კიდევ, 25 წლის წინათ უნდა მიგვეღო ლუსტრაციის კანონი. აქ, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია _ არაფერს ნიშნავს. თუ ასეა, მაშინ ამ კანონის მოწინააღმდეგეებისთვის, ან მათი წინაპრებისთვის არ იყო ეს ქვეყანა პატარა, ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავი? სწორედ ასე უნდა შევძლოთ, რომ საბჭოთა ნომენკლატურა ვაიძულოთ და ჩამოვაშოროთ საჯარო თუ სახელმწიფო სამსახურებსა და მართვის პირდაპირ თუ ირიბ სადავეებს.
ასე უნდა დავამარცხოთ ის კლასი, რომელსაც საბჭოთა არისტოკრატია ჰქვია. ის კასტა, რომელიც მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის პრივილეგიები სახელმწიფოსგან და მისი ბაბუა ან მამა, რომელსაც უამრავი ქართველის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, წმინდანი ჰგონია, ხოლო დამოუკიდებლობის პირობებში რუს აგრესორთან ბრძოლებში დაღუპული ქართველები სხვადასხვა რეჟიმის მსხვერპლი.

კოკა წერეთელი