საქართველო და რუსული გაზი _ უკვე აღარ!

მიმდინარე, 2018 წლის ბუნებრივი აირის ბალანსი, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ჯერ კიდევ, გასული წლის 28 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა, რომელშიც ის ცვლილებები აისახა, თავის დროზე, ენერგეტიკის მინისტრობისას, დღეს უკვე თბილისის მერმა კახი კალაძემ „გაზპრომთან“ რომ გააფორმა. უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ მიიღებს.

დამტკიცებული ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველო 2.680 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს მთლიანად აზერბაიჯანისგან მიიღებს, უფრო ზუსტად კი 1.866 მილიარდ კუბმეტრს კომპანია „სოკარისგან“, 813,9 მილიონ კუბმეტრს _ შაჰ-დენიზისგან, ხოლო 9,4 მილიონ კუბრმეტრს უკვე ადგილობრივად მოიპოვებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული რომ უკეთ გავიგოთ, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ორწლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ არა ბუნებრივი აირით (საქართველო ამ ტრანზიტისთვის რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა ნატურით), არამედ ფულადი ანაზღაურებით გადაგვიხდიან. ეს ერთადერთი რამაა, რაც გასული წლის იანვარში ამოქმედებული შეთანხმების შესახებ ვიცით. მოლაპარაკების სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, კონკრეტული თანხა და პირობები კი უცნობია.
ახალი ხელშეკრულებით გასულ 2017 წელს, ჯერ კიდევ, რჩებოდა ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, მიმდინარე წლიდან კი ეს იცვლება. მაშინ ენერგეტიკის მინისტრი ამბობდა, რომ „ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ფორმაა“. ხოლო ის საფასური, რასაც რუსეთი ქართულ მხარეს ბუნებრივი აირის ტრანზიტში გადაუხდის, იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. თუმცა არც აქ ვიცით თანხის ზუსტი რაოდენობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კონტრაქტი გასაიდუმლოებულია.
თავად „გაზპრომი“ კი კარგა ხანია, ხელშეკრულების პირობების გადახედვას და საფასურის ფულად ანაზღაურებას ითხოვდა, რასაც ევროპის ენერგეტიკული ქარტიით ამართლებდა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს „გაზპრომისგან“ ნედლეულის სანაცვლოდ, ფულადი ანაზღაურების მიღებას ავალდებულებს.

თუმცა, როგორც ეკონომისტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს, მსგავს ხელშეკრულებას არავინ, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ კავშირი არ გვაიძულებს და იგი მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგია:
_ ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით რუსეთისგან ბუნებრივ აირს აღარ მიიღებს, ადასტურებს იმას, რომ მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივ კონტრაქტს მოაწერა ხელი „გაზპრომთან“ და ეს იყო ყოველმხრივ წამგებიანი ხელშეკრულება, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე ეკონომიკურად, ფინანსურად და ამ კონტრაქტის ხელშეკრულების გაფორმების ნამდვილი მიზანი და მიზეზი დღემდე გაურკვეველია! სწორედ ამიტომ ვითხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ შემოწმდეს და შეისწავლონ მთავრობის „გაზპრომთან“ ურთიერთობის მხარე. ამ გამოწვევამ უნდა გასცეს სწორი პასუხი კითხვას, თუ რატომ დაკარგა საქართველომ ამდენი ათეული მილიონი ლარი მხოლოდ 1 წლის განმავლობაში?
გასახსენებელია, რომ როდესაც საუბრობდნენ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე, სხვადასხვაგვარად ასაბუთებდნენ, თუმცა ყველა მათგანი სიცრუე აღმოჩნდა!
არგუმენტი #1 _ ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანს არ გააჩნია საკმარისი გაზი და საქართველოში აუცილებლად მოიმატებდა გაზის მოხმარება, ამიტომ დამატებითი გაზი აუცილებელი იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ახლა ბუნებრივი აირით მთლიანად აზერბაიჯანიდან ხდება ჩვენი დაკმაყოფილება, როგორც აღმოჩნდა, ეს არგუმენტი ტყუილი იყო.
არგუმენტი #2 _ შემდეგ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან შემომავალი მეორე მილი (არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, არამედ მეორე ხაზი, „სოკარის“ მილი) არ არის გამტარუნარიანი, ვიწრო დიამეტრისაა, ამიტომ აზერბაიჯანული გაზი იქ ვერ გამოეტევა. ამის შემდეგ „შაჰ დენიზის“ კონსორციუმმა გარანტია მოგვცა, რომ მთავარი, დიდი მაგისტრალური მილსადენი, რომელსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სამხრეთ კავკასიური მილსადენი ჰქვია, აქედან მოხდებოდა გაზის მიწოდება.
არგუმენტი #3 _ „რუსეთს უფრო იაფი გაზი აქვს“. სინამდვილეში, საქართველომ რუსეთთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუკი ჩვენ ვღებულობდით სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს და ეს იყო, დაახლოებით, 200 მლნ კუბმეტრი გაზი, რომლის ღირებულებაც არის 40 მლნ დოლარი, სულ მცირე ეს არის 100 მლნ ლარი, რომელიც მუქთად გვრჩებოდა, ამ ორწლიან კონტრაქტში უკვე 2018 წელს ამ სარგებელს ფულის სახით მივიღებთ. ანუ 185 000 მეტრ კუბმეტრ გაზს რუსეთი გვთავაზობდა 185$-ად რაც მართლაც არ იყო ცუდი ფასი, მაგრამ ეს იყო 2-წლიანი კონტრაქტი და მიმდინარე, ანუ 2018 წლისთვის საქართველო ნატურით არაფერს იღებს და მხოლოდ გაზის 185$-ად შეძენა შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ეს ფასიც კი, რომელიც მხოლოდ ამ ორი წლისთვის იყო გათვალისწინებული, თანაც იმიტომ, რომ რუსეთს როგორმე საქართველო „გაზპრომთან“ ახალ საკონტაქტო ურთიერთობებში შეეტყუებინა, სიცრუე ყოფილა. ახლა მთავრობა ამბობს, იმიტომ ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანიდან, რომ ის უფრო იაფია, ანუ ზემოთქმული არგუმენტიც სიცრუე გამოდგა…
არგუმენტი #4 _ საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და რუსული გაზის გარეშე გავიყინებით! გასულ წელს გაზის მოხმარება არ გაზრდილა, ეკონომიკასა და მოსახლეობასაც არაფერი დამართია!
როცა რუსეთი ქართული მხარის მოლაპარაკებაში ჩართვას ცდილობდა, იგი ამბობდა, რომ გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულია საფასურის გადახდა არა ნატურით, არამედ ფულადი ფორმით. გასაგები უნდა იყოს, რომ ამას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ კავშირი არ გვაიძულებს და ეს არის ორმხრივი მოლაპარაკების შედეგი! საერთაშორისო ორგანიზაციებს არასდროს მიუთითებიათ, რომ გაზპრომთან ხელშეკრულება შეგვეცვალა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივი და ლოგიკურია, რომ საქართველოს სარგებელი უნდა დარჩენილიყო იგივე, რაც მანამდე ჰქონდა, ტარიფი უნდა ყოფილიყო ადეკვატური, ანუ თუ საქართველო 40 მლნ დოლარის გაზს ღებულობდა, ტარიფი უნდა ყოფილიყო იმ ზომის, რომ საქართველოს რუსეთისთვის გადახდილი ფული, ჯამში, 200 მლნ კუბმეტრი გაზის შესაბამისი ყოფილიყო, ანუ ტარიფი, დაახლოებით, ყოველი 1000 კუბმეტრი ტრანზიტისთვის საქართველოში უნდა ყოფილიყო 8-9 აშშ დოლარი (როგორც ახლა ამბობენ). საქრთველომ უკიდურესად არახელსაყრელი პირობებით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას _ დაახლოებით, 3 აშშ დოლარის ფარგლებში, 3-ჯერ უფრო იაფად, ანუ საქართველომ დაკარგა თავისი შემოსავლების 70%. იმ ფულით, რასაც რუსეთი ტრანზიტისთვის გადაგვიხდის, შეგვიძლია ვიყიდოთ მხოლოდ მესამედი იმ გაზისა, რომელსაც ჩვენ მანამდე ვღებულობდით ნატურით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ ყიდულობენ რუსეთისგან გაზს. ანუ ფული, რომელსაც საქართველოს რუსეთი აძლევს, ვერ ყიდულობს ვერაფერს, ვინაიდან იგი იმ გაზის შესაძენადაც კი არ ეყოფა, რასაც ნატურით ვტოვებდით, იგი რუსეთიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისას მხოლოდ ტრანზიტის დანახარჯებს ჰყოფნის, ანუ საქართველოს არ რჩება ფული, შეიძლება 1 ან 2 მილიონი დარჩეს, ესეც კი საეჭვოა, ვინაიდან კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, ფაქტობრივად, გაზის შესაძენად ფული არ რჩება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან გაზის შეძენაზე უარის თქმა განპირობებულია რუსეთიდან მისაღები ფულის უკმარისობით, რომ ქვეყანამ ამავე ფულით გაზი შეიძინოს…
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქედან ჩვეულებრივად ვიღებთ უფასო გაზს, რომელსაც ჩვენ „სოკარიდან“ ვიღებდით, ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და რეალურად, რუსეთისგან გაზის შეუსყიდველობით უნდათ მიჩქმალონ ამ კონტრაქტის ზუსტი შინაარსი. რუსეთის გაზზე უარის თქმა კონტრაქტის კატასტროფული წამგებიანობის დამალვის მცდელობას ნიშნავს. ასეთი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია, რომ პირადი ინტერესებით არ ყოფილიყო გამოწვეული. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მთავრობაში ჰქონდათ მსგავსი ინტერესი რუსეთთან, ან რომელიმე გავლენიანი პირის, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ზეწოლა მოხდა იმ დროს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეზე, რომ საქართველო „გაზპრომთან“ დათმობაზე წასულიყო _ სწორედ ამ კუთხით უნდა ვეძებოთ ამ ანტისახელმწიფოებრივი კონტრაქტის გაფორმების მიზეზები. ამას სჭირდება გამოძიება. უკვე პარლამენტშია შეტანილი ჩვენი დადგენილების პროექტი. თუ იგი ჩავარდა და დიდი ალბათობით ასე იქნება, საქართველოში მაინც დადგება ისეთი დრო, რომ ამ კონტრაქტის ბნელი მხარეები აუცილებლად გასაჯაროვდება.

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც აღნიშნული ხელშეკრულებიდან მოსალოდნელ ნაკლებ ეკონომიკურ მოგებაზე საუბრობს:
_ როგორც ჩანს, რუსეთმა მოთხოვნა დააყენა, რომ ტრანზიტის საფასურს ფულადი კომპენსაციით გადაიხდის, რუსეთის ხელისუფლებას ეს აწყობს, რადგან შემოთავაზებული ფასი რა იქნება, ეს სწორედ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გაზზე ფასი მსოფლიო ბაზარზე მერყეობს, შესაბამისად, რა ფასს გადაიხდის ტრანზიტში, ყოველთვის აქვს რუსეთს ამის ვარირების შესაძლებლობა და საშუალება, აქედან გამომდინარე, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაზარალდება, ვიდრე მოიგებს.
საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, ქართული მხარისთვის გადახდილი თანხით უფრო ნაკლები გაზის შეძენის საშუალება გვექნება, იგივე ზერბაიჯანისგან ან რუსეთისგან, ვიდრე ეს გვქონდა ისედაც, ტრანზიტის საფასურად მიღებული ნატურის სახით.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, რადგან რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა წინა ხელშეკრულების გადახედვას და ახლის დადებას, ალბათ, ქართული მხარე ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ამიტომ წავიდა დათმობაზე.

თემურ გოჩიტაშვილი _ ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
_ რუსეთისგან როცა ვიღებდით გაზს, კარგი არაფერი გვინახავს. აზერბაიჯანიდან მიღებულ გაზზე მეტი არ გვჭირდება!
პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ახლა, უბრალოდ, შესაძლებლობა შეიქმნა, რომ იგი აღარ წამოვიდეს საერთოდ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეულია აზერბაიჯანი, რომლისთვისაც ჩვენც საჭირო ვართ და ჩვენთვისაც ისინი საჭირო არიან. ასეთ პოლიტიკასა და კომერციაში სიმპათიები და ანტიპათიები არ არსებობს, ჩვენ გარეშე აზერბაიჯანი ვერ გაიტანს ვერც ერთ კუბმეტრ, ვერც ერთ გრამ ნავთობსა და გაზს. ამიტომ ჩვენთან დათმობებზე მოდის, ჩვენც მივდივართ მათთან დათმობებზე და ასეთი ტანდემი აეწყო, რომელიც ორმხრივ სასარგებლოა.
რუსეთს ჩვენგან არაფერი უდგას, მას თავისი ძალიან ცუდი პოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც კარგად ჩანს დღევანდელ რეალობაში, ამიტომ რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით მასზე დამოკიდებული, მით უკეთესია. მათ უწერიათ, რომ ამ ენერგეტიკას პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებენ, ამიტომ თუ საშუალება გვაქვს, რომ მათზე დამოკიდებული არ ვიყოთ, ასეც უნდა ვქნათ!
გაზის ტარიფის გაძვირებას რაც შეეხება, იგი რეალური დანახარჯებიდან გამომდინარე ითვლება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სოფლის გაზიფიცირება მოხდა, ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. ამ გაზიფიცირებას უამრავი ინვესტიცია დასჭირდა, რომელსაც, შესაბამისად, ამოღება უნდა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში გაზის ფასს სემეკი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აწესებს და იგი ამას აკეთებს იქიდან გამომდინარე, თუ რა რეალური დანახარჯები არსებობს მის მიწოდებაზე. არ გაქვს საფუძველი, ეჭვი შევტანოთ მის ობიექტურობაში. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს გეტყვით.

მურმან მარგველაშვილი _ ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში:
_ გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუ რის გამო არ შეიძლება მივიღოთ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირი „გაზპრომისგან“, თუმცა ამის მიზეზი „სოკართან“ 2009 წელს დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ღია არ გახლავთ ისევე, როგორც გასული წლის დასაწყისში „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება. მიზეზები მაინც „სოკარში“ უნდა ვეძებოთ. ჩვენ გარკვეული რაოდენობის კომერციული გაზი, ალბათ, უნდა ვიყიდოთ „სოკარისგან“, სხვა რაციონალური გამართლება არ ვიცი. უმჯობესია, გაზი შემოვიდეს ორივე მხრიდან კონკურენტულ პირობებში და თუ კონკურენციაში ჩავაყენებთ აზერბაიჯანულ და რუსულ გაზს, საბოლოო ჯამში, ფასიც იაფი გამოვა.

საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ არც „გაზპრომთან“ და არც „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროებული არ არის. სავარაუდოა, რომ დიდი სარგებელი დავკარგეთ. იმაში მაინც უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ რუსეთი ჩვენ სასარგებლოდ ხელშეკრულების გადასინჯვას ასე დაჟინებით არ მოითხოვდა! წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რადგანაც რუსულ გაზზე დამოკიდებულები აღარ ვართ, ერთ დღესაც, მოულოდნელად, სასტიკ ზამთარში გასაყინად გაწირვა მაინც არ გველოდება!

ნინო ტაბაღუა