საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკა – 1917 წლის სექტემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-13.

ინტერპარტიული საბჭო

1917 წლის სექტემბერში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. თბილისში ოფიციალურად დაფუძნდა ეროვნული საბჭო, რომელსაც სხვანაირად ინტერპარტიული საბჭო ეწოდებოდა. ინტერპარტიული საბჭო, ფაქტობრივად, ქვეყნის ეროვნული მთავრობის ჩანასახს წარმოადგენდა, რომელსაც საქართველოს მიმდინარე და რაც მთავარია, მომავლის საკითხები უნდა გადაეწყვიტა.
ეს იყო ერთგვარად საქართველოს პოლიტიკური მიმართულების განმსაზღვრელი ორგანო.
გაზეთი „საქართველო“ ამ მოვლენასთან დაკავშირებით 12 სექტემბერს ვრცელ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს, სადაც მკითხველს ამ საბჭოს მნიშვნელობას აცნობს: „გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შინაგანს ცხოვრებაში არც ერთ მოვლენას არა აქვს მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ეროვნული ინტერპარტიათაშორისო საბჭოს დაარსებას, რაიცა ამ ცოტა ხნის წინათ მოხდა თბილისში. ეს პირველი შეგნებული ცდაა ეროვნულ ძალთა თავმოყრისა და შეთანხმებისა, და ეს ცდა მით უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ყველა მომქმედი ქართული პარტიები სოციალ-დემოკრატიიდან დაწყებული ეროვნულ დემოკრატამდე.
ჩვენი სამშობლო იძენს პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც ის მოკლებული იყო დიდი ხნის განმავლობაში. მართალია ეს ცენტრი ჯერ კიდევ სუსტია, ჯერ კიდევ ძლიერია გამთიშავი ძალები, მაგრამ რადგან ერთხელ გაერთიანების პროცესი დაიწყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ის აღარ შეჩერდება შუაგზაზე. პოლიტიკურად მოაზროვნე ქართველობა უნდა შეთანხმდეს იმ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე, რომელიც ყოველმხრივ ემუქრება ჩვენს სამშობლოს. ამას ითხოვს თვითდაცვის ინსტინქტი, რაიცა ყოველს პარტიულს დოგმაზე უფრო ძალოვანია. ამას ითხოვს ფხიზელი პოლიტიკური შეგნებაც, რომელიც ყოველ უმცირეს რეალურ ძალას უნდა უწევდეს ანგარიშს.
უკუღმართი ტრადიციები და უნიადაგო ილუზიები ასუსტებს ჩვენში ეროვნული შეთანხმებისა და გაერთიანების სურვილს. ხანგრძლივმა საუკუნეებმა ბეჩავი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. დიდი ხანია, რაც ქართველობას ერთად აღარ უვლია. გადავეჩვიეთ კიდეც მწყობრ რაზმებით იერიშის მიტანას. ტომობრივმა და თემობრივმა დაქსაქსულობამ ჩვენში გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი აღზარდა, ჩვენმა სამშობლომ ვერ მოასწრო შინაგანი თანდათანობითი განვითარების შემწეობის გაერთიანება, ქართველობა იმ უბედურ ერთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ტერიტორიალურად და პოლიტიკურად უცხო, გარეშე ძალამ შემოიკრიბა“.
როგორც სტატიიდან ირკვევა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მიზანს რევოლუციის მონაპოვრის დაცვა და ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საზოგადოებრივი და საერთაშორისო ინტერესების წარმართვა წარმოადგენდა.
საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების შეთანხმება და ეროვნული საბჭოს დაარსება იმას მოწმობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალურად იწყებოდა ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. საბჭო ერთგვარად ქართველი ერის ნების გამომხატველ ორგანოდ ყალიბდებოდა, რომელსაც ეროვნული კრების, იგივე პირველი ქართული პარლამენტის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი ნიადაგი უნდა მოემზადებინა. თავის მხრივ კი, როდესაც ეროვნული კრება აირჩეოდა, იგი გადაწყვეტდა ქვეყნისთვის ყველა საჭირბოროტო პრობლემას: საქართველოს პოლიტიკურ ავტონომიას, მიწის საკითხს, ეროვნული მეურნეობის მოწყობას, ადმინისტრირებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო საზღვრების გამიჯვნას და ა. შ. ასეთი გლობალური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ სრული ეროვნული თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ეროვნული თანხმობა კი არჩეული, ლეგიტიმური ეროვნული კრების გარეშე ვერ მოხდებოდა.
13 სექტებრის ნომერში გრიგოლ ვეშაპელი ამის თაობაზე საკუთარ პოზიციას ამგვარად აყალიბებს: „გზა საქართველოს კრების მოწვევისა სრულებით კანონიერი გზაა, რაოდენათ საქმე რევოლუციურ ლეგალობასთან გვაქვს… რუსეთის რევოლუციური დემოკრატიის პროგრამა, დროებით მთავრობის ივლისის დეკლარაციაში რომ არის გამოთქმული, სრულს შეძლებას გვაძლევს შევქმნათ ეროვნული თვითმართველობა… ამისთვის ეროვნული კრება უნდა მოვიწვიოთ. საქართველოს ყოველი საქმის გზა ეროვნულ კრებისაკენ მიდის და ეროვნული საბჭოს მისიაც ეს არის“.
გაზეთში აგრეთვე მითითებული იყო, რომ ეროვნული საბჭო დროებით ბინას თბილისში, კერძოდ კი ფრეილინის ქუჩის 12 ნომერში, სადეპუტატო საკრებულოს შენობაში დაიდებდა.

საეკლესიო კრება

1917 წლის სექტემბერში საქართველოს ცხოვრებაში კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – 8 სექტემბერს თბილისში საეკლესიო კრება გაიხსნა, რომელსაც ქართული ეკლესიის წინამძღოლი, იგივე კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აერჩია და ეკლესიის მოწყობის საკითხი გადაეწყვიტა. კრების დელეგატთა არჩევა, ჯერ კიდევ, 27 აგვისტოს დასრულდა. კრების აუცილებელ წევრებად ავტომატურად ითვლებოდა ყველა ქართველი ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი და დროებითი ქართული საეკლესიო მთავრობისა და მისი განყოფილების წევრები. კრებაზე დასასწრებად სულ 550 დელეგატი აირჩიეს. აქედან ნახევარზე მეტი სასულიერო პირი იყო, ხოლო დანარჩენი დელეგატი _ საზოგადოების გამორჩეული პირი გახდა.
კრების მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით 8 სექტემბერს სიონში საზეიმო წირვა ჩატარდა, რომლის შემდეგაც კრება ოფიციალურად გაიხსნა. იმავე დღის საღამოს, საეპარქიო სასწავლებელში, რომელიც ანდრეევის ქუჩის 62 ნომერში მდებარეობდა, გაიმართა თათბირი სამანდატო კომისიის ასარჩევად და დამტკიცდა საბჭოს სამუშაო დღის წესრიგი.
საბჭოს სხდომები სიონის საკათედრო ტაძარში იმართებოდა, სადაც დელეგატთა გარდა უცხო პირებს შესვლა სასტიკად ეკრძალებოდათ. საეკლესიო კრება თითქმის ათი დღე მიმდინარეობდა და ის 17 სექტემბერს კათოლიკოსის არჩევით დასრულდა. გაზეთი „საქართველო“ 19 სექტემბერი: „კვირას 17 ენკენისთვეს, საგანგებო დღე იყო ჩვენთვის. ამ დღეს ამორჩეულ იქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი. არჩევნები დაიწყო დილით ათ საათზე ჟურულის თავმჯდომარეობით. არჩევა მოხდა სასტიკი კონტროლის ქვეშ. არც სიონის ტაძარში, არც მის გალავანში დელეგატების გარდა სხვას არავის უშვებდნენ. ფარული კენჭის ყრა დასრულდა საათის ორისთვის. შემდეგ ფართო მასას გაუღეს კარები. ქუჩა, ეზო და ტაძარი ხალხით გაივსო. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კენჭის ყრაში მონაწილეობა მიეღოთ 440 დელეგატს. ყუთი დაედგა ორ კანდიდატს: მიტროპოლიტ ლეონიდეს და ეპისკოპოზ კირიონს. თბილელ მიტროპოლიტს ლეონიდეს მიეღო 230 თეთრი და 218 შავი, ხოლო ყოვლად სამღვდელო კირიონს 240 თეთრი და 206 შავი. ამ რიგად ორთავე გათეთრებულ იქმნა, მაგრამ რადგან ყოვლად სამღვდელო კირიონმა მიიღო თორმეტით მეტი ხმა, იგი აღიარებულ იქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად. ეს ამბავი დაუყოვნებლივ ეცნობათ მათს მეუფებათ როგორც ყოვლად სამღვდელო კირიონს, ისე ლეონიდეს.
დამსწრე საზოგადოება აღტაცებით მოელოდა მათ. აგერ მოვიდნენ კიდეც. თბილელი მიტროპოლიტი ყოვლად სამღვდელო ლეონიდე კარებში შეჩერდა და აქ მოუცადა ახლად არჩეულ მწყემსმთავარს საქართველოს კათლლიკოზ-პატრიარქს, რომელსაც მეტად მგრძნობიერი სიტყვით მიმართა. მეო, – სთქვა მათმა მეუფებამ, – მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტოდ აღარ ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცსა ვდებ, მთელის ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში, ჩვენი ეკლესიის საქმის გაძღოლაშიო. შემდეგ უსურვა დღეგრძელობა და შეევედრა ყველა ჩვენს წმინდანთ, რომ მისთვის მიენიჭებინა ძალა და ღონე ჩვენი ეკლესიის საქმეთა წასაძღოლად.
თბილელ მიტროპოლიტს საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქმა მოკლედ, მხურვალე ცრემლით განბანილი სიტყვით მადლობა გადაუხადა და შეჰფიცა როგორც ძველად, ეხლაც გაასკეცებულის ძალით ებრძოლა ჩვენი ეკლესიის საქმეთა დასაგვირგვინებლად. შემდეგ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს“.
კათოლიკოსის არჩევნების შემდეგ საეკლესიო კრებამ ქართული ეკლესიის სხვა ხელმძღვანელებიც აირჩია. თბილელ მიტროპოლიტად დარჩა ლეონიდე ოქროპირიძე, ქუთაისის მიტროპოლიტად ეპისკოპოსი ანტონი გამოარჩიეს, ჭყონდიდელ მიტროპოლიტად არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია დაამტკიცეს, გორის ეპარქია ეპისკოპოს დავითს ჩააბარეს, ხოლო ალავერდის ეპარქიის მეთაურად ეპისკოპოსი პიროსი გაამწესეს. გარდა ამისა, აირჩიეს საკათოლიკოსო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: დეკანოზი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მაჩაბელი, გოთუა, ვართაგავა, მახათაშვილი, ინგორყვა, ივანიცკი, სახოკია და კაპანაძე.
სრულიად საქართველოს ახლად არჩეულმა საკათოლიკოსო საბჭომ პირველ რიგში დაადგინა, რომ 1-ლ ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მოხდებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის კურთხევა და საყდრად აყვანა. წესის შესრულება დაიწყებოდა დილის ათ საათზე. კურთხევის შემდეგ გაიმართებოდა წირვა. მეორე დღეს, ანუ 1917 წლის 2 ოქტომბერს, მოხდებოდა ქუთათელი მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ანტონის ხარისხში აყვანა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტად არქიმანდრიტ ამბროსის ხელდასხმა. საკათოლიკოსო საბჭო აქვე აცხადებდა, რომ მცხეთაში წამოსვლის მსურველებს თავად უნდა ეზრუნათ სურსათზე, რადგან ქართულ ეკლესიას მოსალოდნელი ზღვა ხალხის დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი სახსარი არ გააჩნდა.

სკოლების გაქართულება

რუსეთის იმპერიაში სასწავლო დაწესებულებების გაეროვნულების პროცესი დაიწყო. გამოქვეყნდა კავკასიის დროებითი საგანგებო კომიტეტის დებულება, რომელიც სკოლების ნაციონალიზაციას, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გაეროვნულებას ეხებოდა. 24 სექტემბერს გაზეთ „საქართველოში“ ამ პროექტის ზოგადი წესებია დაბეჭდილი, რომელიც ნათლად ასახავს თუ რას გულისხმობდა სკოლების ნაციონალიზაცია. პირველ პუნქტში მითითებულია, რომ სამთავრობო სასწავლო დაწესებულებებში (იგულისხმებოდა საშუალო და დაწყებითი სკოლები) სწავლის პროცესი უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ ერის მშობლიურ ენაზე. იქვე მითითებული იყო, რომ თუ რომელ ენას აირჩევდა მოსწავლე, ეს მის მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდებოდა. გარდა ამისა, ეროვნულ კლასებში და განყოფილებებში ყველა საგნის სწავლა ეროვნულ სამოსწავლო პროგრამების მიხედვით იწარმოებდა. ამ პროგრამებს ეროვნულ სკოლათა ცენტრალური კომიტეტი დაამუშავებდა. ჩამოთვლილი იყო ის საგნები, რომელთა სწავლებაც ეროვნულ ენაზე აუცილებელი გახდებოდა. მათ შორის შედიოდა: დედაენა, ლიტერატურა, ისტორია და გეოგრაფია.
თუმცა როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი ამ პროექტს ერთგვარი სიფრთხილით შეხვდა. მშობლები შიშობდნენ, რომ თუ მოსწავლეები განათლებას ქართულ ენაზე მიიღებდნენ, ეს მათ შვილებს მომავალში სამსახურის მიღებაში ხელს შეუშლიდა. ამ თემასთან დაკავშირებით 24 სექტემბერს სამოსწავლო კომისარიატთან არსებული ქართული ეროვნული პედაგოგიური საბჭო ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საბჭო ქართველი მშობლების დარწმუნებას ცდილობს.
გაზეთი „საქართველო“: „ძველ სკოლაში საღი პედაგოგიური აზრის უარყოფის გამო, ქართველ ბავშვთა გონებრივი განვითარება ნორმალურად ვერ მიმდინარეობდა. ქართველი საზოგადოება ამას აშკარად ხედავდა და მოითხოვდა სკოლის გაქართველებას, რომ სკოლაში სწავლა სამშობლო ენაზე ყოფილიყო დაყენებული. დღეს მოქალაქენო, მთავრობამ თვითონ დააკანონა სკოლის ნაციონალიზაცია და აღსრულდა თქვენი დიდი ხნის ნატვრა. უკვე გამოცხადებულია საოლქო სამოსწავლო კომისარიატის განკარგულება, რომ მომავალ კვირიდან უნდა მოხდეს ნაციონალიზაცია ყველა სასწავლებელში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნების ბავშვები სწავლობენ. ნაციონალიზაცია ხდება იმ კლასამდე, სადამდისაც შესაძლებელი იქნება.
სამწუხაროდ, კიდევ დარჩნენ აქა-იქ ძველი წესწყობილების მოტრფიალენი და ისინი ებრძვიან სკოლის განახლებას. ეს ვაჟბატონები აფრთხილებენ ქართველ და სხვა არარუს მშობლებს. ისინი ქადაგებენ: არ მისცეთ ბავშვები გაეროვნებულ სკოლაში, იქ აღზრდილი ყმაწვილი დაღუპული იქნება: არავითარი უფლებები არ ექნება, არსად სამსახურში არ მიიღებენ, რადგან რუსული არ ეცოდინებათ და სხვ.
სამწუაროდ, ზოგი თქვენგანი, ქართველო მშობლებო, უჯერებს მათ და უარს აცხადებს ქართულ განყოფილებაში ბავშვის მიბარებაზედ. მოქალაქენო! კარგად დაუკვირდით ვინ არიან ის პირები, რომელნიც ასე ზრუნავენ თქვენი შვილების მომავალ ბედ-იღბალზე. უეჭველია, თქვენ მათ შორის შეუმჩნევლად არ გამოგეპარებათ სწორედ ძველი, თქვენი შვილების დამმახინჯებელი და მაწამებელი სკოლის ბურჯები! ისინი ცდილობენ მოგატყუონ და სულ სხვანაირად გიხსნიან სკოლის ნაციონალიზაციას.
ტყუილია, ვითომ გაქართველებულ სკოლაში აღზრდილებს უფლებები არ ექნებათ, სამსახურში არ მიიღებენ და სხვა… თქვენ შვილებს, მოქალაქენო, მოუხდებათ ცხოვრება სრულიად განახლებულ საქართველოში, სადაც ქართულ ენას ექნება მინიჭებული სახელმწიფო ენის თანაბარი უფლება სასამართლოში, მართვა-გამგეობაში, სასწავლებლებში, საქალაქო და საერობო თვითმართველობაში და ყველა საზოგადოებრივ თუ კერძო დაწესებულებაში. არსად ქართული ენის უცოდინარი პირი არ გამოდგება. ტყუილია აგრეთვე, ვითომ ქართულ სკოლაში რუსულ ენას არ ასწავლიანო; რუსული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, სავალდებულო საგნად იქნება და სამშობლო ენის საშუალებით უფრო ადვილად და შეგნებით ისწავლიან მას თქვენი შვილები, ვიდრე დღეს. ერთი სიტყვით, განახლებულ ეროვნულ ცხოვრებაში, სულ ახლო მომავალში, სწორედ ის დარჩება უადგილოდ და გარიყულად, ვისაც ქართული სკოლა არ ექნება გავლილი“.
1917 წლის სექტემბერში საქართველოს განათლების სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. თბილისში დაარსდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება. საზოგადოების წესდებას გაზეთი „საქართველო“ იმავე – 24 სექტემბრის ნომერში აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოების საბოლოო მიზანს ქართული დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაარსება წარმოადგენდა.

ეკონომიკა

საქართველოში პურის საშინელი კრიზისი დაიწყო. ჩვენი ქვეყნისთვის ხორბლეულის ძირითადი მიმწოდებელი ჩრდილოეთ კავკასია, უკრაინა და რუსეთის ცენტრალური გუბერნიები იყო, მაგრამ მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველო, ფაქტობრივად, პურის გარეშე დატოვა. სექტემბრიდან საქართველოში პურის ტალონები შემოიღეს. გაორმაგდა სახელმწიფო ნიხრი გამომცხვარ პურზე. 5 სექტემბერს გაზეთი „საქართველო“ თბილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის მთავარი რწმუნებულის ბიჩის მოხსენებას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიას ახლო მომავალში გარდაუვალი შიმშილი და მისი თანმდევი „მშიერი ბუნტები“ ემუქრებოდა. ბიჩის მიერ გაკეთებული მოხსენებით მარტო თბილისს დღეში არანაკლებ 6 ვაგონი, ანუ 6 ათასი ფუთი პური ესაჭიროებოდა. მთლიანად ამიერკავკასია კი დღეში, საშუალოდ, 24 ვაგონს 8-9 მილიონ ფუთს მოიხმარდა. საქართველოს კი საკუთარი შესაძლებლობით, მაქსიმუმ, მხოლოდ 1 მილიონი ფუთი ხორბლის მოყვანა შეეძლო.
7 სექტემბერს თბილისის ქალაქის თავმა ელიავამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ქალაქში პურზე ახალი სახელმწიფო ნიხრის შემოღებას უკავშირდებოდა. ელიავა ინტელიგენციას სთხოვდა, მოსახლეობისთვის პურზე ფასის მომატების აუცილებლობა აეხსნა: „მოქალაქენო! ენკენისთვის 8-დან სასურსათო კომიტეტი ახალ ნიხრს აწესებს: გირვანქა პური 23 კაპ. თონისა – 24 კაპიკი. ეს ფასის აწევა სრულიად შეეფერება ხორბალზე ფასების ერთი ორად აწევას. მასზე ნაკლებად ეხლა პურის გაყიდვა შეუძლებელია.
ბევრი არ იცნობს ეკონომიკურ მდგომარეობას და ასეთი ნახტომი პურის ფასების აწევაში მეტად დიდად ეჩვენება. ქალაქის გამგეობა საჭიროდ სთვლის, რომ ქალაქის მოწინავე ინტელიგენციამ აუხსნას მცხოვრებთ არსებული სასურსათო კრიზისი და ხსენებულ ნიხრის მიღების საჭიროება უგანგაშოთ. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად მჭიდროდაა გადაწნული რევოლუციის ბედზე, რომ ამ დარგში ჩარევა აუცილებლად საჭიროა. ქალაქის გამგეობას იმედი აქვს, რომ თქვენ განუმარტავთ ყველას და ჩააგონებთ, რომ პურის ფასების აწევა თუმცა სამწუხაროა, მაგრამ აუცილებელი“.
ნიხრის აწევის შედეგად მოსახლეობაში პანიკა დაიწყო და ხალხი პურის დუქნებსა და ფურნეებს მიაწყდა. 27 სექტემბერს ქალაქის უკლებლივ ყველა საცხობთან უზარმაზარი რიგი იდგა.
საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის ცნობით შიმშილის ზღვარზე იდგა სიღნაღის, გორის, ახალქალაქისა და ბორჯომის მაზრები, სადაც პურის მარაგი საერთოდ გამოილია. თუმცა სასურსათო კომიტეტი პერიფერიებს ვერაფრით ეხმარებოდა, რადგან პური დედაქალაქისთვისაც კი არ ჰყოფნიდა.
გაზეთი „საქართველო“ 10 სექტემბერი: „საშინელ გაჭირვებას განიცდის ჩვენი სამშობლო სურსათის უქონლობის გამო: დღითი-დღე მცირდება რაოდენობა მოტანილი პურისა, დღითი-დღე საგრძნობი ხდება პურის უქონლობა ქალაქებსა და სოფლებში. ქალაქის მცხოვრებნი უკვე კარგა ხანია ნახევრად მშიერნი არიან (თითო კაცი ნახევარ გირვანქა პურს სჭამს), ხოლო ეხლა ესეც აღარაა და ნამდვილი შიმშილი მოელის ხალხს.
ამხანაგო მიწის მუშებო! დაეხმარეთ თქვენს რევოლუციურ მთავრობას ამ დიდ საქმეში! თქვენს დაუხმარებლად ეს მთავრობა ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას, თუ თქვენ არ მიეცით პური ქალაქებსა და სოფლებს, აუცილებლად შიმშილი დაატყდება ხალხს, დაიწყება მღელვარება, უწესოება და ჩვენი სამშობლო დაიღუპება, წაგვერთმევა სანატრელი თავისუფლება. თბილისის გუბერნიის ქალაქებსა და სოფლებს უნდა უშველოთ თქვენ, მიწის მუშებო, რომელთაც გაქვთ მოჭარბებული პური, რომელთაც თავის ნახნავ–ნათესიდან მცირე მოსავალი მაინც მოუვიდა“.
გადიდდა ნიხრი წყალზე, აიკრძალა თბილისიდან ტყავეულობისა და ფართლეულის გატანა. მდგომარეობა იმ დონეზე გაუარესდა, რომ მთავრობამ მოქალაქეებისთვის ფეხსაცმლის შეძენის წესიც კი შემოიღო: „ენკენისთვის 25 შეიძლება ფეხსაცმელების და ტყავეულობის ყიდვა მაღაზიაში, აგრეთვე შეკვეთილი ფეხსაცმელების გამოსყიდვა სახელოსნოებიდან საგანგებო ბარათებით, რომლების მიღება მსურველთ შეუძლიათ ქალაქის სასურსათო კომიტეტში. თუ აღნიშნულ დღისათვის ბარათებით დამზადება არ მოესწრო, იმ შემთხვევაში აღნიშნული საქონლის შესაძენად მოწმობას გასცემს უკიდურეს საჭიროების დროს საგუბერნიო სასურსათო გამგეობა, მაგრამ მთხოვნელმა უთუოდ უნდა წარადგინოს შაქრის ბარათი, როგორც მოწმობის, აგრეთვე ბარათის მისაღებად. ჩუსტების ყიდვა შეიძლება უმოწმობოდ და უბარათოდ. სახელოსნოებიდან შეკვეთილი ფეხსაცმელების მიღების დროს უნდა წარდგენილ იქმნას ბარათი, ანუ მოწმობა, რომლებიც სახელოსნოებმა უნდა გაგზავნონ საქალაქო სასურსათო კომიტეტში. არავითარ ფეხსაცმელზე და არც ტყავეულობაზე ნიხრი არ არის დაწესებული“.

კრიმინალი

საშინელი სოციალური მდგომარეობის ფონზე ქვეყანაში სულ უფრო საშიშ ფორმებს იღებს კრიმინალი. ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი თანმდევი გახდა. 25 აგვისტოს ქუთაისიდან სიმონეთში მიმავალ ვინმე გვადაბაძეს ყაჩაღები დახვდნენ და 250 მანეთი წაართვეს. იმავე დღეს იგივე ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ მწყემსებს: ტყებუჩავასა და კვარაცხელიას და საქონლის წაყვანა დააპირეს. ტყებუჩავამ ერთი ბოროტმოქმედი ხანჯლით მოკლა, რომელიც სოფელ სიქთარვის მცხოვრები დავით ცხადაძე აღმოჩნდა.
10 სექტემბერს ძარცვა მოხდა თბილისში. ქალაქთა კავშირის საწყობში, რომელიც ტურგენევის ქუჩაზე მდებარეობდა, სამხედრო ავტომობილით მივიდა ოფიცრის ტანსაცმელში გადაცმული 3 პირი და 15 ჯარისკაცი. საწყობი გატეხეს და ავტომობილით 27 ტომარა შაქარი და 2 ფუთი ერბო წაიღეს. მილიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. ნაქურდალი მიხეილის პროსპექტზე აღმოაჩინეს. თურმე ქურდებმა მეეზოვეს 2 ტომარა შაქარი აჩუქეს და მოპარული საქონლის გადამავლა სთხოვეს, მაგრამ მეეზოვემ ამ ამბის შესახებ მილიციას აცნობა.
შველას ითხოვს თბილელი მიტროპოლიტი, კათოლიკოსის მოსაყდრე ლეონიდე. 14 სექტემბერი: „ლეონიდემ თხოვნით მიმართა კავკასიის გლეხთა საბჭოს, დაიცვას შიო მღვიმის მონასტერი გაძარცვისაგან. ენკენისთვის 7-8-ს სოფელ ძეგვის კომისრის მამისაშვილის წინამძღოლობით გლეხებს წაუღიათ სამონასტრო მამულის ყურძენი და მონასტრის სარდაფიდან ძველი ღვინო. ბერებმა ღვინო არ უნდა დალიოთო – უთქვავს კომისარ მამისაშვილს. გარდა ამისა, მამისაშვილს მიუთვისებია სამონასტრო სიმინდი და დამუქრებია, რომ მონასტრის მიწებს და მუშა საქონელსაც მივითვისებო“.

თბილისი

ბოლოს მოკლე ცნობები თბილისის ცხოვრების შესახებ. როგორც ირკვევა, თბილისში საშინელი ანტისანიტარიული მდგომარეობა შეიქმნა. საერთო კრიზისის გამო გამგეობა ქალაქის დასუფთავებას ვერ ახერხებდა და ამიტომ დედაქალაქი სიბინძურეში იხრჩობოდა. 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ქუჩებში მრავლად ეგდო ცხოველთა ლეში, რომელიც უსიამოვნო სუნთან ერთად დაავადების გავრცელების საშიშ კერას წარმოადგენდა: „უკანასკნელ დროს თბილისის ქუჩები მეტად გაბინძურდა. ამას წინად, მაგალითად, გოლოვინის პროსპექტზე რამდენიმე დღეს ეგდო მკვდარი ცხენი, გუშინ კიდევ სასახლის მოედანზე მთელი დღე ეგდო დახრჩვალი კატა. სავაჭრო მოედნების სიბინძურე კიდევ უფრო მეტია. ამ მდგომარეობას ყურადღება მიაქცია მილიციის უფროსმა ივ. კაჩუხაშვილმა და ბრძანება გამოსცა მილიციონერების საყურადღებოდ. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქუჩებისა და ტრამვაის ლიანდაგების დასუფთავება სახლების პატრონთა მოვალეობას შეადგენს და თითოეულ შემთხვევაში ღონისძიება იხმარეთ, რომ მათ შეასრულებინოთ მათი მოვალეობაო“.
დედაქალაქში საკმაოდ მწვავედ დადგა ბინის საკითხი. თბილისი უამრავ დევნილს, ჩამოსულსა და ჯარისკაცებს ვეღარ უძლებდა, რის გამოც ქალაქის გამგეობამ გადაწყვიტა, ნებართვა სთხოვოს ხელისუფლებას, სასტუმროების რეკვიზიციის თაობაზე. გარდა ამისა, გამგეობამ გადაწყვიტა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რამდენიმე ოთახი აქვთ და, ჯერჯერობით, არ სარგებლობენ, ეს ფართი ჩამოართვას და ბინის მაძიებლებზე მიაქირაოს.
ელექტროენერგიის დეფიციტის გამო წყვდიადმა მოიცვა ქალაქის განაპირა უბნები. ქალაქის გამგეობამ ამ საკითხის მოსაგვარებლად გადაწყვიტა, ეს უბნები ნავთის ფარნებით გაანათოს. ამისთვის გამგეობამ შესაბამის სამსახურს კოჯრიდან 500 ფარნის ჩამოტანა დაავალა.

მიხეილ ბასილაძე