„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები სამართალს ითხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციებს მართავენ და შეტანილი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. ეროვნული ბანკის წინ ერთ-ერთი ბოლო აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბანკს ფინანსური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

„ქრონიკა+“ ერთ-ერთ დაზარალებულს, ანა ძნელაძეს ესაუბრება:

_ საფინანსო კომპანიამ უკვე სექტემბერში ვეღარ შეძლო ძირის თანხებისა და პროცენტების გაცემა. მართალი გითხრათ, ჩემს ხელშეკრულებას იანვრამდე ვადა არ გასდიოდა, მაგრამ ყოველთვიურ პროცენტს ვეღარ ვიღებდით. ამაზე არაერთმა პიროვნებამ ფინანსურ პოლიციაში წერილი შეიტანა, რომელსაც ძირის თანხის გატანა უწევდა და ვერ გაიტანა. შესაბამისად, კონკრეტულ პიროვნებებთან (მათ შორის, მერაბ ფერაძესთან) მიმართებით სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

_ რატომ ვერ ასრულებდა კომპანია აღებულ ვალდებულებებს?

_ რადგან ეროვნულმა ბანკმა უკვე შეზღუდვები დაუწესა. ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს გააფრთხილა, უნდოდათ, რომ კვალიფიციურ სუბიექტად გამოეცხადებინათ, კომპანიისგან დაუყოვნებლივ საბუთებს ითხოვდნენ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა არ შეასრულეს. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ, ანუ სექტემბერში კვალიფიციურ სუბიექტად ცნო.

ცხრა თვის განმავლობაში ამ კომპანიაში არაერთი მეანაბრე შევიდა და თანხები შეიტანა. ეროვნულ ბანკს წინა წლებში კვალიფიციურ სუბიექტად რომ ეცნო (ამის გაკეთება უკვე 2013 წელს შეეძლო), ბევრი დაზარალებული ამ სიტუაციას გადავურჩებოდით. ამ პერიოდშიც კი, 2016 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, კომპანიამ ქმედებები დააგვიანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაზარალდა.

_ ეროვნული ბანკის ასეთ ნაბიჯებს რით ხსნით?

_ თავის დროზე, 2013 წელს, პრეზიდენტი ქადაგიძე იყო, თუ არ ვცდები, ის თანამდებობაზე 2016 წლის თებერვლამდე რჩებოდა. როგორც კი სათავეში გვენეტაძე მოვიდა, პრინციპში, მან კანონიერი მოქმედება დაიწყო. ეს კომპანია კვალიფიციურ სუბიექტად უნდა ეცნოთ, რადგან 120 მილიონ დოლარზე გადიოდა. ეს ის თანხაა, როცა არათუ კვალიფიციური სუბიექტის, შეიძლებოდა, ბანკის წოდებაც მიენიჭებინათ. ვიმეორებ, ეს, ჯერ კიდევ, 2013 წელს უნდა გაეკეთებინათ, როდესაც იქ 400 კაცზე მეტი იყო, 5 მილიონზე მეტი ბრუნვა ჰქონდა და მაინც არ ცნეს. ამაზე ეროვნულ ბანკში გვიპასუხეს, რომ არაერთგზის მიმართეს ფინანსურ პოლიციას, სთხოვეს, კომპანიაში შესულიყვნენ და გამოძიება ჩაეტარებინათ, თუ რამდენად კანონიერი ქმედებები ხორციელდებოდა,

მაგრამ კომპანიაში არც ფინანსური პოლიცია შევიდა. ეს 2013 და 2015 წელს ხდება. მაშინ ფინანსური პოლიცია რომ შესულიყო, აღმოაჩენდნენ, რაც დღეს ნახეს და ყველასთვის ცნობილია.

ვინმე მერაბ ფერაძეს კომპანიიდან თანხები გაჰქონდა და აქ მილიონებზეა საუბარი (10, 20 მილიონი). 2013 წლიდან ეს ხდებოდა ყოველგვარი უზრუნველყოფის, პროცენტის გარეშე. რადგან ეროვნულ ბანკს ეჭვი გაუჩნდა, რომ კომპანიაში შეიძლებოდა არაკანონიერი ქმედებები ყოფილიყო, შეეძლო თვითონვე ეცნო კვალიფიციურ სუბიექტად და გარკვეული აკრძალვები დაეწესებინა, მაგრამ არ გააკეთა, მიმართა ფინანსურ პოლიციას, რომელიც იქ არ შევიდა და ბუღალტერია არ შეამოწმა. ანალოგიური განმეორდა 2015 წელსაც, არც ერთმა უწყებამ თავისი ფუნქცია არ შეასრულა და დღეს სახეზე ვართ 2648 დაზარალებული მეანაბრე. ამასთან, უკვე ცხრა გარდაცვლილი გვყავს.

_ ფინანსური პოლიცია რატომ არ დგამდა ნაბიჯებს?

_ ამაზე ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს ჰქონდა. ფინანსურ პოლიციას შეუძლია, გამოძიება ჩაატაროს, მაგრამ ზედამხედველობის უფლებები მხოლოდ ეროვნულ ბანს აქვს. საქმე ისაა, 2012 წელს 48-ე პრიმა მუხლი რომ მიიღეს, ზუსტად ამ მუხლით ეროვნულ ბანკს საშუალება ჰქონდა, რომ 400 ადამიანზე ზევით ან 5 მილიონზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანია კონტროლქვეშ მოექცია და ეს არ გააკეთა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არა მარტო პრიმა მუხლი არ აამუშავა, ეროვნულ ბანკს ასევე არ აქვს უწყება, რომელიც გამოიძიებს, კონკრეტული შპს, ან ორგანიზაცია რამხელა ბრუნვაზე გადის, ან რამდენი მეანაბრე ჰყავს. კანონი არსებობს, მაგრამ ამის ასამუშავებელი მექანიზმი არ არის.

მათ 2012-13 წლებში კანონპროექტი უნდა შეემუშავებინათ, პარლამენტში შეეთავაზებინათ, რომელიც ამას დაამტკიცებდა. შეეძლოთ ამის გაკეთება და ჩვენი გადარჩენა…

_ ფინანსურ პოლიციას გამოძიების ნაწილში მაინც არ უნდა შეესრულებინა დავალება?

_ რასაკვირველია, ფინანსური პოლიციის წერილობითი პასუხი არ გვაქვს, ზეპირსიტყვიერად ამბობენ, რომ ამაზე ზედამხედველობა ჩვენ არ გვეკუთვნოდაო; შეგვეძლო, გამოძიება გვეწარმოებინა, 2013 წელს რომ შევსულიყავით, კომპანიის საქმიანობა გაგვეჩერებინა, მაშინ პროცენტებს იხდიდნენ და მეანაბრეები უკმაყოფილო იქნებოდნენ, რომ ჩვენ ეს კომპანია დაგვეხურაო; ახლა თუ 2648 მეანაბრე ხართ, მაშინ, ალბათ, 500 მეანაბრე იქნებოდა და ეს ხალხი უმაყოფილო გვეყოლებოდაო; მაშინ ხომ ეს შპს, „კომპანია საქართველო“, არაფერს არღვევდა, პროცენტებსა და ძირის თანხებსაც კანონიერად იხდიდა, საქმიანობა რატომ გაგვეჩერებინაო?

ეროვნულ ბანკს კი შეეძლო, ზედამხედველობა გაეწია.

აი, კიდევ, რა ხდება: არის მონიტორინგის სამსახური და როდესაც ვინმეს 10 ათასზე ზემოთ თანხა შეაქვს, ან გადარიცხვა კეთდება, ყოველთვის ამას ამოწმებენ, რომ ფულის გათეთრება არ მოხდეს. ამ კომპანიაში 300, 400 ათასი შედიოდა და ამის მონიტორინგს არავინ აკეთებდა. არავინ იცის, ეს რეალურად სუფთა თუ ჭუჭყიანი თანხაა. ცრუ მეანაბრეებია თუ რეალურ მეანაბრეებთან გვაქვს საქმე? ან, თუნდაც, ამ ფულის წარმომავლობას როგორ დაამტკიცებენ ეს მეანაბრეები, რომლებიც ძალიან დიდ თანხებზე საუბრობენ?

შესაბამისად, ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მარეგულირებელია. ამ კონკრეტულმა უწყებამ პასუხისმგებლობა არ აიღო, ერთადერთი იმის გამო აირიდა, რომ შპს იყო. 120 მილიონზე ზემოთ ბანკი უნდა გაეხადათ (ეს 15 მილიონს ზემოთაც შეეძლოთ) და ესეც არ გააკეთეს. საქმე არ გამოიძიეს, აღნიშნული კომპანიით საერთოდ არ დაინტერესებულან.

ქადაგიძის წასვლის შემდეგ გვენეტაძემ უკვე გაფრთხილება დაიწყო. მართალია, 14 აპრილს პირველი გაფრთხილება მისცა, ამის შემდეგ 19 სექტემბრამდე არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ისევ გაფრთხილებას იძლეოდნენ. აპრილის ბოლოსთვის მაინც შეზღუდვა რომ დაეწესებინათ, დაახლოებით, ათასი ადამიანი მაინც გადარჩებოდა.

_ აპრილის შემდეგ კომპანია ეროვნულ ბანკში ამ საბუთებს რატომ არ წარადგენდა?

_ თვითონ დამფუძნებელი მერაბ ფერაძე (მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული) რომ თაღლითია, ეს ცალსახაა. ეს ჩანს საქმეში და არ უარვყოფთ, რომ ფერაძემ პასუხისმგებლობის გარკვეული წილი უნდა იკისროს. ეს თანხებთან და სასჯელთან მიმართებითაც ეკისრება. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების გადმოსახედიდან მას ლობისტი ჰყავდა. დღეს წარმოუდგენელია, ადამიანმა 30 მილიონი მოიპაროს, ან მოაპარინოს სახელმწიფომ ისე, რომ ეს არ გააკონტროლონ. შესაბამისად, მას ვიღაც მფარველობდა, ამის იმედად ყველანაირ კანონს არღვევდა.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეროვნული ბანკი აცხადებს, ჩვენ მერაბ ფერაძემ მოგვატყუაო. ფერაძეს ორი „საფინანსო კომპანია საქართველო“ ჰქონდა. ეროვნული ბანკი გაფრთხილებას იმ კომპანიას უგზავნიდა, რომელიც 2008 წელს ჩამოაყალიბა და 2012 წელს მან ფორმალურად საქმიანობა შეწყვიტა. იქ არც ერთი მეანაბრე არ იყო. შეზღუდვაც კი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს დაუწესა, ეს ძველ კომპანიაზე გაუკეთა. შესაბამისად, ფერაძე ამბობს, რომ მე კანონი არ დამირღვევია, თქვენ სადაც ხართ 2648 მეანაბრე, იმაზე ეროვნულ ბანკს არანაირი გაფრთხილება არ განუხორციელებიაო. როცა ეროვნულ ბანკთან აღნიშნული შეკითხვით მივედით, წარმომადგენელი შეგვხვდა და ასეთი რაღაც გვითხრა, რომ ჩვენთვის სიურპრიზი იყო, ორი „საფინანსო კომპანია საქართველო“ რომ არსებობდაო. ეს აღმაშფოთებელი ამბავია, რადგან უწყებისთვის, რომელზეც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობაა დამოკიდებული, სიურპრიზია ის, თუ რამდენი საფინანსო კომპანია არსებობს ქვეყანაში, ან საერთოდ რა ბრუნვაზე გადის აღნიშნული კომპანია.

რეალურად, თაღლითს საშუალება მისცეს, რომ ცხრა წელი ემუშავა და ხალხი გაეკოტრებინა. ამაზე ვსაუბრობთ, თუ რომელმა უწყებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ფერაძე რუსეთის მოქალაქეა. 2010 წელს ქალაქ ორენბურგში მსგავს თაღლითობაზე პროცესი ჰქონდა აღძრული და იქ მოიგეს. დღეს საქართველოში ჩამოდის, იგივენაირ ბიზნესს აკეთებინებენ, _ არავინ აკონტროლებს, არც უშიშროება, არც ეროვნული ბანკი, არც ფინანსური პოლიცია… ამის გამო ხალი ქუჩაშია, სახლ-კარის თანხის გარეშე და ამდენი გარდაცვლილი გვყავს.

_ საჩივარი კიდევ ვის წინააღმდეგ შეიტანეთ?

_ ასევე სისხლის სამრთლის საქმეა აღძრული დირექტორ თამაზ ლობჟანიძეზე და ახლა საქმეში თამარ მეტრეველი ჩაება, რომელიც მერაბ ფერაძის მეუღლეა და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სამწუხაროდ, კომპანიას და ფერაძეს მხოლოდ 12,5 მილიონი აქვს ქონების სახით მოძიებული და ზარალი 76 მილიონი ლარია. ფერაძე ახლა დაპატიმრებულია, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2-ში სასამართლო პროცესია, უკვე არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ დღეს კონკრეტული ადამიანები ასეთებს მუშაობის უფლებას აძლევენ. მაშინ ნებისმიერს შეუძლია ადგეს, გახსნას რაღაც მაღაზია, 30 მილიონი მოიპაროს და ამას არავინ აკონტროლებს.

_ ვისზე მიანიშნებთ, როცა ლობისტებზე საუბრობთ?

_ ამ წუთისთვის ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი ლობისტი, მაგრამ ასევე გვინდა იცოდეთ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში მოგების გადასახადი, 5%, ბიუჯეტში შეგვქონდა, ამ ხუთ პროცენტს სწორედ სახელმწიფო გვიქვითავდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოც უკვე პასუხისმგებელია, რომ ჩვენი გაცემული თანხები, ის 5% მაინც დააბრუნოს. ქადაგიძეზე გარკვეული ეჭვი გვაქვს, რადგან 9 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო და მისი წასვლის შემდეგ ფერაძეს უფლება აღარ მისცეს, რომ ასეთი თაღლითური გზით ემოქმედა და ხალხი გაეძარცვა. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ გვენეტაძეს იმ თვეების მანძილზე, აპრილიდან სექტემბრამდე, პასუხისმგებლობა ნამდვილად ეკისრება. მარტო გაფრთხილებებით შეიზღუდა თავი და ისიც, შემთხვევით თუ სპეციალურად, გაფრთხილება სხვა კომპანიას მისცეს (სხვა კომპანია აიყვანეს კვალიფიციურ სუბიექტად), როცა იქ მეანაბრეები არ იყვნენ.

_ დაახლოებით, რა მოცულობის თანხები არის შეტანილი?

_ მთლიანობაში, 76 მილიონი ლარია. ეს თანხები, დაახლოებით, ათასიდან 700 ათასამდე მერყეობს.

_ თქვენი ხედვით, როგორ უნდა ანაზღაურდეს ეს თანხები?

_ სახელმწიფოს ნება თუ იქნება, რომ ხალხს დაეხმაროს, ძალიან ადვილად შეიძლება ფუნქციისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება. ფერაძის ქონება რაც კი გამოვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესების დაცვით უნდა გაიყიდოს და თანხა პროპორციულად დარიგდეს. ან ეს ქონება მეანაბრეებს გადაეცეს. ეს ნაწილია, რაც ხალხის ზარალს ვერ აანაზღაურებს. ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობა არ ეხსნება. სწორედ დაგვიანებული ქმედებების გამო ის დარჩენილი თანხა ეროვნული ბანკისგან უნდა შეივსოს.

_ საპროტესტო აქციებს თუ მოყვება რამე რეაგირება?

_ ნოემბერში ეროვნული ბანკის წარმომადგენელს რამდენჯერმე შევხვდით. მას შემდეგ აღარ გამოგვხმაურებიან. გვინდოდა, რომ პირადად კობა გვენეტაძეს რამე სახის კომენტარი გაეკეთებინა. სამწუხაროდ, თავს არიდებს. ალბათ, იმიტომ, რომ მამამისიც ჩვენი მეანაბრეა, აღნიშნული კომპანიისგან დაზარალებულია. რცხვენია და ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებს. ამ ეტაპზე პარლამენტარ მამუკა მდინარაძესთან გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები. ჩვენ ვითხოვთ, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რომელიც ეროვნული ბანკის უკანონო ქმედებებს გამოიძიებს. ეს აუცილებელია, რადგან პარლამენტი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ეროვნული ბანკი ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულია. პარლამენტს ნამდვილად შეუძლია საგამოძიებო კომისიის შექმნა და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა.

 

გელა მამულაშვილი