სასკოლო გარჩევებისა და კრიმინალის ქრონიკა: მსხვერპლი და შედეგები

სანამ არსებობდა საბჭოთა სკოლები, ამ სკოლების პარალელურად არსებობდა კრიმინალური მიკროსამყარო, სადაც ყველაფერი „მიკრო“ იყო: მიკროავტორიტეტები, მიკროკრიმინალები და, ერთი შეხედვით, ბავშვური ტრადიციები, რომლებიც კვებავდნენ კრიმინალურ სამყაროს და, მართალია, კრიმინალთა „უმაღლეს ლიგას“ ამ ტრადიციათა ნახევარზე მეტი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, მაგრამ მათ აღმოსაფხვრელად არათუ არაფერს აკეთებდნენ, პირიქით, ხელსაც უწყობდნენ, რომ უფრო მეტად გავრცელებულიყო.

ვისაც საბჭოთა სკოლაში უსწავლია და ვინც მამრობითი სქესისაა, აუცილებლად შეეჯახებოდა და, შესაძლოა, საკუთარ თავზეც გამოეცადა ამ ტრადიციების გავლენები, რომელთა მიხედვითაც, ბეჯითი, ფრიადოსანი მოსწავლე „დედიკოს ბიჭად“ ითვლებოდა, რომელთა მიხედვითაც არ შეიძლებოდა წითელი სვიტერის ჩაცმა, წითელი პომიდვრის ჭამა, წითელი ყელსახვევის, ან კომკავშირელის ნიშნის ტარება. სწორედ სკოლაში გაიდგა ფესვი და სკოლიდან წამოვიდა შეძახილი-მისალმება: „ქურდებს სიცოცხლე! ბოზებს სიკვდილი!“ ალბათ, ის უფროსკლასელებიც ბევრს გახსოვთ, პატარა, მოკინკლავე ბიჭებს რომ ჩხუბს შეაწყვეტინებდნენ, შუაში ჩაუდგებოდნენ, ხელისგულს შლაგბაუმივით გაუშვერდნენ პირისპირ მდგართ და ეუბნებოდნენ: „ვინც გააფურთხებს ამ ხელს, ის იქნება მართალი“, მერე კი ხელს გასწევდნენ…
მოკლედ, ყველაფერი იმ დაწესებულებიდან იწყებოდა, სადაც სწავლის ძირი მწარე, კენწერო კი ტკბილი უნდა ყოფილიყო. სკოლა ქცეული გახლდათ კრიმინალური სამყაროს სამჭედლოდ, საიდანაც „შავი გაგების“ მოსწავლეები ცხინვალის კოლონიაში იგზავნებოდნენ. ეს კოლონია მთლად „შავად“ არ ითვლებოდა და არასრულწლოვანს, დანაშაულის ჩადენიდან სრულწლოვნობამდე, სწორედ იქ უნდა გაეტარებინა დრო.
ცხინვალის კოლონიის გავლა ერთგვარი გამოცდაც იყო და თუ ამ გამოცდას წარმატებით გაივლიდი, კრიმინალური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი ხდებოდი. ეს დიდი პატივი იყო.
საბჭოთა კავშირი კი დაინგრა, მაგრამ კრიმინალური მენტალიტეტი სკოლებში არ დანგრეულა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა და ბევრი რამ უწყობდა ხელს სწორედ იმას, რომ „შავი“ მენტალიტეტი სკოლებში წარმმართველი ყოფილიყო: ჯერ ერთი, ამ მენტალიტეტზე დამოუკიდებელი საქართველოს მეორე ხელისუფლებას (პირველი ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო) შეტევა არ მიუტანია (ან როდის მოასწრებდა, არჩევიდან სულ ცოტა ხანში ზარბაზნები დაუშინეს), ხოლო გარე ფონი ცეცხლზე ნავთს ასხამდა: ქუჩის კანონების დომინირება, იარაღის ტრიალი, გარჩევები, სიმართლის საძებრად „ქურდებთან“ სიარული, მანქანის გატაცების შემთხვევაში ისევ „ქურდების“ ჩარევა თვით მილიციელების მხრიდან და, რაც მთავარია, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფილი „კანონიერი ქურდის“ აღზევება, რომელიც ახალგაზრდებში იმდენად პოპულარული იყო, რომ მის მიერ დაარსებული „მხედრიონის“ მედალიონის ერთ მხარეს წმინდა გიორგი, მეორე მხარეს კი ასო-ბგერა „ჯ“ იყო გამოსახული…
შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ქურდული სამყაროს გენერლებს არათუ ვინმემ შეუტია, პირიქით, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მათი ჩართვა ხდებოდა იმისთვის, რომ „უკეთ ემართათ“ და ქუჩა ეკონტროლებინათ. ასე მივიღეთ პარადოქსი, როცა შს მინისტრის დაჯავშნული „მერსედესით“ საქართველოში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ აეროპორტში ხვდებოდნენ და მშობლიურ ქალაქში ესკორტის თანხლებით აცილებდნენ.
ქურდულმა სამყარომ ეს შეღავათები და პრივილეგიები დედის რძესავით შეირგო. სკოლებში კრიმინალური სამყაროს გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ 2003 წლამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მესამე ბიჭი „კანონიერ ქურდობაზე“ ოცნებობდა, ყოველი მეოთხე გოგო კი _ „კანონიერი ქურდის“ ცოლობაზე. როგორც ხელოვნებათმცოდნე ლექსო მაჭავარიანმა აღნიშნა, 2015 წლის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში სულ 485 „კანონიერი ქურდი“ იყო, აქედან 276 _ ქართველი, რაც „კანონიერი ქურდების“ საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენდა. არც ერთ სხვა სფეროში _ არც მეცნიერებაში, არც ხელოვნებაში, არც სპორტში არ გვაქვს ამ პროცენტულ მაჩვენებელთან ოდნავ მიახლოებული შედეგიც კი…
გავიდა დრო და სააკაშვილის ხელისუფლება მიხვდა, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. მან კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების პარალელურად, სკოლებში კრიმინალთან არსებული წარმოდგენებისა და შავი სამყაროს გაიდეალიზების წინააღმდეგაც დაიწყო ბრძოლა:
წახალისებადი გახდა წარჩინებული მოსწავლის სტატუსი, დაინერგა სიახლეები განათლების კუთხით, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა სკოლებში, უზრუნველყვეს მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა, უზრუნველყოფილი იყო გარე ფონიც: ხელისუფლებას მაქსიმალურად ჩამოაშორეს კორუმპირებული, კრიმინალთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები, პირველად ათწლეულების განმავლობაში შეავიწროვეს ე. წ. კანონიერი ქურდები ციხეებშიც კი, დასჯადი გახადეს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ჩატარდა პოლიციის რეფორმა, ახალი საპატრულო პოლიცია გახდა იდეალიზებული, დაიწერა პოლიციის ჰიმნი, შეიქმნა კლიპები… მოკლედ, მოხდა „შავი სამყაროს“ სრული „გაფარჩაკება“ და ამას პლუს, სკოლებთან მიმართებით უსაფრთხოების გამკაცრება.
შედეგი მალევე დადგა და თვალში საცემი გახდა. სკოლას, რომელიც ქურდული „ობშიაკის“ შევსების ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნეოდა, ეს ფუნქცია ჩამოსცილდა, მოსწავლეებმა დაინახეს, რომ კრიმინალური სამყაროს წევრები არა ყოვლისშემძლეები, არამედ, უბრალოდ, მავნებლები არიან, რომლებიც აფერხებენ სახელმწიფოს განვითარების პროცესს, გაჩნდა სხვა მისწრაფებები და უკვე არც ბიჭები ოცნებობდნენ „ქურდობაზე“, არც გოგოები _ „ქურდების“ ცოლობაზე.
შემდეგი ეტაპი მანდატურის ინსტიტუტი იყო და აი, აქ ხელისუფლება წააწყდა ყველაზე დიდ დაბრკოლებას და, ჰოი, საოცრებავ, არა მოსწავლეების, არამედ ინტელიგენციის, ცნობილი სახეების, საზოგადოებაში დაფასებული პირების მხრიდან…
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის განხორციელება 2010 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ. ეტაპობრივად მანდატურის სამსახურის ინსტიტუტი საქართველოს ყველა ქალაქის საჯარო სკოლაში ამოქმედდა.
„მათ (მანდატურებს) სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აჭღურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები“, _ ეწერა მანდატურის სამსახურის საიტზე.
მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას სიფრთხილით მოეკიდა საქართველოს ეკლესიაც. 2012 წელს, ერთ-ერთი საკვირაო ქადაგების დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ირიბად გამოხატა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ „მანდატურები ჩვენს ბავშვებს ენის მიმტანებად აქცევენ“.
ეს ერთგვარი სიგნალი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მანდატურის ინსტიტუტი თავიდანვე აეთვალწუნებინათ. სააკაშვილის ხელისუფლებას მალე პოლიტიკურ ველზე შიდა პრობლემები აღმოაჩნდა და მათი მოგვარებისთვის მუშაობა დასჭირდა, მოგვიანებით კი, საერთოდაც, ხელისუფლების გადაბარება მოუწია.
მის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ საარჩევნო პროგრამაშივე ჩაწერა, რომ სკოლა პოლიტიზებულია და პოლიციურ რეჟიმზეა გადაყვანილი, ამიტომ საჭიროა რეფორმის ჩატარება ახლებური მიდგომით. ამის მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ სკოლაში მანდატურების ინსტიტუტი არ გააუქმა, უბრალოდ, მათი უფლებამოსილება საგრძნობლად შეკვეცა და სკოლის დირექტორებს დაუქვემდებარა.
ეს ახალი ხელისუფლების განათლების მინისტრობის პერიოდში გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი თამარ სანიკიძემ გააგრძელა. მანდატურების ისტიტუტის გარდაქმნისკენ მიმართულ მის ნაბიჯებს პრეზიდენტი მარგველაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს. შედეგი ისევ მყისიერად დადგა _ სკოლებში კვლავ განუკითხაობამ და უდისციპლინობამ იფეთქა. ამაზე გამოხმაურების დროს ყოფილი განათლების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, ჯერ კიდევ, 2014 წლის დასაწყისში წერდა:
„თბილისისა და დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში არის სრული განუკითხაობა. მანდატურების სამსახურის განადგურებით და მანდატურების სკოლების დარაჯებად გარდაქმნით მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ სკოლებში კარი გაუღო კრიმინალსა და ქურდულ გაგებას. საჯარო სკოლებში გროვდება „ობშიაკი“, მიდის ქურდული გარჩევები და სუსტი მოსწავლეების ფიზიკურად ჩაგვრა.
„საქართველოს საჯარო სკოლები დაბრუნდნენ 90-იან წლებში. ყველა ძალადობის ფაქტი არის სანიკიძის ნამუსზე. მან გაანადგურა მანდატურების წარმატებული რეფორმა და დატოვა ჩვენი შვილები კრიმინალის პირისპირ.
სამწუხაროდ, მშობლებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ხმა ამოიღონ და მავნებელ მინისტრს პასუხი მოსთხოვონ იმ უმსგავსობაზე, რაც ხდება საჯარო სკოლებში, ურჩევნიათ, ბავშვები კერძო სკოლებში გადაიყვანონ, სადაც მათი შვილები უფრო დაცულები იქნებიან.
მხოლოდ 2014 წლის 15 სექტემბრიდან 20 000-ზე მეტმა მშობელმა გადაიყვანა შვილები კერძო სკოლებში. და რა ქნან მათ, ვისაც ამის ფული არ გააჩნიათ?“
მართალია, სკოლებთან დაკავშირებულმა კრიმინალმა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის ჩაგვრამ ახალი ხელისუფლების პერიოდში, 2012 წლის შემდეგ, უფრო გაიდგა ფესვები, მაგრამ სკოლებში კრიმინალური შემთხვევები სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც ხდებოდა.
მაგალითად, იმავე 51-ე სკოლაში, სწორედ წინა ხელისუფლების დროს, კრიმინალურ გარჩევას ერთი მოსწავლე შეეწირა, იმ განსხვავებით, რომ თავდამსხმელები მოსწავლეები არ იყვნენ: ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ქუჩის ე. წ. მაყურებლების ინსტიტუტი ჯერაც მოქმედებდა და გარე პერიმეტრის „მაყურებლებმა“ სკოლის შენობაში წამოიწყეს გარჩევა, შემდეგ კი ერთ-ერთ მოსწავლესთან ის სკოლის გარეთ გააგრძელეს.
გარჩევის გაგრძელებას დაპირისპირება მოჰყვა და საბოლოდ, ეს მოზარდი „მაყურებლებისა“ და მათი თანმხლები პირების მიერ დანის დარტყმას შეეწირა. თუმცა ფაქტია, რომ ამგვარი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდებოდა, მით უმეტეს, რომ სკოლაში დაწყებულიყო და ისე გაგრძელებულიყო.
მაგალითად, ვარკეთილში მდებარე 117-ე სკოლის მოსწავლეც ერთ-ერთი იყო, რომელიც გარჩევებს შეეწირა, მაგრამ ეს სასკოლო პროცესის დროს არ მომხდარა: საღამოს, გოგოს გამო დაწყებული ჩხუბის შემდეგ, დაახლოებით მისივე ასაკის მოზარდმა მას დანა დაარტყა და მიიმალა. მოგვიანებით, დანაშაული თავის თავზე აიღო ამ გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა. მაშინ წერდნენ და ამბობდნენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პოლიციელის შვილი იყო და ხელი დააფარეს, თუმცა, იურიდიულად, მას ვერაფერი დაუმტკიცეს.
2011 წლის პირველ ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა მოხდა: მოზარდებს შორის ქართული ენის გაკვეთილზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. აბაშიძის #36-ში ერთმანეთს 55-ე სკოლის 30-მდე მოსწავლე დაუპირისპირდა. ამ ჯგუფური ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდს ე. წ. სპიცი კისერსა და გულში დაარტყეს. მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა ბიჭის გადარჩენა შეძლეს. სისხლიანი გარჩევის მიზეზად მაშინ ბიჭებს შორის ორი წლის წინანდელი დაპირისპირება დასახელდა. კლასელები კი ამბობდნენ, რომ ინციდენტი ბიჭებს შორის მათივე სკოლელი გოგოს გამო მოხდა.
მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ერთი დეტალიც: ეჭვმიტანილი მოზარდი პოლიციას ჩაბარდა. ის დაჭრილი ბიჭის პარალელურ კლასში სწავლობდა.
სკოლებში კრიმინალური გარჩევები, მეტწილად, რეგიონებში ხდებოდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს გარჩევები მსხვერპლით არ დასრულებულა. ზოგადად, თუნდაც ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა და ის, რომ ორი დღის განმავლობაში სამი ბავშვი თითქმის თანატოლებმა დანით მოკლეს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ახლა სიტუაცია ბევრად საგანგაშოა, ვიდრე ადრე იყო.
51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი დღეც არ იყო გასული, რომ წყალტუბოს რაიონში მორიგი კრიმინალური გარჩევა მოზარდებს შორის ერთ-ერთისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მოვლენები იმდენად სასტიკი სცენარით წარიმართა, რომ სოფელ ოფშკვითში მოკლული 17 წლის მოზარდის მშობლები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.
დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ 17 წლის მოზარდი მისმა კლასელმა და ყოფილმა მეგობარმა მოკლა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, გუშინ გვიან ღამით კი 17 წლის მოზარდს მოაკითხეს და გარეთ გასვლა სთხოვეს. მკვლელობაში ბრალდებულმა 17 წლის ახალგაზრდა სოფლის სასაფლაოზე წაიყვანა. ახლობლების ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 17 წლის ბიჭს მისივე კლასელმა გულის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
„იყვნენ კლასელები, მეგობრები. მოკლე ხანია, რაღაცაზე ჩხუბობდნენ, შეუთანხმებლობა ჰქონდათ. წაიყვანეს ჩვენი სოფლიდან მოცილებით, მანქანით, საქმის გასარჩევად და იქ აღარ აცალეს თქმა, რომ თავი ემართლებინა. ანუ შეუგინებია მას და ამას დაურტყამს ხელი, როგორ თუ შემაგინეო და ამის თაობაზე დაარტყა დანა გულის არეში“, _ ამბობს „რუსთავი 2“-თან გარდაცვლილის ახლობელი, თეო ჯულაყიძე.
სოფელში ყვებიან, რომ მოკლულიც და ბრალდებულიც ახლო მეგობრები იყვნენ და რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, არ იციან.
რთული მდგომარეობის დასტურია ის კომენტარებიც, რომელიც 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამა თუ იმ სტატუსის ქვეშ იწერებოდა. აი, მხოლოდ ზოგიერთი ამ კომენტარებიდან:
„ვცხოვრობ 51-ე სკოლის უკან და ეს გარჩევები ყოველდღე იმართება ჩვენს ქუჩაზე, განსაკუთრებით სწავლის საათებში, გურგულიას ქუჩის მშენებარე მიტოვებული კორპუსის სართულებზე, მოსაწევად ხომ მთელი სკოლა მე-5 კლასიდან აქ დადის.
ჩხუბიც აქ დაიწყო გუშინ, რატომ არ აინტერესებს მანდატურს, მე-3 გაკვეთილიდან მთელი კლასის ბიჭები სად მიდიან? უამრავჯერ გამოვიძახეთ პატრული, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და მგონია, რომ მარტო ერთი არ უნდა დაისაჯოს…“;
„გამაგიჟეს უკვე, უბნის ინსპექტორი კი არა, მთელი ვერის პოლიცია აწრიალებული მყავდა, ასეთი გარჩევებისთვის ვინმეს მიეხედა და არავის რეაქცია არ ჰქონდა. სასწავლო პროცესებში ჩემი სახლის წინ მშენებარე მიტოვებულ კორპუსში თითქმის ყოველდღე ჩხუბი და საქმის გარჩევებია.
პატრული არასოდეს დროულად არ მოდის და ზუსტად ვიცოდი, რომ ერთი მსგავსი არეულობა ძალიან ცუდად დასრულდებოდა. 51-ე სკოლიდან მასწავლებელიც ამოსულა სიტუაციის გასაშველებლად და ძველი ბიჭებიც ბევრჯერ მოუყვანიათ, გაცილებით უფროსები, საქმის გასარჩევად. სანამ დროა, მანამდე არავინ აქცევს ყურადღებსს. ახლა ბრალდებები გვიანია, ძალიან გვიანი!..“
კომენტატორები კონფლიქტში მონაწილე სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებაც წერდნენ:
„პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში წლების მანძილზე ძალიან ბევრი ძალადობის ფაქტი ხდებოდა: ფულის გამოძალვა, დიდი კლასელები პატარებს სულ ჩაგრავდნენ, რამდენიმე წლის წინათ პატარა გოგო დაიჭირეს უფროსკლასელებმა და შიშველს სურათები გადაუღეს, ამაზე სკოლის დირექტორს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, მომჩივან მშობლებს აშანტაჟებდა“.
სიტუაცია სკოლებში რომ, ფაქტობრივად, სადავეებიდანაა გაქცეული, ეს შსს-მაც ირიბად დაადასტურა, როცა ტრაგედიას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„…ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, დაცული იყოს. უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცველი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის, პედაგოგების, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მან უზრუნველყოს არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და, პოტენციურად, შესაძლოა, ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე დროს, არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება“, _ აღნიშნული იყო შსს-ს 2 დეკემბრის განცხადებაში.
რა მოხდება სამომავლოდ? დაიკლებს თუ არა კრიმინალური გარჩევების რიცხვი? შეიცვლება თუ არა სიტუაცია სკოლებში? კითხვები ჯერ პასუხგაუცემელია და იმაზეა დამოკიდებული, წინა ხელისუფლების მსგავსად, ამ ხელისუფლებასაც აღმოაჩნდება თუ არა პოლიტიკური ნება სიტუაციის რეალურად შესაცვლელად?..

დოროთე გითოლენდია