სამოქალაქო მისია ოკუპაციის ზოლზე

 

არც ერთი ანტისაოკუპაციო აქცია არ რჩება ხოლმე რუსული და ე. წ. სამხრეთ ოსური მედიის ყურადღების მიღმა. ცხადია, არც ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან არის ნაკლები ყურადღება. 11 ივლისს დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრაზე, სადაც კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებს განიხილავენ, სავარაუდოდ, რუსულ-ოსური მხარე ქართულ მხარეს პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულებს და „მტკიცებულებებსაც“ წარადგენს: მათ მიერ გადაღებულ ბერშუეთისა და ყარაფილის აქციის კადრებს.

რეაგირებისა და ყურადღების გარეშე რომ აქციებს არ ტოვებენ, ეს იმ გამოძახილითაც ცხადია, რაც მათ მოჰყვება ხოლმე, _ ოკუპანტთა ქმედებები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ უფრო აგრესიული ხდება, ვიდრე მანამდე იყო: უფრო ხშირი პატრულირება, ე. წ. საზღვრის მომეტებული კონტროლი, გატაცებები და მუდმივი დადანაშაულება „საზღვრის დარღვევაში“ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

23 ივლისს საოკუპაციო ზოლთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა: რამდენიმე ათეული ადამიანი ყარაფილაში უკანონოდ დამონტაჟებულ ბანერთან შეიკრიბა და სამოქალაქო აქტივობა დაგეგმა. აქტივობა სამოქალაქო მონიტორინგს ითვალისწინებს. ის შიდა ქართლიდან დაიწყება და, მასშტაბების გაფართოების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზეც გადაინაცვლებს.

ასეთი გეგმები აქვს დავით ქაცარავას, რომელიც ამ აქტივობის ინიციატორია. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დათო ქაცარავამ სტატუსი დაწერა, რომ ასე უმოქმედოდ ყოფნა არ შეიძლება და რომ ის მოქმედებას იწყებს _ გადის საოკუპაციო ზოლთან პატრულირების მიზნით და მსურველებს მოუწოდებს, შემოუერთდნენ. სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დავით ქაცარავა „ქრონიკა+“-ის ინიციატივით ბერშუეთში გამართულ აქციაშიც მონაწილეობდა და აქციის მონაწილეებისგან მხარდაჭერაც მიიღო. „ძალა ერთობაშია“ _ ასე ჰქვია, პირობითად, მოძრაობას, რომელიც სამოქალაქო მონიტორებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც 25 ივლისიდან შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილის რომელიმე სოფელში დაიდებს ბინას.

დავით ქაცარავა „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ იდეა სპონტანურად წარმოიშვა და ახლა ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე ეძლევა. სწორედ ამისთვის დაიგეგმა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა ყარაფილაში, ბანერთან ახლოს. შეხვედრის გამართვამდე დავით ქაცარავა შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა. ეს წინასააქციო შეხვედრები ძალოვან უწყებასთან ტრადიციად იქცა _ სწორედ ასე მოიქცა „ქრონიკა+“-ის ჯგუფიც, როცა ბერშუეთის აქციამდე ერთი დღით ადრე აქციის ლოკაციის ადგილზე გავიდა და დეტალები პოლიციელებთან ერთად გაიარა.

რამდენად მნიშვნელოვანია, აქციები და, მით უმეტეს, მონიტორინგი შსს-სთან შეთანხმებით ჩატარდეს, ამაზე ვრცელი საუბარი, ალბათ, არცაა საჭირო: საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, როგორც შიდა ქართლში, ასევე აფხაზეთში, დღეის მდგომარეობით, შსს სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც არიან განთავსებული. დამატებითი დეტალების გამხელა არც საინტერესოა და არც მიზანშეწონილი, მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ როგორც რიგითი, ასევე მათი ზემდგომი პოლიციელები სრულ თანადგომას და ჩართულობის მზაობას ამჟღავნებენ _ რასაკვირველია, მათი კომპეტენციის ფარგლებში, თორემ პოლიცია რომ მსგავსი აქციების მონაწილე ვერ იქნება, ცხადია.

აქციების დროს მისი მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაში პირადად არიან ჩართული საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი მინდია ლორთქიფანიძე და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი. აქციების დროს წინასწარი კომუნიკაციის დეტალებში ჩართულია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიც _ ასე იყო ჩვენ მიერ ორგანიზებული აქციის დროსაც, ასე იყო 23 ივლისსაც.

ზოგადად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ დეოკუპაციის თემაზე აქტიურობა არაა მხოლოდ ერთი რომელიმე ჯგუფის საქმე: არც ბერშუეთის აქციის დროს, არც 23 ივლისის ყარაფილის შეხვედრისას, ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებები არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქციების მონაწილეები ოფიციალური თბილისისგან უფრო მეტად აქტიური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ დეოკუპაციის მიმართულებით.

დავით ქაცარავამ იმასაც კი გაუსვა ხაზი, რომ მონიტორინგი „ხელისუფლებასთან კოორდინებული და შეთანხმებული“ იქნება. რასაკვირველია, ეს აქციის მართულობას არ გულისხმობს: საოკუპაციო ზოლზე მოქმედებს ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია, მოძრაობენ გაეროს დამკვირვებლები. მათ რეპორტებში მოხვედრა ისე, რომ „სახალხო რაზმი“ გამოჩნდა, რომელიც პატრულირებას იწყებს და ამას დამოუკიდებლად აკეთებს, ნამდვილად არ იქნებოდა ქვეყნის იმიჯისთვის სასურველი, ამიტომაც მონიტორინგის სამოქალაქო მისია ხაზს უსვამს, რომ ყველა მათი გასვლა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ შსს-სთან შეთანხმდება.

მისიის მიზანი საზოგადოების სწრაფი ინფორმირება და ისაა, რომ ანტიოკუპაციის თემამ ახალი ამბების მორევში არ ჩაყვინთოს და ზედაპირზე იტივტივოს:

„ჩვენ გვინდა, მსოფლიო თანამეგობრობას, საზოგადოებრიობას, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს გავაგებინოთ, რომ მცოცავი ოკუპაციის თემა ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის. გვექნება ლოკაციის ადგილი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, რამდენიმე კომპანიაც უკვე შემეხმიანა, მათი სურვილია, რომ ამ აქციას ფინანსურადაც მხარი დაუჭირონ. მონიტორინგის მისიის განხორციელებისთვის აუცილებელი ინვენტარია შესაძენი, საწვავი, გადასაწყვეტია კვების საკითხი _ ამ ყველაფერს ეტაპობრივად მოვაგვარებთ, მთავარია, დავიწყოთ, რადგან ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ზვავი პატარა გუნდიდან იწყება. მე დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, მოხალისე შემოგვიერთდება.

ამასთან, ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგის მისია. ჩვენ ამ მისიის შემეცნებით დანიშნულებაზეც ვიზრუნებთ. ვაპირებთ სტრიმინგის გაკეთებას, ვაპირებთ გადაცემის მომზადებას საოკუპაციო ზოლიდან და ამისთვის უკვე ვეძებთ მოხალისე პროდიუსერებს, რომლებიც დაგვეხმარებიან _ დღეში ერთხელ საოკუპაციო ზოლიდან „ფეისბუქზე“, ასევე სხვადასხვა არხზე იქნება გადაცემა, საოკუპაციო ზოლთან ჩავიყვანთ ისტორიკოსებს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომლებიც შეხვდებიან მოსახლეობას, ესაუბრებიან მათ პრობლემებზე, ოკუპაციაზე, მოისმენენ მათგან, რა აწუხებთ, რა სტკივათ, რა აინტერესებთ…“ _ ამბობს დავით ქაცარავა „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები ყარაფილასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. გაიწერა კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დაიწყონ მონიტორინგი, შედგა მოხალისეთა ჯგუფებიც. საუბარია სამ-ოთხკაციან ჯგუფებზე, რომლებსაც ლაივ-სტრიმინგის შესაძლებლობა ექნებათ და შსს-სთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით იმოძრავებენ.

„ქრონიკა+“-მა, რომელიც ყარაფილაში საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, ერთი დეტალიც შენიშნა: საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, ორჭოსნის მხარეს, სადაც რამდენიმე დღის წინათ ოკუპანტებმა ხნული გაავლეს და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი თავიანთ კონტროლქვეშ მოაქციეს, უცხოელ დამკვირვებელთა მისია გამოჩნდა, რომლებიც შეკრებას შემაღლებული გორაკიდან აკვირდებოდნენ.

მოგვიანებით, ისიც გახდა ცნობილი, რომ სოფელ ბერშუეთში სალოვაზე ასული ორი მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, როცა ჟურნალისტების ინიციატივით ორჭოსანში აქცია გაიმართა და სპონტანური, ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ბანერის დემონტაჟი მოახდინეს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, „სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფის“ ბრალდებით.

არ არის გამორიცხული, აგვისტოს პირველ ნახევარში დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრაზე ოსურ-რუსულმა მხარემ პორეტენზია გამოთქვას სამოქალაქო მონიტორინგის მისიის გამო და კატეგორიულად შეეწინააღმდეგოს ამ მისიის არსებობას საოკუპაციო ზოლზე.

მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები კი გეგმებს სახავენ და უკან დახევას არ აპირებენ. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ეს მისია არ იქნება დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ყარაფილაში ირაკლი წერეთელიც იმყოფებოდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს მისიაში, როგორც რიგითი მოხალისე. მისი თქმით, მართალია, საქართველოში ანტისაოკუპაციო მუშაობა დღეს ან გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნა ახალი ინიციატივაა და მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მონიტორინგის მისიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არ აპირებენ ხელი შეუშალონ პოლიტიკოსებს, მიიღონ მონაწილეობა მისიაში, თუმცა, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მოხალისის სტატუსით უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მალე 8 აგვისტო ახლოვდება _ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღი. ამ დღეს საორგანიზაციო ჯგუფს განზრახული აქვს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა ავტომაგისტრალზე, სწორედ ყარაფილა-ორჭოსნის მონაკვეთზე. დავით ქაცარავას იმედი აქვს, რომ ამ აქციაზე ყველა მოქალაქე მოვა, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. მისი თქმით, აქციაში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის მიღწევის იმედიც აქვს, მმართველი პარტიის ჩათვლით.

ლაშა ბერულავა