სამი ვეტო _ სიმბოლური თუ პოლიტიკური აქტი?..

ხელისუფლების მიერ წამოყენებულმა ულტიმატუმებმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ პარტიებს, მოლაპარაკებების ნაცვლად, შეიძლება ითქვას, აუქციონი შესთავაზა, დაახლოებით, ასეთი სლოგანით: „აბა, ვინ ხართ მზად, 2020-ში კიდევ ერთხელ „გაგვიპრავოთ“ შერეული მაჟორიტარული სისტემა?!. სანაცვლოდ, ვიძლევით ბლოკების შექმნის უფლებას“

თითქოსდა, დიდი ვერაფერი შემოთავაზებაა, მაგრამ როგორც წინა სტატიებში არაერთხელ გვაქვს გაანალიზებული, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არიან ისეთი, ე. წ. ერთკაციანი პარტიები, რომელთათვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში, _ პრპორციული თუ მაჟორიტარული. ისინი პარლამენტში ვერც ერთ შემთხვევაში შევლენ და ვერ კვალიფიციური პარტიის სტატუსს მიიღებენ, თუ ვერ იპოვეს ლოკომოტივი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ჩაებმებიან და ისე შეძვრებიან სადმე. ამიტომაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ბლოკების შექმნის უფლება იყოს დაშვებული,  სისტემა კი მეათეხარისხოვანი თემაა.

ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად იცის და მანიპულირებს კიდეც ამ თემით. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ერთკაციანი პარტიის მიმხრობით კონსენსუსის გაფორმება შეუძლებელია, ხელისუფლებას სხვა გზა მაინც არ რჩება, _ უნდა შეეცადოს და მოლაპარაკებების პროცესად სწორედ ამ პარტიებთან დიალოგი გაასაღოს. თუმცა ვის უნდა მიჰყიდოს „ოცნებამ“ ეს ბლეფი, ძნელი წარმოსადგენია. მაშინ, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი, ყველა ძირითადი, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო პარტიები, მკაფიოდ უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ ამდაგვარ აუქციონში მონაწილეობაზე, ორ-სამ  1%-იან პარტიასთან კონსენსუსი ხელისუფლებას კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს. ამ პოლიტიკურ წვრილფეხობას კი ხელისუფლებასთან ასეთი გარიგება დამსახურებული სატელიტის სტატუსსა და იმ 1%-ის დაკარგვას უქადის.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, მოლაპარაკებები წვრილფეხობასთან ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. კონსენსუსამდე მისასვლელი გზაც დაისახა. გეგმა, დაახლოებით, ასეთი იყო: მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ხელისუფლება განაცხადებდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბარს ის არ არპირებს და ერთადერთი თემა, რომლის განხილვისთვისაც მზად არის, ესაა ბლოკების დატოვება მაჟორიტარულ სისტემაზე თანხმობის სანაცვლოდ. ამის შემდეგ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, დიდი ალბათობით, პროტესტის ნიშნად, დატოვებდა მოლაპარაკებების მაგიდას. ამ დროს, ეს რამდენიმე ერთკაციანი პარტია განცხადებას გააკეთებდა, რომ მოლაპარაკების ჩაშლა არ შეიძლება, რადგან ნულოვან შედეგს ყველაფერი სჯობს და ბლოკების შენარჩუნება დიდი გამარჯვებაა, რაც, თავის მხრივ, თანხმობას ნიშნავს ხელისუფლების შემოთავაზებაზე, 2020-ში კიდევ ერთხელ ჩაატარონ შერეული მაჟორიტარული არჩევნები და ამომრჩევლის დაბალი მხარდაჭერით, მაგრამ 73 მაჟორიტარის მეშვეობით, კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ.

გეგმა, თითქოსდა, ძალიან მარტივი და იოლად შესასრულებელია, თუმცა მის განსახორციელებლად საჭირო იყო მოლაპარაკების მაგიდამდე მშვიდობიანად მისვლა, ანუ დიალოგის პროცესის დაწყება ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. თუმცა ხელისუფლების შიგნით მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა, ვიდერე ეს გარედან ჩანს. გასულ კვირას გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ, რომელზედაც ოპოზიციასთან შეხვედრის დრო და ადგილი უნდა გარკვეულიყო, „ოცნების“ ლიდერებმა ისეთი ულტიმატუმები და წინაპირობები წამოაყენეს, რომ დიალოგის პროცესი, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადეს.

შიდა შეხვედრიდან გამოსულმა „ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არავითარი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი არ იქნება, ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ გადაიხედება და ხელისუფლება მზადაა, მხოლოდ იმ საკითხებზე ისუბროს, რომელიც მესამე მოსმენას შეიძლება ეხებოდეს, ანუ, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ორთოგრაფიული შეცდომების გასასწორებლად ეპატიჟება მოლაპარაკებებზე. თუმცა ისიც ითქვა, რომ „ჯანდაბას თქვენი თავი, ბლოკებზეც დაგელაპარაკებითო“,

არადა, ზუსტად ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხელისუფლებას ღია წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებების მაგიდასთან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, დაჯდომა შესთავაზა. თითქოსდა ხელისუფლებისთვის, რომელმაც ორი კვირის წინათ სტრასბურგში პირობა დადო, რომ კონსენსუსის მისაღწევად ოპოზიციასთან დიალოგს დაიწყებდა, ეს შეთავაზება მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თავად „ოცნებაში“ რაღაც შეიცვალა და მათი პოლიტიკა არა დიალოგი, არამედ დიალოგის ჩაშლა გახდა.

სწორედ ამას ემსახურება მათ მიერ წამოყენებული ულტიმატუმი სასაუბრო საკითხებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ღიად განაცხადა, რომ ვისაც დიალოგი საარჩევნო სისტემაზე სურს, მოლაპარაკებებზე ნუ მოვაო, ხოლო ვინც მზადაა, ბლოკების სანაცვლოდ მაჟორიტარული არჩევნები „გააპრავოს“, როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, მათთან ცალკე შეხვედრაც არაა პრობლემაო.

ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, მაგრამ ასე მთლად ტალახიანი კასრის თავზე ჩამოცმა არც ამ 1%-იან პარტიებს უნდა ეხატებოდეთ გულზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ გეგმებში ასე ღიად შედიოდეს თავის მოჭრა. ყველას კარგად ესმის, _ მაშინ, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი სისტემის დათმობასა და მისით ვაჭრობას ღალატად მიიჩნევს, რამდენიმე პატარა პარტია ხელისუფლებასთან ცალკე მოლაპარაკებებს, ან, უფრო ზუსტად, ვაჭრობას რომ გამართავს, რა დღეშიც ჩაიყენებს თავს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ასეთი ბრიყვული ულტიმატუმების შემდეგ ხელისუფლება ამ პოტენციური სატელიტების გარეშეც დარჩეს და კვლავ სრულ მარტოობაში გააგრძელოს არსებობა. მართალია, „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მარტო არ არიან და მათ წიაღში მრავალპარტიული სისტემა ყვავის, აგერ არ არიან, ფურცელზე არსებული „ოცნების“ შვილობილები… სოციალ-დემოკრატები, „მრეწველები“,  კონსერვატორები და „მწვანეები“? მართალია, ისინი უკვე მთლიანად „ქართულ ოცნებასთან“ არიან შერწყმულები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებით, მრავალპარტიულობის ილუზიის შექმნაც შეიძლება. არავინ იჯერებს, მაგრამ ჭიას ხომ მაინც ახარებენ საპარალამენტო უმრავლესობაში.

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ არ ვასახელებთ იმ ერთკაციან პარტიებს, რომლებთანაც „ქართული ოცნება“ გარიგებასა და სასურველი  „კონსენსუსის“ მიღწევას გეგმავს? ბუნებრივია, პოლიტიკურ კულუარებში და, შესაბამისად, ჩვენთვისაც, მათი ვინაობა ზედმიწევნით ცნობილია, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ მათ ლუსტრაციას შეგნებულად არ ვაჩქარებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ  გამჟღავნება მათ, პრაქტიკულად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს და უკან დასახევ გზას აღარ დაუტოვებს. არადა, საქმისთვის და საბოოლოდ ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ავტოკრატ ხელისუფლებასთან ერთიანი ოპოზიციური ფლანგით ბრძოლა, ვიდრე რამდენიმე პატარა პარტიის ლუსტრაცია და მხილება. მით უმეტეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ხელისუფლება თავისი წინაპირობებით ისეთ ვითარებას ქმნის, რომ არაა გამორიცხული, ეს პარტიებიც შემოეფანტოს და გასარიგებელიც აღარავინ დარჩეს. და თუ აუქციონი მაინც შედგა, ხელისუფლების დაკრულზე მოცეკვავეებს ისედაც ყველა დაინახავს, ჩვენ კი ყოველთვის გვეცოდინება, რომ საქვეყნოდ მნიშვნელოვანი პროცესისთვის არასდროს შეგვიშლია ხელი.

ამასობაში, ოპოზიციამ დახმარებისთვის კვლავ „ვენეციის კომისიასა“ და ევროსაბჭოს მიმართა. ყველამ, ვინც ხელისუფლებასთან აუქციონში მონაწილეობას არ აპირებს, ევროსტრუქტურებს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, სადაც შექმნილი ვითარება დეტალურადაა ასახული. ანუ კიდევ ერთხელ არის განმარტებული ის საკითხები, რომლებიც ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია და ხაზგასმულია ის თემები, რომელთა დათმობაც ოპოზიციაში წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

საერთოდ, ოპოზიციის ასეთი მცდელობა, დაიზღვიოს თავი, სრულიად გასაგებია. გამოცდილებაა ძალიან მძიმე. მარტო დარჩენილი ხელისუფლება ცდილობს, ყველა უბედურება ოპოზიციას გადააბრალოს, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩაშლაც და ულტიმატუმების წამოყენებაც.  ოპოზიციისთვის, მოცემულ ვითარებაში, მთავარ პარტნიორს „ვენეციის კომისია“ და ევროსაბჭო წარმოაგდგენს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჩაიდინა. ვაღიაროთ, რომ არავინ ელოდა იმას, რაც ამ ტემპერამენტიანმა იტალიელმა განაცხადა. ანუ ფრაზა, _ კონსენსუსის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება არალეგიტიმური, _ „ოცნებისთვის“ იყო ნამდვილი ბანკროტი, რომლის შემდეგაც ბოლომდე ჯერაც არ მოსულან გონს.

იმავე ბუკიკიომ ღიად უთხრა ოპოზიციასაც, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მათ მანამ ექნებათ, სამან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია ერთიანი იქნება და სანამ იარსებებს ოპოზიციის მზაობა, დასხდნენ და ხელისუფლებასთან ისაუბრონ კონსენსუსის მისაღწევად. სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიცია, თავისი განცხადებებით და წერილებით მუდმივად დააფიქსიროს, რომ ის ყველაფერს აკეთებს დიალოგისთვის, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა და ა. შ., მაგრამ ხელისუფლების ულტიმატუმის შემდეგ აუცილებელი გახდა „ვენეციის კომისიის“ ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, ხელისუფლებას მაინც შეჰყავს პროცესი ჩიხში და მოლაპარაკებების ჩაშლას მის დაწყებამდე ცდილობს.

ამ კვირაში, ალბათ, საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, რადგან ხელისუფლება გვპირდება, რომ სწორედ ამ კვირაში დათქვამს მოლაპარაკების თარიღსა და ადგილს. მართალია, ჯერ უცნობია, ვისთან აპირებს „ოცნება“ დიალოგს, მაგრამ მთავარია, რომ კვანძი აუცილებლად გაიხსნება. საბოლოოდ გაირკვევა, რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს, შედგება თუ არა კონსენსუსი და ვინ „გაუპრავებს“ ხელისუფლებას მაჟორიტარულ სისტემას? თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, როგორ შეაფასებს ამ პროცესს ევროპა?

ამასობაში კი პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ჭიას ახარებს და კონსტიტუციით მინიჭებულ, ფაქტობრივად, ერთადერთ უფლებას, ხანჯალივით იქნევს. გასულ კვირას მან  სამ კანონს ერთროულად დაადო ვეტო. ერთი ვეტო თავს დაატყდა „თვითმმართველობის კოდექსს“, მეორე და მესამე კი „საარჩევნო კოდექსის“ ორ სხვადასხვა კანონპროექტს. ახალი არაფერი მომხდარა, საზოგადოება აღნიშნული კანონპროექტების შესახებ შესანიშნავადაა ინფორმირებული.

მივყვეთ თანმიმდევრობით: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით ხელისუფლება მთლიანად იქვემდებარებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ანუ ცესკოს 12 წევრიდან 9 „ქართული ოცნების“ დანიშნული უნდა იყოს, მაშინ, როცა აქამდე ცესკოს 13 წევრიდან მხოლოდ 7 იყო ხელისუფლების. რაც მთავარია, ჯერ არასდროს არ ყოფილა ისე, რომ ერთი პარტიის ხელში იყოს თავმოყრილი ცესკოს 2/3 უმრავლესობა. ცნობისთვის: სწორედ 2/3-ია საჭირო დადგენილების მისაღებად, ანუ ეს ნიშნავს, რომ ცესკო, როგორც საარჩევნო არბიტრი, ამიერიდან მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესების გასატარებლად იმუშავებს. როგორ მოგწონთ? არის თუ არა ეს დემოკრატიის ჯერ არნახული გამოვლინება ჩვენს ქვეყანაში?

საარჩევნო კომისიის ფორმირების საკითხიდან საერთოდ ამოვარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ანუ ოპოზიციურმა პარტიამ რომც მოიგოს ადგილობრივი არჩევნები, მას ცესკოში წევრი მაინც არ ეყოლება. კანონით, წევრის ყოლა შეუძლია მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწევს კონკრეტულ შედეგს. ადგილობრივი არჩევნების ასეთი იგნორირება სრულიად გაუგებარია, მაშინ როცა ადგილობრივი  არჩევნები ისეთივე საყოველთაოა, როგორც საპარლამენტო. კიდევ ერთი აბსურდი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ისაა, რომ კანონპროექტს არგებენ გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ანუ კომისიის წევრი 2020-ში ეყოლებათ მხოლოდ მათ, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია ჰყავს. ესაა  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევა. თუ ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გჭირდება, აბსურდულ ნორმას აკანონებ, ის მაინც უნდა უზრუნველყო, რომ კანონი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდეს ძალაში. ასე რომ, ეს კანონპროექტი ვეტოს ნამდვილად იმსახურებს.

მეორე საკითხი, რომელიც ასევე საარჩევნო კოდექსიდანაა, მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას ეხება. „ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ისე, რომ არავისთვის უკითხავს, ანუ ერთპარტიულად, დაყო და გადაანაწილა ქალაქებსა და თემებში მაჟორიტართა რაოდენობა. ოღოდ ეს ისევე დილეტანტურად გააკეთა, როგორც ყველაფერი დანარჩენი. შედეგად კი მიიღო მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდა, ხოლო ხმის წონადობის გათანაბრების ნაცვლად 300 და კიდევ უფრო მაღალპროცენტიანი ცდომილებები.  მაგალითისთვის: ქალაქ თელავს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა, დაახლოებით, 19 000-ს შეადგენს, 3 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო თელავის თემის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა, დაახლოებით, 37 000-ია, ეყოლება 17 მაჟორიტარი დეპუტატი. შედეგად, ქალაქ თელავში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს, საშუალოდ, 6 200 ამომრჩეველს, ხოლო თელავის თემში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს, საშუალოდ, 2 000 ამომრჩეველს. ეგეც 300%-იანი ცდომილება.

მაღალ ცდომილებებს თავი რომ დავანებოთ, ყველაზე საინტერესო აქ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მაჟორიტართა რაოდენობის ზრდაა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უყიჟინებს, ეს უკანასკნელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას იღებს. „ოცნების“ ეს ქმედება ნათლად წარმოაჩენს მათ პანიკურ შიშს მოახლოებული არჩევნების მიმართ. ერთადერთი შანსი საკრებულოებში უმრავლესობის შესანარჩუნებლად, როგორც ჩანს, მხოლოდ მაჟორიტარები არიან. მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ხელისუფლებას, ფაქტია, რომ აღარ აქვს. როგორც ხედავთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს ვეტოს.

და მესამე კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო გადაუშხუილა, არის თვითმმართველობის კოდექსი: აქ საკითხი სცდება საარჩევნო გარემოს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას. უფრო ზუსტად, ქვეყნის განვითარების შეჩერებას შეეხება. 2014 წელს მის მიერვე დაწყებული დეცენტრალიზაციის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტა, შეაჩეროს და ქვეყანა კვლავ ცენტრალიზებული მართვის წარსულში დააბრუნოს. ამ ცვლილებით თელავს, ზუგდიდს, ახალციხეს, ოზურგეთს, გორს, ამბროლაურსა და მცხეთას  თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევათ. ალბათ, იკითხავთ, _ ასეთი რა დააშავეს ამ ქალაქებმაო? პასუხი კი ისევ არჩევნები და ხელისუფლების, ნებისმიერი გზით შენარჩუნებაა. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ დაინახა, რომ თვითმმართველ ქალაქებში მმართველი  პარტიის მხარდაჭერა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო იყო, ხოლო სამი წლის წინათ მათგან გამოყოფილ სათემო მუნიციპალიტეტებში მდგომარეობა შედარებით უკეთესი დაფიქსირდა. ამიტომაც გადაწყვიტეს მეოცნებეებმა, განვითარებულ თვითმმართველობაზე ოცნებას შეეშვან და საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაყოფილი ქალაქები და თემები ისევ გააერთიანონ. ამით „ოცნება“ ცდილობს, თავი დაიზღვიოს ისეთი მოულოდნელობებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციური მერის არჩევა რომელიმე მუნიციპალიტეტში. რადგან ამაზე ბევრი გვაქვს დაწერილი, დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმ უამრავ ნეგატივზე, რომელსაც ხელისუფლების ეს დანაშაულებრივი ინიციატივა მოუტანს სოფლებსა და თემებს, სადაც, როგორც იქნა, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაწყო, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რომ აღარავის უნახავს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისევ სტაგნაციისთვისაა განწირული, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ რომელიმე სხვა ხელისუფლება თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭირო, დეცენტრალიზაციის პროცესს თავიდან არ ამოქოქავს. მგონი, ნათელია, რომ ხელისუფლების ეს ცვლილებაც ჰაერივით საჭიროებდა ვეტოს.

და არა მხოლოდ ვეტოს. პარლამენტს ყველა ეს კანონპროექტი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა გადეგზავნა „ვენეციის კომისიაში“, თუმცა ვენეციის კომისიას არც ერთი მათგანი განსახილველად და შესაფასებლად არ მისვლია. სხვათა შორის, ბათუმში მყოფმა ჯანი ბუკიკიომ გაოცება ვერ დამალა, როცა ამ კოდექსებში შემავალი ცვლილებების შესახებ შეიტყო. მისი შეფასებით, ყველა ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს „ვენეციის კომისიის“ დასკვნას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საჭიროებს პოლიტიკურ კონსენსუსს, რადგან თითოეული მათგანი წარმოადგენს საარჩევნო გარემოს შემადგენელ ნაწილს. ასეთი საკითხები კი არ შეიძლება, ერთპარტიულ რეჟიმში წყდებოდეს.

ასე რომ, ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი კოდექსი მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს იმედადაა დარჩენილი. ბუნებრივია, ბევრი იკითხავს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ვეტოებს, თუ მათი დაძლევა უმრავლესობისთვის  სირთულეს არ წარმოადგენს? იკითხავს და მართალიც იქნება, რადგან ძნელი მოსაძებნია დედამიწაზე ქვეყანა, რომელსაც ვეტოსთან დაკავშირებით ისეთი სულელური კანონმდებლობა ჰქონდეს, როგორც საქართველოს. კანონის მისაღებად, როგორც ცნობილია, საჭიროა 76 დეპუტატი, კანონზე დადებული ვეტოს დასაძლევად კი იგივე 76 დეპუტატია საკმარისი. ანუ ვინც კანონს იღებს, ზუსტად იგივე ხალხი დაძლევს ვეტოს. სამართლებრივი ნორმა კი არა აბსურდის თეატრი გამოდის.

და მაინც, ვეტოს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. ესაა კიდევ ერთხელ  ყურადღების გამახვილება იმ კონკრეტულ, არასწორ ქმედებაზე, რომელსაც ხელისუფლება ერთპარტიულ რეჟიმში ახორციელებს. ესაა ხაზგასმა, რომ ქვეყანაში მყარდება ავტოკრატია, ზუსტად ისეთი, ჩვენი ოთხი მეზობლიდან სამში რომ უკვე კარგადაა ფეხმოკიდებული. და რაც მთავარია, ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება ყველასთვის, რომ უკონტროლოდ მიშვებული ხელისუფლება ყველაზე დიდი საშიშროებაა ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ყველა ერთად მივიძინებთ, გამოღვიძებულებს ძალიან ბევრი რამ აღარ მოგვეწონება!!! _ მთავარია, ძალიან გვიანი არ იყოს.

 

დემნა ვეშაპიძე