სად ერეკლე სად ბანანი?

მაინც, რა ბედი ჰქონია მეფე ერეკლეს, ჯერ იყო და ინგილო ქალმა თავზე ქლიავი გადმოაყარა და ახლა კიდევ მკვდარსაც არ ასვენებენ და საფლავზე რაღა არ დააყარეს: კანფეტები, ციტრუსები და ბანანიც კი… მაინც, სად ერეკლე და სად ბანანი?.. ისე დააყარეს ბანანები, გეგონება, დედოფალი დარეჯანი ყოველ დილით უზმოზედ ბანანით უმასპინძლდებოდა პატარა კახს და გეგონება, ხმლის ქნევისას მეორე ხელით ბანანი ეჭირა და მადიანად კბეჩდა. მაგრამ ბანანს ვინ ჩივის, მადლობა ვთქვათ, რომ პატარა კახს დიდი ბიძინას საყვარელი ბოსტნეული _ სტაფილო არ დააყარეს საფლავზე, ანდაც მისი ზაქიჭამია ვაჟისნაირი პრეზიდენტ მარგველაშვილის მოყვანილი კარტოფილი.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სერიოზულად კი ერეკლეს საფლავზე გაშლილი სუფრა უზუსტესად ასახავს ჩვენი ყოფის აცაბაცობას. იმ ერის დღევანდელობას და არხეინობას, რომელიც ყველაფერს წყვილ-წყვილად ეგებება, რაც მთავარია, ცალი ტვინით. თვეც არ გასულა, რაც არხეინი ერი ორჯერ შეეგება ახალი წლის შემოსვლას, მაგრამ რა ხეირი? რა ხეირი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელმაც იცის ერთი ახალი წლის ორჯერ შეგებება და არ იცის ერთხელ ხეირიანი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ურნასთან? ან რატომ უნდა ჰქონდეს ხეირი იმ ქვეყანას, სადაც ვიღაცას ადა მარშანია უნდა პრეზიდენტად, ვიღაცას კი ისევ მოქმედი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ლუარსაბივით არაფერს აკეთებს ჭამა-სმისა და მხართეძოზე წოლისა და იმთავითვე დასაძლევად განწირული ვეტოების თხლეშვის გარდა. ისევ ეგ უნდა, აქაოდა, პატიოსანიაო. რა ხეირი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, სადაც შეუძლებელია დაადგინო რა არშინით იზომება პატიოსნება? მომკალით და ვერ ვიგებ, რატომაა პატიოსანი, კარტოფილი რომ მოჰყავს? მასე კარტოფილი ბოზ მზიასაც მოჰყავს და ჩათლახ ზაურასაც. რატომაა პატიოსანი, რომ ქსოვს? მასე კახპა ანეტა რომ წინდებსა ქსოვს, ქსოვა ეგეთი უნდა, უზორ-უზორ… აბა, რატომაა პატიოსანი, ურცხვად რომ უტევდა ბენდუქიძეს და სულ ახლა, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ღრანჭაუკანკალებლად რომ აყალბებდა საქართველოს უახლეს ისტორიას _ სააკაშვილის დროს ქუჩაში მკვდრები ეყარაო? რატომაა პატიოსანი, საერთოდ არაფერს რომ არ აკეთებს ვეტოების დადების გარდა? ისიც იმიტომ, რომ იცის, დაძლევენ და ამის გამო, მას არაფერი ემუქრება. საქმეც ეგ არიის, თუ ამ ქვეყანაში არაფრის მკეთებელი, უნიათო და არაფრის მაქნისი ხარ, ეგრევე პატიოსნად გაცხადებენ და თუ იბრძვი, თავდაუზოგავად შრომობ და რაღაცას აკეთებ, რაღაცას აღწევ, ეგრევე მიუღებელი ხდები და მზად არიან, ათასი ბილწი იარლიყი მოგაკრან, გამოგაცხადონ დიქტატორად, ტირანად, სისხლისმსმელად, მამაძაღლად და დედაზებრად. რა ხეირი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, სადაც პატიოსნებს ასე ზომავენ? და რა უნდა მოსთხოვო ვიღაცას, სატელევიზო გამოკითხვაში შემთხვევით გაბმულს, როდესაც თვითონ პოლიტოკოსებსაც და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებსაც დღემდე ვერ შეუფასებიათ იგივე საქართველოს მოქმედი, რეალურად უმოქმედო პრეზიდენტი. ეს მართლა გოდონაყლაპები, დღემდე დაუსრულებლად ელიან მისგან რაღაც გმირულს, პრეზიდენტულს. ერთი რუსული ანდაზის არ იყოს, რა არ გვასწავლა ცხოვრებამ, მაგრამ ხალხს მაინც სჯერა სასწაულებისო. სჯერათ და ამიტომაც ხვდებათ ყოველ ჯერზე ცხვირში მწარედ. მათი დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ და მათი ეს ამაო მოლოდინი, რეალურად, არის წმინდა წყლის ძალადობა, ძალადობა ბადრიჯანზე, რომ მან გამოიბას ფრთები და გაფრინდეს მერცხლად. რაც არ უნდა უმღერო ბადრიჯანს, გაფრინდი შავო მერცხალო, ვერ გაფრინდება და ვერც მოფრინდება და ვერ მოგიყვანს გაზაფხულს.
ვიღაც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, ვიღაცას ვიღაცა უნდა პრეზიდენტად და ამ დროს, ცალყბად აჟღერებენ, რომ თავად ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტად კენჭის ყრას, ვიღაც ამას კატეგორიულად გამორიცხავს, ვიღაც აანალიზებს, ვიღაც ჩააანალიზებს, იმ ბრძენ კაცს კი დედამიწის ზურგზე არაფერი აინტერესებს ასწლოვანი ხეების გლეჯვისა და თრევის გარდა. არა, მაინც, რატომ ვერ იპრეზიდენტებს? რა შეუძლია ხელს? თუ ამას კარტოფილი მოჰყავს, ის ერთი-ორ „მეშოკ“ „მარკოვკას“ მოიყვანს და ეგაა _ უზმოზე დასალევად. მანამდე კი დაატორღიალებს ხეებს და კაციშვილი გამკითხავი არავინაა. მარტო კი არ თხრის და დაატორღიალებს, როგორც ახლა ირკვევა, თურმე, იმ ხეებს, რომელსაც ვერ თხრის და ვერ მიაქვს, დგას და დასტირის კიდეც თვალცრემლიანი. ჩვენ კიდევ ბანანი გვიკვირს მეფე ერეკლეს საფლავზე. და არც ინგილო ქალი გვყავს, რომ ქლიავი კი არა, თავზე ქვა დაათხლიშოს ბუნების იავარმქმნელს, რომელიც არაფრად დაგიდევს არც კანონს, არც სახელმწიფოს ინტერესებს და მისთვის ერთადერთი წმინდა და დაურღვეველი ძილის გრაფიკია. აი, ის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს მანტიამოსხმულმა ჩარჩებმა შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მეტი ცინიზმი და ირონია რა გინდა, კაცს შინაპატიმრობას უსჯიან იმ კაცის ძილის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც მას სდევნის. სდევნის და ამ დევნით ინაღდებს ხელშეუხებლობას, სწორედ ამ დევნის გამოა, რომ აფრები აქვს აშვებული და რასაც უნდა და როგორც უნდა, იმას სჩადის. მისგან „ლევად“ მართულ ქვეყანაში კი კრიმინალი მძვინვარებს, დღე არ გადის, რომ ვინმეს თავი არ მოჭრან, ვინმე არ მოკლან, ვინმე არ დაჭრან, თან უკვე ერთის დაჭრა აღარც ჰყოფნით და ერთად სამს ჭრიან _ „ბასიანში“ შესვლის მოსურნე თუ სადღაც რესტორანში მომღერალი. მისგან „ლევად“ მართულ ქვეყანაში პატრულებს სახეზე კბენენ და პროკურორებს თავყბას უერთიანებენ და რაც მთავარია, მის აპოლოგეტსა და მეხოტბეს კბილებს უმტვრევენ, რაც საყოველთაო ჟრიამულს იწვევს, რასაც შემდეგ მოსდევს უარესი ბაკქანალია. როგორ თუ გაბედეს და „ჰეროკრატის“ ჰეროიკული გაბერტყვა გაიხარეს. რაც მთავარია, ამ ბაკქანალიაში ნაცაქტივისტები და აქტიური ნაცმხარდამჭერებიც ერთვებიან და ხალხს ამუნათებენ, რომ ეს, თურმე, იგივე ქოცობაა, როგორი ქოცობაც იყო, ქოცებს, რომ ნაცების ცემა უხაროდათ. ზოგიერთი ნაცთაგანი, იმის შიშით, აქაოდა ქოცს არ დავემსგავსოთო, ალბათ, მალე ბოსხის პერსონაჟებს უფრო დაემსგავსება… ვიღაც უფრო შორს მიდის და ლამის იწყევლება, ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთო. რა უცნაურია? მაინცდამაინც ხაინდრავას ცემისას გაახსენდათ, სახელმწიფო რომაა ასაშენებელი, თან იგივე ხაინდრავა მეტეხთან ზვიადისტებს რომ მისდევდა და უშენდა (ეს ფაქტი თავად ჯაბა იოსელიანს უწერია თავის წიგნში), მაშინ გეგონება, საძირკველს უყრიდა სახელმწიფოს და ახლა თუ მისი გაბერტყვა ვინმეს ახარებს, ამით, თურმე, კრამიტებს უმტვრევს სახელმწიფოს და წყლის ჩამოსვლის საშიშროებას ქმნის.
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ქვეყანაში რატომ აძლევენ თავს უფლებას, სხვას დაუდგინონ, რა გაუხარდეთ და რა ეწყინოთ? ვინ დაიტირონ და ვის ლაფი ასხან? ყველამ რომ თავის სიხარულს მიხედოს და ის იგლოვოს, ვინც ეგლოვება, თავადაზნაურობას დაკარგავს და იმ გლეხად იქცევა, რომელსაც ვინმე დეპუტატი ჭიჭინაძე დასცინის? თავად მეორე თანრიგის მუშა, „გეპეიც“ რომ ვერ დაამთავრა ბოლომდე? ერთი პარლამენტარი გლეხებს დასცინის, მეორე პარლამენტარი _ ოქრიაშვილი ყველა დაბალშემოსავლიანებს, ადამიანს თუ დაბალი შემოსავალი აქვს, 10-ლარიანი წამალი ძვირი ჰგონიაო. ანუ წამლები კი არაა ძვირი, ჩვენ გვგონია, რომ ძვირია, ისე იაფი ყოფილა. დასცინის ერთი, მეორე, დასცინის მესამე _ ის მთელ ქვეყანას _ ცოლის სამკაულებით. თურმე, ნუ იტყვით და ჩვენი კანონმდებლის ცოლს 800 ათასი ევროს სამკაულები ჰქონია, ნამდვილად არ ვიცოდი, ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი თუ ჩვენი რძალი იყო…
ეს, რა თქმა უნდა, ირონიით, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა, რომ ადამიანს ისე დაეკარგა სახე, როგორც ეს მოხდა ტელესახის _ სოკოლოვის შემთხვევაში. ჯერ გვატირეს, შეგვაბრალეს, ნამუსი დაგვიქენჯნეს და შემდეგ რა გაირკვა? გამოდგა და მიშას გამოუწერა შუბლში ტყვია და იცით, რატომ? დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს რომ ბინა დაეწვა, შემდეგ შევარდნაძის დროს მისცეს 4-ოთახიანი ბინა, რომელიც შვილს გაუყიდია, დაუტოვებია უბინაოდ, მისდგომია შემდეგ ახალი პრეზიდენტის, სააკაშვილის დედას, მიუტანია ძველი საბუთები _ ბინა უნდოდა ახალი, ნომერი ვერ გაუვიდა… გამოხდა ხანი, წავიდა მიშა, ის დუმდა და ახლაღა, როცა ბინას შეჰპირდნენ, მოხსნა გუდას პირი და მიშას გამოუწერა ტყვია, აბა, მაშ, როგორ? როგორ აამოს მათ, ვინც ბინას დაჰპირდა? თავისი შვილის (ვინც ბინა გაუყიდა და თავშესაფარში მიამწნილა) გინებაში ბინას კი არა, ნახმარ „გარშოკს“ ვინ მისცემდა? მაინც გამოადგა მიშა. „პოსლეზე“.
რამდენიმე დღეც არ გასულა და უფროს კოლეგას არც უმცროსი ჩამორჩა და ახლა ის ნიკა გვარამიას ეცა. ატყდა ვაი და ვიში, რომ, თურმე, „რუსთავინ2“-მა ბრენდი დაკარგა მისი სახით. აღარც მახსოვს, რამდენჯერ ვთქვი და დავწერე, ლამის, მაზოლები ამომივიდა. როცა კი ვინმე გაქცეულა „რუსთავი 2“-დან, ვამბობდი, რომ ნიკა ტაბატაძე წავიდა მაგ არხიდან და მაშინ არ დაქცეულა არხი და ახლა ვიღაცის წასვლა დააქცევს-მეთქი? ახლაც იგივეს გიმეორებთ! ახლა თუ ნიკა ტაბატაძის მასშტაბსა და გოგიჩაიშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, კარგად გქონიათ საქმე, ბუზი კი არა, წყვილკუზა აქლემი რო შეგაჯდეთ, იმასაც ვერ დაინახავთ.
და კიდევ: ბრენდია, ბრენდიო, რომ გაჰკივით, აბა, ერთი, რამე ამიხსენით, „რუსთავი 2“-დან რომ მიდიან, რატომ ვეღარ ბრენდობენ ხოლმე? თუ ბრენდი ხარ, ყველგან უნდა ბრენდობდე. მღვდელი ჭილოფშიც იცნობა და ტვ წამყვანი _ საკაბელოზეც.
ერთი რაღაცას აყრანტალებს, მეორე გარბის, ილუშკა ცეკვავს და მთელი ერი ენას ამ ამბებზე აცეკვებს, თანაც ისე, რომ არ იღლება. ილიკო სუხიშვილმა ერთი წაიცეკვა და ათასებმა ააქაფეს კლავიატურა. იქ სააკაშვილი ცივ დნეპრში ჩავიდა და აასარსარეს მაუსები. ჯაჯანიძე კი გვაცნობს ქალბატონს, მკურნალს თუ ლექტორს, თუ ორივეს ერთად, რომელსაც თვით თამარ მეფე გამოცხადებია, თან ბუჩქებში. ჯერ სადა ვართ, მორიგი გამოცხადება წინაა _ დავით მეფე აღმაშენებელი _ საუნაში, კალაძისდარად „პლავკებში“… და ჩვენ, კიდევ, გულუბრყვილოდ ვკითხულობთ, _ სად ერეკლე, სად ბანანი?..

რეზო შატაკიშვილი