სადამდე მიიყვანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა?

ამასწინათ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე“ და მთავრობას მოუწოდეს, რომ პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყოს.

ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს, ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება. აღნიშნული მიმართულებები საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაასახელა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.
„იმისთვის, რომ კიდევ უფრო კონცენტრირებული იყოს ჩვენი მუშაობა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვგეგმავთ, შევიმუშავოთ საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც კონცეპტუალურად გულისხმობს ოთხ ძირითად მიმართულებას.
პირველი: საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. ეს თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის, დაახლოებით, 70%-ის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ჩვენი დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას;
მეორე მიმართულება: ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა აღმოვაჩინოთ დამატებითი საკანონმდებლო მიახლოების საჭიროება და ამ სამუშაოს შედეგად მოვამზადოთ ნიადაგი ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის;
მესამე მიმართულება: 6 ნაბიჯი, ანუ ის სხვაობა, რაც არსებობს ასოცირების შეთანხმებასა და კიდევ უფრო მეტ ევროპულ კანონმდებლობასთან და ინსტიტუციურ პრაქტიკასთან დაახლოებას შორის, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ანუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდა, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და გაღრმავება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გაღრმავება;
საგზაო რუკის მეოთხე მიმართულება იქნება: აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად“, _ აცხადებს ჯანელიძე.
მისივე ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის მიერ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
თავის მხრივ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს.
ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:
კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ, მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემების დასრულება და ძალისხმევის გაძლიერება მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად;
ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების პრიორიტეტად ქცევა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან შეთანხმების მიღწევა;
ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნის პრიორიტეტად ქცევა;
ტრანსსასაზღვრო სამართალდამცველი ღონისძიებებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაგრძელება და მეტად გაძლიერება;
ძალისხმევის გაძლიერება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით, ასევე, დანაშაულებრივი აქტივების მიგნების, დაყადაღებისა და კონფისკაციის მიმართულებით, მათ შორის, საზღვრებს მიღმაც. „აქტივების აღდგენის აპარატის“ ეროვნული წარმომადგენლის შერჩევა. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „ფულის გათეთრების წინააღმდეგ“ მეოთხე დირექტივასთან;
ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების დამტკიცება, რათა მისი განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტი გახლავთ პოლიტოლოგი გია ნოდია:
_ ბატონო გია, უფრო კონკრეტულად რისკენ არის მიმართული ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელზედაც მთავრობა მუშაობს?
_ გასაგებია, რომ ევროპის კავშირი ოდესმე წევრად მიღებას არ გვპირდება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ დაჟინებით ვამბობთ, რომ გვსურს ევროპა და მიზანი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაა. იმისთვის, რომ ევროგაერთიანებას ჩვენი განწყობის სერიოზულობა ვაჩვენოთ, მთავრობა ამის დასადასტურებლად აღნიშნულ საგზაო რუკაზე მუშაობს.
_ მანამდე მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს, რომ ქვეყანამ ერთგვარი განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს საკითხი დღის წესრიგში რა ეტაპზე დადგება?
_ ეს უფრო ტაქტიკის საკითხია და ნამდვილად შესაძლებელია, აღნიშნული განაცხადი გავაკეთოთ. ხელისუფლება ამბობს, რომ შეიძლება უარი გვითხრან და რა აზრი აქვს ამის გაკეთებასო. პირადად მე მივიჩნევ, რაკი ეს სურვილი გვაქვს, ლოგიკურია, რომ განცხადებაც გააკეთონ. მაგრამ ვიმეორებ, ეს უფრო ტაქტიკური საკითხია და წინასწარ ვიცით, ამ ეტაპზე ევროკავშირში განწყობა არ არის, რომ განაცხადს პოზიტიურად შეხედონ, _ რომ საპასუხოდ გვითხრან, ახლა არა, მაგრამ ოდესღაც ეს საკითხი განიხილებაო.
_ რა მთავარი გამოწვევები უშლის ხელს ევროკავშირთან სრულფასოვან ინტეგრაციას?
_ არსებობს შიდა და გარე საკითხები, უფრო სწორად, ევროკავშირის მხარეს და საქართველოს მხარეს არსებული გამოწვევები. გასაგებია, რომ საქართველოს მხარეს ორი, უფრო სწორად, ორნახევარი ძირითადი საკითხია. ერთია ეკონომიკური განვითარების დონე. გასაგებია, რომ საგრძნობლად ჩამოვრჩებით და ევროკავშირი, უპირველესად, ეკონომიკური გაერთიანებაა, ასე ჩამოყალიბდა და მის ინტერესებში არ არის სპეციფიკურად ღარიბი ქვეყნების შემოერთება. ასე რომ, ეს შეიძლება ერთი არგუმენტი იყოს.
მეორე დემოკრატიული განვითარებაა. ისიც გასაგებია, რომ ჩვენ სრულყოფილ დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩავითვლებით, მანამდე ბევრი გვიკლია.
რასაკვირველია, არსებობს ტერიტორიული პრობლემაც. ნახევარპრობლემაში სწორედ ეს მესამე ვიგულისხმე.
მეორე მხრივ, პრობლემებია ევროკავშირის მხარეს. შიგნით ევროკავშირში არ არის საერთო აზრი ჩვენი რეგიონის მიმართ. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და კავკასიის გარდა, აღმოსავლეთ ევროპას _ უკრაინასა და მოლოდოვასაც ვგულისხმობ, თუ რამდენად არის ევროპის ინტერესებში, თუნდაც ოდესმე ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს საკითხი გადაჯაჭვულია რუსეთთან ურთიერთობასთან; ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ზოგადად, გაფართოების მიმართ ევროპის გარკვეულ ქვეყნებში ნეგატიური განწყობაა.
_ მაინც, რა ეტაპზე ელოდებით ამ ნაბიჯის გადადგმას?
_ ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. სრულიად შეუძლებელია ამის წინასწარ განსაზღვრა, რადგან სიტუაცია არაპროგნოზირებადია. შეიძლება, ეს არასოდეს მოხდეს და შეიძლება მალე შედგეს, გაცილებით ადრე, ვიდრე ამას ველით. შეიძლება, ამ ყველაფერს დრო დასჭირდეს, დღეს ამის წინასწარმეტყველება პრინციპულად შეუძლებელია.

„ქრონიკა+“-ს იურისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება:
_ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია პაკეტი, თუ რა ვადებში, რომელ წლამდე, ამ შეთანხმების რომელი მუხლები უნდა შეასრულოს საქართველომ. ეს ვადები დადგენილია ზოგი ორ წელიწადში, ზოგი _ ხუთში, ზოგი _ ათში… თუ სწორად მახსოვს, იქ 15-20-წლიანი ვადაც არის მითითებული.
ეს ჩვენი ვალდებულებაა. მაგრამ, რასაკვირველია, სრული უფლება გვაქვს, რომ სათანადო ნებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუხლები ადრევე შევასრულოთ. ამით უფრო ადრე შეიქმნას ვითარება, როცა შეგვეძლება ვთქვათ, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ესა და ეს საკითხი ჩვენ ვადაზე ადრე შევასრულეთ და, შესაბამისად, პრეტენზია განვაცხადოთ (ამის მეტი უფლება გვექნება) ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
საგზაო რუკა უფრო დაწვრილებითი გეგმაა, თუ რომელი ვალდებულების შესრულება როდისთვის იქნება დაგეგმილი. ვთქვათ, რაღაცაზე გათვალისწინებულია 7-წლიანი ვადა, ამ საგზაო რუკაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ ამ ვალდებულების შესრულებას საკუთარ თავზე ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში ვიღებთ. შესაბამისად, საგზაო რუკა მთელი ამ პროცესის მონიტორინგისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი დოკუმენტი იქნება.
ძირითადი ასოცირების შეთანხმებაა და ევროკავშირის შესაბამისი მონიტორინგის მისია სისტემატურად თვალყურს ადევნებს მის შესრულებას. გარდა ამისა, უკვე შიგნით, ჩვენ მიერვე აღებული ვალდებულებების შემოწმება საგზაო რუკასთან შედარებით შეგვეძლება.
ამდენად, საგზაო რუკაში ჩაწერილი ვალდებულებები გვიჩვენებს იმას, თუ როგორი მზაობაა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. შემდგომ ეს გზამკვლევი იქნება მომდევნო ხელისუფლებისთვის, რომელსაც, რასაკვირველია, კორექტივების შეტანა შეეძლება მასში. მაგრამ ჩვენ მიერ აღებული საწყისი ვალდებულება სწორედ საგზაო რუკით განისაზღვრება.
_ ჩვენი პრაქტიკა როგორია, რამდენად ნორმალურ ტემპში სრულდება აღებული ვალდებულებები?
_ ზოგი უფრო სწრაფად სრულდება, ზოგი დროში იჭიმება. სფეროებს გააჩნია, რაღაც სფეროებში საქმე შედარებით ადვილად კეთდება, სხვაგან უფრო რთულად. ეს დამოკიდებულია შესაბამის სფეროში საწყის მდგომარეობაზე და იმაზე, ამ ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ რამდენად რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს.
მაგალითად, ავიღოთ ევროსტანდარტი, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპაში წარმოებული ყველა პროდუქციისთვისაა დადგენილი. ჩვენი მხრიდან ევროსტანდარტების შესრულება საკმაოდ რთულია. ამას, ერთი მხრივ, სათანადო ტექნოლოგიების არსებობა სჭირდება.
აქვე გავითვალისწინოთ, რომ რიგი ტექნოლოგიებისა დაპატენტებულია და მეწარმემ შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის პროდუქციის გამოსაშვებად პატენტი უნდა იყიდოს. უნდა არსებობდეს შესაბამისი რესურსი, რომელსაც ამ ტექნოლოგიის მოხმარება ეცოდინება. ამიტომ ეს, შედარებით, უფრო რთული საკითხია.
ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე შესაბამისი საექსპერტო მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს. იქ სირთულეზე, სიადვილეზე და გეგმაზე უკვე საექსპერტო დასკვნები უნდა დაიდოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საგზაო რუკის შედგენისთვის. აუცილებელი იქნება ასეთი კვლევების ჩატარება. შესაძლებელია, რაღაც მიმართულებებით კვლევები კიდეც ჩატარებულია.
რადგან ასოცირების შეთანხმება საქმიანობის, პრაქტიკულად, ყველა სფეროს მოიცავს, ასეთი საექსპერტო დასკვნების დადება საკმაოდ რთულია და ამასაც საკმაო დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება.
_ რა მთავარი გამოწვევები ეღობება წინ საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას?
_ ერთია წმინდა პოლიტიკური ფაქტორი. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, მიიღონ ახალი წევრი საკუთარ რიგებში. ზოგჯერ ისეთი ვითარება იქმნება, რომ წევრობის მსურველი ობიექტურად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მას მაინც იღებენ. ან პირიქით, საკმაოდ მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს, მაგრამ წევრად მაინც არ იღებენ. ანუ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
მეორე, ეს არის ობიექტური საფუძველი ევროკავშირში წევრად მიღებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენი. მაგრამ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ევროკავშირს უკვე გარკვეული ვალდებულებები გაუჩნდება იმისთვის, რომ ჩვენ წამოგვწიოს; დაგვეხმაროს არა მარტო პრობლემების გადაჭრაში, არამედ შესაბამისი ფინანსური დახმარებაც გაგვიწიოს, რადგან უკვე ევროკავშირის წევრები ვიქნებით.
ეს, ცხადია, თვითონ ევროკავშირისთვის დამატებითი ტვირთია. ამ დამატებითი ტვირთის აღება კი, მაინცდამაინც, არავის სურს. მაგრამ პრეტენზია უნდა გვქონდეს, რომ არა მარტო გვინდა, არამედ ვაკმაყოფილებთ კიდეც იმ პირობებს, რასაც ევროკავშირი აყენებს. ამ შემთხვევაში, რაც ამ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია.
ამის გაცხადების რეალური პრეტენზია კი იმ შემთხვევაში გვექნება, თუ ასოცირების შეთანხმების პირობებს შევასრულებთ. ეს შეთანხმება მარტო ევროკავშირის მხრიდან ცალმხრივად არ გაფორმებულა. მასზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, თუ რომელი მუხლი რა ვადაში უნდა შეთანხმებულიყო. ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით განისაზღვრა და ვალდებულება ჩვენც ავიღეთ.
დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როდის დადგება ის დრო, როდესაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ, ძირითადად, ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის მოთხოვნებს შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, რომ რეალურად, უკვე წევრობის საფეხურზე გადავიდეთ.
ამ შემთხვევაშიც კი, ევროკავშირს პოლიტიკური გადაწყვეტილება ექნება მისაღები.

გელა მამულაშვილი