საგანგაშო სტატისტიკა – პედოფილია საქართველოში!

გიორგი საკარული

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი დაიცვას პედოფილის საფრთხისგან? სამწუხაროდ, ბოლო წლებში პედოფილების თემა აქტუალური და მწვავე გახდა. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც მომრავლდა და სიტყვა პედოფილი აღარ არის უცხო არავისთვის.

საქართველოში პედოფილიის სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან, გასულ წლებთან შედარებით, მონაცემები მზარდია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე დაზარალებულად ცნეს 6 არასრულწლოვანი, დანარჩენი 40 მოზარდი კი სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და შესაბამისი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად _ 168 შემთხვევაში _ მოზარდი ძალადობის მსხვერპლი ოჯახში გახდა.
რაც შეეხებაა გასული წლის მონაცემებს, აქაც სავალალო მდგომარეობაა. შსს-ს სტატისტიკით, 2022 წელს სულ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის 578 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გახსნილია 402. ამ სახის დანაშაული 9.06%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
ამასთან, 2022 წელს გაუპატიურების საქმეში დაზარალებულად ცნეს 29 არასრულწლოვანი. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სსკ-ის 137-141-ე მუხლები) დაწყებულ საქმეებზე კი 2022 წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია დაზარალებულად ცნობილი. ეს მუხლები მოზარდებზე სხვადასხვა სახით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს, მათ შორის, გარყვნილ ქმედებას ან ნაადრევ ქორწინებას.

                         ფაქტები  

 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა დააკავეს, თუმცა გამოძიება მოზარდის გაუპატიურებაში ასევე მის მეზობელ ახალგაზრდა მამაკაცს ადანაშაულებს. მერვეკლასელი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდა. მოზარდის წერილიდან ირკვევა, რომ მამა მასზე 5 წლის განმავლობაში ძალადობდა;
 კახეთის ერთ-ერთ სოფელში 50 წლამდე მამაკაცი 15 წლის შვილს სისტემატურად აუპატიურებდა;
 14 წლის გოგონა მამინაცვლის მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი არაერთხელ გახდა. ორივე შემთხვევაში პოლიციამ მოძალადე მამაკაცები დააკავა.
ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეების მოკლე ჩამონათვალი. მათი სია დიდია!
პროცესები უკონტროლოა. საბოლოოდ შედეგები მძიმე სურათით სრულდება.

კლასიკური განმარტება

პედოფილია (ძვ. ბერძნ. παιδ _ ბავშვი და φιλία _ სიყვარული) _ ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატიული, ასევე პუბერტატიული (სქესობრივი მოწიფულობა, _ რედ.) ასაკის ბავშვების მიმართ. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და იგი თამაშობს ფეტიშის როლს.
განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინ პედოფილიით აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინ ნიმფოფილიით განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.

როგორ ამოვიცნოთ პედოფილი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე? რამდენად საჭიროა სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვა? როგორ უნდა დავიცვათ შვილები და რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა?
ამ და სხვა საინტერესო, აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია:

_ მოძალადე შეიძლება იყოს პედოფილიც ან ჩვეულებრივი ადამიანიც. პედოფილი ადამიანი უკვე ნიშნავს, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამიტომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მოწესრიგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, რადგან სპეციალისტებმა პოტენციური მოძალადეები დაინახონ _ ეს იქნებოდა კარგი პრევენცია. გარდა ამისა, ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ამოვიცნოთ მოძალადე, პედოფილი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ, რომ თავი დაიცვან. სექსუალური ძალადობა პირდაპირ არ ხდება, თუმცა არის გაუპატიურების ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოძალადე უცბად გადადის ქმედებაზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას საკმაოდ დიდი შესავალი პერიოდი აქვს: სანამ გაიცნობს, სანამ ნდობაში შევა მოზარდთთან; არის სხვა ფაქტორებიც: დაშინება, შანტაჟი, მოტყუება. ამას დრო სჭირდება. ბავშვსა და მოზარდს რომ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ ამოიცნოს პოტენციური მოძალადე, ბევრი ადამიანი დაცული იქნებოდა.
_ როგორ ამოვიცნოთ მოძალადე, პედოფილი?
_ ძირითადად სექსუალური ძალადობის შემთხვევები ეხება ბავშვებსა და მოზარდებს, შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მშობლები გაითვალისწინებენ რჩევებს. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან ყოჩაღი და დამოუკიდებელი შვილები ჰყავთ, მაგრამ პასუხისმგებელმა უფროსმა, ანუ მშობელმა, ყოვეთვის უნდა იცოდეს, თუ სად არის მისი შვილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოზარდი ეზოში არ გაუშვა, უბრალოდ, ის აუცილებლად უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას, თუ სად იმყოფება ბავშვი. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი: ასეთი ძალადობის ფონზე ბავშვები იცვლებიან.
_ ეს ცვლილებები მკითხველს უფრო ნათლად რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს, რა სახით ვლინდება?
_ მაგალითად, ბავშვს უცებ შეეცვალა ხასიათი, ან კარგად სწავლობდა და სწავლის ხალისი დაკარგა, ან მხიარული იყო და უფრო ჩაიკეტა. ასეთ დროს კარგია, თუ მშობელი დაელაპრაკება ბავშვს, ოღონდ ძალიან ფრთხილად. ჰკითხოს, რა მოხდა წინა დღეს, რა ხდება საერთოდ მის ცხოვრებაში, უფრო მეგობრული იყოს… ჩვენთან რთული მდგომრეობაა. უმეტესად მშობლები მხოლოდ საჭმელსა და ტანსაცმელზე ზრუნავენ, ხოლო ბავშვების ემოციებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
რატომ ვსვამთ აქტიურად აქცენტებს სექსუალურ განათლებაზე? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება მნიშვნელოვანი ნაწილია მოზარდის სრულფასოვანი და ადეკვატური განვითარებისთვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ რა საფრთხეს შეიცავს უცხო ადამიანი, მასთან მოქცევის წესებს მუდამ უნდა ვუნერგავდეთ, რომ რაც არ უნდა კანფეტები ან საჩუქრები შესთავაზოს მოზარდს, ის არ უნდა გაჰყვეს უცნობს არსად. პირდაპირ არის მოყვანილი მაგალითები, სადაც ზრდასრული ადამიანი მოზარდს ეუბნება, _ მოდი, მანქანაში ლეკვს გაჩვენებ და ბევრი სხვა. ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა უნდა იცოდნენ. მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვმა იცოდეს, რა არის საიდუმლო. შანტაჟი ვახსენე და მოძალადეები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის შანტაჟს. ბავშვებს აშინებენ, რომ მე შენ მოგიკლავ დედას, მამას, ძმას, დას ან სხვა ვინმეს. შესაბამისად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე ამ სახით ემუქრება, ეს არ არის ნორმალური და აუცილებლად უნდა უთხრას უფროსს, მშობელს ან მისთვის სანდო ადამიანს, მასწავლებელს, მეზობელს, ნათესავს, ანუ მივიდეს იმასთან, ვისაც იგი ყველაზე მეტად ენდობა.
_ სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები, ზოგადად უფროსები, არ უჯერებენ ბავშვებს, თუ მოზარდმა მათ წინაშე დამადასტურებელი ფაქტი, ვიდეო მაინც არ წარუდგინა. ჩვენ კარგად ვიცით ერთ-ერთი გახმაურებელი საქმე, რომელიც ვანში მოხდა, სადაც სკოლის დირექტორის მეუღლე მძღოლად მუშაობდა და ერთ-ერთ არასრულწლოვან გოგონას სექსუალურად ავიწროებდა. თუმცა ამ გოგონას რომ ეს ყველაფერი არ გადაეღო, არავინ დაუჯერებდა…
_ დიახ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. რამდენიმე თვითმკვლელობის შემთხვევაც იყო, როდესაც გოგონა გახდა ონლაინძალადობის მსხვერპლი და მას არ დაუჯერეს. მშობელმა აქეთ იძალადა და ყველაფერი მის შვილს დააბრალა, ბავშვმაც გამოსავალი ვეღარ ნახა და თავი მოიკლა. ამიტომ პირველ რიგში ჩვენი შვილების უნდა გვჯეროდეს და ყოველთვის სანდო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მათთან. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გასაჭირში მას უნდა ჰქონდეს მშობელთან მისვლის საშუალება და უნდა ენდობოდეს მას, მაგრამ, როგორც წესი, მშობლები არ ენდობიან ხოლმე შვილებს, რადგან ხშირად მოძალადე არის ოჯახის ახლობელი, მეზობელი, ნათესავი, ბიძა… სულ ბოლო შემთხვევის დროს მოძალადე მამა იყო და როდესაც ასეთ სისასტიკეზე ვსაუბრობთ, მოვუსმინოთ მაინც შვილებს, კარგად აგვიხსნან, არ გავკიცხოთ და ისე არ მოვიქცეთ, რომ შემდეგ ბავშვმა საშინელება ჩაიდინოს.
მოზარდმა უნდა იცოდეს, თუ რა ადგილებში შეხება არის ძალადობის პირველი ნიშანი. მარტივად რომ გითხრათ, საცურაო კოსტიუმით რა ადგილებიც არის დაფარული, იმ ადგილებში უცხო ადამიანის ხელის შეხება და თან განმეორებით, არის სექსუალური შევიწროება. ეს რომ არ გადაიზარდოს ძალადობაში, მაშინვე უნდა იყოს ამაზე რეაგირება. აღნიშული ცოდნა მართებს ბიჭებსაც და გოგონებსაც, მაგრამ ჩვენს ქვეყენაში ამის ამოცნობა გვიან ხდება, მოზარდებმა კი არა, დიდებმაც არ იციან ეს ინფორმაცია და ისინი ვერ ხვდებიან, რომ კონკრეტული ფაქტი არის ძალადობა.
_ იმიტომ, რომ არ არის შესაბამისი განათლება არც სკოლებში და არც საზოგადოებაში…
_ აუცილებელია, რომ ეს განათლება ჰქონდეს მშობელს, რომ შემდეგ შვილებს მისცეს რჩევები.
_ შესაბამისად, მივდივართ ერთ მნიშვნელოვან საკითხამდე, რომ აუცილებელია სკოლებში ისწავლებოდეს სექსუალური განათლება? მართალია, მავანს ყურში სხვანაირად ხვდება ეს სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში აუცილებლობას წარმოადგენს ამ საგნის სკოლებში სწავლება.
_ თვითონ ხომ სიტყვა სექსუალური განათლების ეშინოდათ, მაგრამ ახლა ამას აღარ ვამბობთ. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ დანერგოს ჯანმრთელობასთან და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სკოლებში. რომელი მშობელი იქნება წინააღმდეგი, რომ პირად უსაფრთხოებასა და სექსუალური ძალადობის პრევენციაზე ჰქონდეს მის შვილს ინფორმაცია? სახელმწიფო კიდევ მშობლის იმედზე არ უნდა იყოს, ვიღაცა მშობელს გამოსდის ამ რჩევების მიცემა, ვიღაცას _ არა. ნახევარი საქართველოს დედები საერთდ არ არიან ქვეყანაში და ბავშვებს ოჯახის სხვა წევრები ზრდიან. ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ამის გარანტი და დანერგოს ეს ცოდნა საგანმანათლებლო სისტემაში. სხვათა შორის, ამაზე ძალიან კარგი მასალებია მომზადებული, მაგალითად, ექიმის საათის გააქტიურება. ესეც ვითომ უნდა სახელმწიფოს, მაგრამ დანერგვის პროცესი იმდენად არის გაჭიანურებული, რომ მეორე წელია, არაფერი ინერგება, ძალადობის შემთხვევები კი იზრდება და იზრდება. შეაბამისად, სახელმწიფო ცალსახად არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომ ამ მხრივ ჩაერიოს და გააუმჯობესოს სიტუაცია ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, არ ვარ იურისტი, მაგრამ, როგორც ამბობენ, კანონების გამკაცრებაც ძალიან მნიშვნელოვანია პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში _ სასჯელი უნდა იყოს ძალიან მაღალი.

აღნიშნული თემის შესახებ „ქრონიკა+“ იურისტ მარიამ ჩხეიძეს დაუკავშირდა:
_ დავიწყოთ გაუპატიურებით… სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი ეხება გაუპატიურებას. სექსუალური ხასიათის შეღწევა ძალადობით ან მისი გამოყენების მუქარით. 137-მუხლის მე-4 ნაწილი ეხება არასრულწლოვანის გაუპატიურებას, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 15 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ. ანუ აქ მაქსიმალური სასჯელია უვადო თავისუფლების აღკვეთა. ახლახანს იყო ქეისი, რომელიც არ გახმაურდა. 12 წლის ბავშვი, გოგონა, რომელიც შშმ პირია (უსინათლო), გააუპატიურა ოჯახის წევრმა, მამინაცვალმა. რამდენიმე თვის წინ იყო ამ საქმეზე განაჩენი და 19 წელი მიუსაჯეს.
შემდეგი არის სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს ასაკს მიუღწეველთან. ანუ სრულწლოვანმა პირმა 14-15 ან უფრო პატარა ასაკის ბავშვთან რომ დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა, ამ ბავშვის ნებით რომ იყოს, ქმედება მაინც დაისჯება, რადგან 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჰქონდა ურთიერთობა.
ეს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლია: სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, _ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ ვისთანაც ამყარებს ურთიერთობას, არასრულწლოვანია. ამიტომაც გამოიყენება ორივე მუხლში სიტყვათწყობა „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან“.
_ რამდენად აუცილებელია კანონების უფრო გამკაცრება?
_ სისხლის სამართლის 140-ე მუხლის შემთხვევაში კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და 10 წელზე მაღლა უნდა აიწიოს სასჯელი, რადგან იმას მნიშვნელობა არ აქვს, არასრულწლოვნის ნება არის თუ არა აქ გამოხატული, _ არასრულწლოვანი, მიუხედავად მისი განვითარების დონისა, შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ვერ იაზრებდეს. ზოგადად მოსამართლის პრეროგატივაა, თუ რამდენ წელს მიუსჯის, მაგრამ აქ არის მთავარი, რომ მოსამართლე უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სექსუალური განათლება აუცილებელია სკოლებში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ბავშვები არ გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, სკოლის ასაკში იქნება ეს თუ სხვა შემთხვევაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლიდანვე იცოდნენ, რა არის სწორი და არასწორი, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მათ სექსუალურად ავიწროებენ ან როგორ უნდა გაარჩიონ მათ, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, ძალადობა, დაშინება და ა. შ.
როდესაც ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, შეიძლება ის იაზრებს ამას, მაგრამ დუმს, ის ვერ ხვდება, რა სიტუაციაა და მეორე, ბავშვს ეშინია რაღაც შედეგების. აი, ამ პროცესის მაქსიმალურად ლოიალური მიმღებლობა უნდა მოხდეს.