საბედისწერო სახელი _ ხარიპა ამირხანის ასული ბროიანი _ საქართველოს მოქალაქე!

პირადობის მოწმობა ის ერთ-ერთი დოკუმენტთაგანია, რომელიც ადამიანის მოქალაქეობას ასაბუთებს და ძალიან ბევრ პროცედურას განსაზღვრავს.
არსებობს გარკვეული პერიოდები, რა ვადებშიც უნდა იყოს აღებული და განახლებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პირადობის ახალი დოკუმენტის აღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა და ლიბერთი ექსპრესებში.
არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც შეიძლება საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას პირადობის მოწმობის მიღებაზე ან გაუუქმდეს უკვე მოქმედი.
კონკრეტულად, ეს საფუძვლებია:
– დოკუმენტის ვადის გასვლა;
– სახელის ან გვარის შეცვლა;
– მონაცემებში უზუსტობის დადგენა;
– პირის რეგისტრაციიდან მოხსნა (გარდა ელექტრონულისა);
– ემიგრაციაში წასვლა (გარდა ელექტრონულისა);
– გარდაცვალება;
– საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
– შვილად აყვანა (თუ შეიცვალა მონაცემები).
თუმცა ჩვენს რეალობაში არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კუთვნილი პირადობის მოწმობის მიღებას ვერ ახერხებენ გაურკვეველი მიზეზების საფუძველზე.
ქალბატონი ხარიპა ბროიანი ერთ-ერთი ასეთია. მისი შემთხვევა, ერთი შეხედვით, უცნაური და დამაბნეველიცაა.
ეთნიკურად იეზიდი ქალბატონი საქართველოში დაბადებული და გაზრდილია. მიუხედავად რამდენიმეწლიანი ემიგრაციისა, ის მაინც სამშობლოში დაბრუნდა და აქ აპირებს თავის დამკვიდრებას. თუმცა ფორმალობის გამო უკვე მეორე თვეა, სოციალურ პრობლემებს ებრძვის და გაურკვეველი მომავლის მოლოდინში მზადაა, საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს, რათა მისი ბედი სხვებმაც არ გაიზიარონ.
ქალბატონი ხარიპა ბროიანი „ქრონიკა+“-ს თავის ისტორიას უყვება და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ყოველდღიურად ებრძვის:
_ დავიბადე 1952 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში. ჩემი ბებიაც, ბაბუაც და მთელი წინა თაობა აქაა დაბადებული და გაზრდილი. მეც პირველ სამშობიაროში დავიბადე და მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე.
აქამდე ვიცოდი, რომ ხარიპა მერქვა და ამ სახელსაც თავისი ისტორია აქვს. ბებიაჩემი საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე ქალი იყო, ჩადენილი დანაშაულისთვის ის ციხეში აღმოჩნდა, მამაჩემმა კი ამ ამბის გამო ხარიპა დამარქვა, რაც ჩვენს ენაზე შორეულს, უნახავს ნიშნავს.
აქამდე ჩვეულებრივ ვატარებდი ამ სახელს, ყველა ასე მიცნობს, _ მეგობრები ახლობლები, ყველა ჩემს საბუთსა თუ დოკუმენტში სწორედ ამ სახელით მოვიხსენიები, თუმცა ცოტა ხნის წინათ ამ სახელმა იმაზე მეტი პრობლემა შემიქმნა, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეუძლია.
ჩემს პირადობას ამ წლის 10 მარტს ვადა გასდიოდა, პენსიის მისაღებად გადავწყვიტე, ადრევე დამეჭირა თადარიგი და თებერვალში იუსტიციაში შევიტანე განაცხადი პირადობის განახლებასთან დაკავშირებით. ათი დღის ვადაში მომივიდა შეტყობინება, დამიბარეს, მივედი და აღმოჩნდა, რომ პირადობის განახლებაზე უარი მეთქვა. მიზეზად კი ჩემი სახელის ცდომილება დასახელდა. მე მომიხსენიეს, როგორც ხარიფ და არა ხარიპა. ეს ჩემთვის დაუშვებელი და მიუღებელია. თავი რომ დავანებოთ სახელის ცვლილებას, ხარიფ არის მამაკაცის სახელი, სქესთა ცვლილება კი კიდევ ცალკე პრობლემებთან არის დაკავშირებული. სახელის შენარჩუნების სანაცვლოდ 50 ლარზე მეტი გადავიხადე, საერთო ჯამში, 100 ლარზე მეტი დამეხარჯა ამ ფორმალობებსა და პროცედურებში, თუმცა შედეგი არაფერია. ჩემი გასაჩივრება განიხილეს და პირადობის მიღებაზე ისევ უარი მეთქვა.

ამჟამად ქალბატონი ხარიპა ადვოკატთან ერთად არკვევს საქმის ვითარებას და სასამართლოში საჩივრის შეტანამდე ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, რათა მსგავსი უზუსტობები და გაუგებრობები საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც არ შეემთხვეს.
პირადობის არქონა ქალბატონ ხარიპას ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. ის უკვე მეორე თვეა, პენსიისა და სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი და მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით შემოსული მცირე თანხით ირჩენს თავს.

_ მარტოხელა ქალი ვარ, ქვრივი, შვილები არ მყავს, ჩემი ძმისშვილები კარგა ხანია, უცხოეთში ცხოვრობენ. მათაც ბევრი პრობლემა შეექმნათ და იძულებულები გახდნენ, სამშობლოდან წასულიყვნენ. დღემდე მირეკავენ და ჩემი პატარა ძმისშვილიშვილებიც მეუბნებიან, რომ სახლი ენატრებათ და აქ უნდათ დაბრუნება.
მე კიდევ არ მივდივარ. სამი წელია, რაც იტალიიდან ჩამოვედი და მინდა, აქ ვიცხოვრო და ჩემი სიბერე აქ გავატარო.
უკვე 25 წელზე მეტია, რაც დიდუბეში ვარ პრესის გამავრცელებლად. ეს საქმე დიდად მომგებიანი არც არასდროს ყოფილა, დღეს კი, როცა კარგი მკითხველი განსაკუთრებით დეფიციტია, უკვე საერთოდ არაფერი იშოვება ამ საქმით. არადა, დილის ექვსი საათიდან აქ ვზივარ, გაუნძრევლად, ქარში, ყინვაში და თავს ორიოდ კაპიკით ვირჩენ, რომელიც აქედან შემომდის.
პენსიიდან პენსიამდე სწორედ ამ მცირე თანხით გამქონდა თავი. ახლა კიდევ მეორე თვეა, ყველა ანგარიში გამიუქმდა, არც დახმარება მიმიღია და არც _ პენსია. არ ვიცი, რა გზას მივმართო. არადა, უკვე წამლების ყიდვის დროა, რომლის გარეშეც ჩემნაირ დიაბეტიან ქალს არსებობა არ შეუძლია. მედიკამენტების ფასები კი, მოგეხსენებათ, ძვირია. პირადობის გარეშე ბევრ რამეში მეშლება ხელი.

როგორც აღვნიშნეთ, ქალბატონ ხარიპას უკვე მეორე თვეა, კუთვნილი სახელმწიფო პენსია არ მიუღია, რომელიც, წესით, მას თებერვალში უნდა დარიცხვოდა იმდენად, რამდენადაც მის დოკუმენტს ამ დროს მოქმედების ვადა ჰქონდა და არ არსებობდა პენსიის გაუცემლობის სამართლებრივი საფუძვლები. თუმცა მას ბანკში უარი განუცხადეს და აუხსნეს, რომ მისი ყველა ანგარიში დაბლოკილია.
მართალია, დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია, მეეზოვეების ოჯახში გაზრდილს 13 წლიდან უწევდა შრომა და საკუთარი ოჯახისა და ძმის რჩენა, თუმცა ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება პირველად გასულ ორშაბათს ინანა, როცა იუსტიციის სახლიდან სრულიად გაოგნებული და სასოწარკვეთილი გამოვიდა გაუცემელ კითხვებზე პასუხებით და მწარედ იტირა.
ხარიპა წლების განმავლობაში მუშაობდა მაღაზიაში, ფაბრიკებსა და ქარხნებში.
33 წლის ასაკში შეხვდა ცხოვრების მთავარ ადამიანს. მისი და ჯუმბერ მელქაძის სიყვარული ერთი ნახვით დაიწყო და მერე მთელი ოცი წელი ბედნიერად გაგრძელდა.

_ ფრთები მქონდა შესხმული. ქმარი მყავდა გვერდით, საყვარელი ქალი, საყვარელი მეუღლე ვიყავი.
ქეიფი და მოლხენაც მიყვარდა. ხშირად ვთამადობდი კიდეც და ანეკდოტებითაც ვატკბობდი მსმენელს, მაგრამ დღეს ჯანმრთელობა და ამდენი პრობლემა ძალასაც მართმევს და ცხოვრების ხალისსაც. მობიჭოს რომ იტყვიან, ეგეთი გოგო ვიყავი. ფებხურთელებს ვეძმაკაცებოდი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ხშირად მეხუმრებოდნენ კიდეც, რომ მთელ ქალაქს ვიცნობდი.

მანამ, სანამ ქალბატონი ხარიპა გაურკვეველი და ჩახლართული საქმის დეტალების გარკვევას ცდილობს, მას ზედიზედ მოსდის უარის წერილები თბილისის სამოქალაქო რეესტრიდან, რომელშიც ცინიკური სწორედ ისაა, რომ მას მიმართავენ, როგორც ხარიპას.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა მაქვს და საკმაოდ მძიმე ვითარებაში ვარ, მაინც არ ვაპირებ დანებებას და ბოლომდე ვიბრძოლებ. ეს ჩემი უფლებაა და გაჩუმება არ შეიძლება. ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას და რეალობა შევცვალოთ, ვცადოთ მაინც. რაც უნდა მოხდეს, არ წავალ ჩემი სამშობლოდან. დიახ, ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი მიწა, რომელზედაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ უკვე 66 წელია. ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლო და მე აქ მინდა.
P. S. პირველი ცნობა საქართველოში იეზიდების ყოფნაზე 1873 წლის ივლისით თარიღდება. ისინი დევნილებად ჩაბარდნენ რუსეთის იმპერიას და ქურთ-მაჰმადიანებთან ერთად აბასთუმნის რაიონში ცხოვრობდნენ.
იეზიდების პირველი დაკავშირება საქართველოსთან მოხდა 1770 წლის 13 აგვისტოს, როდესაც ასურელმა ეპისკოპოსმა ისაიამ და იეზიდების მეთაურმა ჩობან-აღამ მეფე ერეკლე II-ს თხოვნით მისწერეს, თავი შეეფარებინათ საქართველოში და გაეძლიერებინათ ძალა ოსმალეთთან ბრძოლაში.
ისტორიული წყაროების თანახმად, ამ ეთნიკური ჯგუფის საქართველოში ცხოვრებას უკვე ოთხი საუკუნის ისტორია აქვს.
და სამშობლო რაღაა?
მხოლოდ ზღვა, მთა, მდელო და ლამაზი ცა როდია სამშობლო _ ეს დიდი სიყვარულია, გამოუთქმელი გრძნობაა, რომელიც ზოგჯერ ყელში გებჯინება და სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
სამშობლო ნდობაა, უსაზღვრო რწმენაა და საქმეა, რომელიც ყოველთვის და ყველგან მოითხოვს ერთგულებას, თავდადებასაც _ უმეტეს შემთხვევაში.
და ამ ორი პასაჟის შემდეგ დასკვა თქვენზე მომინდვია…
ხარიპა ბროიანი ამირხანის ასული _ საქართველოს მოქალაქე!

ანა ურუშაძე