რუსუდან ცირეკიძე: „ტრასაზე გაჭედილი მაგნოლიასავით მიგვათრევს რუსი ოლიგარქი იმპერიის უკანა ეზოში ჩასარგავად“

ქვეყანაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერსა და დღეს უკვე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, ქალბატონ რუსუდან ცირეკიძეს:

_ ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთულესი პროცესები გამოიარა. თქვენ, როგორც მხარდამჭერი, აქტიურად იყავით ჩართული პროცესებში. როდის მიხვდით, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა პარტიაში, როგორც საჭირო იყო?

_ 2011 წლამდე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ვყოფილვარ. მთელი ეს პერიოდი, როცა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მშვიდად ვცხოვრობდი, ვიცოდი, რომ ჩემი სამშობლო მტრისგან დაცული იყო, დამოუკიდებლობას არ დავკარგავდით და თუ ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემქურებოდა, ეს ქვეყანა განვითარდებოდა. ისეთ სწრაფ განვითარებას, რაც მაშინ ხდებოდა, აღფრთოვანების მეტი არაფერი არ შეიძლებოდა გამოეწვია ჩემში. მაგრამ ეს აღფრთოვანება, მაშინაც კი, ძირითადად, დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ ადამიანთან, მაშინვე ვხედავდი, რომ ამ ყველაფრის ძრავი იყო ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა კიდეც ეს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი პროცესებიდან ძალდატანებით ჩახსნეს, ეს პარტიასაც დაეტყო. 2012 წელს ვინმეს რომ ეკითხა, როგორი იქნებოდა „ნაცმოძრაობა“, ასეთი მძლავრი პარტია, ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში,

იმას ვერაფრით წარმოვიდგენდი, რაც 2012 წლის შემდეგ ვნახეთ. ეს იყო აჩრდილი იმისა, რაც მანამდე იყო. თუმცა მეც ისევე, როგორც ყველა, იმ 9 წლის მანძილზე,  შეცდომებსაც ვხედავდი, რაც ჩემს ახლობლებსაც შეეხო. მან ვერ შეძლო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. ვხედავდი სხვა რამესაც, ვხედავდი ჩასაფრებულ, გაბოროტებულ, უსინდისო ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ წაფორხილებას ტრაგედიად და პოლიტიკური სპეკულაციის იარაღად აქცევდნენ და მე და ჩემისთანებს საშუალებას არ გვაძლევდნენ, გაგვეპროტესტებინა ის, რაც ნამდვილად გასაპროტესტებელი იყო და ხელისუფლებისთვის დაგვენახვებინა თავისი შეცდომები, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, _ 2012 წელს ხელისუფლება რუსმა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში. როგორც კი მოვისმინე ივანიშვილის პირველივე ინტერვიუ 2011 წელს, მაშინვე გავიფიქრე, დავიღუპეთ-მეთქი და იმ დღიდან ვარ „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. 2012 წელს „ნაცმოს“ არჩევნები არ წაუგია, „ნაცმომ“ წააგო მრავალწლიანი საინფორმაციო ომი რუსულ სპეცსამსახურებთან.

_ რას გულისხმობთ?

_ წლების მანძილზე იქმნებოდა მითები, ადამიანებს მიზანმიმართულად უქმნიდნენ განწყობას, რომ „ნაცმო“ მოძალადეა. ცხადია, შეუძლებელია, რომ ეს რეგიონი რუსული სპეცსამსახურების აქტიური ყურადღებისა და ჩარევის გარეშე დარჩენილიყო. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობდნენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო ომი წავაგეთ და ამის გამო  ახლა უკვე შეიძლება, ქვეყანაც წავაგოთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა პოზა, დაე ილაპარაკონ, დაე, იჭორაონ. ასეთი განწყობა იყო 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. ხელი არ შეუშალეს მაშინდელ ოპოზიციას, რომელიც ზოგი უნებლიე შემსრულებელი იყო სპეცსამსახურების სცენარის, ზოგი ამ სცენარში იჯდა, როლი ჰქონდა მიკუთვნებული და მშვენივრად იცოდა, რასაც აკეთებდა, ამ საინფორმაციო ომს არ შეუშალეს ხელი და ადამიანებს განწყობა შეუქმნეს, რომ „ნაცმო“ მოძალადეა. ციხის კადრები ამ ომის მხოლოდ გარკვეულწილად  გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ეპიზოდი იყო. გახსოვთ, ალბათ, წარწერა  „5“ საკნებზე, ციხის კადრებში. თავიდან ცინიზმად მივიჩნიე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რა ასოციაციურ ჯაჭვსაც ქმნიდნენ საინფორმაციო სტრესისგან მოწყვლადი ადამიანების ცნობიერებაში _ 5=ნაცმოს=ძალადობას…

_ თქვით, „ნაცმომ“ ხელი არ შეუშალა ამ მითების შექმნასო, არც მერე გაუკეთებია რამე მაგ მითების დასანგრევად. ჩვენ იქით, საზოგადოებას ვადანაშაულებთ, რომ მან დაიჯერა ორგანოებით ვაჭრობა, ცოცხით გაუპატიურება. მართლაც საღი გონება და მცირეოდენი განათლებაა საჭირო იმისთვის, იცოდე, რომ ასე არ ხდება ორგანოების ტრანსპლანტაცია, რომ ცოცხი ასე არ შედის უკანა ტანში და თუ შედის, ადამიანი ვერ ისაუბრებს და ა. შ., მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოკლებულია ამ ცოდნასაც და მიხვედრილობასაც, მაგრამ რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან იმთავითვე, ან შემდეგ მთელი 4 წლის მანძილზე? მაყურებელს აჩვენა, თუნდაც, ნახევარსაათიანი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ორგანოების ტრანსპლანტაციაზე, რომ ამ ხალხს ენახა, როგორ ხდება ორგანოების გადანერგვა? ან გამოიყვანა ვინმე პროქტოლოგი და ჰკითხა, შეიძლება თუ არა, რომ ცოცხით გაუპატიურებულმა ადამიანმა ილაპარაკოს? ახლა, არ მითხრათ, რომ ტელერესურსები არ ჰქონდათ…

_ თქვენ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ თემას მიადექით. 2012 წლიდან ეს იყო ჩემი მთავარი პრეტენზია მათთან. მითების დასანგრევად არაფერს აკეთებდნენ. მართალი გითხრათ, ციხის კადრებზე თავიდან ისეთი ისტერიკა იყო, აბსოლუტურად წარმოუდგენელი გახლდათ  ადამიანებისთვის სიმართლის ახსნა. ამიტომ არც გამიკვირვებია, „ნაცმოძრაობა“ რომ დუმდა. შემდეგ ამას დაბნეულობას ვაბრალებდი, ათას მიზეზს ვეძებდი მათი პასიურობის ასახსნელად, მაგრამ დრო გადიოდა და ვხედავდი, რომ პარტია არაფერს აკეთებდა. „ნაცმო“ ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ პროცესების პასიური მონაწილე იყო, „ეფესბეს“ შემოთავაზებულ თამაშში მათივე წესებით თამაშობდა და ყრუ თავდაცვის რეჟიმში სპონტანურად იქნევდა ხელ-ფეხს. ამაზე საუბარი ახლა არ დაგვიწყია, მთელი ეს წლები, მე და ჩემი მეგობრები, ამ თემაზე ველაპარაკებოდით ლიდერებს, დაუსრულებლად ვუსვამდით ერთსა და იმავე კითხვას, რატომ არ სცემთ პასუხი ბინძურ ცილისწამებებს, რატომ არ მუშაობთ იმაზე, რომ  ეს მითები დაინგრეს, რომ მოხდეს „ნაცმოს“ დედემონიზაცია! ვუხსნიდით, რომ არაფერი გამოვიდოდა,  თუ ხალხს არ მოვუხსნიდით ამ ფიქსირებულ ნეგატიურ განწყობას, რომ „ნაცმო“ მოძალადეა.

_ ერთი, რომ არაფერს აკეთებდნენ ამ მითების დასანგრევად, მაგრამ მეორეა, რომც ეცადათ, შეძლებდნენ ასე ფესვგადგმული მითების დანგრევას?

_ დიახ! მოგეხსენებათ, იყო ერთ-ერთი ასეთი მითი, რომ აგვისტოს ომის დროს „ნაციონალები“წითელ ხიდზე გარბოდნენ. როდესაც ამ თემაზე თბილისის ფორუმზე საუბარი წამოიწყეს, ჩვენ, იუზერებმა, არ დავიზარეთ და სათანადო დოკუმენტური მასალა ამოვიღეთ ომის დღეებში გამართულ საპარლამენტო განხილვიდან, ასევე, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასაჯაროებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემები, ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად დავალაგეთ და ჩვენს ოპონენტებს დეტალურად ჩამოვუწერეთ, რომელი თანამდებობის პირი, რომელ რიცხვში, რომელ საათზე გავიდა საზღვარზე და შემოვიდა. ეს იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ საერთოდ შეწყდა იქ ამ თემაზე ლაპარაკი. შემდეგ ეს მასალები გოგა ხაჩიძეს გადავუგზავნე. გოგა ხაჩიძემ თავადაც მოიკვლია დოკუმენტები და დაამატა. შემდეგ ეთერში იჯდა, ბესელია ჰყავდა ოპონენტი, ბესელიაც გააჩუმა და ეს თემაც მოკვდა. ე. ი. შეიძლებოდა, არა, ამ მითის დანგრევა? მაგრამ… გოგა ხაჩიძის ეპიზოდი იყო მეინსტრიმიდან ამოვარდნილი, მეინსტრიმი იყო ის, რომ ამაზე პასუხი არ უნდა გაეცათ. მე, მაგალითად, მთელი ეს წლები დავიტანჯე იმ კითხვაზე პასუხის უქონლობით, რომ ასე ჭკვიან ხალხს რატომ არ ესმის ეს ელემენტარული? ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კედელს ვაყრიდი ცერცვს.

_ ბოლო დროს ეჭვი გაჩნდა, რომ ეს დემონიზაცია-მითოლოგიზაცია, იგივე ბაჩო ახალაიასა და მის „ბალკონზე“ დაბმული მგლების, ასევე მიხეილ სააკაშვილის, გარკვეულწილად, სწორედ მაგ ჯგუფისგან იყო ორკესტრირებული, ვინც თავზე ნაცარს იყრიდა. ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დემონიზაცია მართლაც მათგან იყო ორკესტრირებული და ამიტომაც არ ცდილობდნენ ამ მითების ნგრევას?

_ ბაჩო ახალაია მართლაც დემონის რანგში იყო აყვანილი, მასზე ყველაზე მეტი მითი შეიქმნა. 14 ბრალდებიდან 13 გამამართლებელი განაჩენი ივანიშვილის სასამართლოში და მეთოთხმეტეში მოწმედ ვლადიმერ ბედუკაძე! ბაჩომ თავად დაამსხვრია მის შესახებ არსებული ბინძური მითი და ბრალდებები გააბათილა. თვალსა და ხელს შუა ინგრეოდა მითი ბაჩო ახალაიაზე, მაგრამ ამაზე ყველა დუმდა ანი ნადარეიშვილის გარდა, რომლის ხმა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეს ქვეყნისთვის გასაგები გამხდარიყო.

_ თუმცა, ბოლოს მაინც, ყველამ ყველაფერი გაიგო.

_ დიახ, დროთა განმავლობაში გაიგეს, მაგრამ გაიგეს „ნაციონალური მოძარობის“ დაუხმარებლად, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს მითი დანგრეულიყო. მე თავიდანვე მიჩნდებოდა კითხვა, მითი ინგრევა და რატომ არ ეწევა „ნაციონალური მოძრაობა“ ამის პოპულარიზაციას? თუნდაც რატომ არ იყენებდნენ იმისთვის, რომ  ხალხისთვის ეჩვენებინათ, აი, ესეც თქვენი მთავარი დემონი, ხომ ხედავთ, ყველაფერი ტყუილი და შეთითხნილი ყოფილა? ამ ადამიანებს ეს ხომ განაწყობდა, სხვა მითებისთვისაც ეჭვით შეეხედათ? რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, სააკაშვილი იყო ლიდერი და როგორც პოზიტივი, აღმშენებლობა, ისე მთელი ნეგატივი, რაც ენმ-ს წინააღდეგ დაგროვდა, სპეცსამსახურების შეთითხნილი, თუ ობიექტურად არსებული შეცდომების გამო, ყველაფერი აიწება მიხეილ სააკაშვილმა. „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული მითოლოგია გაექარწყლებინა. ეს არ მოხდა, პირიქით… ამ თემაზე ვფიქრობდი და მუდმივად ამ თემაზე ვლაპარაკობდი 2012, 2013, 2014, 2015 წლებში, დაუსრულებლად ვსვამდი შეკითხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი, კედელს ველაპარაკებოდი… მეგობრები დამცინოდნენ, ცერცვი თუ შემოგელია, შემოგაშველებთო.  მიკვირდა, როგორ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ მითების დანგრევისა და „ნაცმოს“ რეაბილიტაციის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ძალიან კარგად მახსოვს სერიოზული კამათი ერთ-ერთ ლიდერთან. გვეუბნებოდა, _ ესენი მაინც გაფარჩაკდებიან, ეკონომიკური პრობლემები წამოვა წინ და ამ ეკონომიკური პრობლემების გამო შეიძულებენ „ქოცებს“, ბიძინას. ვეუბნებოდით, რომ დიახ, ასეა, მაგრამ ეკონომიკურ პრობლემებზე ასეთი აქცენტირება და ამაზე ძვირფასი სატელევიზიო დროის ხარჯვა არ იყო საჭირო, რომ ხალხი მათ გარეშეც, თავადაც მშვენივრად ხვდება, როგორ ანგრევს ეკონომიკას ქოცხელისუფლება, ლარის კურსი რა დღეშიცაა, ყოველდღე ხედავს სავალუტო ჯიხურის აბრაზე, გრძნობს საკუთარ ჯიბეზე, ამ თემებს მედია აშუქებს. ხალხი ამ ხელისუფლების ნამდვილ სახეს ხედავს. ქუჩაში რომ ადამიანი გააჩერო, „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ლიდერზე უკეთესად ჩამოგითვლის ყველა იმ დანაშაულსა და უბედურებას, რაც ივანიშვილმა დამართა ქვეყანას, მაგრამ იქვე მოგიბრუნდება და გეტყვის, რომ „ნაციონალები“ მაინც არ უნდა, რომ „ნაციონალები“ მაინც ვერ მობრუნდებიან. არ შეიძლება, დამიანს დაუსრულებლად ის უჩიჩინო, რომ უჩემოდ, აი, რა გაჭირვებაში ხარ.

_ მოგიტრაილდება და გეტყვის, კი მიჭირს, მაგრამ შენ მაინც არ მინდიხარო.

_ ამბობდნენ კიდეც და მუდმივად ვაწყდებოდით ამას. არ უნდა იმიტომ, რომ მათ ცნობიერში, ქვეცნობიერში ჩამჯდარია სპეცსამსახურების მიერ წლების მანძილზე ნამუშევარი, რომ ნაცმოძრაობა არის „დემონების“, სისხლისმსმელების ბანდა. ვუხსნიდით, რომ თუ „ნაცმოს“ რეაბილიტაცია არ მოხდებოდა, „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირება არ კონვერტირდებოდა „ნაცმოს“ მხარდამჭერთა ზრდად, რომ თუ ხანგრძლივი ზემოქმედებით შექმნილი ფიქსირებული ნეგატიური განწყობა არ დაინგრეოდა, თუ ხალხი არ დაინახვდა და არ დაიჯერებდა, რომ ის, რაც მათ წლების განმავლობაში ნაცმოზე ესმოდათ მითები და ლეგენდები იყო, არც მოუსმენდნენ მათ. მიკვირდა, ეს ჭკიანი ხალხი როგორ ვერ ხვდებოდა ამას, მაშინ მიმაჩდა, რომ ეს იყო შეცდომა, დღეს უკვე, ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო მიზანდასახული პოლიტიკა. ახლა მე ჩემი თავისაც მიკვირს, როგორ ვიჯერებდი, რომ ასეთი ჭკვიანი ადამიანები, ესეთი ბეცები იყვნენ? მოკლედ, არაფერს აკეთებდნენ მითების დასანგრევად, საერთოდ გაურბოდნენ ამ თემას. შემდეგ ეს შეიცვალა უარესით – თავზე ნაცრის დაყრის საყოველთაო კამპანიით, რომელიც დაიწყეს და აღარ დაამთავრეს. ყველაფერზე ბოდიშებს იხდიდნენ! დახურულ ჯგუფშიც ვწერდით, პირადადაც ვეუბნებოდით, აღარ გამოგელიათ „ნაცარი“? გასაგებია მოილაპარაკეს, მოდი, ბოდიშები ვიხადოთ, იქნებ, ხალხს გული მოვულბოთო, მაგრამ… არ შეიძლება, ასეთ ჭკვიან ადამიანებს არ სცოდნოდათ, რომ თუ ბოდიში გულწრფელი არაა, როგორც არ უნდა შეფუთო, ადამიანები ამას გრძნობენ. ხომ აღმოჩდა, რომ ხალხს არ სჭირდებოდა ეს ბოდიშები?  ჩვენ, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, გაოგნებული ვიყავით და ვეკითხებოდით, რატომ იხდით ყველაფერზე ბოდიშს, აღიარეთ შეცდომები იქ, სადაც მართლა შეცდომა დაუშვით, მაგრამ ნუ დანებდებით იქ, სადაც მართლები ხართ. იმის გამო ვჩხუბობდით, რომ ოლიგარქის მართულ,  ქვეყნის მიზანდასახულად დამანგრეველ ხელისუფლებას უნიათო ბრიყვების იმიჯი დაუმკვიდრეს. ვაპროტესტებდით, რომ იმ ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, არ უნდა იქცეოდეს განვითარებული ევროპული ქვეყნის ოპოზიციის მსგავსად, რომელიც თავის ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ტაქტიკურ საკითხებზე ედავება. ჩვენ არ ვართ განვითარებული ევროპული ქვეყანა, არ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ჰყავთ და ოპონირებაც არ გვჭირდება ქვეყნის მართვის მოდელებსა და სტანდარტებზე. ჩვენ ოპონირება გვჭირდება იმაზე, რომ ეს ქვეყანა ლანგარზე დადებული არ მიართვან რუსეთს! იმაზე, რომ ეს ქვეყანა არ გააღატაკონ, არ დააქციონ, არ დაამშიონ და ასეთი გაუბედურებული, დაჩოქილი არ მიუთრიონ და არ დაუგდონ პუტინს, როგორც მორიგი გადასაყლაპი ლუკმა! ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ და არ შეიძლება, ამ ბრძოლაში მოიქცე ისე, როგორც ევროპული ქვეყნის სტანდარტული ოპოზიციური პარტია. მე ეს მაგიჟებდა, მდგომარეობიდან გამოვყავდი, მაგრამ ისევ გიმეორებთ, ამ თემაზე ლაპარაკისას ვაწყდებოდით კედელს. ვეკითხებოდით, _ ხომ ხედავთ, ქვეყანა საით მიექანება, სად მიჰყავს რუს ოლიგარქს? გვპასუხობდნენ, _ ბიძინა არაა რუსეთის ინტერესების შეგნებული შემსრულებელი,  უბრალოდ, რუსეთისა და ივანიშვილის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთსო… ეს, ჯერ კიდევ, 2012 წელს მითხრა ერთ-ერთმა ლიდერმა, შემდეგ სხვამაც გაიმეორა. მივხვდი, რომ ეს იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფის ნარატივი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე არ ფიქრობს, არც ფიქრობდა და არც არასოდეს უფიქრია… ვერც ამას ვხსნიდი ვერაფრით… უამრავი შეკითხვა დაგროვდა, მაგრამ ამ ყველაფერს იმ იმედით ვითმენდით, რომ იქნებ, მოვიგოთ 2016 წლის არჩევნები, რომ ჩამოსულიყო მიშა და ეს ყველაფერი დაელაგებინა.  იმიტომ კი არა, რომ მე ბელადომანი ვარ, ან სექტანტი ვარ, ან მიხეილ სააკაშვილის ბიუსტები და სურათები მიდევს სახლში, ჩვეულებრივად დავინახე, მთელი ამ 9 წლის შემოქმედიც მიშა იყო და მიშას გარეშე მართლა არ ვვარგებულვართ, უბრალოდ…

ჯერ კიდევ 2015 წლიდან მოვითხოვდით კარდაკარ სიარული დაეწყოთ, ადამიანებთან შეხვედრები, მოვითხოვდით, გულახდილად შეეღოთ ყველა სახლის კარი და გულწრფელად დალაპარაკებოდნენ ადამიანებს. იმიტომ, რომ მითებს არ ანგრევდნენ და აღარც იყო ამის დრო და არც დებატების რეჟიმი მუშაობდა.

_ რა თვალსაზრსით?

_ იმიტომ, რომ რთულად ლაპარაკობენ, მათი ლექსიკა საკმაოდ რთული აღსაქმელია უბრალო ადამიანებისთვის. „ნაცმოძრაობიდან“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობდა ხალხისთვის გასაგებ ენაზე. დანარჩენი თავისნაირებს ელაპარაკებოდა, ამიტომაც ვხედავდით ერთადერთ გამოსავალს კარდაკარ სიარულში, რომ ხალხთან მისულიყვნენ, დაენახათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, დემონები არ არიან, კუდები და რქები არ აქვთ, მათსავით სწყინთ, სტკივათ, უხარიათ,  თბილებიც არიან, მეგობრულებიც, მართლაც ასეთები იყვნენ, ხომ მქონდა მათთან პირადი ურთიერთობა. ყოველ თვე გვესმოდა დაპირება, რომ შემდეგი თვიდან ვიწყებთ კარდაკარს… პარტიამ რომ საშველი არ დააყენა, ნიკა მელიამ თვითონ დაიწყო სიარული, შემდეგ სხვებმაც დაიწყეს, მაგრამ ეს იყო ძალიან გვიან. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. ბევრად ადრე უნდა დაეწყოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ არც უნდოდათ გამარჯვება. მივედი კიდეც  პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, მასთან კონფიდენციალური საუბარი მოვითხოვე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ვეჭვობ, თქვენ არ მუშაობთ 2016 წელზე, თქვენ მუშაობთ 2020 წელზე. იმის წარმოდგენაზე, რომ საერთოდ მოგებაზე არ მუშაობდნენ, ფანტაზია არ მეყო…

_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ენმ მთელი ამ 4 წლის მანძილზე საერთოდ არ უსმენდა აქტიურ მხარდამჭერებს?

_ გვისმენდნენ, მაგრამ იგივეს აგრძელებდნენ… ჩვენი ჯგუფისთვის (საუბარია მხარდამჭერთა ჯგუფ „დნეპრდალეულებზე“, _ რ. შ) ამ გაგებით პარტია ნამდვილად არ იყო ჩაკეტილი, ოღონდ ეს ჩვენ მოვდიოდით მათთან და არა _ პირიქით. პარტია ერთპიროვნულად იმართებოდა, მაგრამ ეს  მმართველი მიშა არ იყო. ამ უსიამოვნო აღმოჩენას ბევრად უსიამოვნო პროცესი მოჰყვა _ მიშასგან გამიჯვნის პროცესი დაიწყო, ჯერ შეფარვით, შემდეგ უკვე აშკარად. თავიდან უარყოფდნენ, კონსპიროლოგიისა და შეთქმულების თეორიის მიმდევრობას გვაბრალებდნენ, შემდეგ „აგვიხსნეს“, რომ ეს შუაშისტების ხმების მოსაზიდად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ შუაშისტებს მიშა არ უყვართ. გამაოგნებელი არგუმენტი იყო. კი მაგრამ, თუ ამ მითიურ შუაშისტებს მიშა ასე სძულთ, ბოკერია უყვართ? გივი თარგამაძე? გოგორიშვილი? თარხნიშვილი? მით უმეტეს, რომ „ნაცმოს“ მიმართ ადამიანების სიძულვილი თავდაპირველად სწორედ მათი ცინიზმით იყო გამოწვეული.

ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ბოკერია ტელევიზიის ეკრანებს მოაცილეს, იმიტომ რომ ხალხში ყველაზე მეტი აგრესია, მის მიმართ იყო. თუ მიშა უნდა ჩახსნილიყო, მაშინ, ამავე ლოგიკით, მიშასთან ერთად უნდა ჩახსნილიყო ყველა ძველი სახე და მხოლოდ ახლები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი რისთვის აძლევს „ნაცმოს“ ხმას? 9-წლიანი აღმშენებლობისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც დაკავშირებულია ეს 9-წლიანი აღმშენებლობა. აქ არის მიშაც, ბოკერიაც და ყველა, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო. ვეკითხებოდით, _ თუ ამ პოზიტივის მთავარ შემოქმედს, სააკაშვილს ჩახსნით „ნაცმოძრაობას“,ვინღა მოგცემთ ხმას და რისთვის? თუ ყველა „ძველი სახე“ ბუჩქებში უნდა გადაიმალოთ, მაშ, ვისღა მისცემენ ხმას? ოთოს და ელენეს? და რისთვის? კარგი, ვთქვათ, გაგიჟდა ხალხი, დაიჯერა ეს და აირჩია ეს ახალი სახეები და მოხვედით ხელისუფლებაში, მერე ბუჩქებიდან უნდა გამოხვიდეთ და ჭიტა დაუძახოთ? ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ და ყველას მაგივრად, გაუგონარი ცინიზმით და ქედმაღლბოთ, მათი სპიკერი სოცქსელებში, თამარ ჩერგოლეიშვილი გვპასუხობდა. ამ პერიოდის გახსენებაც არ მინდა, ისეთი სამარცხვინო იყო ის კამპანია, რასაც ეს ქალბატონი აწარმოებდა. ეს იყო გაუგონარი ზიზღი და სიძულვილი ხალხის მიმართ. თვეების მანძილზე ლანძღავდა „ნაცმოს“ მხარდამჭერებს. ჯოგი, ორკები, ბანდერლოგები, ტოქსიკური ბალასტი, _  მისი ტერმინებია. არავინ მოგატყუოთ, რომ ამას მხოლოდ იმას ეძახდა, ვინც მას მოღალატეს უწოდებდა. მე ნამუსგარეცხილი მიწოდა იმის გამო, რომ ის მხარდამჭერები დავიცავი, ვისაც ამ საშინელი სიტყვებით ლანძღავდა. ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა ამომრჩეველთან, მხარდამჭერთან ასე საუბარი. არჩევნების შემდეგ მისი ლექსიკით ალაპარაკდა მთელი ლიდერშიპი.  „გამიჯნულები“ სექტანტებს, მართულებს, ჯოგს გვიწოდებდნენ და პოლიტსაბჭო მსოფლიო პოლიტიკის ნოუ ჰაუს ქმნიდა _ საკუთარ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს გმობდა დადგენილებით. ამის პარალელურად რას ვიღებთ სააკაშვილისგან? სრულიად კონტრასტულ  განცხადებას, _ თუ თქვენ მეტყვით, რომ მე უნდა გავიწიო, თუ თქვენ მე არ გჭირდებით, მე გავიწევი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. „ნაცმოს“ მხარდამჭერები აპროტესტებდნენ კიდეც, _ რატომ არ ამბობს მიშა არაფერსო? მიშა ელოდებოდა, ჩვენ რას ვიტყოდით. როცა დაინახა, რომ მას მხარდაჭერა აქვს და იმ 500 ათასი მხარდამჭერიდან 99% ნამდვილად მისი მხარდამჭერია, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა და ისიც აბსოლუტურად გაწონასწორებულად. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ისეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ეპითეტს, ისეთ ლანძღვას, მისი ყოფილი თანაპარტიელების, და თანაგუნდელების მიმართ, რაც მათგან მიშამ მიიღო, სრულიად დაუმსახურებლად და უსამართლოდ. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილია ამ პარტიის ლიდერი და დიახ, ის სჭირდება პარტიასაც და ქვეყანასაც. ახლა უკვე გამოჩდა, ახლა უკვე ყველამ იცის, რისთვისაც ხდებოდა ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო, რომ შეკვეთა იყო ასეთი, რომ მიშა უნდა მოეცილებინათ, ეს იყო პუტინისა და ბიძინას შეკვეთა. მიხეილ სააკაშვილია მათთვის საფრთხე, თორემ ეს პარტია არ იყო საფრთხე, კომფორტული ოპოზიცია იყო და ბევრად უფრო კომფორტული უნდა გამხდარიყო 2016 წლის შემდეგ. ამას აღვუდექით წინ, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. თუ ოდნავ მაინც რაიმე ხინჯი მქონდა მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით, ყველაფერი გაბათილდა _ მთელ ამ ისტორიაში ერთადერთი ის და მისი ერთგული თანამებრძოლები იქცეოდნენ ღირსეულად, როგორც პოლიტიკოსები და როგორც ადამიანები.

ვერასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი არამცთუ პოლიტსაბჭოში, არამედ პარტიის აქტივისტადაც კი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი ამ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოებასთანაა, მაგრამ ჩემთვის უდიდესი პატივია ის ნდობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა გამომიცხადეს. მე ველოდები, რომ ახალი პოლიტსაბჭო აქტიურად  იმუშავებს იმაზე, რომ ხალხმა, ბოლოს და ბოლოს, ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ სიმართლე გაიგოს, ყველა შეცდომას და დანაშაულს თავისი კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ასევე კონკრეტული ადრესატი ჰყავს ყველა მითს. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, და როცა დამთავრდება ყველამ უნდა დაინახოს, ვინ რა დააშავა, ვის რა შეეშალა და ვის რა დააბრალეს იმისთვის, რომ ხალხის ნდობა დაეკარგა.

_ პარტიის ყრილობიდან თითქმის თვე გავიდა, საზოგადოება აქტიურ ნაბიჯებს ელოდება, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ.

_ „ნაცმოძრაობა“ მკაცრი ვერტიკალით იმართებოდა, რაც იცვლება ჰორიზონტალური მენეჯმენტით. პარტიამ უნდა დაიბრუნოს სახელწოდების შესატყვისი  შინაარსი _ ჭეშმარიტად სახალხო და ნაციონალური მოძრაობა. პარტია კარს უღებს მხარდამჭერებს. ცხადია, ეს აეროპორტის ტრასაზე მდგარი შენობის კარის გაღებას არ ნიშნავს, ნიშნავს იმ სტრუქტურების, მექანიზმების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მხარდამჭერთა აქტიურ ჩართულობას. ამ მექანიზმის შექმნას დრო სჭირდება, ეს ყველაფერი დასალაგებელია და ამან გამოიწვია, რასაკვირველია, რაღაც დროის გაწელვა. ეს არ არის ის ლეთარგია, რაც 2012-დან 2016-მდე იყო. აღარ არის მშვიდი კაბინეტები, მშვიდი საუბრები, ყავის სმები, პარტიაში ყველაფერი დუღს, უბრალოდ, ეს გარეთ არ ჩანს, მაგრამ ყველა ძალიან მალე დაინახავს. პარტიას დღეს მართავს ჭკვიანი, მოტივირებული, რაც მთავარია, წესიერი ადამიანების გუნდი, რომლებსაც სწორი ხედვა აქვთ მიმდინარე პროცესებზე და მტკიცე გადაწყვეტილება _ ეს ქვეყანა დააბრუნონ განვითარების, აღმშნებლობის გზაზე. წინ სერიოზული ბრძოლაა. დრო არ ითმენს, ჩვენ დღეს დამოუკიდებლობას ვკარგავთ.

„ქრონიკა+“-ის საშუალებით მინდა, ჩვენს ხალხს მივმართო: ჩემო საყვარელო ხალხო, მოგატყუეს, მწარედ, დაუნდობლად, ცინიკურად. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და აღიარეთ, რომ ეს ასეა. მოგატყუეს არა მხოლოდ იმაში, რომ ციურ მანანას გპირდებოდათ მილიარდერი, მოგატყუეს „ნაცმოს“ შესახებ _ შეცდომები ყველა ხელისუფლებას ჰქონია და ექნება, დანაშაულიც ჩაუდენიათ „ნაცმოს“ ხელისუფლებაში ყოფნისას _ ყველა ამ დანაშაულს კონკრეტული ავტორი ჰყავს, მაგრამ, ის  რასაც თქვენ გიყვებოდნენ და გეუბნებოდნენ „ნაცმოს“ შესახებ, სპეცსამსახურების მითოლოგიაა „ნაცმოს“ დემონიზებისთვის შექმნილი. სახელმწიფო სტრუქტურები ინფილტრირებულია რუსული აგენტურით _ მტრის ჯაშუშები ამნისტიით გამოუშვეს; პატრიოტ სპეცრაზმელებს დევნიან და კლავენ; რუსეთს საიდუმლო სამხედრო ბაზებსა და ინფორმაციაზე წვდომა აქვს; სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცებს მტრის საჯიჯგნად იმეტებს!!! სასამართლო და მოსამართლეები შანტაჟისა და ზეწოლის ობიექტი გახდა; თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ ფორპოსტს _ „რუსთავი 2“-ს დახურვა ემუქრება; საზოგადოებრივ მაუწყებელში ენით აუწერელი კოშმარი ტრიალებს; „გაზპრომს“ ხელებაწეული ჩავბარდით; ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებენ; აფხაზეთის რკინიგზას ხსნიან და უკვე იმდენად გათავხედდნენ, კონფედერაციაზეც კი აჭიკჭიკდნენ, რაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს და ამ დროს ოლიგარქი გიგანტურ ხეებს თხრის და საკუთარ სამფლობელოში მიათრევს; იცით, ვინმემ, რამხელაა ეს სამფლობელო? რა ფართობის მიწებსა და რა ქონებას ფლობს უკვე ოლიგარქი საქართველოში? მიშას სუშს და პალტოებს რომ უთვლიდით, ვინმემ   დათვალა ის, რაც ამ ოთხ წელიწადში მიიტაცა ოლიგარქმა? ის ტრასაზე გაჭედილი მაგნოლიაა დღეს ჩვენი ქვეყნის სიმბოლო, ამ ხესავით მიგვათრევს რუსი ოლიგარქი საძულველი  იმპერიის უკანა ეზოში ჩასარგავად. გამოფხიზლდით, გთხოვთ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.

 

რეზო შატაკიშვილი