რუსეთის როლი საქართველოს ეკონომიკაში

ქვეყნის ოკუპანტი რომ ჩვენს ტერიტორიაზე უფრო და უფრო მყარად იკიდებს ფეხს და მეტიც, საკუთარ ქვეყანაშივე რომ დაუცველობის განცდას გიჩენს, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური მოვლენა არ არის. მიუხედავად ამისა, ის ეკონომიკური ურთიერთობა, რაც ქვეყნის დამპყრობელთან გვაქვს, უფრო და უფრო, მყარდება და საქმეც ისაა, რომ მათი ბაზარი საკმაოდ მომგებიანია ჩვენი ქვეყნის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისთვის. მიზეზი რამდენიმეა და უმთავრესი კი ერთი _ ქართული დაბალხარისხიანი საქონელი კონკურენციას ვერ უწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ანალოგიური სახეობის პროდუქციას, ამ დროს კი მისი რეალიზების საშუალებას რუსეთის ბაზარი იძლევა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის იანვარ-ივნისის საქონლით საგარეო ვაჭრობის მონაცემებში ნათლად ჩანს, რომ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სამეულში რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს:

„2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არის: თურქეთი (731.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ აშშ დოლარი)“.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2017 წლის იანვარ-ივნისის ექსპორტის მიხედვით არის: თურქეთი 105 608.8, აშშ დოლარი,  ჩინეთი 89 478.9 აშშ დოლარი და კვლავ რუსეთი _ 82 299.6 აშშ დოლარი.

ე. ი. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნის დამპყრობლის ბაზარი.

ეკონომიკის ექსპერტები ცალსახად თანხმდებიან რუსული ბაზრის გავლენასა და მნიშვნელობაზე, თუმცა ნაწილი მათგანი მიიჩნევს, რომ ნელ-ნელა შესაძლებელია ამ მნიშვნელობის შემცირება, თუ, რა თქმა უნდა, ქართული პროდუქციის ხარისხი ამაღლდება და საერთაშორისო სტანდარტს მიუახლოვდება.

ჩნდება კითხვა, _ სად გადის ზღვარი ქვეყნის ღირსების დაცვის, მტერთან სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნებისა (საჭიროებიდან გამომდინარე) და ეკონომიკის განვითარების ფაქტორებს შორის?!

 

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ რუსული ბაზარიც ერთგვარი გარიგებაა _ თუ შედიხართ რუსულ ბაზარზე, სამაგიეროდ, უნდა დათმოთ სხვადასხვა ისეთი ფაქტორი, რაც მიუღებელია, ზოგადად, საქართველოს მოქალაქისთვის. აქ პოლიტიკური ფაქტორები იწევს წინ. გარდა ამისა, ის არასტაბილურია, _ როდის აკრძალავენ ან გამოგაძევებენ ამ ბაზრიდან არავინ იცის და, ზოგადად, იგი რისკის შემცველია.

გაცილებით უფრო დიდი ბაზარია ევროკავშირის, ამერიკის, ჩინეთის. მსოფლიო ძალიან დიდია და ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება გასვლა. კონკურენტუნარიანი საკვებისა და პროდუქციის დამზადება _ ჩვენი პრობლემა სწორედ ესაა. ცოდნის დეფიციტი გვაქვს და ამ ფონზე, მსოფლიო ბაზარზე შესვლა, რა თქმა უნდა, მარტივი არაა, იქ დიდი კონკურენციაა და ძალისხმევა სჭირდება. განსაკუთრებით შრომა და ახალი ტექნოლოგიების ცოდნაა საჭირო. ამას კი ვერ ვაკეთებთ, ისევ და ისევ, ცოდნის დეფიციტის გამო.

რა ხარისხის პროდუქციაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მისი რეალიზაცია ყველაზე მარტივია რუსულ ბაზარზე. წარსული პერიოდიდანაც რუსულ ბაზარზე შეგვეძლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა, ეს იყო ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, თუმცა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება. საჭიროა ახალი ტექნოლოგიები და ფართო ბაზარზე გასვლა, საიდანაც, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ შემოსავლებს მივიღებდით. მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ მთავარი პრობლემა _ ცოდნის დეფიციტი იჩენს თავს და ამის გამო ვერ ვახერხებთ სხვა ბაზრებზე გასვლას.

 

რომან გოცირიძე _ ეკონომისტი:

_ მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა ყოველთვის  მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ ის ტრადიციული სავაჭრო პარტნიორია, სადაც ქართული საქონელი ისედაც ცნობილია, თუნდაც, საბჭოთა პერიოდიდან. რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ოღონდ ბოლო 25 წლის მანძილზე დავინახეთ, რომ ეს არასტაბილური ბაზარია, _ რუსეთში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდება მძიმე ფინანსური კრიზისები და ეს გავლნას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე, ბაზრებზე და ამიტომ მთავარი ორიენტირი უნდა იყოს არა რუსეთის, არამედ მსოფლიოს ბაზარი, სავაჭრო არეალი უნდა იყოს დივერსიფიცირებული და სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი ლიბერალური პოლიტიკა. დღეს მთელი მსოფლიო აქეთკენ მიდის. უკვე ღია სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან: რუსეთთან, თურქეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, სულ მალე ჩინეთიც გახნილი იქნება ჩვენთვის და პირიქით. ასე რომ, ჩვენ ამ გლობალური ვაჭრობის სფეროში ვერთვებით და ბუნებრივია, ამ შემთხევაში რუსეთის ხვედრითი წილი ნელ-ნელა იკლებს _ ასეც უნდა იყოს! ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის სეგმენტი, რომელიც მომგებიანია, მაგრამ რისკების ზრდიდან გამომდინარე, მხოლოდ მასზეც არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რათა ამან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

რაც შეეხება ინვესტიციებს, რუსული ინვესტიცები საქართველოში ბუნებრივი აირის ნაწილში დაუშვებელია, ამ სეგმენტში სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ თუკი რუსი ბიზნესმენი კახეთში ვენახს მოაშენებს, ქარხანას გახსნის და საექსპორტოდ გაიტანს, ამაში ცუდი არაფერია, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა სფეროში, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო იქ, სადაც საფრთხეა, მაგალითად, სამხედრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: ნავსადგურები, გზები, პორტი და ა. შ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კავშირი მასთან უნდა შეწყდეს.

როგორც წესი, რუსეთის ბაზარი აფუჭებს საქონლის ხარისხს, იმიტომ რომ ბაზარი დიდია, ტევადი და იქ უხარისხო საქონლის რეალიზება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა დანარჩენ ბაზრებზე. წლების განმავლობაში რომ არ გადიოდა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, ერთი მხრივ, ეს ფინანსური დანაკარგი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან კარგი გახლდათ _ საქართველოში ღვინის წარმოების ახალი კულტურა ჩამოყალიბდა, მანამდე საქართველოში იყო საბჭოთა ფალსიფიკაციისა და გაყალბების გადმონაშთი და, რეალურად, ორიენტირებული იყო უგემოვნო მომხმარებელზე, ასე რომ, ამ ემბარგომ უდიდესი როლი ითამაშა შემდეგში ღვინის ხარისხის განვითარებასა და დახვეწაზე.

ჩვენ კონკურენციით უნდა შევძლოთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გასვლა, რაც ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, რადგან ხარისხიანი ღვინოებიც ძალიან იაფია იქ, მაგრამ საქართველოს შეუძლია კონკურენციის გაწევა თავისი უნიკალური ჯიშებით, მას ყოველთვის ექნება თავისი ორიგინალური ნიშა თავის სეგმენტზე და კარგია, რომ ნელ-ნელა, ამ მიმართულებით, პოპულარიზაცია ხდება. არ არის საჭირო რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდება.

რაც შეეხება ბოლო წლების რუსეთთან ურთიერთობას, საქართველოში რუსეთიდან რამდენიმე მილიარდის საქონელი შემოვიდა, ამიტომ საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბალანსი უარყოფითია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ფული გადის პროდუქციის შესაძენად, ვიდრე შემოდის, ამიტომ რუსეთის საყვედურები, თითქოსდა ქართული ექსპორტი რუსეთს ელოდება და ამას საკუთარ უპირატესობად იწერენ, არასწორია!   მას შემდეგ, რაც ემბარგო მოიხსნა, ქართულ ექსპორტთან ერთან კიდევ უფრო გაიზარდა რუსული იმპორტი, რის შედეგადაც რუსეთი უფრო მეტ სარგებელს ნახულობს საქართველოსთან ვაჭრობით, ვიდრე პირიქით. ასე რომ, ის დემაგოგიური საუბრები, თითქოსდა ამათი ბაზარი მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის და შემდეგ ეს პოლიტიკურ კონტექსტში გადაჰყავთ, რეალურად საქართველოსთვის არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ თბილისის სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:

_ ჯერ ერთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი, იგი, პრაქტიკულად, ფასდაუდებელია ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დიდი მოცულობის ბაზარია და მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთის ბაზრის ათვისებას.

ამ შემთხვევაში ჩვენთან ამ ყველაფერს, რასაკვირველია, პოლიტიკური ფაქტორები უშლის ხელს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკის გაძლიერებაზე! ძირითადად ეს ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელიც ძალიან მოთხოვნადია  უშუალოდ რუსულ ბაზარზე. არაფერს ვამბობ მეღვინეობაზე, ანუ რეალიზაციის თვალსაზრისით ყველაზე ნაკლები დანახარჯები შეიძლება რუსეთთან მიმართებით იყოს. ამ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების ტემპი შეიძლება გაცილებით უფრო მაღალი იყოს, თუკი რუსულ ბაზარზე ავიღებთ ორიენტაციას.

რეალურად ამბობენ, რომ რუსეთთან ურეთიერთობა რისკების შემცველია, რადგან იქ შეიძლება ემბარგოს ხელახალი შემთხვევა დაფიქსირდეს, მაგრამ, პირველ რიგში, ალბათ, პოლიტიკური ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. იგივე ტურიზმის მიმართულებით რომ შევხედოთ, ყველაზე დიდი ნაკადი რუსეთიდან მოდის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ბერკეტი.

რაც შეეხება ბაზრის საერთო დივერსიფიცირებას, დიახ, ეს პოზიტიური მომენტია, მაგრამ მოთხოვნილების თვალსაზრისით, რასაკვირველია, გაცილებით პერსპექტიულია რუსული, ვიდრე ჩინეთის ბაზარი, იგივე ჩვენი საექსპორტო პროდუქციისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ რიგში მას უნდა დაეთმოს ყურადღება.

თუ ემბარგოს ხელახალი ფაქტიბა, ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით.

ეკონომიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველ რიგში პოლიტიკური საკითხები უნდა მოწესრიგდეს, რომ ემბარგოს საფრთხე, არასტაბილურობა და სხვა რისკები მოიხსნას. გაბუტულ პოზიციაში ყოფნა არავის მოუტანს სარგებელს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს ასეთ პოზიციაში ყოფნის უფლებას. პირველ რიგში, აქტიური მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, ეს არის ჩვაულებრივი დიპლომატიის მომენტი და ამ ურთიერთობის განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი.

 

ლია ელიავა _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ როდესაც რუსულ ბაზარზე ვიწყებთ ლაპარაკს, აქ საუბარი არ არის მომგებიანობაზე. საქართველოსთვის რუსული ბაზარი არის გადარჩენის ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი(!) და რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში, ჩვენს პროდუქციას ყოველთვის ექნება გასავალი რუსეთის ბაზარზე, განსხვავებით სხვა ქვეყნების ბაზრებისგან, რომლებიც, პრინციპში, გაჯერებულია კონკურენტული მოთამაშეებით და ახალი მოთამაშის შემოსვლა უაღრესად რთულია. ამ თვალსაზრისით რუსული ბაზრის დაკარგვა საქართველოს მხრიდან არაგონივრული ნაბიჯია.

დააკვირდით, ის ქვეყნებიც კი, რომლებთანაც რუსეთს კონფლიქტი აქვს, არა მარტო ბაზარს არ კარგავენ, არამედ დიპლომატიურ ურთიერთობასაც კი არ წყვეტენ და ვფიქრობ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით უფრო წინდახედული უნდა იყოს და თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, მათ შორის, რუსეთთან კონტაქტი.

ქართული პროდუქციისთვის რუსულ ბაზარს არასტაბილური შეიძლება ვუწოდოთ, გამომდინარე პოლიტიკური პერიპეტიებიდან, თორემ, სხვა შემთხვევაში, საქრთველოს საქონელს ყოველთვის ჰქონდა გასავალი ჩრდილოელ „მეზობელთან“, ამიტომ თუ საქართველო უფრო შეწონილ და გონივრულ დიპლომატიურ პოლიტიკას დაიკავებს, ეს ძალიან წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

თქვენ აკვირდებით, რომ რუსეთს ასეთი პოზიცია აქვს: თუ პოლიტიკაში რაიმე არ მოსწონს, მაშინვე ეკონომიკურად „არტყამს“ ქვეყანას და სხვათა შორის, ასე იქცევიან ევროპის ქვეყნებიც და აშშ-ც. ანუ, ფაქტობრივად, ყველა ურთიერთობაში ეკონომიკაა განმსაზღვრელი და ქვეყნის მთავრობა უნდა ცდილობდეს, რომ ეკონომიკა ყოველთვის პირველ პლანზე დააყენოს.

ის, რომ ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, ერის ტრაგედიაა, მაგრამ ამას არ უნდა დავუმატოთ მეორე _ ჩვენი ერის სიღარიბე, ამიტომ ყოველთვის შეიძლება ოქროს შუალედის გამოძებნა, მანევრირება, დიპლომატიაც იმისთვის არსებობს, რომ გონივრული გზებით შემოაბრუნოს სიტუაცია თავის სასიკეთოდ. მეორეც, _ ადამიანებს, ერებს შორის ურთიერთკავშირები, მათი მეგობრული დამოკიდებულება დიდწილად გასაზღვრავს პოლიტიკურ ვითარებას. დააკვირდით, რატომ ცდილობენ სხვა ქვეყნები, რომ ქართველებს თავიანთი ენა და კულტურა შეასწავლონ? როდესაც შენ სხვა ქყვეყნის ენა იცი, მისდამი ყოველთვის ლოიალური ხარ, რაც შემდგომში პოლიტიკურ ლოიალობასაც განაპირობებს. ანუ ყველაფერს გონიერება და დიპლომატიური მოხერხებულობა სჭირდება.

დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ძალიან უჭირს სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლა. ევროპის ბაზარი საქართველოსთვის, ფაქტობრივად, დაკეტილია, იმიტომ, რომ ჩვენ არაკონკურენტუნარიანი და ევროპის ნორმებისთვის შეუსაბამო პროდუქცია გვაქვს. ეს ნორმები ძალიან მკაცრია!

სტატისტიკურად, რუსეთი არის მე-2, მე-3 სავაჭრო პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გასაღების ბაზრები ცოტა გვაქვს, რაც გაგვაქვს, ისიც მცირე რაოდენობაა და ყველაზე დიდი ბრუნვა მოგვდის რუსეთთან. სხვათა შორს, რუსული საქონელი ჩვენთან სხვა ქვეყნების გავლითაც შემოდის და ჩვენიც ასე უნდა გადიოდეს აუცილებლად! ყველა ცდილობს იქ დამკვიდრებას. მიუხედავად ემბარგოსი, ევროპის ქვეყნები მაინც ახერხებენ, იქ რაღაც გზებით შეიტანონ თავიანთი საქონელი. ჩვენთვის ეკონომიკა პრიორიტეტული უნდა იყოს.

 

ნინო ტაბაღუა